სამიზნე ნომერი 1: ემუქრება თუ არა ტრამპს რეალური საფრთხე ირანისგან?! - კვირის პალიტრა

სამიზნე ნომერი 1: ემუქრება თუ არა ტრამპს რეალური საფრთხე ირანისგან?!

9 ივლისს ირანის უზენაესი ლიდერის - ალი ხამენეის დაკრძალვაზე დამსწრე ბევრ ირანელს თან ჰქონდა პლაკატები, რომლებზეც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობისკენ მოუწოდებდნენ. ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებებმა მკაფიოდ დააფიქსირა შურისძიების პოლიტიკა. სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ გზავნილში ხაზგასმულია, რომ „მოკლული ლიდერის სისხლისთვის შურისძიება აუცილებლად განხორციელდება“.

ამავე დროს ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცხოელი ლიდერების, მათ შორის - ამერიკელი პოლიტიკური ფიგურების მიმართ „შურისძიების სიებიც“ კი გამოქვეყნდა. ამასთან დაკავშირებით თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ის „დიდი ხანია, „პირველი ნომერია“ ირანის სამიზნეების სიაში და ირანის ხელისუფლება გააფრთხილა: „თუ ირანის მთავრობა შეასრულებს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მუქარას, ამ შემთხვევაში ჩემი მოკვლის ან მოკვლის მცდელობის შესახებ“, „ათასი რაკეტა მზადაა გამოსაყენებლად და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, კიდევ ათასობით რაკეტა მოჰყვებაო“.

ირანის ხელისუფლების მუქარა უკვე ცდება უბრალო პროპაგანდას და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ შურისძიების ნარატივი ირანის სახელმწიფო დოქტრინის ელემენტად იქცა. ამ გარემოების გათვლისწინებით, ვფიქრობ, აქტუალური უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რამდენად ეფექტიანადაა დაცული აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის სიცოცხლე.

picture1-1784009018.jpg

ფოტო: დონალდ ტრამპი ირანის ”ნომერ პირველი“ სამიზნეა?

დონალდ ტრამპის სურვილია, ამერიკის ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე ძლიერი და მტკიცე პრეზიდენტი. მისი იდეალი რონალდ რეიგანია, რომელმაც „ბოროტების იმპერია“- საბჭოთა კავშირი დაანგრია. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის ამგვარი სამიზნე ირანის დღევანდელი რეჟიმია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ტრამპისთვის უკვე პიროვნული ღირსების საქმედ იქცა, რასაც ძალზე ბევრი იმპულსური, გაუთვლელი და პოპულისტური გადაწყვეტილება მოჰყვა.

აშშ-ის პრეზიდენტის პიროვნული სიჯიუტე, საკუთარი მესიური როლით“ ტკბობა და არაპროგნოზირებადი კონტაქტები მხარდამჭერებთან, სერიოზულად ართულებს მის დაცვას. ზოგადად, აშშ-ის „საიდუმლო სამსახურის“ ყველაზე დიდი თავისტკივილი პრეზიდენტის ვიზიტები და საჯარო გამოსვლებია. აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური მოღვაწეობა მუდმივ შეხვედრებს გულისხმობს - ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ, ამიტომაც მისი უსაფრთხოების დაცვის მოსამზადებელი ღონისძიებები ვიზიტამდე კარგა ხნით ადრე იწყება. რამდენიმე კვირით ადრე მუშაობის დაძაბულ რეჟიმზე გადადიან “საიდუმლო სამსახურის” ანალიტიკური დანაყოფის თანამშრომლები. ისინი შეისწავლიან მასპინძელ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკოლოგიურ, კრიმინალურ და ა.შ. მდგომარეობას. ანალიტიკური ცნობები გადაეცემა “საიდუმლო სამსახურის” უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს. ამის შემდეგ საქმეში ერთვებიან ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან ამ ქვეყანაში (შტატში, ქალაქში) და კოლეგებთან (მასპინძელი მხარის სახელმწიფო დაცვის სტრუქტურებთან) ერთად გეგმავენ გადაადგილების მარშრუტს, უსაფრთხოების ზომებს ხალხმრავალ ადგილებზე, ზედმიწევნით ყურადღებით ათვალიერებენ იმ სასტუმროს, სადაც პრეზიდენტი უნდა დაბინავდეს და ა.შ. მესამე ეტაპზე დაძაბული მუშაობა ელით ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფის სპეციალისტებს. ისინი სპეციალური სკანერებით ამოწმებენ მოსასმენი აპარატურის, გამოსხივების წყაროების თუ ნაღმების არსებობას სასტუმროს ოთახებში. ამავე დროს ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელმაც უნდა ჩაახშოს უცხო რადიოსიხშირეები.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებისა და მიტინგების დროს არა ერთხელ დაფიქსირდა: სცენაზე შეჭრის მცდელობა; დაცვის ზონის დარღვევა; საეჭვო პირების დაკავება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები არ გადაიზარდა სრულმასშტაბიან თავდასხმაში, მაინც მიუთითებს ამერიკის საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციასა და მაღალი რისკის გარემოზე. ფაქტია, რომ ტრამპის პოლიტიკა და რიტორიკა მნიშვნელოვნად ზრდის კონფლიქტის დონეს, რადგანაც მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ხშირად ექსტრემალურ პოზიციებზე დგანან, რაც ქმნის: რადიკალიზაციის გარემოს; „მტრის ხატს“ და ძალადობის ლეგიტიმაცია/დასაბუთების მცდელობას. ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებით იზრდება ინდივიდუალური ტერორისტული თავდასხმების ალბათობა.

ასევე დაგაინტერესებთ: ჯაშუში ცოლ-ქმრის საქმე ანუ "მძინარე" აგენტების "გაღვიძება": რა ახალ ტაქტიკას იყენებს რუსული დაზვერვა?!

პროექტი "ბაბილონი" ანუ სუპექვემეხი სადამ ჰუსეინისთვის

"მეგობარს ჩახედე თვალებში" ანუ საიდუმლო პროგრამა "ეშელონი", რომელმაც მსოფლიო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია

"ერთჯერადი აგენტები": როგორ "ავერბოვკებენ" რუსული სპეცსამსახურები სოცქსელების მეშვეობით ახალგაზრდებს დივერსიების მოსაწყობად?!

ყველა ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვა კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული პროცესია და, როგორც წესი, ამ საქმეში მოულოდნელობები და სიურპრიზები არასასურველია. თუ დაცვის სამსახურს ექსპრომტად უხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს მისი სისუსტის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე - სიძლიერის. სწორედ ამგვარ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ აშშ-ის „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლები 2024 წლის 13 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, ტრამპის ხელახალი არჩევის მხარდასაჭერად გამართული მიტინგის დროს, როდესაც დონალდ ტრამპზე დღემდე მომხდარი ყველაზე სერიოზული თავდასხმა განხორციელდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ქალაქ პიტსბურგში მცხოვრები 20 წლის თომას კრუკსი აძვრა

picture2-1784009046.jpg

ფოტო: თომას კრუკსი

ერთ-ერთი საწარმოს სახურავზე, რაც დაახლოებით 120 მეტრით იყო დაცილებული იმ სცენიდან, სადაც ტრამპი სიტყვით გამოდიოდა და რვაჯერ გაისროლა Colt AR-15-ის ტიპის ნახევრადავტომატური შაშხანიდან. შედეგად დონალდ ტრამპი მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მსუბუქად დაიჭრა და მძიმე დაზიანებები არ მიუღია. მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. თავად მსროლელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული აშშ-ის „საიდუმლო სამსახურის“ სნაიპერის მიერ.

picture3-1784009078.png

ფოტო: სნაიპერის გასროლის შემდეგ თავდასხმელი ლიკვიდირებული იქნა.

თომას კრუქსი აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების არეალში არასდროს მოხვედრილა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით კი არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ ტერორისტს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ კრუქსს არ უმსახურია სამხედრო სამსახურში.

picture4-1784009160.jpg

ფოტო: თომას კრუქსის Colt AR-15

მხოლოდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ დაადგინეს აშშ-ის სპეცსამსახურებმა ის ფაქტი, თუ რაოდენ არაპროფესიონალურად ემზადებოდა თომას კრუქსი თავდასხმისთვის: მან თავდასხმის დღეს (!) მოიძია ინტერნეტში ინფორმაცია, თუ რამდენად შორს იყო ოსვალდი გასროლის დროს კენედისგან და თავდასხმამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გამოიყენა დრონი, ტერიტორიის დასაზვერად. გამოძიების პროცესში ბევრმა გაიხსენა, თუ როგორ დაბოდიალობოდა კრუქსი ერთი საათის განმავლობაში საეჭვო ზურგჩანთით. „საიდუმლო სამსახურის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსროლელს თავდაპირველად ტრამპის სიტყვით გამოსვლამდე ჰქონდა მიტინგის ტერიტორიაზე შესვლა გადაწყვეტილი, თუმცა მეტალოდეტექტორებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიფიქრა და სხვა მიმართულებით წავიდა. პოლიციამ მისი საეჭვო საქციელი შენიშნა, თუმცა არანაირი რეაგირება არ ჰქონიაო. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ 2024 წლის 16 ივლისს, აშშ „საიდუმლო სამსახურის“ დირექტორმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთგულმა კადრმა, კიმბერლი ჩითლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: მე კი ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, თუმცა შენობა, საიდანაც სროლა მოხდა, ადგილობრივი პოლიციის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო და მათი თანამშრომლები შიგნით იყვნენ განლაგებულნი, ხოლო მსროლელი იმავე შენობის სახურავზე იყო ასული. ამიტომ თანამდებობიდან არ გადავდგებიო.

picture5-1784009180.jpg

ფოტო: დაჭრილი ტრამპი აშშ-ის დროშის ფონზე: მართლაც რომ შთამბეჭდავი ფოტოა

კიმბერლი ჩითლმა ასევე განაცხადა, რომ ეს თავდასხმა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული ჩავარდნაა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზეო. თუმცა ერთი კვირის შემდეგ „საიდუმლო სამსახურის“ დირექტორს მაინც მოუწია თანამდებობიდან გადადგომა. ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ თანამედროვე ამერიკულ და გლობალურ პოლიტიკაში დონალდ ტრამპის პიროვნების შეფასება ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული საკითხია. 2024 წლის 13 ივლისის შემდეგ კი პოლიტიკური დაპირისპირება აშშ-ში უფრო გაღრმავდა. გამოძიების პროცესში ვერ გაირკვა თომას კრუქსის პოლიტიკური სიმპათიები, ამიტომ თავდასხმის პოლიტიკურ მოტივზე აშშ-ის ოფიციალურ პირებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, ტრამპის მკვლელობის მცდელობის ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვეს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აცხადებდა, რომ... სროლის ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა, უფრო „ზომიერი“ რესპუბლიკელები კი აცხადებდნენ, რომ თავდასხმის პროვოცირება დემოკრატების მიერ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული რიტორიკის შედეგი იყო.

ამავე დროს, მკვლელობის მცდელობის შემდეგ, სოციალურ მედიაში ასობით ათასი პოსტი გავრცელდა, სადაც ამ თავდასხმის მიმართ სიტყვა „დადგმული“ იყო ნახსენები. ავტორების აზრით, ტრამპის ყურზე სისხლი ყალბი, ხოლო ფოტო, სადაც მას აშშ-ის დროშის ფონზე მუშტი აქვს აწეული, დადგმული იყო. Facebook-ზე ამ პოსტმა სროლიდან 3-4 საათში 50 000-ზე მეტი მოწონება მიიღო. დემოკრატიული პარტიის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ინციდენტი შესაძლოა დადგმული ყოფილიყო, რათა ტრამპს ამგვარი ფოტოებით თავი მოეწონებინა.

თავდასხმიდან მალევე ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა რესპუბლიკურ პარტიაში კიდევ უფრო გაიზარდა, ისევე, როგორც მერყევ ელექტორატში, სადაც „მსხვერპლის ეფექტი“ ამოქმედდა. ამ თავდასხმის შემდეგ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში „ძლიერი ლიდერის“ ნარატივი წამყვანი თემა გახდა, ხოლო ფოტო აშშ-ის დროშის ფონზე, ტრამპის აწეული მუშტით, მისი საარჩევნო კამპანიის მთავარ სიმბოლოდ იქცა. აშკარად დაუძლურებული და მუდამ მთვლემარე პრეზიდენტ ბაიდენის ფონზე, ტრამპი მართლაც „სუპერმენად“ გამოიყურებოდა. თუმცა მისმა მოწინააღმდეგეებმა, სიყალბის აღმოსაჩენად, თავდასხმის დროს გადაღებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოსურათებს დაუწყეს კირკიტი.

(პირველი ნაწილის დასასრული)