„მფრინავი „ბე-ემ-პეს“ მეთაური უკრაინის არმიის მთავარსარდალი ხდება
ამ შთამბეჭდავ ვიდეოკადრებს მაშინ, 2014 წლის 9 მაისს, მსოფლიოს თითქმის ყველა ტელეკომპანია იმეორებდა -უკრაინულდროშიანი БМП-2 მთელი სისწრაფით „გადააფრინდა“ ერთმეტრიან ბარიკადს და წინ გაიჭრა, რითაც დაიწყო უკრაინის მარიუპოლის გათავისუფლება პრორუსი არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფებისგან...
ეს ქვეითთა საბრძოლო მანქანა მაშინვე „მფრინავ ბე-ემ-პედ“ მოინათლა და ასე შევიდა ისტორიაში, თუმცა გუშინ საღამოს ამ „მფრინავმა ბე-ემ-პემ“ კვლავ გაახსენა ყველას თავი, რადგან 12 წლის წინ, როდესაც ის მარიუპოლის ქუჩაში ბარიკადს „გადააფრინდა“, მასში იჯდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მექანიზირებული ბატალიონის მეთაური მიხაილ დრაპატი. სწორედ ის, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა ზელენსკიმ გუშინ საღამოს დანიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად...
მანამდე კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალი ალექსანდრ სირსკი, რითაც დროებით მაინც შეაჩერა ის მზარდი პროტესტი, რაც უკრაინის ქალქების ქუჩებში დაიწყო და რომელსაც ნელ-ნელა მხარი თავად უკრაინელმა სამხედროებმაც აუბეს, როდესაც, ერთი კვირის წინ ზელენსკიმ ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ შეიყვანა თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი...
მაშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს იმით ახსნა, რომ თავდაცვის მინისტრ ფედოროვსა და მთავარსარდალ სირსკის ერთმანეთთან „შიდაომი“ ჰქონდათ გამოცხადებული და ის ამას ვერ შეეგუებოდა, ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან და არჩევანი თავდაცვის მინისტრის შეცვლაზე გააკეთა...
თუმცა მას შემდეგ ქუჩაში, მასმედიასა თუ პოლიტიკურ სივრცეში აგორებულმა პროტესტის დიდმა ტალღამ, რომელიც ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას მოითხოვდა, ხოლო მთავარსარდალ სირსკის გათავისუფლებას, ზელენსკი აიძულა ნახევარდათმობაზე წასულიყო - სირსკი მართლაც შეცვალა დრაპატით, თუმცა ფედოროვი არ დააბრუნა თავდაცვის მინისტრის სავარძელში და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენი ხმარა დანიშნა, რომელიც მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
ხმარა სამხედრო მოსამსახურეა და გენერალ-მაიორის სამხრეებს ატარებს, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად კი თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის 37 წლის სევერიონ დანგაძე, რომლის ჯავშანჟილეტების ქარხანა კიევში რუსულმა რაკეტამ დაანგრია და რა სკანდალი აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილთან?!
რუსული „დათვისთვის“ კუდი მართლაც მოუჭრიათ...
აი, რატომ აფეთქებს უკრაინა „ამაზონის“ რუსულ ანალოგებს...
თუკი პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს ხმარას თავდაცვის მინისტრად დატოვებას, მაშინ ამ უკანასკნელს მოუწევს სამხედრო სამსახურის დატოვება და სამოქალაქო კოსტიუმის ჩაცმა, თუმცა მზარდი სამოქალაქო პროტესტი კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების ქუჩებში კატეგორიულად მოითხოვს ფედოროვის დაბრუნებას თავდაცვის მინისტრის კაბინეტში...
ასეთი, არცთუ სახუმარო ორომტრიალი მეორე კვირაა გრძელდება მეომარი ქვეყნის უმაღლეს სახელისუფლო შტოებში, რაც ძალზე ახარებთ აგრესორი რუსეთის კრემლში და ეცდებიან ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით,ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთის გასარღვევად...
დრაპატის ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბარიკადზე „გადაფრენის“ ვიდოკადრები მარიუპოლში,12 წლის წინ...