"უკრაინკიდან" აფრენილმა პუტინის "თეთრმა გედებმა" უკრაინის დედაქალაქს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. - მძიმე ღამე კიევში - კვირის პალიტრა

"უკრაინკიდან" აფრენილმა პუტინის "თეთრმა გედებმა" უკრაინის დედაქალაქს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს - მძიმე ღამე კიევში

ეს ღამე ძალიან მძიმე გამოდგა უკრაინელებისთვის, განსაკუთრებით კი - უკრაინის დედაქალაქ კიევის მაცხოვრებლებისთვის...

14-15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 6 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა 3М22 Циркон-ი - გაშვებული დროებით ოკუპირებული ყირიმიდან, 34 ცალი Искандер-М/С-400-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა - გაშვებული რუსეთის ფედერაციის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან, 30 ერთეული Х-101/Искандер-К-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა - გაშვებული რუსეთის ფედერაციის ვოლოგდასა და კურსკის ოლქებიდან, 611 „შაჰედის“, „გერბერას“,„ბანდეროლის“ და „იტალმასის“ ტიპის დრონი, „პაროდიას“ ტიპის დრონების იმიტატორები, რომლებმაც ბრიანსკის, კურსკის, ორელის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკისა მიმართულებიდან და, ასევე, ოკუპირებული ყირიმიდან აიღეს სტარტი.

რუსეთის მასობრივი კომბინირებული საჰაერო დარტყმა მოიგერიეს უკრაინის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა, უპილოტო საჰაერო სისტემებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საზენიტო ჯგუფებმა.

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ან ჩაახშეს 632 სამიზნე (50 რაკეტა და 582 უპილოტო საფრენი აპარატი), მათ შორის 6 „ცირკონის“ რაკეტიდან 5; 34 Искандер-М/С-400-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტიდან - 15, ყველა 30 Х-101/Искандер-К ფრთოსანი რაკეტა და 582 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი.

1-ged-1781514831.jpg

ფოტო: პუტინისთვის „თეთრი გედი“ განსაკუთრებული სიმბოლოა და მისი საშუალებით, „უკრაინკიდან“ უკრაინის დაბომბვა შეიძლება დიდ სიამოვნებასაც ანიჭებდეს...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის აქტიური მოქმედებების მიუხედავად, 20 რუსული ბალისტიკური რაკეტა და 27 კამიკაძე-დრონი 42 ლოკაციაზე დაეცა. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები კიდევ 12 ლოკაციაზე დაეცა.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ რუსეთმა საჰაერო შეტევა განახორციელა კიევ-პეჩერის ლავრაზე და კიევში, მიძინების ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ამ დროისთვის დაშავებულია სამი ათეული ადამიანი, ქალაქში კი არიან დაღუპულები.

საგულისხმოა, რომ რუსეთმა Х-101 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების უკრაინის ქალაქებისკენ გასაშვებად გამოიყენა არანაკლებ სამი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-160, რომლებიც…„უკრაინკას“ აეროდრომიდან აფრინდნენ...

2-ged-1781514867.png

ფოტო: ზებგერით საბჭოთა/რუსულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ту-160-დან Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვების მომენტი...

ის დამთხვევა, რომ „უკრაინკიდან“ აფრენილი პუტინის „თეთრი გედები“ (სწორედ ასე მოიხსენიებენ კრემლში მსოფლიოში ყველაზე დიდ ზებგერით საბჭოთა/რუსულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენს Ту-160-ს) რაკეტებს უკრაინისკენ უშვებენ შეთხვევითი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ „უკრაინკა“ უკრაინის საზღვრიდან 6 ათას კმ-ზე მეტადაა დაშორებული...

საქმე ისაა, რომ რუსეთის გენშტაბი ძალზე უფრთხის შორსმფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონების მოულოდნელ საჰაერო დარტყმებს რუსულ სამხედრო აეროდრომებზე (რაც უკვე სისტემატურად ხდება, მათ შორის - ენგელსის საჰაერო ბაზაზეც) და იძულებულია, თავისი ყველაზე დიდი საბრძოლო „თეთრი გედები“ რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში გადამალოს.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, როდესაც უკრაინამ უნიკალური საჰაერო-დივერსიული სპეცოპერაცია „აბლაბუდა“ განახორციელა და რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ოთხ სამხედრო აეროდრომზე კამიკაძე-დრონებით ერთდროულად დაარტყა რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს (რის შედეგადაც ოთხ ათეულამდე რუსული საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან), მეხუთე სამიზნე ამურის ოლქში მდებარე „უკრაინკის“ სამხედრო აეროდრომიც იყო, თუმცა აეროდრომის სიახლოვეს გაჩერებულ ტრაილერზე დადებული ხის სახლის სახურავიდან, ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა კამიკაძე-დრონების გაშვება, მოხდა აფეთქება და ყველაფერი ადგილზევე დაიწვა - ასე გადაურჩნენ „უკრაინკაზე“ მდგარი რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები უკრაინულ შურისძიებას...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპს 80 წლის იუბილე ნეთანიაჰუმ ჩაუშხამა ბეირუთის დაბომბვით, რითაც ისრაელს აშშ-ირანის შეთანხმების ჩაშლა უნდა სურდეს...

სამ წელში ნატო რუსეთის თავდასხმას ელოდება, მაგრამ არის კი ამისთვის მზად უკრაინის "ომის ჭაობში" ჩაძირული პუტინი?!

რუსი გენერლის მონანიება უკრაინელ მღვდელთან - თქვენი ეკლესია მე დავბომბე...

ხანგრძლივობით პირველ მსოფლიო ომსაც გადაასწრო-რუსეთ-უკრაინის ომის 1 568 დღე...

ისე, სახელი „უკრაინკა“ ამურის ოლქში მდებარე ამ სამხედრო აეროდრომს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ეწოდა, რადგან ის სოფელ უკრაინკის სიხლოვესაა, ხოლო ამ რაიონში უკრაინკის გარდა არის დასახლებები კიევკა, ჩერნიგოვკა, პოლტავკაც ანუ თითქმის ყველა იმ უკრაინული ქალაქების სეხნიები, რომლებისკენაც „უკრაინკიდან“ აფრენილი რუსული „თეთრი გედები“ და „დათვები“(Ту-95МС-ები) ფრთოსან რაკეტებს უშვებენ...

3-ged-1781515158.jpg

ფოტო: კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსული საჰაერო შეტევის შედეგი...

სახელების ასეთი დამთხვევა კი იმან გამოიწვია, რომ მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთის დროს, მიმდინარეობდა შორეული აღმოსავლეთის დაუსახლებელი მიწების კოლონიზაცია და ათასობით უკრაინელი გლეხი თავისი ოჯახებით მშობლიური კიევიდან, პოლტავიდან თუ ჩერნიგოვიდან ექვსი ათასზე მეტ კმ-ით დაშორებულ ამურისკენ გადასახლდა, სადაც მათ მიწები უფასოდ გადაეცათ.

კომპაქტურად ჩასახლებულმა უკრაინელებმა კი თავიანთ ახალ სოფლებს ისტორიული სამშობლოს ქალაქების სახელები დაარქვეს, მაგრამ რა იცოდნენ, რომ ორი საუკუნის შემდეგ მათი ახალი დასახლებიდან აფრენილი რუსეთის „მუდმივი პრეზიდენტის“ „თეთრი გედები“ მათსავე ისტორიულ სამშობლოს შეუტევდნენ...