სამშობლოს ღალატი პიროვნული კრიზისის გამო: როგორ იქცა ამერიკელი პატრიოტი მონიკა ვიტი "ირანელ" ფატემა ზაჰრად
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანმა მიმდინარე წლის 31 მარტს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ქართულ ენაზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამგვარი გაფრთხილებაც იყო:
„დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარეავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევსო“. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ელჩი „დიპლომატიურად“ კონკრეტულ ქვეყნას არ ასახელებდა, ხომ გაგიგიათ: „რძალო, შენ გეუბნები, მულო, შენ გაიგონეო“ – ირიბი მინიშნებით ის, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანელი დიპლომატი კვლავ საინტერესო განცხადების ავტორად მოგვევლინა.
11 ივნისს სეიედ ალი მოჯანიმ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის საქმის კომენტირებისას აღნიშნა, რომ: „ გულბაათ რცხილაძეს საელჩოსთან გახსნილი ურთიერთობა ჰქონდა... მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ თითქოს ერთ-ერთი ქვეყანა იყო ირანი. რის საფუძველზე ითქვა, რომ ირანია? დოკუმენტაცია იყო, რაიმე მტკიცებულებები წარმოადგინეს? სასურველია, შესაბამის უწყებებს მიმართოთ ამ კითხვითო“. ამ დროს კითხვაც უკვე დასმული იყო და ცალსახა პასუხიც იყო უკვე გაცემული.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - სეიედ ალი მოჯანს დიდი მოკრძალებით მინდა გავახსენო 2026 წლის 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცეპრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის - მამუკა მდინარაძის პასუხი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები საქმიანობდნენ თუ არა რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების დავალებითო.
მაშინ მ. მდინარაძემ არაორაზროვანი პასუხი გასცა: პოლონეთი არაფერ შუაში არააო. აბა, ვინ არის „შუაში“? ძალზე „რთული გამოთვლების“ შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ: რუსეთი, საფრანგეთი და ირანი! ნუთუ ელჩს ამ კითხვა-პასუხს უმალავენ?

ფოტო: ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი
თავმდაბლობა შესაქებია, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ირანის სპეცსამსახურებს მართლაც რომ საამაყოდ აქვთ საქმე, რადგანაც უკანასკნელ წლებში საკმაოდ წარმატებით მუშაობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - ისრაელსა და აშშ-ში.
8 ივნისს გამოცემა Jerusalem Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის მაისში ისრაელში პოლიციისა და „შინ ბეთის“ (ისრაელის უსაფრთხოების სამსახური) ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილი 2025 წლის ბოლოს სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდა ირანის სპეცსამსახურებთან დაახლოებულ პირს და თანხის სანაცვლოდ დათანხმდა სხვადასხვა დავალების შესრულებას. „შინ ბეთის“ მტკიცებით, ეჭვმიტანილი დაპატიმრებამდე ასრულებდა ირანის სპეცსამსახურების დავალებებს.
13 ივნისს იმავე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ჰაიფაში მცხოვრებ 44 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს ირანის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში. ბრალდების თანახმად, რაანან ბენ ჰაიმ ოჰანა ირანის სპეცსამსახურებისთვის ასრულებდა მთელ რიგ საიდუმლო დავალებებს, რომლებიც აზიანებდნენ ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოებას. ჯაშუშობისთვის „ჰონორარს“ ოჰანა კრიპტოვალუტით იღებდა.
აშშ და ირანი ათწლეულებია ფარულ სადაზვერვო ომში იმყოფებიან და ვერ ვიტყვით, რომ ამერიკელებს, ისრაელისგან განსხვავებით, რამე აქვთ სატრაბახო. პირიქით, ამ რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი ირანის სპეცსამსახურების სერიოზული გამარჯვება იყო, განსაკუთრებით - „პროპაგანდისტულ ფრონტზე“.
2026 წლის 14 მაისს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომ 200 000 აშშ დოლარის ჯილდოს სთავაზობს ყველას, ვინც მიაწვდის ინფორმაციას მონიკა ვიტის (Monica Elfriede Witt) ადგილსამყოფელის შესახებ და დაეხმარება მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის აღსრულების პროცესს. ვინ არის მონიკა ვიტი და რას ერჩის აშშ-ის ხელისუფლება მას? 2019 წლის თებერვალში მონიკა ვიტს ჯაშუშობისა და ირანის ხელისუფლებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდება წაუყენეს.

ფოტო: მონიკა ვიტი ყველა რაკურსით
მონიკა ვიტი დაიბადა აშშ-ში, 1979 წელს. ის ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული სამხედრო სამსახურითა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურით. მონიკა ვიტი 1997-დან 2010 წლამდე მსახურობდა United States Air Force (USAF)-ში, რომელიც ჯერ კიდევ 1947 წელს არის დაარსებული და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. USAF პასუხისმგებელია საჰაერო, კოსმოსურ და კიბეროპერაციებზე. მონიკა ვიტის ფუნქციონალური სპეციალიზაცია ელექტრონული სიგნალების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი იყო. ხოლო რეგიონული სპეციალიზაცია - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის - ირანიც გახლდათ. სამხედრო კარიერის პერიოდში იგი დაეუფლა სპარსულ ენას და მუშაობდა ისეთ სტრუქტურებში, რომლებიც დაკავშირებული იყო National Security Agency-სთან. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავდა „საიდუმლო“ და „განსაკუთრებით საიდუმლო“ ინფორმაციაზე, მათ შორის - დაზვერვის ოპერატიულ მეთოდებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოქმედი აშშ-ის აგენტურული პერსონალის მონაცემებზე წვდომას.

ფოტო: ჯერ კიდევ ქვეყნის პატრიოტი - მონიკა ვიტი
2008 წელს მონიკა ვიტი USAF-ში საკონტრაქტო/სახელშეკრულებო საქმიანობაზე გადავიდა. მისი ყოფილი კოლეგები მოგვიანებით აღწერდნენ მას, როგორც ინტელექტუალურ, მაგრამ ემოციურად რთულ პიროვნებას, რომელსაც ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება სამხედრო/სადაზვერვო ბიუროკრატიის მიმართ. ამ პერიოდში იწყება მონიკა ვიტის პიროვნული კრიზისი და ტრანსფორმაცია. მან მიიღო ისლამი, რაც აშშ-ში თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა სახელმწიფო სამსახურში მყოფმა მონიკა ვიტიმ თანდათანობით დაიწყო ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და დასავლური სისტემის საჯარო კრიტიკა. მისი პიროვნულ-იდეოლოგიური ცვლილება გაღრმავდა მას შემდეგ, რაც იგი 2012 წელს იმყოფებოდა ირანში, კონფერენციაზე, რომელიც „ჰოლივუდის კულტურული გავლენის“ საკითხებს ეხებოდა. ეს კონფერენცია ირანის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო ორგანიზებული და რა გასაკვირია, რომ მის მუშაობაში ფარულად ჩართული იქნებოდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიც“.
ასევე დაგაინტერესებთ: მარია ზახაროვას სპექტაკლი და ვინ ადგენდა "შავ სიებს" საქართველოში - რას იზამს კრემლი გულბაათ რცხილაძის დასახსნელად?!
ჯაშუშების სკანდალი: რომელი ორგანიზაცია აფინანსებს რუსულ "რბილ ძალას" საქართველოში?!
"ჩინური სასწაული" სპეცსამსახურების დახმარებით - როგორ იპარავს ტექნოლოგიებს მსოფლიოს ზესახელმწიფო
სწორედ ირანში ვიზიტის შემდეგ იწყება მისი რადიკალიზაციის მეორე ეტაპი. გამოძიების თანახმად, 2013 წელს მონიკა ვიტიმ დატოვა აშშ და გაემგზავრა ირანში, სადაც მან დაიწყო თანამშრომლობა ირანულ დაზვერვასთან. მოგვიანებით გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა, რომ მონიკა ვიტი აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლების იდენტიფიცირებაში, მათ შორის იმ პირების, ვინც ირანში ან ახლო აღმოსავლეთში ფარულად მოქმედებდნენ. მონიკა ვიტის ბრალი ედება, რომ მან: ირანის სპეცსამსახურებს გადასცა ყოფილი კოლეგების შესახებ მონაცემები და გაამჟღავნა აშშ-ის სადაზვერვო ოპერაციების მეთოდები. გარდა ამისა, მონიკა ვიტი აქტიურად ჩაერთო აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიებშიც. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, მის მიერ გადაცემულმა ინფორმაციამ საფრთხე შეუქმნა ამერიკელ აგენტებს, მათ ოჯახებსა და ოპერაციებს. იმავე პერიოდში აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს რამდენიმე ირანელი ჰაკერი, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებზე კიბერშეტევებისთვის, სავარაუდოდ, მონიკა ვიტისგან მიღებულ ინფორმაციას იყენებდნენ.

ფოტო: იდეოლოგიური ტრანსფორმაცია სახეზეა: ფატემა ზაჰრა
ირანის სპეცსამსახურებმა შეძლეს მონიკა ვიტის პიროვნების შესწავლა და მისი „ფსიქოლოგიური პორტრეტის“ ანალიზის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამერიკელი სამხედროს გადაბირებისთვის მატერიალური სარგებლის მიღებით მისი მოტივირება ნეგატიურ შედეგს მოიტანდა. 2008 წლიდან მონიკა ვიტი თვითიდენტიფიკაციის კრიზისს განიცდიდა და თვითრეალიზაციის მცდელობას კარდინალური იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მოჰყვა. სწორედ ამ ფაქტორების ოსტატური გამოყენებით მოხდა მისი გადაბირება. მონიკა ვიტი არა იძულებით, არამედ - შეგნებულად ჩადგა ირანის ისლამური რესპუბლიკის სამსახურში. ამჟამად ის იყენებს ფატემა ზაჰრას ან ნარგეს ვიტის ფსევდონიმებს.
ირანის სპეცსამსახურების მიდგომა ეფუძნებოდა კულტურული, რელიგიური და იდეოლოგიური ფაქტორების ამოქმედება/სტიმულირების გზით ნდობის მოპოვებას. სამეცნიერო კონფერენციებზე და კულტურულ ღონისძიებებზე მიწვევა, ინტელექტუალური დიალოგი და ემოციური გავლენა ხშირად გამოიყენება ისეთი პირების მოსაზიდად, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, კრიტიკულად არიან განწყობილნი საკუთარი ქვეყნის მიმართ. მონიკა ვიტის შემთხვევა არის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მაგალითი იმისა, თუ იდეოლოგიურმა და რელიგიურმა ტრანსფორმაციამ, ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა და პირადმა კრიზისმა რა ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს საჯარო მოხელეზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროფესიონალ დაზვერვის თანამშრომელზე) და ის სამშობლოს ღალატის გზას დაადგეს.