დიდი საფრთხე საქართველოსთვის: აპირებს თუ არა პუტინი ცხინვალის რუსეთისთვის მიერთებას და რისი გაკეთება შეუძლია თბილისს?! - კვირის პალიტრა

დიდი საფრთხე საქართველოსთვის: აპირებს თუ არა პუტინი ცხინვალის რუსეთისთვის მიერთებას და რისი გაკეთება შეუძლია თბილისს?!

ოკუპირებულიდან ანექსირებულ ცხინვალამდე?-18 წლიანი „ყოყმანის“ შემდეგ აამოქმედებს თუ არა საქართველოში ჩადებულ ამ „ნაღმს“ პუტინი, „მინი-საბჭოთა კავშირის“ აღდგენის ილუზიის შესაქმნელად?

ბოლო დღეებში გააქტიურდა ხმები იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონის თითქოს შეერთებას აპირებს კრემლი და პუტინი ამით უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირება-ანექსიის სცენარის გამეორებას მოახდენს...

ასეთი ხმების გავრცელების საფუძველი გახლდა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო „პრეზიდენტის“ ალან გაგლოევის გადაყვანა რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად და მის „თანამდებობაზე“ ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული, 51 წლის რუსეთის მოქალაქის მარატ კამბოლოვის „დასმა“.

ამ პროცესს თან ახლდა გაგლოევის „მილოცვა“ ოსი ხალხის მალე „გაერთიანების“ თაობაზე და რუსულ მასმედიაში გაჟღერებული ვერსიებიც, რომ კრემლში სერიოზულად განიხილება ჩრდილოეთ ოსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „გაერთიანება“ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში.

ანალოგიური პროცესების წარმართვას კრემლი, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართ ჯერ-ჯერობით არ, უფრო სწორედ კი ვერ გეგმავს, რადგან აფხაზები, ცხინვალის რეგიონის ოსებისგან განსხვავებით, „დამოუკიდებლობის“ დაკარგვასა და რუსეთის მხრიდან სრულ „ჩაყლაპვას“ დიდად ეწინააღმდეგებიან.

საგულისხმოა, რომ რუსულ მასმედიაში ვრცელდება ერთი საინტერესო ინფორმაციაც, კერძოდ კი 2022 წლის შემოდგომისთვის, როდესაც უკრაინაზე თავდამსხმელ აგრესორ რუსეთს ძალზე გაუჭირდა ფრონტის ხაზზე და პუტინის არმიას კუდამოძუებულს მოუხდა ხერსონიდან და ხარკოვიდან გამოქცევა, თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქტიურად განიხილებოდა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მიერთება რუსეთის ფედერაციისთვის, რათა ამით გადაეფარათ სამხედრო წარუმატებლობა ფრონტის ხაზზე და რუსეთის მილიონობით მოქალაქისთვის ეჩვენებინათ,რომ რუსეთის ფედერაცია ტერიტორიულად მაინც აგრძელებს „ზრდას“, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ დაიპყრეს უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის,ზაპოროჟიეს, ხერსონისა თუ ხარკოვის ოლქები...

ამჟამად, 2026 წლის ზაფხულშიც რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ფრონტის „ჭაობში“ არიან თითქმის უმოძრაოდ „ჩაძირული“, რასაც ემატება უკრაინის სისტემატური და მასიური საჰაერო შეტევები რუსულ პოზიციებზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის ღრმა ზურგში, დედაქალაქ მოსკოვის ჩათვლით...

ანუ რაღაცნაირად მეორდება 2022 წლის შემოდგომის სიტუაცია, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისევ სჭირდება ამ არასახარბიელო სიტუაციიდან ყურადღების გადატანა, რისთვისაც შეიძლება ისევ „ამოტივტივდა“ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ანექსირების საკითხი, რათა იმ მილიონობით რუსეთის მოქალაქეს, რომლებსაც ომი სახლებში უბრუნდებათ და აფეთქებებს უკვე ტელევიზორის ეკრანზე კი არა, არამედ საკუთარი სახლების ფანჯრებიდან უყურებენ, შთააგონონ- „დიადი და მუდმივი“ პრეზიდენტი პუტინი კვლავ აგრძელებს რუსეთისთვის „ტერიტორიების შემოკრებას“, „მინი საბჭოთა კავშირის“ აღდგენის მცდელობის სახით...

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინა რუსეთს რა მიზნით უფეთქებს თანამგზავრული კავშირის ანტენებს ...

უკრაინა რუსეთს ომში „უთანაბრდება“, მაგრამ ფრონტზე კიდევ ერთ ქალაქს კარგავს - რა საფრთხეს შეიცავს კონსტანტინოვკას დაცემა?!.

ხიდზე ვერა? მაშინ ხიდის თავებზე! - ნახევარკუნძული ყირიმი „კუნძულად“ შეიძლება გადაიქცეს...

ლუკაშენკომ ზელენსკის ბოდიში მოუხადა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი მაინც დაემუქრა ბელარუსს...

2008 წლის აგვისტოს ომიდან მალე 18 წელი შესრულდება, ისევე როგორც აგრესორმა რუსეთმა ცნო საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის „დამოუკიდებლობა“ და ამ განვლილ 18 წელში მუდმივად იყო იმის მძიმე მოლოდინი, რომ კრემლი ერთ-ერთი(ან ორივე) ოკუპირებული ქართულ რეგიონის ანექსირებას ანახორციელებდა და იურიდიულადაც მიურთებდა რუსეთის ფედერაციას...

ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ჩადებული,დაყოვნებული მოქმედების „ნაღმები“, რაც განაპირობებდა ოფიციალური თბილისის წლების განმავლობაში გატარებულ ფრთხილ პოლიტიკას მოსკოვის მიმართ, რომ ეს „ნაღმები“ არ „აფეთქებულიყო“, მაგრამ თუკი მიუხედავად ყველაფრისა, მართლაც ოფიციალურად შეიერთა რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რა საპასუხო ქმედებების განხორციელება შეეძლება საქართველოს ხელისუფლებას გარდა დიპლომატიური პროტესტის გამოხატვისა?