მოსკოვის "შავი ცრემლები": სასტიკი პასუხი კიევის დაბომბვისთვის - იქცევა თუ არა რუსეთის დედაქალაქი საბრძოლო მოქმედებების ზონად?! - კვირის პალიტრა

მოსკოვის "შავი ცრემლები": სასტიკი პასუხი კიევის დაბომბვისთვის - იქცევა თუ არა რუსეთის დედაქალაქი საბრძოლო მოქმედებების ზონად?!

1 000 დრონით რუსეთზე, მათგან 200-ით მოსკოვზე - სასტიკი პასუხი კიევის დაბომბვისთვის...

18 ივნისი მართლაც მძიმე გამოცდა აღმოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის, რადგან უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მანამდე არნახული მასშტაბის საჰაერო შეტევა განახორციელეს რუსეთის მთელ ევროპულ ნაწილზე და მათ შორის - დედაქალაქ მოსკოვზე...

რუსეთის გენშტაბი ირწმუნება, რომ მისმა მეზენიტეებმა შესძლეს ათასამდე უკრაინული დრონის ჩამოგდება, მათგან ორასის - უშუალოდ მოსკოვთან, თუმცა ტრადიციულად დუმან, თუ რამდენმა უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეაღწია მოსკოვის ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვის რკალებს შიგნით და ზუსტად მოხვდა წინასწარ არჩეულ სამიზნეს...

არადა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან შედეგად იქცა მოსკოვის თავზე გაშავებული ცა და... ნავთობის წინწკლებიანი წვიმა, რაც მილიონობით მოსკოველისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, ისევე, როგორც იმ რამდენიმე ათასი მგზავრისთვის, რომელთა საჰაერო რეისები გაუქმდა მოსკოვის ხუთივე აეროპორტიდან...

1-mos-1781850524.png
უკრაინული შურისძიების ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო - რუსული ნავთობრეზერვუარის რამდენიმეტონიანი სახურავი ჰაერში „აიჭრა“ მას შემდეგ, რაც უკრაინული კამიკაძე-დრონი ზუსტად მოხვდა...

მოსკოვთან მდებარე კაპოტნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ადრეც მიუტანით იერიშები (იხილეთ „არსენალის“ ბლოგში 2024 წლის 1 სექტემბრის სტატია „160 უკრაინული დრონი რუსეთის 16 რეგიონს დაესხა თავს - ეს უკვე უკრაინელების რეკორდული შეტევაა რუსეთზე...“, მაგრამ 18 ივნისის თავდასხმა ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დროებით გაჩერებაც კი უდიდეს პრობლემებს უმატებს რუსეთში ბენზინის წარმოებას... ერთ საჰაერო ოპერაციაში ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება უკვე იმას მიუთითებს, რომ უკრაინის მხარეს გაუჩნდა იმის ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ არათუ დაეწია, არამედ გადაუსწრო კიდეც აგრესორ რუსეთს, შორი მოქმედების საბრძოლო დრონების გამოყენებით.

ეს შეიძლება პირდაპირ არ არის დაკავშირებული ფრონტის ხაზზე მიმდინარე პროცესებთან, მაგრამ წარმოადგენს „ჰიბრიდული ომის“ სერიოზულ შემადგენელ ნაწილს, შემდეგი მიზეზების გამო:

2-mos-1781850524.png
მოსკოვის ცა შავმა სქელმა კვამლმა დაფარა, კაპოტნის ნავთობგადმამუშავებელი ქარხნის აფეთქების შემდეგ - ნიშანი იმისა, რომ რუსეთის დედაქალაქს ომი უკან უბრუნდება...

პირველი - რუსეთის და განსაკუთრებით კი მოსკოვის მილიონობით მაცხოვრებელი უკვე ტელევიზორში კი არა, არამედ სახლის ფანჯრებიდან უყურებს პიკირებაზე გადმოსულ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს და ხვდება, რომ მათივე პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეს საშინელი ომი უკან დაუბრუნდათ.

მეორე - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობრეზერვუარების მოხშირებული აფეთქებები, უკრაინული კამიკაძე-დრონების ზუსტი დაჯახებების შედეგად (და არა როგორც რუსული პროპაგანდა კვლავ ამტკიცებს და თავს სასაცილოდ იგდებს, თითქოს რუსი მეზენიტეების მიერ ჩამოგდებული უკრაინული დრონების ფრაგმენტები შემთხვევით ხვდებიან მათ ნავთობის რეზერვუარებს და აფეთქებენ), რუსეთის ბევრი რეგიონი უკვე განიცდის ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტს და თუკი ბენზინს ნაკლებად იყენებს რუსეთის არმია, სამაგიეროდ, რუსეთის მოქალაქე მილიონობით ავტომფლობელს ექმნება საწვავის სერიოზული დეფიციტი, რაც თავის მხრივ ზრდის მათ უკმაყოფილებას (ჯერჯერობით ჩუმს) საკუთარი ხელისუფლების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ: რაზე შეთანხმდნენ ამერიკა-ირანი და ვინ შეიძლება "ააფეთქოს" მშვიდობა?!

საოცარი დამთხვევა - რუსებს, ამერიკელებსა და უკრაინელებს ერთდროულად ჩამოუვარდათ ბომბდამშენები...

"უკრაინკიდან" აფრენილმა პუტინის "თეთრმა გედებმა" უკრაინის დედაქალაქს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს - მძიმე ღამე კიევში

სამ წელში ნატო რუსეთის თავდასხმას ელოდება, მაგრამ არის კი ამისთვის მზად უკრაინის "ომის ჭაობში" ჩაძირული პუტინი?!

მესამე - „თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება“ - ეს უკრაინის პრეზიდენტის - ზელენსკის სიტყვებია, რომელმაც არ დამალა, რომ 18 ივნისის მასობრივი საჰაერო შეტევები რუსეთის რიგ რეგიონებსა და მათ შორის - მოსკოვზე, გახლდათ უკრაინული შურისძიება 15 ივნისს რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი კიევ-პეჩერის ლავრის გამო...

3-mos-1781850523.png
მოსკოვის წრიული შოსეს თავზე რუსული საზენიტო რაკეტის ინვენსიური კვალი აღიბეჭდა -პუტინმა რუსეთის დედაქალაქიც საბრძოლო მოქმედების ზონად გადააქცია?!

კიეველები ომის მეხუთე წელს ასე თუ ისე მიეჩვივნენ რუსი აგრესორების ყოველღამისეულ საჰაერო დაბომბვებს (თუმცა ასეთი საშინელების ბოლომდე მიჩვევა შეუძლებელია) მაშინ, როდესაც მოსკოველებისთვის ეს „ახალი ხილია“ და თუკი აქამდე თვლიდნენ, რომ „ხოხოლებთან ომი“ სადღაც, ცხრა მთას იქით მიდიოდა და მათ არ ეხებოდა, ახლა ნელ-ნელა კიეველებს „ემსგავსებიან“ და საჰაერო განგაშის გამოცხადებისთანავე თავშესაფარს ეძებენ...

ეს არის ერთგვარი „ქალაქების ომი“, რაც დამახასიათებელი გახლდათ პირველი და მეორე მსოფლიო ომებისთვისაც, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთის დედაქალაქებს ბომბავდნენ არტილერიის, ავიაციისა და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთ-უკრაინის „დედაქალაქების ომში“ მთავარ იარაღად კამიკაძე-დრონები მოგვევლინენ...