საოცარი დამთხვევა - რუსებს, ამერიკელებსა და უკრაინელებს ერთდროულად ჩამოუვარდათ ბომბდამშენები... - კვირის პალიტრა

საოცარი დამთხვევა - რუსებს, ამერიკელებსა და უკრაინელებს ერთდროულად ჩამოუვარდათ ბომბდამშენები...

ციდან თვითმფრინავები დროგამოშვებით ვარდებიან და მათ შორის, სამხედრო დანიშნულების და არა მარტო საბრძოლო მოქმედებების დროს...

15-16 ივნისს, სულ რამდენიმე საათის ინტერვალში საოცარი დამთხვევა მოხდა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათასი კმ-ის დაშორებით, როდესაც ჯერ რუსებს, შემდეგ ამერიკელებსა და ბოლოს უკრაინელებს იმ ტიპის ბომბდამშენები ჩამოუვარდათ, რომლებსაც რუსები აქტურად იყენებენ უკრაინული ქალაქებისკენ რაკეტების გასაშვებად, უკრაინელები რუსული სამხედრო ობიექტებისა და ნავთობტერმინალების ასაფეთქებლად, ხოლო ამერიკელები კი ცოტა ხნის წინ მათი საშუალებით ირანს ბომბავდნენ...

ეს საოცარი დამთხვევა გახსნა რუსეთის ირკუტსკის ოლქში Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენის ავარიამ (როდესაც საავიაციო შემთხვევას ადამიანების მსხვერპლი არ მოჰყვება ,ის ავარიად კლასიფიცირდება, ხოლო საფრენი აპარატის ბორტზე ან/და მიწაზე მსხვერპლის შემთხვევაში კი კატასტროფად), როდესაც თვითმხილველის მობილური ტელეფონის ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუ უმართავი ფრენის რეჟიმში როგორ „ერჭობა“ ცხვირით მიწაში და ფეთქდება 120 ტონიანი საბჭოთა/რუსული, ამერიკული „ავიამზიდების რისხვა“,მანამდე კი მისი ეკიპაჟს ოთხივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩა.

1-bomb-1781689938.jpg
უძველესი B-52 ტიპის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები ტრამპის ერთ-ერთ მთავარ საჰაერო დარტყმის საშუალებად იქცნენ ირანის წინააღმდეგ...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს იყო სასწავლო-სავარჯიშო ფრენა და რაკეტმზიდ-ბომბდამშენის ბორტზე არ იყო შეიარაღება.

რუსული „ტუ“-ს ჩამოვარდნის ადგილი 4 600 კმ-ზე მეტადაა დაშორებული უკრაინის ფრონტიდან და ეს არ იყო უკრაინელი სამხედროებისა თუ სპეცსამსახურების მორიგი წარმატებული ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ასეთ რუსულ Ту-22М3-ებზე უკრაინელებს განსაკუთრებული ჯავრი სჭირთ, რადგან მათ მიერ გაშვებულმა ზებგერითმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა X-22-ებმა უკრაინულ ქალაქებში ბევრი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირეს...

ამ ომში უკრაინელებს 11 ერთეული რუსული Ту-22М3 აქვთ განადგურებული-უმთავრესად აეროდრომებზე, ერთი კი ჩამოგდებულიც...

ისე კი, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში, „ამერიკული ატომური ავიამზიდების რისხვად“ მონათლული საბჭოთა/რუსული Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი პირველად ქართველმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან „ბუკიდან“ გაშვებული ორი რაკეტით (თუმცა ეს რუსული ბომბდამშენი პირველივე საზენიტო რაკეტის აფეთქებამ ჰაერშივე დაშალა), ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს...

ამჟამად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში უნდა რჩებოდეს 60 ერთეულამდე Ту-22М3-ი, თუმცა საბრძოლო მზადყოფნაში შეიძლება ნახევარიც კი არ იყოს.

2-bomb-1781689938.jpg
მორიგი „ავიამზიდების რისხვა“- Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი გამოაკლდა პუტინის შემტევ ავიაციას...

სანამ პენტაგონში „ხარობდნენ“ ამერიკული ავიამზიდების „რისხვებიდან“ კიდევ ერთი რუსული „ტუ“-ს გამოკლებით, რამდენიმე საათში თავად ამერიკელებმა დაკარგეს მსოფლიოში უძველესი და უდიდესი სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენი:ლოს-ანჯელესიდან 160 კმ-ით დაშორებულ „ედვარდსის“ გასაიდუმლოებული საჰაერო ბაზიდან აფრენისთანავე, კატასტროფა განიცადა Boeing B-52 Stratofortress -ის ტიპის 220 ტონინმა ბომბდამშენმა, რომლის პირველი მოდიფიკაციები ამერიკული სამხედრო ავიაციის არსენალში ჯერ კიდევ 1955 წელს გამოჩნდნენ ანუ 71 წლის წინ!

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ბოლო ბომბდამშენი 1962 წელსაა გამოშვებული, პენტაგონი მუდამ ანახლებს ამ მრისხანე ბომდამშენს და ის ფაქტი, რომ კატასტროფაგანცდილი ეს ბომბდამშენი სწორედ „ედვარდსის“ გასაიდუმლოებული საჰაერო ბაზიდან ფრინდებოდა, განპირობებული გახლდათ იმით, რომ უნდა გამოეცადათ მასზე დაყენებული ახალი საბორტე რადიოლოკატორი...

ამ კატასტროფას შეეწირა ბომბდამშენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი - ეკიპაჟის ექვსი წევრი და რადიოლოკატორის გამომცდელი ორი ინჟინერი.

B-52-ებს აშშ იყენებდა და იყენებს მის მიერ წარმოებულ ყველა ომში - დაწყებული ვიეტნამისა და დამთავრებული ირანის დაბომბვებით...

ამ დრომდე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში 70-მდე B-52H მოდიფიკაციის სტრატეგიული ბომბდამშენი რჩებოდა.

და ამ საოცარი დამთხვევის „ტრიოს“ კრავს 16 ივნისს უკრაინის ხმელნიცკის რაიონში კატასტროფაგანცდილი უკრაინის საჰაერო ძალების კუთვნილი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, რასაც მისი ეკიპჟის ორივე წევრის დაღუპვა მოჰყვა.

3-bomb-1781689938.png
უკრაინის განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი გამართული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენიღა რჩება...

ის, რომ კატასტროფა ფრონტის ხაზიდან 600-იოდე კმ-ში მოხდა, ნაკლებად სავარუდოს ხდის ვერსიას, რომ ეს უკრაინული ბომბდამშენი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ: "უკრაინკიდან" აფრენილმა პუტინის "თეთრმა გედებმა" უკრაინის დედაქალაქს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს - მძიმე ღამე კიევში

ტრამპს 80 წლის იუბილე ნეთანიაჰუმ ჩაუშხამა ბეირუთის დაბომბვით, რითაც ისრაელს აშშ-ირანის შეთანხმების ჩაშლა უნდა სურდეს...

სამ წელში ნატო რუსეთის თავდასხმას ელოდება, მაგრამ არის კი ამისთვის მზად უკრაინის "ომის ჭაობში" ჩაძირული პუტინი?!

რუსი გენერლის მონანიება უკრაინელ მღვდელთან - თქვენი ეკლესია მე დავბომბე...

უკრაინელების განკარგულებაში რჩებოდა ათამდე გამართული Су-24М საფრონტო ბომბდამშენი, რომლებსაც კიევი აქტიურად იყენებდა ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP-EG ტიპის მართვადი ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად რუსული სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად ოკუპირებულ დონბასსა და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე და ამიტომაც თითეულ ასეთ ბომბდამშენს უკრაინელი მფრინავებისთვის ოქროს ფასი აქვს...

ამ ომში ანალოგიურ საფრონტო ბომბდამშენებს, ოღონდ უკრაინელების დასაბომბად, რუსული მხარეც იყენებს და უკრაინელებმა შეძლეს აეროდრომებზე და ცაში გაენადგურებინათ 12-მდე რუსული Су-24М-ი...

ისე კი, აგვისტოს ომის დროს ქართველმა სამხედროებმა ციდან ორი ასეთივე რუსული საფრონტო ბომბდამშენი ჩამოხსნეს...

ირკუტსკში რუსული Ту-22М3-ის ჩამოვარდნის მომენტი...