უკრაინა რუსეთს ომში „უთანაბრდება“, მაგრამ ფრონტზე კიდევ ერთ ქალაქს კარგავს - რა საფრთხეს შეიცავს კონსტანტინოვკას დაცემა?!.
2026 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წლის დაწყების შემდეგ, უკრაინამ თანდათანობით შეძლო „ომის დაბრუნება“ იქ, საიდანაც ის დაიწყო - რუსეთის ფედერაციაში და თვით მის დედაქალაქ მოსკოვშიც კი...
თუკი აგრესორი რუსეთის სიღრმეში პუტინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებსა და ნავთობტერმინალებს შორი მოქმედების უკრაინული კამიკაძე-დრონები „აკოშმარებენ“, ოკუპირებულ დონბასსა და ანექსირებულ ყირიმში აქტიურად მოქმედებენ საშუალო სიშორის უკრაინული დრონები, რომლებმაც უკვე შეუქმნეს უდიდესი პრობლემები რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკას...
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ დიდი ომის მეხუთე წელს უკრაინამ ისწავლა მტკივნეული საპასუხო დარტყმების მიყენება ბევრად დიდ და ძლიერ რუსეთზე, რაც უკვე არარეალურს ხდის კრემლის პირველად სტრატეგიულ ჩანაფიქრს - უკრაინის სრულ დაპყრობას...
თუმცა, მიუხედავად ყოველივე ამისა, უშუალოდ ფრონტის ხაზზე რუს ოკუპანტებს ჯერ ბოლომდე არ დაუთმიათ საბრძოლო ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ვეღარ ახორციელებენ ფართომასშტაბიან შეტევებს ფრონტის სხვადასხვა უბანზე.
პუტინის არმიამ ამ ომის 1 582 დღეშიც კი ვერ შეძლო, ბოლომდე დაეპყრო უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ხუთი ოლქიდან რომელიმე და ახლა კრემლის მკაცრი ბრძანებით, რუსეთის გენშტაბს მთელი თავისი ძალისხმევა გადატანილი აქვს კრამატორსკ-სლოვიანსკის აგლომერაციის რაც შეიძლება მალე დაკავებაზე, რათა პუტინმა მთელ მსოფლიოს და, პირველ რიგში კი - აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ნიშნის მოგებით აჩვენოს - შენ ვერ შეძელი ალასკაზე ჩვენი საიდუმლო შეთანხმების შესრულება და ზელენსკის „დაყოლიება“, რომ კიევს უბრძოლველად ჩაებარებინა დონეცკის ოლქის ეს ბოლო არაოკუპირებული ქალაქები, რუსმა ჯარისკაცებმა კი ეს გააკეთესო...
მაგრამ კრამატორსკ-სლოვიანსკამდე მისაღწევად პუტინის არმიას ჯერ ბოლომდე აქვს დასაპყრობი ერთი პატარა უკრაინული ქალაქი - კონსტანტინოვკა...
უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონის ქალაქი კონსტანტინოვკა საბჭოთა პერიოდში ცნობილი იყო მინის წარმოებით და იქ 78 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო როდესაც ფრონტის ხაზი უშუალოდ მიადგა მას, მაცხოვრებელთა რიცხვი 2 800-მდე შემცირდა, რადგან დღეს კონსტანტინოვკა ერთგვარ „რუხ ზონას“ წარმოადგენს...
ომებში „რუხ ზონად“ მიჩნეული საბრძოლო მოქმედების ის არეალი, რომელსაც მოწინააღმდეგეებიდან ერთი რომელიმე მთლიანად ვერ აკონტროლებს და იქ არ არსებობს გამოკვეთილი ფრონტის ხაზი, რადგან ხშირად იცვლება ოპერატიული ვითარება.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავიანთ „ჩვეულ“ სტილში, კონსტანტონოვკას საცხოვრებელი კორპუსებიც ნანგრევებად გადააქციეს, მსხვილკალიბრიანი არტილერიისა და პლანირებად/კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასობრივი გამოყენების შედეგად.
ამჟამად კი კონსტანტინოვკის ნანგრევების თავზე ათასობით FPV-დრონი „დაფარფატებს“, საკბილოს ძებნაში - ისინი მოწინააღმდეგის თითოეულ მებრძოლზეც კი ნადირობენ...
ეს არის ქალაქების დაპყრობის ახალი ტაქტიკა, რომელიც ძალზე დაიხვეწა რუსეთ-უკრაინის ომში - თუკი გასულ ომებში ქალაქზე იერიში იწყებოდა ძლიერი საარტილერიო და საავიაციო საცეცხლე მომზადების შემდეგ, როდესაც შეტევაზე ტანკებთან ერთად ქვეითები „ურას“ ძახილით სირბილით გადადიოდნენ, დღეს ასე აღარ ხდება...
არტილერიისა და ავიაციის მუშაობის შემდეგ უკრაინული ქალაქების ნანგრევებში მალულად თითო-ოროლად იპარებიან რუსი ოკუპანტები, რომ უკრაინული დრონების ოპერატორებმა ვერ აღმოაჩინონ, შემდეგ შენობების ნანგრევებში ერთიანდებიან და გადადიან შეტევაზე, სხვა დანგრეული შენობის „გასაწმენდად“ უკრაინის დამცველებისგან...
ეს ტაქტიკა კრემლისთვის მეტ-ნაკლებად მოგებიანია, რადგან მისი საოკუპაციო ძალები ასე თუ ისე წინ მიიწევენ, თუნდაც უდიდესი დანაკარგის სანაცვლოდ, მაგრამ რუსეთში ოდითგანვე ვინ თვლიდა ომში დაღუპულებს?!
უკრაინამ მართალია, შეძლო სხვადასხვა დანიშნულების დრონების რაოდენობით გათანაბრებოდა რუსეთს და შეიძლება, რაღაც კომპონენტებში გადაასწრო კიდეც, მაგრამ პირადი შემადგენლობის ანუ ჩვეულებრივი, ავტომატიანი მებრძოლების კვლავ დიდ დეფიციტს განიცდის ფრონტის ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიაში 900 ათასამდე ადამიანი მსახურობს, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა 1 500 კმ-ზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის მებრძოლებით გადასაჯერებლად, მაგრამ უკრაინელი სამხედროების დიდი ნაწილი რატომღაც უფრო ზურგში იმყოფება, ვიდრე - ფრონტზე...
შესაბამისად, პირადი შემადგენლობის მწვავე დიფიციტიც არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ცოტა ხანში უკრაინამ შეიძლება, კონსტანტინოვკა დათმოს.
ასევე დაგაინტერესებთ: ხიდზე ვერა? მაშინ ხიდის თავებზე! - ნახევარკუნძული ყირიმი „კუნძულად“ შეიძლება გადაიქცეს...
ლუკაშენკომ ზელენსკის ბოდიში მოუხადა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი მაინც დაემუქრა ბელარუსს...
რაზე შეთანხმდნენ ამერიკა-ირანი და ვინ შეიძლება "ააფეთქოს" მშვიდობა?!
ეს კი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის კრამატორსკს, რადგან კონსტანტინოვკა მისგან სამხრეთით, ოცი კმ-ითაც კი არ არის დაშორებული და უკრაინის გენშტაბის ერთ-ერთ იმედად რჩება კონსტანტინოვკა-კრამატორსკს შორის არსებულ მინი-ქალაქ დრუჟკოვკაში დროებითი თავდაცვითი ზღუდის მოწყობა, რათა რამენაირად შეაფერხონ რუსი ოკუპანტების შეძრომა“ უშუალოდ კრამატორსკში...
გარდა ამისა, კრამატორსკ-სლოვიანსკის აგლომერაციას ფრონტის ხაზი უახლოვდება აღმოსავლეთიდანაც და დაშორება უკვე მხოლოდ 15-20 კმ-ია ანუ პუტინის არმია ცდილობს, დონეცკის ოლქის ამ ბოლო ორი დიდი არაოკუპირებული უკრაინული ქალაქისკენ შეტევას, როგორც სამხრეთი, ისე აღმოსავლეთი მიმართულებებიდან, რათა როგორმე წელსვე დაიპყროს ის, რომ პუტინმა ამ ომში თავი „გამარჯვებულად“ გამოაცხადოს...და შეიძლება დათანხმდეს ომის შეჩერებასაც კი...
ომის შეჩერება გაწამებული უკრაინისთვისაც ძალზე დროული იქნებოდა, მაგრამ კიევი არ წავა ამის საფასურად, კრამატორსკი-სლოვიანსკი დათმოს და პუტინს მთელი დონბასი „გადაუფორმოს“...