ვიბარებთ ... ტანკებს ჯართში! - უცნაური აუქციონი აფეთქებული პუტინის ტანკებისთვის
ომებს ბევრი უცნაურობები ახლავს, მაგრამ ის, რაც რუსეთში გააკეთეს, ცოტა დაუჯერებლადაც კი მოჩანს...
რუსეთის როსტოვის ოლქში ოფიციალურად გამოცხადდა აუქციონი, რომლის ლოტების საერთო ღირებულება 43,7 მლნ რუსული რუბლს აღწევს და ითვალისწინებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის ფასად გაყიდვას.
ერთი შეხედვით, ნახევარ მილიონიანი დოლარის აუქციონი დიდად არაფრითაა გამორჩეული, რომ ყურადღება მიეპყრო, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ რის გაყიდვას აპირებს რუსეთის სახელმწიფო აუქციონზე ჯართის სახით...
და ეს არის, 300 ერთეულზე მეტი, პუტინის არმიის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და ჯავშანმანქანები...ოღონდ ყველა ჯართის სახით, რადგან ისინი აფეთქებულ და დამწვარ მდგომარეობაშია!

ფოტო: რუსული ტანკების ბოლო-ჯართში!
დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, თუ სად და ვის შეეძლო აეფეთქებინა და დაეწვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ამდენი ტანკი და ჯავშანმანქანა და თანაც ისე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი გამხდარიყო და მხოლოდ ჯართში ჩასაბარებლადღა იქნებოდა გამოსადეგი...
Oryx-ის საერთშორისო ანალიტიკოსების დათვლითб 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგб რაც რუსეთი ღიად დაესხა თავს უკრაინას, ფრონტზე პუტინის არმიამ დღემდე დაკარგა არანაკლებ 14 067 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის 4 394 ტანკი და 8 846 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რაც დადასტურებულია ფოტო-ვიდეო კადრებით.
ის, რომ როსტოვის ოლქში (რომელიც უშუალოდ ესაზღვრება უკრაინასა და იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონას) ჯართის აუქციონზე მხოლოდ 300-მდე განადგურებული რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა გამოაქვთ, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ დანარჩენი განადგურებული ტექნიკის გამოტანა გაგრძელდება და ახალი აუქციონებიც გაიმართება...
საგულისხმოა, რომ 4 394 რუსული ტანკიდან 3 310 სრულადაა განადგურებული და აღდგენას არ ექვემდებარება, რაც არც არის გასაკვირი, რადგან უკრაინული FPV-დრონების კუმულაციური ქობინების მოხვედრის შემდეგ პუტინის ტანკებში შენახული ჭურვებისა და მუხტების დეტონაცია ხშირად ხდება, რაც ამ 45 ტონიან რუსულ ტანკებს „მარტივ მამრავლებად“ შლის...
ჯავშანტექნიკაში საბრძოლო დანაკლისი, რა თქმა უნდაб უკრაინულ მხარესაც აქვს. იმავე Oryx-ის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგეს 5 946 ჯავშანობიექტი, მათ შორის 1 424 ტანკი და 2 120 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, შესაბამისად,მათი ჯართში ჩაბარების პრობლემა კიევსაც აქვს, ოღონდ ბევრად ნაკლები მასშტაბებით.
ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების კორპუსებში გამოიყენება მაღალლეგირებული ფოლადის ჯავშანი, რომელიც ძვირად ფასობს, თუმცა ჯართში ჩაბარების შემდეგ მისი გადადნობა და ხელმეორედ გამოყენება მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს.

ფოტო: რუსულ აუქციონზე ჯართის გასაყიდად ცალკეული ლოტების სახით გამოტანილი პუტინის არმიის უკრაინის ფრონტზე აფეთქებული ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები...
ისე კი ,რადგან ომის დროს ჯართის თემას შევეხეთ, არ შემიძლია არ გავიხსენო - 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებიდან მალევე ქართველ სამხედრო გამნაღველებთან ერთად მომიწია განაღვით სამუშაებში მონაწილეობის მიღება გორის რაიონის სოფლებში ძევერასა და შერთულში. ძევერაში ჩამოგდებული რუსული საფრონტო ბომბდამშენის ფრაგმენტების შესწავლის შემდეგ, იქვე გვერდით, სოფელ შერთულში გადავინაცვლეთ და თვალებს არ დავუჯეროთ - ადგილობრივი ასაკოვანი მამაკაცი თავის ეზოში რაღაცეებს ეზიდებოდა, ფეხდაფეხ შევყევით და რა ვნახეთ - მიწაზე ერთმანეთის გვერდით ათობით 82 მმ კალიბრის ნაღმსატორცნის ნაღმი, ყუმბარსატყოცნის გასროლები, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის ყუმბარები ჰქონდა ლამაზად ჩამწკრივებული და როდესაც ვკითხეთ-პაპი, რაში გჭირდება ამხელა არსენალი-თქო, დაუმალავად გვიპასუხა - ჯართში ვუპირებ ჩაბარებას, აბა სხვა რა ჯანდაბად მინდაო...
ასევე დაგაინტერესებთ: სად არის ტრამპის "შეჩერებული მეცხრე ომი"- ჰორმუზში გემებს ისევ ესვრიან,ამერიკა ირანს ისევ ბომბავს ...
ქართველი სამხედროები ღაზაში - ერაყული და ავღანური მისიების ახლებურად გაგრძელება?
პაპას „არსენალს“, რა თქმა უნდა ექსპროპრიაცია ჩავუტარეთ და იქვე მდინარის პირას კონტროლირებადი აფეთქებებით გაუვნებელყვეთ, მაგრამ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ, პაპამ მიგვასწავლა, თუ სად შეაგროვა ამხელა არსენალი - სოფლის განაპირას,ორ ადგილას, ერთი აფეთქებული და სრულიად დაშლილი, ხოლო მეორე კი დამწვარი „ურალი“ აღმოვაჩინეთ, რომლებიც რუსი მედესანტეების არტილერისტებს ეკუთვნოდათ და ორივე მათგანი ქართული „მფრინავი ნიანგების“-„მი-24“ ტიპის დარტყმელი შვეულმფრენების ეკიპაჟებმა გაანადგურეს, რის შედეგადაც აუფეთქებლად გაიფანტა ამ სატვირთო ავტომობილებში ჩატვირთული ნაღმსატორცნების ნაღმები, რომელთა საბრძოლო გამოყენება რუსმა ოკუპანტებმა ქართველების წინააღმდეგ საბედნიეროდ ვერ მოასწრეს, ისევე როგორც ადგილობრივ პაპას სულზე წავასწარით მათი ჯართში ჩაბარებამდე - მეჯართეებს შეიძლება არც მიეღოთ, მაგრამ ამ ნაღმებისა და ჭურვების ტრანსპორტირების დროს არ იყო გამორიცხული მათი დეტონაცია, რაც ახალ ტრაგედიას დაატრიალებდა...