"ერთჯერადი აგენტები": როგორ "ავერბოვკებენ" რუსული სპეცსამსახურები სოცქსელების მეშვეობით ახალგაზრდებს დივერსიების მოსაწყობად?!
ისტორიულად სულ ასე იყო: ყველა ახალი ტექნიკური გამოგონება და ტექნოლოგიური სიახლე, რომელთაც ადამიანის ცხოვრება/ყოფა უნდა შეემსუბუქებინა, საბოლოოდ ისევ ადამიანთა მოდგმის განადგურების იარაღად იქცეოდა ხოლმე. მაგალითად, სამეცნიერო კვლევები ბირთვულ ფიზიკაში თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავდა, თუმცა შემდეგ ჯერ ატომური ბომბი შეიქმნა და შემდეგ ატომური ელექტროსადგური.
მსოფლიო ქიმიურმა ინდუსტრიამ, რომელიც აგრარული რევოლუციის საფუძველი უნდა გამხდარიყო, ჯერ მომწამლავი გაზი შექმნა და შემდეგ სასუქები სოფლის მეურნეობისთვის. თვითმფრინავი ადამიანების გადაადგილების გასამარტივებლად შეიქმნა, თუმცა მალევე იქცა მასობრივი საჰაერო დაბომბვების „საუკეთესო“ საშუალებად. მიკრობიოლოგიური კვლევები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დამცავი ვაქცინების შექმნას ემსახურებოდა, მალევე გადაიქცა ბიოლოგიური იარაღის წარმოების სასტიკ პროგრამებად. ბოლოს კი – ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლებიც ადამიანთა შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით შეიქმნა, დღეს ფსიქოლოგიური ომის და დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ იარაღად ტრანსფორმირდა.
უკანასკნელ წლებში ინტერნეტი და სოციალური ქსელები სპეცსამსხურების მიერ უფრო ფართო და რეალური ზიანის მიმყენებელ „იქს ფაქტორად“ იქცა. დღეს სოციალური ქსელები აგენტთა გადაბირების და მათი ოპერატიული მართვის, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისა და საბოტაჟ/დივერსიის დაგეგმვა/განხორციელების სრულფასოვან და ისეთ მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რასაც ათი წლის წინათ ვერც კი ვივარაუდებდით. რუსეთ–უკრაინის ომში სოციალური ქსელები გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოპერატიულ სივრცედ, სადაც მიმდინარეობს აგენტების გადაბირება და სადაზვერვო–დივერსიული ოპერაციების კოორდინაცია. ამ დროს სპეცსამსახურები იყენებენ, როგორც ტექნოლოგიურ, ისე ფინანსურ და ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი მოქმედებების ეფექტიანობას, მინიმუმამდე ამცირებს ოპერატიული თანამშრომლის ჩავარდნის რისკს და ფინანსურ დანახარჯებს. ეს რეალურად ახალი თაობის ომია, სადაც ფრონტის ხაზი არ არსებობს. სპეცსამსახურების ამ ომში ადამიანები გადაიქცნენ ყველაზე მარტივად მანიპულირებად რესურსად, – ერთგვარ „ერთჯერად აგენტებად“. ამ ომის ლოგიკა საშიშად მარტივია: მტრის ტერიტორიაზე მრავალი ათასი „ერთჯერადი აგენტის“ დისტანციურად გადაბირება, რომელთაგან ასმაც რომ შეასრულოს დავალება, ესეც მნიშვნელოვანი წარმატებაა!
ამ ომში უპირატესობა რაოდენობას ენიჭება და არა ხარისხს. უნდა ავღნიშნო რომ ამ „დისტანციურად მართვად“ ომში, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ჯერ–ჯერობით რუსეთს აქვს უპირატესობა. უკრაინის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან 1100-ზე მეტ უკრაინელს წაუყენეს ბრალი სტრატეგიული ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებაში, ტერორიზმში ან დივერსიაში. მათგან უდიდესი ნაწილი სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის შედეგად იქნა გადაბირებული. დაკავებულთაგან ყოველი მეხუთე არასრულწლოვანია. ისინი აგროვებდნენ მტრისთვის საჭირო ინფორმაციას; აწყობდნენ დივერსიებს; მონაწილეობდნენ საბოტაჟში და ა.შ. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სოციალური ქსელების ფარული მანიპულირების საშუალებით სპეცოპერაციების დაგეგმვა/ჩატარების კლასიკური სქემა ამგვარია.

ფოტო: 15 წლის უკრაინელი ყმაწვილი უკრაინის რკინიგზაზე დივერსიის მომზადების მომენტში დააკავეს
შესწავლა/ანალიზისის მთავარი ობიექტებია ისეთი სოციალური პლატფორმები, როგორიცაა Telegram, Facebook, TikTok და Vkontakt. მათი მთავარი უპირატესობებია: ფართო აუდიტორია; სწრაფი კომუნიკაცია; ანონიმურად ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესაძლებლობა და ა.შ. პოტენციური აგენტების მოსაძიებლად პირველ ეტაპზე ხდება ამ პლატფორმებზე დარეგისტრირებული აუდიტორიის იდენტიფიცირება მათი ინტერესების, პოლიტიკური შეხედულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ამისთვის სწავლობენ მომხმარებლის პროფილს: პოსტებს, კომენტარებს, სოციალურ წრეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ პირებს, რომლებიც: გამოხატავენ უკმაყოფილებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, აქვთ სოციალური და ფინანსური პრობლემები; ცხოვრობენ სტრატეგიულ რეგიონებში, აქვთ ნასამართლობა და ა.შ.
მეორე ეტაპი: კონტაქტის დამყარება. ამ დროს გამოიყენება არაპირდაპირი კომუნიკაციის ხერხები ( ლაიქები, კომენტარები, პირადი შეტყობინებები). რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული თანამშრომელი თავს წარადგენს როგორც: ჟურნალისტი, საზოგადოებრივი აქტივისტი, თანამოაზრე, უკრაინის სპეცსამსახურის „საიდუმლო თანამშრომელი“ და ა.შ. მესამე ეტაპი: ნდობის ფორმირება. ამ დროს პროცესების დაჩქარება დაუშვებელია, ამიტომ მიმდინარეობს ხანგრძლივი დისტანციური კომუნიკაცია ოპერატიულ თანამშრომელსა და პოტენციურ აგენტს შორის. ამ ეტაპზე გამოიყენება კარგად აპრობირებული ფსიქოლოგიური მეთოდები: პიროვნული ემპათია, პატრიოტული მოტივები, ფინანსური მხარდაჭერა, საერთო ღირებულებების ხაზგასმა, პიროვნული თვითდამკვიდრების სურვილი, კომპრომატით დაშანტაჟება და ა.შ.
მეოთხე ეტაპი: გადაბირება. პოტენციურ აგენტს, ძალზე ხშირად „უკრაინის სპეცსამსახურის“ სახელით, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად სთავაზობენ კონკრეტული და მარტივი დავალების შესრულებას: ინფორმაციის შეგროვება და ინტერნეტით გადაცემა, რაიმე ნივთის გადატანა და ა.შ. ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს უკრაინის სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, სამხედრო–სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების ფოტოების გადაღებას, გზების, ხიდების ან საწყობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ.
შემდეგ დავალება უფრო რთული და სერიოზული ხდება. კერძოდ დივერსიის ჩატარება, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება კონკრეტულ ობიექტზე, უკრაინის პოლიციის ან შეიარაღებული ძალების ავტომობილების დაწვა და ა.შ. ანაზღაურება: $50–$300 ერთი დავალების შესრულებისთვის. სადაზვერვო–დივერსიული ოპერაციების კოორდინაცია დისტანციურად ინტერნეტით ხდება.
რუსეთის სპეცსამსახურები პოტენციური აგენტების მოსაზიდად კიდევ ერთ ხერხს იყენებენ: სოციალურ ქსელებში ვრცელდება „სამუშაოს შეთავაზებები“, რომლებიც რეალურად სადაზვერვო–დივერსიული დავალებების შესრულებას უკავშირდება. „კურიერის“, „მძღოლის“ ან „ლოგისტიკის თანამშრომლის“ ვაკანსიები რეალურად ამანათების გადატანას (ხშირად ასაფეთქებელი ან სადაზვერვო მოწყობილობების) და სტრატეგიულ ობიექტებთან მისვლას და ფოტოების გადაღებას გულისხმობდა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა დააზიანონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ან შეაფერხონ სამხედრო ტვირთების გადაადგილება.
როგორც ირკვევა, რუსეთის სპეცსამსახურები სოციალური ქსელებით პოტენციური „ერთჯერადი აგენტების“ გამოვლენა/გადაბირებას და მათი საშუალებით დივერსიებისა და საბოტაჟის დაგეგმვა/განხორციელებას მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არ აწარმოებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელების "რბილი ძალის" ოპერაცია თბილისში, 1972 წელს და სკანდალური ანგარიში: "ქართველმა მილიციონერმა რუსულ ენაზე საუბარზე სასტიკი უარი განაცხადა, რადგან..."
აქვს თუ არა ქართულ ჯაშუშურ სკანდალებთან რაიმე კავშირი აზერბაიჯანს?!
შარშან მაისის დასაწყისში, ჩრდილოეთ ლონდონში სამი დღის განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან დაკავშირებული სამი ქონება დაიწვა: მის საკუთრებაში არსებული კერძო სახლი (ამჟამად გაქირავებულია), იმავე ქუჩაზე გაჩერებული Toyota RAV4, რომელიც ადრე სტარმერს ეკუთვნოდა და კიდევ ერთი სახლი, რომელშიც სტარმერი ადრე ცხოვრობდა და ამჟამად მის ნათესავებზეა გაქირავებული. ცხადი იყო, რომ ეს პირადად კირ სტარმერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გახლდათ. 2026 წლის 15 ივნისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ორი მამაკაცი დამნაშავედ ცნეს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან დაკავშირებული სახლებისა და მანქანისთვის ცეცხლი წაკიდებაში. ვინ იყვნენ ისინი და რატომ ანადგურებდნენ უკრაინის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ქონებას?

ფოტო: კირ სტარმერი და ვოლოდიმერ ზელენსკი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან მოყოლებული, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილების უზარმაზარი რაოდენობა შეიფარა და დღეისთვის ამ ქვეყანაში თითქმის 200 000 უკრაინელი ცხოვრობს. დიდ ბრიტანეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს აქვთ უფლება ლეგალურად იცხოვრონ, იმუშაონ, ისწავლონ და მიიღონ სოციალური დახმარება არსებული სპეციალური სავიზო პროგრამების წყალობით. უკრაინელი ლტოლვილები ყველგან, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, რუსეთის სპეცსამსახურების შესწავლა/გადაბირების ობიექტები არიან. „კრემლი“ ცდილობს უკრაინელი ლტოლვილები უკრაინის სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს. კირ სტარმერის ქონების განადგურებაში ბრალდებულები 22 წლის უკრაინის მოქალაქე რომან ლავრინოვიჩი და 27 წლის უკრაინული წარმოშობის რუმინეთის მოქალაქე სტანისლავ კარპიუკი აღმოჩნდნენ, რომლებიც სოციალურ ქსელებში გაცნობილი რუსულენოვანი ვინმე „El Money“-ის დავალებით მოქმედებდნენ. რ. ლავრინოვიჩი ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრიდან ასრულებდა მის „მსუბუქ“ დავალებებს და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების პლაკატებს ლონდონის ქუჩებში აკრავდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ქონების განადგურების უფრო სერიოზული დავალება მიიღო.

ფოტო: რომან ლავრინოვიჩი და სტანისლავ კარპიუკი
რ. ლავრინოვიჩი ანაზღაურებას კრიპტოვალუტით იღებდა.
BBC-ი ამტკიცებს, რომ კირ სტარმერთან დაკავშირებული ქონებისთვის ცეცხლის წაკიდება უფრო ფართომასშტაბიანი საბოტაჟის, პროვოკაციისა და დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული. მათი აზრით რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები სოციალური მედიისა და Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციის მეშვეობით დისტანციურად კოორდინაციას უწევდნენ ლავრინოვიჩის მოქმედებებს. ამ გამოცემის მტკიცებით დიდ ბრიტანეთში მათ შექმნეს ყალბი ულტრამემარჯვენე და მუსლიმური ჯგუფები, რომლებსაც იყენებდნენ ვანდალიზმის აქტების ორგანიზებისა და შიშის, დაძაბულობისა და სოციალური განხეთქილების გაღვივებისკენ მიმართული მასალების გასავრცელებლად.
რ. ლავრინოვიჩის ადვოკატის განცხადებით ბრალდებულს არ ამოძრავებდა რაიმე კონკრეტული პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივები და არც კი იცოდა, რომ ეს ქონება პრემიერ-მინისტრთან იყო დაკავშირებულიო. ალბათ ასეც იყო, თუმცა ლონდონის სასამართლომ ლავრინოვიჩს 7, ხოლო კარპიუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასეთია რუსეთის „ერთჯერადი აგენტების“ ბედი. რამდენადაა დაცული საქართველო ამგვარი საფრთხეებისგან?