ჯაშუში ცოლ-ქმრის საქმე ანუ "მძინარე" აგენტების "გაღვიძება": რა ახალ ტაქტიკას იყენებს რუსული დაზვერვა?!
რამდენიმე წლის წინ, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ლატვიაში გამოვლენილ იქნენ რუსეთის სპეცსამსახურების არალეგალურად მოქმედი აგენტები, რომლებიც წლების მანძილზე IT სპეციალისტის, ფოტოგრაფის, მზარეულის, ტაქსის მძღოლის, კოსმეტოლოგის, ფიტნესტრენერის და სხვ. „მშვიდობიანი“ პროფესიის საფარქვეშ მოქმედებდნენ.
მკითხველს შევახსენებ, რომ საბჭოთა/რუსეთის დაზვერვა ძალზე ხშირად იყენებდა რომელიმე ქვეყანაში „ჩანერგილ“ (უკვე იმ ქვეყნის მოქალაქე) არალეგალ აგენტებს, რომლებიც შესაძლოა, წლების მანძილზე დავალებებით არ დაეტვირთათ (ამიტომაც ამ აგენტებს ხშირად “მძინარე აგენტებსაც“ უწოდებენ) - მათ უფრთხილდებოდნენ, გამჟღავნებისგან იცავდნენ და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებებს აძლევდნენ. „მძინარე აგენტები“ შეცლილი ბიოგრაფიებით ათეული წელი ცხოვრობდნენ კონკრეტულ ქვეყანაში და სრულად იყვნენ ადაპტირებული ადგილობრივ გარემოსთან. ისტორიულად საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე, უპირველესად, საერთაშორისო ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები, ასევე - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები, საგარეო უწყებები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არიან. იქ შესაღწევად რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვები რთულ და მრავალსვლიან „ოპერატიულ კომბინაციებს“ გეგმავენ და ახორციელებენ. ფაქტები მეტყველებს, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთის დაზვერვამ შორეულ ავსტრალიასაც მიაღწია.

ფოტო: კირა და იგორ კოროლიოვები
2024 წლის ივლისში ავსტრალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ცოლ–ქმარი: კირა და იგორ კოროლიოვები. მათ ბრალი ედებათ ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს კონფიდენციალური ინფორმაციის კიბერპლატფორმებისა და სპეციალიზებული აპლიკაციების გამოყენებით რუსეთისთვის გადაცემაში. კირა კოროლევა 1980 წელს, ხოლო მისი მეღლე, იგორ კოროლევი, კი 1960 წელს საბჭოთა კავშირში დაიბადნენ. მათი ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია. 2010-იანი წლების დასაწყისში ისინი ავსტრალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ორივემ მოქალაქეობა მიიღო: კირამ 2016 წელს, იგორმა კი 2020 წელს. თავდაპირველად მათი ცხოვრება ავსტრალიაში რაიმე საეჭვო საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული, რაც არალეგალური დაზვერვის კლასიკური სქემაა. კირა ჯერ სამოქალაქო სექტორში მუშაობდა, შემდეგ კი ავსტრალიის თავდაცვის ძალებში (ADF) ჩაირიცხა, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში სპეციალისტად მსახურობდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე ცოლ-ქმარი საიდუმლოდ აგროვებდა და გეგმავდა ავსტრალიის სახელმწიფო საიდუმლოებების რუსეთში გადაცემას. ამ ამბის ყველაზე საშიში ასპექტი ის იყო, რომ კირა კოროლევა აქტიურ სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პირდაპირი წვდომა ჰქონდა საიდუმლო კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებსა და კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე.

ფოტო: იგორ კოროლიოვის დაკავება
კოროლიოვების საქმე რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე ვითარდება, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. თუმცა არსებობს სხვა გარემოებაც, რაც რუსეთის დაზვერვას ავსტრალიის სამხედრო უწყებაში შეღწევისკენ უბიძგებს. კერძოდ კი ის, რომ ავსტრალია არის AUKUS-ის ბლოკის წევრი. მკითხველს შევახსენებ, რომ AUKUS-ი არის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სამ ქვეყანას შორის — აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია — სტრატეგიული პარტნიორობა და ოფიციალურად 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა.

ფოტო: სამი ქვეყნის მეთაურების შეხვედრა
პარტნიორობის მთავარი მიზანია ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება. AUKUS ითვლება ერთ-ერთ ინსტრუმენტად რეგიონში ჩინეთის გავლენის დაბალანსებისთვის. გათვალისწინებულია პარტნიორობის პროგრამის რამდენიმე ეტაპად განვითარება. კერძოდ: აშშ და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავების დროებითი განთავსება ავსტრალიაში; ავსტრალიელი ეკიპაჟების მომზადება; ახალი კლასის წყალქვეშა ნავების ერთობლივი წარმოება და სხვ. ამიტომაც AUKUS-ი წარმოადგენს XXI საუკუნის ერთ-ერთ ძალზე მნიშვნელოვან რეგიონულ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორობას, რომელიც აერთიანებს: სამხედრო ძალას; თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გეოპოლიტიკურ სტრატეგიას. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესებას AUKUS –ის შედარებით „სუსტი რგოლის“, – ავსტრალიის სამხედრო საიდუმლოებებით.

ფოტო: ჩანს რომ კირა კოროლიოვა მრავალმხრივ განვითარებული ქალბატონია (ფოტო აღებული სოციალური ქსელებიდან)
ავსტრალიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ამ დუეტში წამყვანი და „პირველი ვიოლინო“ ქალბატონი კირა გახლდათ, ხოლო მისი მეუღლე უფრო დამხმარის ფუნქცია ჰქონდა. ამ ვარაუდს საფუძვლად ის გარემოება უდევს, რომ სწორედ კირას ჰქონდა წვდომა ავსტრალიის არმიის IT ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, თუ ცოლ–ქმარს შორის დიდ ასაკობრივ სხვაობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა პირიქითაც იყოს.
რუსეთის ხელისუფლება კოროლიოვების ჯაშუშობაში ბრალდებას „ანტირუსული ისტერიის“ და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამოვლინებად მიიჩნევს. თუმცა, როგორც იტყვიან: „ქურდს ქუდი ეწვისო“. 2025 წლის მარტში რუსმა „ადამიანის უფლებათა დამცველებმა“ ავსტრალიის ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართეს თხოვნით, კოროლიოვები რუსეთ–უკრაინის ომის დროს დაკავებულ ავსტრალიელ მებრძოლ ოსკარ ჯენკინსზე გაეცვალათ.

ფოტო: ოსკარ ჯენკინსი დაკავების დროს
ოსკარ ჯენკინსი ავსტრალიის მოქალაქეა, დაიბადა 1992 წელს. განათლებით ბიომედიკოსია. 2024 წლის მარტიდან ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 402-ე ცალკეულ მსროლელ ბატალიონში მსახურობდა. იმავე წლის 21 დეკემბერს იგი მაკიივკას მახლობლად დააკავეს. მისი დაკითხვის დროს წამების ვიდეოს გამოქვეყნებამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოსთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს სამხედრო ტყვეების უფლებებს. 2025 წლის მაისში ოსკარ ჯენკინსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კარგადაა ცნობილი, რომ ამჟამად რუსეთში არსებული „ადამიანის უფლებათა დამცველი “ ორგანიზაციები სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მოქმედებენ და ეჭვი არ არის, რომ კოროლიოვების – ჯენკინსზე გაცვლის იდეაც მათ ეკუთვნით. ეს გარემოება კი პირდაპირ მიანიშნებს, თუ რამდენად არის დაინტერესებული „კრემლი“ დაიბრუნოს ავსტრალიის მოქალაქე (!) კოროლიოვები.
ასევე დაგაინტერესებთ: პროექტი "ბაბილონი" ანუ სუპექვემეხი სადამ ჰუსეინისთვის
2026 წლის 29 ივნისს კირა და იგორ კოროლიოვებს, რუსეთში დაბადებულ ავსტრალიის მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრალიის ხელისუფლება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ თავდაპირველი ბრალდება, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მოუხსნა და უფრო სერიოზული ბრალდება წაუყენა, რაც 20 წლით პატიმრობას ისჯება.
თუ მათი ჯაშუშობის ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ ახლებური ტაქტიკის გამოყენების შემთხვევა, როდესაც მათი აგენტები, ნამდვილი გვარ–სახელებითა და რეალური ბიოგრაფიით, მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში, წლების მანძილზე ახდენენ ღრმა ინფილტრაციას და იმყოფებიან „მძინარე აგენტურის“ მდგომარეობაში. ამ პერიოდში მათ მინიმუმამდე აქვთ შემცირებული კავშირი „ცენტრთან“. ისინი აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, იხვეჭენ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და გარკვეული პერიოდის შემდეგ იღებენ ამ ქვეყნის მოქალაქეობას. შემდგომში ეს გარემოება მათ საშუალებას აძლევს ლეგალურად შეაღწიონ და დასაქმდნენ სამიზნე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში. სწორედ ამ, ადრევე გათვლილ/დაგეგმილი ეტაპების გავლის შემდეგ ხდება „მძინარე აგენტურის“ გააქტიურება. სადაზვერვო საქმიანობის ეს ტაქტიკა ძალზე ეფექტიანია, თუმცა ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი და მას ძირითადად „დიდი“ სპეცსამსახურები იყენებენ.