2 დღეში აფეთქებული 12 რუსული ტანკერი და სატვირთო გემი ანუ რუსებო სასწრაფოდ გაიქეცით ყირიმიდან!
ტანკერების აფეთქებაში ირანს უკრაინამ გადაასწრო და თანაც ერთ დღეში...
6 და 7 ივლისს ჰორმუზის სრუტეში ირანმა, შესაბამისად, ორ და სამ ტანკერზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რის საპასუხოდაც აშშ-მა ისევ დაბომბა ირანის სანაპირო ზოლი...
ამ ხუთივე უცხოურ ტანკერზე ირანელების შეტევის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მათი კაპიტნები ცდილობდნენ ნავთობით დატვირთული ეს უზარმაზარი გემები ჰორმუზის სრუტეში გაეყვანათ სამხრეთი მარშრუტით, რომელიც ომანის სანაპიროს გაყოლებით გადის და არა ჩრდილოეთის მარშრუტით, ირანის სანაპიროს გასწვრივ.
სპარსეთის ყურიდან ომანის ყურესა და შემდგომ ინდოეთის ოკეანეში გასვლისას, ტანკერებმა აუცილებლად უნდა გაცურონ ჰორმუზის სრუტეში, რისთვისაც ირანს სურს გადასახადის დაწესება, ამერიკელებს ეს კი არ აწყობთ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური რეიტინგის დაცემის საფრთხის გამო და ამიტომაც ცდილობენ, ომანის სანაპიროს გასწვრივ „გააპარონ“ ეს ტანკერები, რომლებიც ირანული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების პოტენციური სამიზნეები ხდებიან...
ამის პარალელურად, ჰორმუზის სრუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 800 კმ-ის დაშორებით, ასევე აფეთქებენ ტანკერებს, თუმცა სულ სხვა მიზეზით -რომ რუსული ბენზინი არანაირად არ მოხვდეს იმავე რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე...
იმავე 6-7 ივლისის ღამეს, უკრაინის „უპილოტო სისტემების ძალებმა“ ერთმანეთის მიყოლებით 12 (!) რუსული ტანკერი და სატვირთო გემი ააფეთქეს აზოვის ზღვაში, როდესაც ისინი ცდილობდნენ საწვავი და სხვა მასალები შეეტანათ იმ ანექსირებულ ყირიმში, რომლისკენ მიმავალი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნები უკრაინულ კამიკაძე-დრონებს „ჰორნეტებს“ უკვე „გამოთოფილი“ აქვთ...
საწვავის კრიტიკული დეფიციტის გამო, ანექსირებულ ყირიმში წელს არამარტო ტურისტული სეზონი ჩაუვარდათ რუსებს, არამედ თავად ყირიმელებიც ცდილობენ უშუქობასა და უბენზინობას გაექცნენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
რუსული ბენზიმზიდებისა და საწვავის ცისტერნებიანი სარკინიგზო შემადგენლობების აფეთქება უკრაინული კამიკაძე-დრონებით უკვე ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა დონის როსტოვიდან ანექსირებულ ყირიმისკენ მიმავალ ტრასაზე და რკინიგზაზე, რომლებიც ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გადიან და სამხრეთ ფრონტის ხაზიდან მხოლოდ ასიოდე კმ-ით თუ არიან დაშორებულნი.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის კოშმარი - უკრაინული კამიკაძე-დრონების ახალი რეკორდი: აგიზგიზებული ყველაზე დიდი ნავთობქარხანა
პუტინის სახელობის გენოციდი - რის მიღწევას ცდილობს კრემლის ბინადარი კიევის დაუნდობელი დაბომბვებით?!
მართლაც დაიპყრეს უკრაინული კონსტანტინოვკა, თუ რუსეთის გენშტაბი ისევ ატყუებს პუტინს?
ყირიმიდან რუსების გაქცევის დრო ახლოვდება?! - უფეთქებენ თვითმფრინავებს დაცულ ანგარებშიც
რუსული ტამანიდან ანექსირებულ ქერჩამდე გადებულ ყირიმის ხიდზე კი დიდი ხანია აკრძალული აქვთ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რადგან რუსულ სპეცსამსახურებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინიათ, რომ უკრაინელები მორიგ, მეოთხე დივერსიას მოუწყობენ ამ ხიდის ასაფეთქებლად.
ანესირებული ყირიმის აეროდრომებისკენ მხოლოდ რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თუ დაფრინავენ და ისიც დიდი შიშით, რადგან მათ ეკიპაჟები უკრაინულ დრონებს უფრთხიან.
რჩებოდა ერთადერთი სატრანსპორტო გზა საზღვაო ტანკერების გამოყენებით, რომლებიც ბენზინით, დიზელის საწვავითა და საავიაციო ნავთით ჩაიტვირთებოდნენ აზოვის ზღვის რუსულ პორტებში და დაიცლებოდნენ ანექსირებული ყირიმის ქერჩის პორტში, მაგრამ მას შემდეგ, რაც 24 სთ-ში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა 12 რუსული ტანკერი და გემი ერთმანეთის მიყოლებით დააზიანეს აზოვის ზღვაში, პუტინის „სიამაყეს“- ანექსირებულ ყირიმს კიდევ უფრო რთული პერიოდი უდგება...