ნონსესი - ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტით, ტრამპმა თავისდაუნებურად...უკრაინას გამარჯვებისკენ უბიძგა - კვირის პალიტრა

ნონსესი - ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტით, ტრამპმა თავისდაუნებურად...უკრაინას გამარჯვებისკენ უბიძგა

2024 წლის შემოდგომის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვებამ კიევსა და ევროპაშიც გააჩინა იმის შიში, რომ აშშ-ის მომავალ,47-ე პრეზიდენტს შეიძლება შეემცირებინა ის სერიოზული სამხედრო დახმარება აგრესორ რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაგვიანებებითა და შეზღუდვებით, მაგრამ მაინც უწევდა კიევს 2022 წლიდან...

ეს ფრთხილი და უკრაინისთვის არასასურველი პროგნოზი იმ დღიდანვე გამართლდა, როდესაც ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა 2025 წლის იანვრის ბოლოს.

ოღონდ გამართლდა არა 100, არამედ 200 პროცენტითაც, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ არათუ შეუმცირა, არამედ საერთოდ შეუწყვიტა,ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გამოყოფილი „ჰაიმარსის“ რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება უკრაინის არმიას და არც ახალი შეთანხმებები დადო უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე...

ეს, რა თქმა უნდა, დიდ დარტყმად იქცა ფრონტზე მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის, ისევე როგორც რუსული „ისკანდერებისგან“ უკრაინული ქალაქების დამცველი მეზენიტეებისთვის და რომ არა ევროპელების მიერ დაწყებული ახალი პროგრამა-მსოფლიო ბაზრის ფასებით ამერიკული შეიარაღების ყიდვის სახით, უკრაინა საერთოდ, „პეტრიოტის“ ანტირაკეტების გარეშე დარჩებოდა...

მაგრამ, როგორც იტყვიან, მედალს მეორე მხარეც აქვს...

შეიძლება ნონსესად მოჩანს, მაგრამ უკვე შემდგარი ფაქტია-პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების შეწყვეტამ...ბევრად უფრო უარესს მდგომარეობაში ჩააგდო აგრესორი რუსეთი და მნიშვნელოვნად შეანელა რუსი ოკუპანტების წინსვლა ფრონტის ხაზზეც!

რას შეიძლება გამოეწვია ერთმანეთის გამომრიცხავი ასეთი შედეგი?

საქმე ის არის, რომ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია „ჰაიმარსიდან “გასაშვებ 86 და 300 კმ-მდე მფრენ რაკეტებს, მართვად საავიაციო ბომბებსა და მსხვილკალიბრიან საარტილერიო ჭურვებს აწვდიდა უკრაინის არმიას, ამასთანავე კატეგორიულად უკრძალავდა კიევს მათ გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იმის შიშით, რომ პუტინის რეჟიმს ვაშინგტონისთვის „ომის ესკალაცია“ არ დაებრალებინა...

ხშირად, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა მოიპოვებდა ოპერატიულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ჰაიმარსიდან“ გასაშვები ამერიკული ბალისტიკური რაკეტის მოქმედების ზონაში ხვდებოდა ესა თუ ის მნიშვნელოვანი რუსული სამიზნე-არმიის შტაბი თუ „ისკანდერების“ დივიზიონი, უკრაინის გენშტაბი ვალდებული იყო ეს სარაკეტო დარტყმა ამერიკულ მხარესთან სასწრაფოდ შეეთანხმებინა(ამისთვის კიევში არააფიშირებულად მოქმედებდა პენტაგონიდან მივლინებული ამერიკელ გენერალთა და სხვა უფროს ოფიცერთა მცირერიცხოვანი ანალიტიკური ჯგუფი) და ხშირად უარს იღებდა იმ მოტივით, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული ბალისტიკური რაკეტით დარტყმა გაუარესებდა მოსკოვ-ვაშინგტონის ისედაც რთულ ურთიერთობებს...

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დაბრუნდა და უკრაინას მაშინვე შეუწყვიტა ამერიკული შეიარაღების მიწოდება, კიევსაც ავტომატურად მოეხსნა ის არაოფიციალური ვალდებულება, რაც წინამორბედ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ავალდებულებდა, უკრაინის არმიის ყველა სერიოზული ოპერაციის შეთანხმება პენტაგონთან...

ასევე დაგაინტერესებთ: ვიბარებთ ... ტანკებს ჯართში! - უცნაური აუქციონი აფეთქებული პუტინის ტანკებისთვის

სად არის ტრამპის "შეჩერებული მეცხრე ომი"- ჰორმუზში გემებს ისევ ესვრიან,ამერიკა ირანს ისევ ბომბავს ...

უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ რუსულ „ორეშნიკებსა“ და „ისკანდერებზე“ შური იძიეს... მათსავე ასაწყობ ქარხანაში...

ქართველი სამხედროები ღაზაში - ერაყული და ავღანური მისიების ახლებურად გაგრძელება?

ხელ-ფეხ გახსნილ უკრაინის არმიის გენშტაბს მიეცა საშუალება სრულად თავისუფლად ემოქმედა აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, იქამდე სადამდეც მიაღწევდა, თვით რუსი ოკუანტების დედაქალაქის-მოსკოვის ჩათვლითაც...

მართალია, უკრაინის არმიას აღარ გააჩნდა 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ მის განკარგულებაში გამოჩნდა სამამულო წარმოების,ბევრად იაფი, ბევრად შორს მფრენი და ამასთან, ბევრად ზუსტი, თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები, რითაც უკრაინელებმა შეძლეს ამ საშინელი ომის დაბრუნება იქ,საიდაც ის დაიწყო-რუსეთში და თანაც ისე,რომ არც თეთრ სახლთან და არც უცხოპლანეტელებთან ამაზე შეთანხმება და ნებართვის აღება აღარ სჭირდებათ...

ასე რომ, პრეზიდენტმა ტრამპნმა თავისი ანტიუკრაინული ქმედებებით, თავისდაუნებურად უბიძგა უკრაინელებს სასწრაფოდ გაუმჯობესებინათ სამამულო წარმოების შორსმფრენი დრონები და მათი მასიური წარმოება დაეწყოთ, ხოლო უკვე საკუთარი კამიკაძე-დრონებით აგრესორი რუსეთის ტერიტორიის რა სიღრმეში და რას შეუტევენ, კიევი ამას ვაშინგტონს აღარ უთანხმებს...