ქართული ჯარი ღაზის სექტორში?! - შესაძლო სამშვიდობო მისიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კვირის პალიტრა

ქართული ჯარი ღაზის სექტორში?! - შესაძლო სამშვიდობო მისიის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ხუთწლიანი შესვენების შემდეგ შეიძლება აღდგეს ქართველი სამხედროების საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნის პრაქტიკა.

2021 წლის ზაფხულიდან, ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო კონტინგენტები აღარ მონაწილეობენ მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში (თუმცა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული, 35 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, 2023 წლის ივნისში დაბრუნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან). არადა, 1999 წლიდან მოყოლებული ქართველ სამხედროებს გამოვლილი აქვთ კოსოვოს, ერაყის, ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიები.

ისრაელის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი სამხედროები შეიძლება ღაზის სექტორში ჩასაყენებელ საერთაშორისო სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაშიც გამოჩნდნენ.

"საქართველოსა და ვიეტნამთან მოლაპარაკება მიმდინარეობს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების (ISF) ინიციატივის ეგიდით ღაზის სექტორში ომის შემდგომ პერიოდში სამხედროების გაგზავნის თაობაზე" - ამის შესახებ ინფორმაციას თჰე თიმეს ოფ Israel-ი Channel 12-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, იგეგმება კირიათ-გათში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეფორმირება, რისი მიზანიც მისი ოპერატიულობის გაზრდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოსთან" კოორდინაციის გაძლიერებაა.

CMCC სამხრეთ ისრაელში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმის ფარგლებში. მას დაევალა ისრაელ - "ჰამასის" ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, ჰუმანიტარული დახმარების შეტანისთვის ხელშეწყობა და პალესტინის ტერიტორიაზე ომის შემდგომი პოლიტიკის შემუშავება. ამ ცენტრს სახელი შეეცვლება და ღაზის სექტორის დახმარების საერთაშორისო ცენტრი დაერქმევა, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები (ISF) კი, რომელიც ისრაელის გასვლისა და "ჰამასის" განიარაღების შემდეგ გარდამავალ პერიოდში ღაზის სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მის საქმიანობაში გაცილებით დიდ როლს შეასრულებს.

Channel 12-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და ვიეტნამთან ISF-ში ჯარების გაგზავნის შესახებ და საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ ძალების გაგზავნას.

Channel 12-ის ცნობით, "მშვიდობის საბჭომ" ინფორმაცია არ უარყო და განაცხადა, რომ ის ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის გეგმების წინსვლას აგრძელებს ძალისხმევის გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. მათივე განმარტებით, მისიის გაფართოების პარალელურად, "სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები" და "სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრი" უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელს ამზადებენ, ამჟამად პერსონალის შემცირება არ იგეგმება და ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Channel 12-ის ცნობით, საქართველო და ვიეტნამი ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ასეთია საწყისი ინფორმაცია იმის შესახებ, აღადგენს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ძველ პრაქტიკას და კვლავ თუ გაგზავნის მსოფლიოს ცხელ წერტილებში ქართველ სამხედროებს.

ჯერ ის გავაანალიზოთ, თუ რა შედეგები მოუტანა საქართველოს თავდაცვის ძალებს 22-წლიანმა სამშვიდობო ოპერაციებმა:

პირველი - ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებამ ქართველი სამხედროების კოსოვოსა (1999 წლიდან) და ერაყში (2003 წლიდან), ხოლო შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ ავღანეთში (2009 წლიდან) ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში გაგზავნით სცადა დასავლეთისთვის (უპირველესად კი აშშ-ის კონკრეტული პრეზიდენტებისთვის) დაემტკიცებინათ საქართველოს ერთგულება და მხარში დგომა როგორც პოლიტიკურად, ისე პირადულადაც.

ეს პრაქტიკა გააგრძელა 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა "ქართულმა ოცნებამაც", რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე აგრძელებდა ქართულ სამხედრო მისიას ავღანეთში, სანამ თავად ამერიკელებმაც არ დატოვეს ეს ქვეყანა;

მეორე - საქართველოს სამ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ხელისუფლებას იმიტომაც ჰქონდა ერთნაირი მიდგომა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისადმი, რომ შეიძლება ელოდნენ აშშ-იდან და ევროპიდან საპასუხო ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებისთვის, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქართულ აუსრულებელ სურვილად დარჩა.

მიუხედავად გაცემული მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური სახის კონტრიბუციისა, როდესაც იმავე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს ნატოს წევრ ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაზე მეტი სამხედრო ჰყავდა გაგზავნილი და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ქართულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთის მისიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა, ამან ვერ დააჩქარა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება (რასაც დასავლელი პოლიტიკოსი ლიდერები 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტიდან მოყოლებული გამუდმებით გვპირდებოდნენ), რადგან თავად ნატო მზად არ აღმოჩნდა შეესრულებინა დანაპირები;

მესამე - საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილეობა კარგი გაკვეთილი გამოდგა საქართველოს შეიარაღებული და თავდაცვის ძალებისთვის, რადგან შტაბის ოფიცერთა შემადგენლობამ კარგი გამოცდილება მიიღო ნატოს წევრი ქვეყნების გაერთიანებულ შტაბებში ოპერაციების დაგეგმვა-ჩატარებაში, ხოლო საბრძოლო დანაყოფების უმცროსმა და უფროსმა ოფიცერთა შემადგენლობამ, სერჟანტებმა და კაპრალებმა ველზე სასწავლო და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობით;

მეოთხე - იმ ქვეყნის არმია, რომელსაც ომში მონაწილეობის გამოცდილება წლებია არ მიუღია, პირობითად ბრძოლისუნარიანად ითვლება და ყველაფერს სჯობს სამხედროებმა საბრძოლო გამოცდილება შეიძინონ არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ამ მხრივ 22-წლიანი მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროებისთვის კარგ საბრძოლო გამოცდილებად იქცა იმის გათვალისწინებით, რომ საერთო ჯამში 40 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ გაიარა უცხოური მისიები;

მეხუთე - მედალს ორი მხარე აქვს და, სამწუხაროდ, ვერ ავცდით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დაჭრა-დაღუპვას.

თუკი 1999-2008 წლების კოსოვოს მისია უდანაკარგოდ ჩავამთავრეთ, ერაყის 2003-2008 წლების ოპერაციებში 3 სამხედრო დაგვეღუპა და 19 დაგვეჭრა, ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში კი მსხვერპლის რიცხვი 32 სამხედრო მოსამსახურემდე გაგვეზარდა, სამასზე მეტი კი დაიჭრა ან დაშავდა;

მეექვსე - მიღებული საბრძოლო გამოცდილება კი არაერთგვაროვანი გახლდათ, რადგან კოსოვოსა და ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტების პირადი შემადგენლობა, ძირითადად, ჩეკ-პოინტებზე შემოწმებასა და გზებზე პატრულირების ოპერაციებში მონაწილეობდა, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში ანტიპარტიზანული და ანტიდივერსიული ქმედებებისთვის, მაგრამ ნაკლებად გამოადგებოდა იმ ქართულ არმიას, რომელსაც 2008 წლისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ამზადებდნენ და ჯერ სწორედ ამ ტერიტორიების დაბრუნება იყო საჭირო, რასაც სულ სხვანაირი მზადება სჭირდებოდა მოიერიშე საბრძოლო ჯგუფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების სრულყოფით.

ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროები, ძირითადად, 2009 წლიდან ჩაერთვნენ, როდესაც აგვისტოს ომიდან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული და რუსული სამხედრო აგრესიის განახლების ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა. ასეთ დროს ათასობით სამხედროს ქვეყნის გარეთ გაგზავნა დიდ, გაუმართლებელ რისკს შეიცავდა, მით უმეტეს, უკვე გვქონდა მწარე გამოცდილება - აგვისტოს ომის წინ ერაყში ქართული არმიის იმ პირველი ქვეითი ბრიგადის ორი ათასამდე სამხედრო გვყავდა გაგზავნილი, რომელთა მუდმივი დისლოკაციის ადგილი გორი გახლდათ და რომლებსაც პირველებს უნდა შეეკავებინათ შიდა ქართლში შემოჭრილი რუსი ოკუპანტები;

მეშვიდე - ავღანეთის მისიის დამთავრებიდან ხუთი წელი გავიდა და საქართველოს თავდაცვის ძალების ბევრმა სამხედრო მოსამსახურემ ოთხწლიანი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ის აღარ გააგრძელა და მათი მეტ-ნაკლები "ავღანური გამოცდილება" ამჟამად დაკარგული იქნება, თუკი ისინი აქტიურად არ ჩაერთვებიან სარეზერვო სამსახურის საველე შეკრებებში თავიანთი გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გადასაცემად;

მერვე - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ბევრი ქართველი ოფიცრისთვის იქცა კარიერული ზრდის დამაჩქარებლად, თუმცა ათასობით კაპრალისა და რიგითისთვის კარიერული პერსპექტივა არ არსებობდა და თუნდაც ავღანეთში წასვლის უმთავრეს მოტივაციას მაინც ფინანსური დაინტერესება წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რა "სიურპრიზს" უმზადებს პუტინს წითელ მოედანზე უკრაინის არმია?! - მამუკა მამულაშვილი: " ჩვენი საბოლოო მიზანი რუსეთის განდევნაა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან"

დაბომბილი ტაძრის "წყევლა": მოსკოვის შავი დღეები - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

ნატო რუსეთის თავდასხმას მოელის, მაგრამ რას დაუპირისპირებს?

მსოფლიო სკანდალის "ქართული კვალი" - დაიჯერებთ, რომ აიათოლების ირანს... ამერიკა აიარაღებდა ისრაელთან ერთად?!

ეს არასრული ჩამონათვალია ქართველი სამხედროების 22-წლიან სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა. მაგრამ რა ელოდებათ ქართველ სამხედროებს, თუკი მართლაც გაგზავნეს სამშვიდობო მისიით ღაზის სექტორში და რას მისცემს ეს საქართველოს, რომელიც ამ "გადარეულ მსოფლიოში" ჯერ კიდევ გაურკვეველ პოზიციაზეა?

პოლიტიკური ნიშნულით კვლავ ძველის გამეორების ცდაა - როგორც შევარდნაძეს სურდა ჯერ კლინტონისა და ბუშის გულის მოგება კოსოვოსა და ერაყში ქართველი მშვიდობისმყოფელების გაგზავნით, სააკაშვილს კი ბუშთან და ობამასთან თავის გამოჩენა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამაც, სავარაუდოდ, შეიძლება სცადოს დონალდ ტრამპთან "დასაახლოებელი გზის პოვნა" სწორედ ამ გზით - ღაზის სექტორში ქართველი სამხედროების "მიხმარებით", რადგან ძალზე თავმოყვარე და "რვა ომის შემჩერებელი" აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რომ ღაზის სექტორში მაინც არ ჩაუფლავდეს თავისი "სამშვიდობო მისიები" იმის ფონზე, თუ რა პოლიტიკურ მარცხს განიცდის რუსეთ-უკრაინის ომში მომრიგებლის სტატუსში და ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ღაზის სექტორში "ცისფერჩაფხუტიანი" ქართველი სამხედროების გაგზავნა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაციასთან შედარებით თამამად დალაპარაკების საშუალებას მისცემდა, თუმცა არც თავად ქართველი სამხედროებისთვისაც იქნება ურიგო ღაზის სექტორში სამშვიდობო მისიაში ჩართვა, რადგან გამოცდილების მიღებასთან ერთად, ეს გახდებოდა მასში მონაწილე სამხედროების ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტიაც ანუ ის, რაც, ძირითადად, ხდებოდა სხვა სამშვიდობო მისიებშიც.

მაგრამ ყოველივე ამის უკან ისევ არის მისიაში მონაწილეთა დაჭრის ან დაღუპვის საფრთხე, რაც სამხედროს რთულ პროფესიას მუდამ თან სდევს, თუმცა ერთია, როდესაც ეს ხდება სამშობლოს დაცვისთვის და მეორე ათასობით კმ-ის დაშორებით, სხვათა ინტერესების გამო.