უკრაინელების ფატალური შეცდომა, რითაც კარგად ისარგებლა პუტინის „ისკანდერმა“
6 ივლისის რუსულმა საჰაერო თავდასხმამ უკრაინის დედაქალაქზე,დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი რუსული „ისკანდერების“ პირდაპირი მოხვედრითა და აფეთქებით კიევში ნახევრადჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსების ფოტოებმა...
მაგრამ, ამასთან ერთად, ვიშნიოვოეში(რომელიც კიევზე სამხრეთ-დასავლეთით მიბმულ პატარა ქალაქს წარმოადგენს და ჟულიანის აეროპორტთან მდებარეობს) იმავე 6 ივლისის რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად...280 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ან სრულიად განადგურდა, მათგან 253 კერძო და 27 მრავალბინიანი, დაიღუპა ცხრა მშვიდობიანი მოსახლე,იყვნენ დაჭრილებიც...
ვიშნიოვოეშიც დაეცა რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერი“, მაგრამ ერთი ან თუნდაც ორი-სამი ასეთი რაკეტის აფეთქებას ვერანირად ვერ უნდა გამოეწვია, თითქმის კატასტროფული მასშტაბის ზარალი 13 ჰექტარის ფართობზე გაშლილი ნაგებობებისთვის...
მაშინ რა მოხდა?
მოხდა ის, რაც ომებში გარდაუვალია და ხშირად ადამიანების ფატალურ შეცდომებს მოჰყვება და ამ შემთხვევაშიც, უკრაინელმა რიგმა ჩინოვნიკებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც რაკეტების დიდი მარაგი ერთ ადგილას შეინახეს...
რუსულ სამხედრო დაზვერვას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა იმის მოსაფიქრებლად, რომ ვიშნიოვოეში საბჭოთა პერიოდიდან მოქმედ ჟულიანის მანქანათმშენებელ ქარხანაში, რომელსაც უკრაინელებმა ახალი სახელი „ვიზარი“ შეარქვეს, შეიძლება დასაწყოებული ყოფილიყო საბრძოლო საჭურველი, მათ შორის რაკეტებიც, რადგან ეს ქარხანა С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების საზენიტო რაკეტების რემონტით იყო დაკავებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს...
და როდესაც ქარხანა „ვიზარს“ დამიზნებით მოხვდა რუსული „ისკანდერი“, მისი 480 კგ მასის საბრძოლო ქობინის აფეთქებამ გამოიწვია ამ ქარანაში დასაწყოებული საბრძოლო მასალის დეტონაცია და მეორადი აფეთქებების მთელი ციკლი, რასაც დაემატა კიდევ ერთი ტრაგედია - დასაწყოებული რაკეტების მყარსაწვაიანი ძრავების ამოქმედება ხანძრის მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის შედეგად და ამ რაკეტების არაკონტროლირებადი სტარტი და გაფრენა სხვადასხვა მიმართულებებით...
ადგილობრივების მიერ გადაღებულ ღამისეულ ვიდეოკადრებში ნამდვილი „ჯოჯოხეთური ფოიერვერკი“ ტრიალებს, როდესაც „თვითნებურად“ აფრენილი რაკეტები ხან ერთ სახლს ეცემიან, ხან მეორეს, აფეთქებენ და ცეცხლს უჩენენ...
წესით, ამხელა საბრძოლო არსენალი არ უნდა ყოფილიყო დასაწყოებული,ფაქტობრივად შუა ქალაქში მდებარე ქარხანაში, რაც გახდა ამ ტრაგედიის განვითარების მთავარი მიზეზი, თორემ ეს ქარხანა რუსებს 2022 წლის 14-15 აპრილის ღამესაც აქვთ დაბომბილი, მაგრამ მაშინ ასეთი ტრაგედია არ დატრიალებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მაშინვე მოიხსნა პასუხისმგებლობა თავიდან - ეს საბრძოლო მასალა უკრაინის არმიას არ ეკუთვნოდაო...
სამაგიეროდ, „უკრობორონპრომი“(უკრანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო დაწესებულება) იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს მისი შეკვეთით ხდებოდა „ვიზარის“ ქარხანაში რაკეტებზე მუშაობა.
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკა-ირანის მესამე საჰაერო ომი იწყება: როდის ჩაერთვება ისრაელი?!
2 დღეში აფეთქებული 12 რუსული ტანკერი და სატვირთო გემი ანუ რუსებო სასწრაფოდ გაიქეცით ყირიმიდან!
პუტინის კოშმარი - უკრაინული კამიკაძე-დრონების ახალი რეკორდი: აგიზგიზებული ყველაზე დიდი ნავთობქარხანა
პუტინის სახელობის გენოციდი - რის მიღწევას ცდილობს კრემლის ბინადარი კიევის დაუნდობელი დაბომბვებით?!
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დაიმუქრა, რომ „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელობაში „დიდ წმენდას“ მოაწყობს, ზოგს სამსახურიდან მოხსნის, ზოგსაც დაიჭერს...
ნებისმიერ ომში ზარალდება მშვიდობიანი მოსახლება, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სამხედრო ნაწილების, აეროდრომებისა თუ საბრძოლო მასალების საწყობების სიახლოვეს ცხოვრობს, რადგან მოწინააღმდეგის ნაკლებად ზუსტი საავიაციო და საარტილერო დაბომბვის მსხვერპლი ხდებიან ან კიდევ პირიქით, ამ სამხედრო ობიექტების ზუსტი დაბომბვების და აფეთქებების შედეგად,იქ შენახული საბრძოლო მასალების დეტონაცია ემუქრებათ...
შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული ავიაციის მიერ შეცდომით დაბომბილი ის საცხოვრებელი კორპუსი გორში, რომელიც სამხედრო ნაწილის მეზობლად იდგა და რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია...