"მეგობარს ჩახედე თვალებში" ანუ საიდუმლო პროგრამა "ეშელონი", რომელმაც მსოფლიო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია - კვირის პალიტრა

"მეგობარს ჩახედე თვალებში" ანუ საიდუმლო პროგრამა "ეშელონი", რომელმაც მსოფლიო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია

1961 წელს საქართველოს კონოთეტრებში ახალი მხატვრული ფილმი „კეთილი ადამიანები“ (რეჟისორი შოთა მანაგაძე) გამოვიდა, რომელმაც სწრაფადვე მოიპოვა მაყურებელთა სიმპათია და სიყვარული. სპეციალურად ამ ფილმისთვის პოეტ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე სიმღერა კომპოზიტორ რევაზ ლაღიძემ შექმნა. სულ მალე სიმღერამ პოპულარობით მხატვრულ ფილმსაც კი გაუსწრო და „მეგობარს ჩახედე თვალებში“ გასული საუკუნის 60–70 –იანი წლების ქართული ესტრადის ჰიტად იქცა. რა კავშირი აქვს ყოველივე ამას ჩვენს ბლოგთან? ამას მალევე შეიტყობთ.

1990-იან წლების ბოლოს დიდი სკანდალი “გასკდა”, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. აღმოჩნდა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები, პირველ რიგში კი ეროვნული უშიშროების სააგენტო, ტოტალურად უსმენდა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს, ცნობილ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, დიდ კომპანიებსს და ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რისთვისაც მოქმედებდა საიდუმლო პროგრამა კოდური სახელწოდებით “ეშელონი”. XX საუკუნის მეორე ნახევარში „ ცივი ომის“ პერიოდში, საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა ინფორმაციის მოპოვება და კონტროლი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ელექტრონული დაზვერვის განვითარებამ, რომელიც გულისხმობს კომუნიკაციების: სატელეფონო ზარების, რადიოსიგნალების, სატელიტური კავშირებისა და მოგვიანებით ინტერნეტტრაფიკის, — გადაჭერასა და ანალიზს.

1971 წელს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საიდუმლო პროგრამა — „ეშელონი“ (ECHELON). მაშინ მთავარი მიზანი მხოლოდ სატელიტური და რადიოკავშირების გადაჭერა იყო. დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად „ეშელონმა“ შეძლო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო კომუნიკაციების: სატელეფონო ზარების, ფაქსების, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტმონაცემების, — მასობრივი მონიტორინგი. ასეთი სისტემები დღეში მილიონობით ინფორმაციას ამუშავებდნენ, რაც ავტომატიზებული ანალიზის საშაუალებით ხდებოდა. ინფორმაცია გადიოდა სპეციალურ პროგრამულ ფილტრებს, რომლებიც ეძებდნენ საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს ან სხვა ნიშნებს.

1990-იანი წლების ბოლოს დასაწყისში „ეშელონის“ არსებობა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რამაც დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. მაშინ ევროპის ქვეყნებში გაჩნდა ეჭვები, რომ „ეშელონი“ გამოიყენებოდა არა მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური დაზვერვისთვისაც. ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სატელეფონო მოსმენები პოლიტიკოსებისთვის სასიცოცხლო აუცილებლობად იქცა. „ეშელონი“ წარმოადგენდა გლობალური დაზვერვის სისტემის უნიკალურ მაგალითს, რომელიც აერთიანებდა ტექნოლოგიას, პოლიტიკას და უსაფრთხოებას. მისი გავლენა კვლავაც იგრძნობა თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის კონტროლი ხშირად ძალაუფლების მთავარ წყაროდ რჩება.

picture1-1783063295.jpg

ფოტო: ედუარდ სნოუდენი

2014 წლის ივნისის დასაწყისში გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა ბერლინში აშშ-ის საელჩოში დიპლომატის ფრაკს შეფარებული აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) თანამშრომლები, მათ შორის დაზვერვის რეზიდენტიც. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭეშმარიტება, რომ არ არსებობენ “მეგობარი სპეცსამსახურები”, არსებობენ მხოლოდ “მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები”. ფაქტია, რომ გერმანია მანამდე არასოდეს არ მოქცეულა ასე მკაცრად ამერიკელი „დიპლომატების“ მიმართ. საინტერესოა რამ გამოიწვია გერმანელების ამგვარი გაღიზიანება?

ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანიის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა გამოავლინეს გერმანიის ორი მოქალაქე, – აშშ-ის დაზვერვის აგენტები, რომელთაგან ერთი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის, მეორე კი – გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. 2014 წლის ივლისის დასაწყისში, აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს გერმანიის დაზვერვის საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის 31 წლის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, მან დაზვერვის უწყების მიუნხენის ცენტრიდან გამოიტანა საიდუმლო მასალების ხუთი (!) საქაღალდე, სახლში დაასკანერა, ხოლო მეორე დღეს ორიგინალები დააბრუნა, ასლები კი აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გადაუგზავნა. მაშინ გაირკვევა რომ, მოპარულ 218 დოკუმენტში იყო: საგარეო დაზვერვის უწყებისა და ფედერალური კანცლერის აპარატს შორის მიმოწერა, მათ შორის საუბართა ჩანაწერები, სამსახურის საიდუმლო წლიური ანგარიში და მონაცემები საზღვარგარეთ გერმანიის დაზვერის რეზიდენტურების განლაგების შესახებ. ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ განხორციელდა აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავება.

picture2-1783063337.jpg

ფოტო: ობამა მერკელს: „მეგობარს ჩახედე თვალებში“

გერმანიის ურთიერთობა აშშ-სთან ჯერ კიდევ 2013 წელს გართულდა, როდესაც მოსკოვს შეფარებულმა აშშ ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი ტექნიკური თანამშრომელის, ედუარდ სნოუდენის მიერ გავრცელებული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ამერიკელები ფარულად უსმენდნენ გერმანელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ანგელა მერკელსაც. მაშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს ჯერ კიდევ 2002 წლიდან უსმენდა და მისი ტელეფონის ნომერი შეტანილი იყო სპეციალურ სიაში. მოსმენა ხორციელდებოდა ბერლინში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე განლაგებული ელექტრონული დაზვერვის პუნქტიდან, საიდანაც ასევე ხდებოდა გერმანიის მთავრობის კომუნიკაციების მონიტორინგი – ანუ ფარული მოსმენა.

ედუარდ სნოუდენის მიერ ინტერნეტში განთავსებული საიდუმლო დოკუმენტებიდან ცხადი გახდა, რომ აშშ-ის დაზვერვა არა მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით იყო დაკავებული, არამედ ფარულად უსმენდა მოკავშირე ქვეყნების ლიდერებსაც. მაშინ კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მეგობრებს შორის ჯაშუშობა მიუღებელიაო და ვაშინგტონს ოფიციალური ახსნა–განმარტება მოსთხოვა. გერმანიის ხელისუფლების რეაქცია საკმაოდ მკაცრი იყო. გერმანიამ უპრეცედენტო ნაბიჯიც გადადგა — დაიბარა აშშ-ის ელჩი ბერლინში, რაც „ცივი ომის“ შემდეგ პირველი ამგვარი დიპლომატიური დემარში გახლდათ. ამასთან ერთად, აშშ–ის დაზვერვის აგენტების გამოვლენის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო ძალზე სერიოზული გადაწყვეტილება სპეცსამსახურების თანამშრომლობის სფეროში აშშ–სთან ურთიერთობების მინიმუმამდე შემცირების შესახებ.

picture3-1783063377.jpg

ფოტო: აშშ ეროვნული უშიშროების სააგენტოს კომპლექსი მერილენდში

ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად რუსეთი დარჩა კმაყოფილი. 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინ საჭირო იყო აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების გაცვლა. გერმანია-აშშ “სადაზვერვო სკანდალმა” კი წორედ ასეთი კონფიდენციალური კავშირის მთავარი „არტერია“ გადაჭრა. ამავე დროს, ეს სკანდალი სერიოზულად შეეხო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა: თანამედროვე ეპოქაში დაზვერვა გლობალური მასშტაბებით მოქმედებს და ხშირად არ ცნობს „მეგობარსა“ და „მტერს“ შორის ზღვარს, ეს კი საერთაშორისო პოლიტიკაში ნდობის სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ:"ერთჯერადი აგენტები": როგორ "ავერბოვკებენ" რუსული სპეცსამსახურები სოცქსელების მეშვეობით ახალგაზრდებს დივერსიების მოსაწყობად?!

ამერიკელების "რბილი ძალის" ოპერაცია თბილისში, 1972 წელს და სკანდალური ანგარიში: "ქართველმა მილიციონერმა რუსულ ენაზე საუბარზე სასტიკი უარი განაცხადა, რადგან..."

ინ არის თბილისში დაკავებული რუსი ტატიანა კურაშკევიჩი, რომელსაც ამერიკაში 70-წლიანი პატიმრობა ემუქრება?!

სამშობლოს ღალატი პიროვნული კრიზისის გამო: როგორ იქცა ამერიკელი პატრიოტი მონიკა ვიტი "ირანელ" ფატემა ზაჰრად

რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ში ძებნილ ედუარდ სნოუდენს: 2013 წელს ის ჰონგ-კონგიდან რუსეთში გაიქცა, სადაც ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი, ხოლო 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო და ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. სნოუდენი აქტიურად თანამშრომლობდა და ამჟამადაც აგრძელებს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. დაზასუსტებელი მხოლოდ ერთია: ეს „პარტნიორობა“ 2013 წელს, მისი რუსეთში გაქცევის შემდეგ დაიწყო, თუ ის მანამდეც „კრემლის“ აგენტი იყო?

აშშ–ის სპეცსამსახურების მიერ მოკავშირე/პარტნიოირების მიმართ ჩატარებული ფარული მოსმენების საიდუმლო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები 2021 წლის მაისის ბოლოს გაირკვა. კერძოდ აშშ–ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ფარულად უსმენდა არა მარტო გერმანიის, არამედ: საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვედეთის პოლიტიკოსებსა და მაღალი თანამდებობის პირებს, რაშიც მას . . . დანიის სამხედრო დაზვერვა ეხმარებოდა. იმავე წლის 2 ივნისს ნორვეგიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა: მოხარული ვარ, რომ ამერიკელებმა დაადასტურეს, რომ მათ 2014 წელს შეწყვიტეს მოკავშირეების მონიტორინგი და რომ მათ სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, რათა გაირკვეს რა მოხდა. დღეს ჩვენ დავიბარეთ ოსლოში აშშ-ის ელჩი, რათა ეს საკითხი გავარკვიოთ. ჩვენ მას გავუმეორეთ, რომ ახლო მეგობრებისა და მოკავშირეების მიმართ ჯაშუშობას მივიჩნევთ მიუღებლად და არასაჭიროდო. თუმცა . . .

გლობალური დაზვერვის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ XXI საუკუნეში, განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ელექტრონული დაზვერვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, და „ეშელონის“ მსგავსი პროგრამები გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი გახდა. ამიტომ ისინი აუცილებელია ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და საერთაშორისო კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაშიო. ასე, რომ „მეგობარს ჩახედე თვალებში“ კვლავ აქტუალური იქნება, თუმცა მჯერა, რომ ის ნამდვილ მეგობრობა/პარტნიორობას ხელს მაინც ვერ შეუშლის.