ვინ არის თბილისში დაკავებული რუსი ტატიანა კურაშკევიჩი, რომელსაც ამერიკაში 70-წლიანი პატიმრობა ემუქრება?! - კვირის პალიტრა

ვინ არის თბილისში დაკავებული რუსი ტატიანა კურაშკევიჩი, რომელსაც ამერიკაში 70-წლიანი პატიმრობა ემუქრება?!

5 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან კოორდინაციით, დააკავეს პირი, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდაო.

ამ, საკმაოდ მშრალი ინფორმაციის მიღმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მომავალი დიდი ქარტეხილები და გამოწვევები იმალება. რატომ? თბილისის აეროპორტში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, 54 წლის ტატიანა კურაშკევიჩი გახლდათ, რომელზეც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნით საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ამ ქალბატონის ადვოკატის განცხადებით კურაშკევიჩი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა და არ იცოდა, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდაო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტატიანა კურაშკევიჩს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა „კრემლთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა და შეთავსებით უფლებადამცველმა ევა მერკაჩევამ განაცხადა: ტატიანა კურაშკევიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი, ბიზნესმენი და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს სპეციალისტია. სანქციების გვერდის ავლასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო მას აშშ-ში, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 70 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო. ამ შემთხვევაში დაკავებულის ასპირანტობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს სპეციალისტობა ინდულგენცია არ არის, უფრო - პირიქით.

picture1-1781860061.png

ფოტო: ტატიანა კურაშკევიჩის დაკავება

ტ. კურაშკევიჩს საერთაშორისო ბიზნეს-ოპერაციების წარმართვა/ორგანიზების საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. იქიდან რომელი იყო „თეთრი“ და რომელი „შავი“, - ეს აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემამ უნდა დაადგინოს. ამერიკელები კურაშკევიჩს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების რუსეთში, მესამე ქვეყნების გამოყენებით ფარულ ექსპორტში სდებენ ბრალს. ეს სულაც არაა მოულოდნელ/გასაკვირი. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრი საფინანსო-ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, როგორც თავად რუსეთის ფედერაციას, ასევე - ცალკეულ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, დღე არ გავა, რომ უკრაინელების მიერ ჩამოგდებულ დრონებში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებში წარმოებული უახლესი ტექნიკურ/ტექნოლოგიური კომპონენტები არ აღმოაჩნდეს. ასე რომ, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, სხვადასხვა ფარული გზით რუსეთი მაინც ახერხებს სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მაკომპლექტებელი ნაწილებისა და მასალების მოპარვა/შესყიდვას. ალბათ, გაინტერესებთ როგორ?!

ხომ გაგიგიათ: „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო“. საბჭოთა კავშირ/რუსეთის იმპერიის ასწლოვანი ისტორია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა/მოტყუების და თანამედროვე ტექნიკა/ტექნოლოგიების მოპარვის შთამბეჭდავი ისტორიაცაა. უნდა აღინიშნოს, რომ 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირ/რუსეთში თითქმის არ შექმნილა სამხედრო ან მშვიდობიანი დანიშნულების რაიმე მნიშვნელოვანი პროდუქცია (ატომური იარაღით დაწყებული და საკერავი მანქანით დამთავრებული), რომლის წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიები, საპროექტო დოკუმენტაცია, ნედლეული და ა.შ. სრულად ან მნიშვნელოვანწილად სხვა ქვეყნებიდან არ იყო არალეგალურად “მოპოვებული” ანუ - მოპარული.

ვე-ჩე-კას სტრუქტურაში ჯერ კიდევ 1921 წლის აპრილში შეიქმნა “კომერციულ-სამრეწველო დაზვერვის სამმართველო“. სტალინის პირადი მითითებით, 1930-იანი წლების დასაწყისიდან დიდი ყურადღება ექცეოდა სამეცნიერო-ტექნიკურ დაზვერვას, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა საბჭოთა დაზვერვის მცდელობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეების (პირველ რიგში, სამხედრო ტექნოლოგიების და საცდელი ნიმუშების) “მოსაპოვებლად” – რელურად მოსაპარად. ამ მიზნით, 1943 წელს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატში შეიქმნა სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის განყოფილება, რომელიც პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) მე-10 განყოფილების სახელწოდებით იყო შენიღბული. აღნიშნული განყოფილება შვიდი მიმართულებით მუშაობდა: ატომური, ავიაკოსმოსური, ელექტრონული, სამედიცინო, ქიმიური, ფართო დანიშნულების ტექნიკის და საინფორმაციო-ანალიტიკური. 1974 წელს ამ განყოფილების სტატუსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეეცვალა დასახელებაც და ის სამმართველო “ტ”-დ იწოდებოდა. აღნიშნული სამმართველო ახორციელებდა საბჭოთა სპეცსამსახურების კოორდინირებას სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის კუთხით. მისი მთავარი შემკვეთი და მომხმარებელი საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იყო. ეს სამმართველო 1991 წლის დეკემბრამდე არსებობდა, შემდეგ კი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სტრუქტურაში, ფაქტობრივად, იმავე ოპერატიულ-ანალიტიკური თანამშრომლებით მოქმედებდა. ასე რომ, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის „ხელოვნება“ რუსეთის დაზვერვამ მემკვიდრეობით მიიღო.

საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ისტორიაში გამორჩეულია "ცივი ომის" პერიოდში შექმნილი „საექსპორტო კონტროლის საკოორდინაციო კომიტეტი“ (CoCom), რომელიც 1949 წელს შეიქმნა (შტაბ-ბინა მდებარეობდა პარიზში). ის აერთიანებდა ნატოს ყველა წევრ ქვეყანას, იაპონიას და ავსტრალიას. ამ კომიტეტის მიზანი იყო, გაეკონტროლებინა ექსპორტი ყოფილ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტურ ქვეყნებში, რათა ამ ქვეყნებს საზღვარგარეთ არ შეეძინათ სტრატეგიული და ორმაგი გამოყენების მასალა და ნედლეული, უახლესი ტექნოლოგიები, სამხედრო პროდუქცია და ა.შ., რისთვისაც CoCom ადგენდა სპეციალურ სიებს, სადაც 150 სასაქონლო ჯგუფის 300 ათასამდე დასახელება იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებოდა ამ სიების განახლება. CoCom კოორდინაციას უწევდა დასავლეთის ქვეყნებს შორის მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვას „საბჭოთა ბლოკში“. ეკონომიკური სანქციების მიზნები მრავალმხრივი იყო: საბჭოთა სამხედრო პოტენციალის შეზღუდვა; ეკონომიკური ზეწოლა პოლიტიკური ცვლილებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მისაღწევად და სხვ.

საერთაშორისო სანქციები მნიშვნელოვანად შერბილდა 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან, ე.წ. "პერესტროიკის" დაწყებიდან. ცვლილებები შეეხო, როგორც პროდუქციის სახეობებს, ასევე - ექსპორტზე ლიცენზიების გაცემის წესს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ CoCom სანქციები შერბილდა (რუსეთი, ბელარუსი და სხვ.) ან საერთოდ გაუქმდა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო და სხვ.). 1994 წელს CoCom არსებობა შეწყვიტა, თუმცა დღემდე მოქმედებს 1974 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული ე.წ. ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო და სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. 2012 წლიდან ამოქმედდა ე.წ. მაგნიტსკის სია , რომელიც პერსონალურ სანქციებს უწესებს რუს ჩინოვნიკებს.

საბჭოთა სპეცსამსახურები მრავალმხრივ ოპერატიულ-აგენტურულ მეთოდ/ხერხებს იყენებდნენ საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. კერძოდ: მესამე ქვეყნებში იქმნებოდა ფიქტიური „უცხოური“ კომპანიები, რომლებიც ფარულად ახორციელებდნენ დასანქცირებული პროდუქციისა და ნედლეულის საბჭოთა კავშირში ექსპორტს; ხდებოდა ევროპასა და აშშ-ში მოქმედი კერძო კომპანიების მფლობელების მოსყიდვა/გადაბირება, რომლებიც ვითომდა, მესამე ქვეყნებში ყიდდნენ სტრატეგიულ პროდუქციას, რომელიც შემდეგ ფარულად საბჭოთა კავშირში ხვდებოდა და ა.შ. გარდა ამისა, საბჭოთა სპეცსამსახურები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ოპერაციებს მათთვის მიუღებელი დასავლელი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ.

1976 წელს საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, დეზინფორმაციული ოპერაციებით მოეხდინა გავლენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ მათი მსხვერპლი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ცნობილი სენატორი ჰენრი ჯექსონი იყო, რომელსაც კარგი შანსი ჰქონდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. კა-გე-ბემ ჯექსონის დისკრედიტაციისთვის გაყალბებული წერილები დაუგზავნა წამყვან ამერიკულ გაზეთებსა და ჟურნალისტებს, სადაც ამტკიცებდა, რომ ჯექსონი ფარული გეი იყო (რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა). სკანდალის შედეგად ჯექსონი იძულებული გახდა, საარჩევნო კამპანია შეჩერებინა და ის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამგვარად ჩამოიცილა საბჭოთა რეჟიმმა მისთვის

picture2-1781860099.jpg

ფოტო: ჰენრი ჯექსონი (1912-1983)

მიუღებელი ამერიკელი პოლიტიკოსი. ამჟამად უკვე რუსეთის სპეცსამსახურები აგრძელებენ ძველ ტრადიციებს და საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ ძველ და ახალ მეთოდებს. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, გამოავლინონ და აღკვეთონ ამგვარი ოპერაციები. ერთ-ერთი ფაქტი ორი წლის წინ მოხდა. 2024 წლის სექტემბერში საფრანგეთში, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, დააკავეს ბელარუსის 33 წლის მოქალაქე იანა ლეონოვა, რომელიც აშშ-ის ექსპორტის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის მიზნით, შეთქმულების, კონტრაბანდის, ფულის გათეთრებისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

ბრალდების თანახმად, 2022 წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, ლეონოვამ, შეერთებულ შტატებში მყოფი თანამზრახველების დახმარებით შეიძინა და შეერთებული შტატებიდან რუსეთში უკანონოდ გაიტანა 2 მილიონი დოლარის ღირებულების დიდი რაოდენობით ავიონიკა და სხვა საავიაციო აღჭურვილობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ: ლეონოვამ და მისმა თანამზრახველებმა თვითმფრინავის კომპონენტები (საავიაციო ელექტრონული სისტემები და აღჭურვილობა) აშშ-ში დაფუძნებული ფირმებისგან შეიძინეს, შემდეგ კი სომხეთში, მალდივებსა და სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ლიცენზიების გარეშე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით რუსეთში გააგზავნეს. იანა ლეონოვა დაახლოებით ერთი წელი იმყოფებოდა საფრანგეთში: ჯერ - ციხეში, შემდეგ კი - შინაპატიმრობაში, 2025 წლის ნოემბერის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადიცია განახორციელა. 2026 წლის მაისში აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში იანა ლეონოვამ ოფიციალურად აღიარა დანაშაული, ხოლო განაჩენის გამოტანა 2026 წლის 10 აგვისტოსაა ჩანიშნული.

picture3-1781860141.jpg

ფოტო: იანა ლეონოვა

ეს კონკრეტული შემთხვევა აჩვენებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის კარგად აპრობირებულ ზოგად სქემას, რომელიც აერთიანებს: მესამე ქვეყნების გამოყენებას; სატრანსპორტო- ლოგისტიკური ჯაჭვის დამალვას; ფინანსური ტრანზაქციების „გათეთრებას“ და ა.შ.

ამავე დროს, უკანასკნელ წლებში რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდებში ძალზე საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა: ისინი ხშირად იყენებენ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან პროფესიონალი მზვერავები და არ აქვთ შესაბამისი განათლება. ისინი სამოქალაქო სექტორიდან მოსული „აქტივია“, რომელთაც აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით. მათი საქმიანობის სფეროა: კერძო სექტორი; სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურების საკონსულტაციო მომსახურება; ფართო საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბება და ა.შ. შემდგომში ისინი ერთვებიან ტრანსნაციონალურ ბიზნესსა და პოლიტიკურ კონსულტაციებში. ხშირად ისინი სრულიად ლეგალურად მოქმედებენ და ამავე დროს, ფარულად ატარებენ რუსეთის ინტერესებს სხვა ქვეყნების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში. უკანასკნელ წლებში რუსეთის სპეცსამსახურები აქცენტს ახალგაზრდა, მართალია, გამოუცდელ, თუმცა მომხიბლავ ქალბატონებზე აკეთებენ. ისინი აშკარად და ძალზე აგრესიულად მოქმედებენ: ცდილობენ „ახლომეგობრული კავშირები“ დაამყარონ სამიზნე ქვეყნის პოლიტიკურ და ბიზნესელიტასთან, მეცნიერებთან და ბიზნესმენებთან, რათა მიიღონ საიდუმლო ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ რუსეთის ინტერესების გატარებას.

ადრე უკვე გაგაცანით ანა ჩაპმანის, ეკატერინა ზატულივეტერის, მარია ბუტინასა და ეკატერინე პადერინას „აქტივობები“, დღეს კი ამ „კოჰორტას“ იანა ლეონოვაც დაემატა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ტატიანა კურაშკევიჩს. მისმა ქმარმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ისინი ბრალდებებს უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდება 2021 და 2023 წლებში მექსიკაში ავიაშოუებზე ტატიანას ვიზიტებს უკავშირდება, სადაც ის რუსულ კომპანიებსა და ლათინურ ამერიკას შორის თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ოჯახმა დახმარებისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას მიმართაო. რუსი „სახელისუფლებო უფლებადამცვლები“ კი

picture4-1781860159.jpg

ფოტო: ტატიანა კურაშკევიჩი ქმართან ერთად

აცხადებენ: კურაშკევიჩის აშშ-ში ექსტრადიცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაარღვევა იქნებაო. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჯერჯერობით ამგვარია: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დავაკავეთ პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია, წარმატებით თანამშრომლობს, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგო. აშშ საქართველოდან ტატიანა კურაშკევიჩის ექსტრადიციას მოითხოვს და საქართველოს ხელისუფლებიდან ამას მოელის კიდეც. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში რა რეაქცია ექნება და რას მოიმოქმედებს „კრემლი“ ?

ასევე დაგაინტერესებთ: სამშობლოს ღალატი პიროვნული კრიზისის გამო: როგორ იქცა ამერიკელი პატრიოტი მონიკა ვიტი "ირანელ" ფატემა ზაჰრად

მარია ზახაროვას სპექტაკლი და ვინ ადგენდა "შავ სიებს" საქართველოში - რას იზამს კრემლი გულბაათ რცხილაძის დასახსნელად?!

ჯაშუშების სკანდალი: რომელი ორგანიზაცია აფინანსებს რუსულ "რბილ ძალას" საქართველოში?!

"ჩინური სასწაული" სპეცსამსახურების დახმარებით - როგორ იპარავს ტექნოლოგიებს მსოფლიოს ზესახელმწიფო

რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა პირდაპირი მოწოდებები რუსეთის ხელისუფლებისადმი: ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და სრულად შეესაბამება მიმდინარე წლის 25 მაისს ხელმოწერილი კანონის სულისკვეთებას, რომელიც უფლებამოსილებას გვაძლევს, გამოვიყენოთ არმია უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, მათი დაპატიმრებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევაშიო. საით გაემგზავრება ტატიანა: ვაშინგტონში თუ მოსკოვში? ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და ბევრ გარემოებასაც აშკარას გახდის. ვფიქრობ, რომ უახლოესი თვეების მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას მართლაც რომ „ბეწვის ხიდზე“ მოუწევს გავლა.