აქვს თუ არა ქართულ ჯაშუშურ სკანდალებთან რაიმე კავშირი აზერბაიჯანს?!
გასული თვე საფრანგეთისა და საქართველოს საუკუნოვან ურთიერთობებში განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. 30 მაისს კვლავ გაგვახარა ჩვენი ქვეყნის სიამაყემ - ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა „პარი სენ- ჟერმენმა“, თუმცა მანამდე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, მათ რუსეთისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ორ–ორი აგენტი დააკავეს.
ალბათ, გახსოვთ, 22 აპრილს საქართველოს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე რომ დააკავეს. მაშინ სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ეჭვმიტანილს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით. ეს ინფორმაცია ეხებოდა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილებს, ძალებსა და საშუალებებს, ასევე, ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების განთავსებას. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ადგილობრივ აგენტს, თურმე, ამ ობიექტების ფოტო და ვიდეოგადაღებაც უნდა ეწარმოებინა. ის ინფორმაცია, რაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ადგილობრივ აგენტებს უნდა მოეპოვებინათ, დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად არის გამოსადეგი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უცხო ქვეყანა და სპეცსამსახური არ დასახელდა, დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახური ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობა/ჩატარების გეგმებს. კვალს ჩრდილოეთისკენ მივყავართ.
ეს ინფორმაცია სუს-მა 22 აპრილს გაავრცელა, მეორე დღეს კი გაირკვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ახალგორის მცხოვრები და „ცხინვალის უნივერსიტეტის“ სტუდენტი, მამით ოსი, დედით კი ქართველი თამაზ გოლოევი იყო.
24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იმავე დღეს, საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში სუს-ის მიმავალი უფროსის, მამუკა მდინარაძის შემდეგი კომენტარი მოვისმინეთ: „ შემიძლია გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში ჩვენ მათ ვაკვირდებოდით. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ გამოევლინათ თავად ისინი და მტკიცებულებები შექმნილიყო. ამ თვეების მუშაობამ შედეგად ის მოგვცა, რომ გამოვავლინეთ უცხოური სპეცსამსახურის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. შეიძლება ძალიან კარგი იყოს ვიღაცების დასანახად თქმა და გაგონება იმის, რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სუსი არ აპირებს ერთ ქვეყანაზე გაჩერებას, რადგან მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამ ქვეყანაში ასეთი ხალხი და ხვალ შეიძლება უხერხულობები შეიქმნას, ამიტომ სჯობია, რომ თავიდანვე არ ვთქვათ ერთი ქვეყანა, რადგან მერე მეორე ქვეყნის დასახელების ვალდებულებაც გვექნება. რაღაცებსაც ვეღარ წამოგვაძახებენ ამიერიდან“.
ორი დღით ადრე სუს-შიც განაცხადეს, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის საქმიანობის გამოსავლენად ხანგრძლივი დროის მანძილზე ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებიო, თუმცა ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა არ გამოუქვეყნებიათ. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგანაც თუ სუსის მიერ დაფიქსირებულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის (აგენტის კურატორის) და თამაზ გოლოევის შეხვედრების, ასევე, დოკუმენტებისა და ფულის მიღება/გადაცემის ფაქტები, მაშინ ამ ფოტო/ვიდეო მასალის გამოქვეყნებით მოხდებოდა, როგორც კონკრეტული კურატორის ვინაობის იდენტიფიცირება, ასევე, იმ ქვეყნის დადგენაც, ვინც შესაძლოა, საქართველოში დივერსიებს გეგმავდეს.
მალევე ახდა მ. მდინარაძის „პროგნოზი“ და დადასტურდა, რომ სუსი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე (სავარაუდოდ, რუსეთზე) გაჩერებას არ აპირებდა: მორიგი დაკავებული ახლა უკვე ევროპის ერთ-ერთი (ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი) დიდი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული. 5 მაისს სუს-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უძილაური დააკავა. მას ბრალი ედება უცხო ქვეყნის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ოფიციალური ვერსიით:
1. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული გ. უძილაური, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას;
2. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე - ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
3. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან;
4. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომელთა მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის - რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.


თამაზ გოლოევი და გიორგი უძილაური
მაშინ სუს-მა, მტკიცებულების სახით, ფარული ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლად მიჩნეული პირი საუბრობდნენ. ეს, თამაზ გოლოევის საქმისგან განსხვავებით, უკვე პირდაპირი მინიშნება და მხილება იყო ამ „ევროპის დიდი ქვეყნისთვის“. ალბათ, გახსოვთ გ. უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: ეს შემთხვევა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას უკავშირდება. თუ გნებავთ, ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ევროპის ერთი-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დავაკავეთო. მაშინ ჩემი მოსაზრება გაგიზიარეთ, რომ აქ დიდი ბრიტანეთი ან გერმანია, ან საფრანგეთი უნდა ყოფილიყო ნაგულისხმები.
30 მაისს, რამდენიმესაათიანი ინტერვალით, სუს-მა კიდევ ორი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ გვაუწყა. ერთი, საქართველოში რუსული „რბილი ძალის“ აქტიური წევრი გულბაათ რცხილაძე, ხოლო მეორე ცნობილი ჟურნალისტი, „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე გახლდათ. პირველის შესახებ და რუსეთის ხელისუფლების უსწრაფესი რეაქციის შესახებ უკვე ვისაუბრე, ახლა კი ი. ჩიხლაძის საქმე განვიხილოთ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ი. ჩიხლაძე:
1. საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას;
2. მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე - ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით;
3. გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის - მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს;
4. დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, იგი ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს;
6. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადადიოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.

გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე
თუ გ. რცხილაძის ჯაშუშობაში ბრალდების საქმეში ეჭვს არ იწვევს ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდაც ის მუშაობდა ( რუსეთი და ირანი), ი. ჩიხლაძის შემთხვევაში კი ბევრ კითხვას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ გასცა მინიშნებებით პასუხი.
2026 წლის 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მ. მდინარაძემ განაცხადა:
„როგორც მოგეხსენებათ, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა. აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. სპეცსამსახურის რეზიდენტს წარმოადგენდა, ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით, რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის...“

ფოტო: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის შტაბ-ბინა პარიზში
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები საქმიანობდნენ თუ არა რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების დავალებითო, მ. მდინარაძე არაორაზროვანი პასუხი გასცა: პოლონეთი არაფერ შუაში არააო.
ამ ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა ძალზე მარტივია. საქართველოს ხელისუფლების მინიშნებით: თამაზ გოლოევი რუსეთის, გულბაათ რცხილაძე რუსეთისა და ირანის, გიორგი უძილაური და ირაკლი ჩიხლაძე – საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ იყვნენ გადაბირებულები და მათ დავალებებს ასრულებდნენ. მ. მდინარაძის პასუხ-მინიშნებაში ერთ წინადადადებას მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ: „აღნიშნული პირი (იგულისხმება ი. ჩიხლაძე - ბ.ა.) იმავე სახელმწიფოს ე.წ. სპეცსამსახურის რეზიდენტს წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული (იგულისხმება გ. უძილაური - ბ.ა.). ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის“. რას გულისხმობდა მ. მდინარაძე? რა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ამ პერიოდში „ჯაშუშობის სამყაროში“, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა?
ასევე დაგაინტერესებთ: მარია ზახაროვას სპექტაკლი და ვინ ადგენდა "შავ სიებს" საქართველოში - რას იზამს კრემლი გულბაათ რცხილაძის დასახსნელად?!
ჯაშუშების სკანდალი: რომელი ორგანიზაცია აფინანსებს რუსულ "რბილ ძალას" საქართველოში?!
"ჩინური სასწაული" სპეცსამსახურების დახმარებით - როგორ იპარავს ტექნოლოგიებს მსოფლიოს ზესახელმწიფო
2026 წლის ივნისის დასაწყისში სპეციალიზებულმა საიტებმა (Intelligence Online და SPY NEWS) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაის-ივნისში საფრანგეთმა საქართველოდან სამი დაზვერვის ოფიცერი გაიწვია: ორი - გ. უძილაურის, ერთი - ი. ჩიხლაძის დაკავების შემდეგ. კულისებში კი შემდეგი პროცესები განვითარდა: საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საფრანგეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის (DGSE - საგარეო უშიშროების გენერალური დირექტორატი, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაშია გაერთიანებული) თანამშრომლები (და არა „აგენტები“, როგორც ამას შეცდომით წერენ ქართულ მედიაში) პერსონა „ნონ გრატად“ არ გამოეცხადებინა და სკანდალი არ გაეხმაურებინა. ამის ნაცვლად, მათ საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოდან ამ მზვერავების გაყვანა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ვინაობა და საქმის დეტალები საჯარო გახდებოდა. არც საქართველოს ხელისუფლებას და არც საფრანგეთის მთავრობას ამ ფაქტზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობარ/პარტნიორი ქვეყნების გამოვლენილი მზვერავების უხმაურო და სკანდალის გარეშე ქვეყნიდან „გაშვება“ მსოფლიოს პრაქტიკაში მიღებული ფორმაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გარკვეული პერიოდის მანძილზე ნეგატიურად მაინც აისახება ხოლმე. საიდუმლო არაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური აქტიურობს. საინტერესოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მართლაც საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციები იქნა გამოვლენილი, რა კავშირში იყო ეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან?
გავიხსენოთ: სუსის მიერ გ. უძილაურისა და ი. ჩიხლაძისათვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება შესაბამისად ამგვარია: „სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით“ და „გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის - მეზობელ ქვეყნებში, მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს“. არსებული ინფორმაციით, „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ აქტიური წევრები იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები. სუს-ის მტკიცებით, ი. ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის დაზვერვის რეზიდენტი“ იყო და სამხრეთ კავკასიის ამ სამ ქვეყანაში „სადაზვერვო ქსელს ხელმძღვანელობდა“. თუ გავითვალისწინებთ საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელ პერიოდში ძალზე გართულებულ ურთიერთობებს, საქართველოში განვითარებული „ჯაშუშური თავგადასავლები“ და „საფრანგეთის დაზვერვის აგენტების გამოვლენა“ ბაქოსთვის ძალზე სასიამოვნო ინფორმაცია იქნებოდა.
თავად აზერბაიჯანს ამ სფეროში უკვე აქვს გამოცდილება. 2026 წლის 16 მარტს ბაქოს სასამართლომ ფრანგ ბიზნესმენ მარტინ რაიანს, ჯაშუშობის ბრალდებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ერთ ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქე აზად მამადლის, „სამშობლოს ღალატის“ მუხლით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კომპანია „მერკორამას“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ რაიანი, რომელიც აზერბაიჯანში 2015 წლიდან ცხოვრობს და ბიზნესსაქმიანობას ეწვა, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს, ჯაშუშობის ბრალდებით. მასთან კავშირში დადანაშაულებული აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები კი გაძევებული იქნენ ქვეყნიდან.
იმედია, დროთა განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ზემოთ ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეები უდანაშაულონი არიან, მანამდე, სანამ სასამართლო პროცესზე მათი ბრალეულობა არ დაამტკიცდება !