კაცი, რომელიც ორ ატომურ დაბომბვას გადაურჩა
იაპონელი საზღვაო ინჟინერი ცუტომუ იამაგუჩი (1916 წლის 16 მარტი - 2010 წლის 4 იანვარი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვებში მოხვდა, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანია, ვინც ამ საშინელებას პირისპირ შეეჩეხა და გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია სულ მცირე 165 ადამიანი, რომლებმაც ორივე დაბომბვა გამოიარეს, იამაგუჩი ერთადერთია, რომელიც იაპონიის მთავრობამ ორივე აფეთქების გადარჩენილად ოფიციალურად აღიარა.
იამაგუჩი ნაგასაკიში დაიბადა. ის კომპანია Mitsubishi-ში ნავთობტანკერების დაპროექტებაზე მუშაობდა.
1945 წლის აგვისტოში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, შეერთებულმა შტატებმა სამი დღის ინტერვალით იაპონიის ქალაქებში - ჰიროსიმასა და ნაგასაკიში - ორი ატომური ბომბი ჩამოაგდო, რამაც ჯამში ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...
ჰიროსიმა: საბედისწერო დღე
1945 წლის 6 აგვისტო. 29 წლის საზღვაო ინჟინერი ჰიროსიმაში მივლინებით იმყოფებოდა. ის და მისი კოლეგები მთელი ზაფხული ახალი ნავთობტანკერის დაპროექტებაზე მუშაობდნენ, ამიტომ მოუთმენლად ელოდა შინ დაბრუნებას მეუღლესა და ჩვილ ვაჟთან. 6 აგვისტო იამაგუჩის ამ ქალაქში მივლინების ბოლო დღე უნდა ყოფილიყო. დილით, ორ კოლეგასთან ერთად, მშობლიურ ქალაქ ნაგასაკიში დასაბრუნებლად რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, თუმცა გზაში გაახსენდა, რომ საიდენტიფიკაციო ბეჭედი ქარხანაში დარჩა და გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო... დაახლოებით 8:15 საათზე, როდესაც იამაგუჩი გემთსაშენი ქარხნისკენ გაემართა, თვითმფრინავის ხმა მოესმა. ცაში ამერიკული B-29 ბომბდამშენი დაინახა, რომელმაც პარაშუტზე დამაგრებული პატარა ობიექტი ჩამოაგდო. უცბად ცა ისეთმა კაშკაშა შუქმა მოიცვა, რომ იამაგუჩის აღწერით,„დიდი რაოდენობით მაგნიუმის აალებას ჰგავდა, რასაც გამაყრუებელი ხმა მოჰყვა. იამაგუჩიმ თხრილში ჩახტომა მოასწრო, თუმცა აფეთქების ტალღამ მიწიდან აიტაცა, ჰაერში დაატრიალა და ახლომდებარე ყანაში გადაისროლა.
"არ ვიცოდი, რა მოხდა - იხსენებდა მოგვიანებით -„მგონი, გონება დავკარგე. როცა თვალები გავახილე, ირგვლივ ბნელოდა. თითქოს კინოთეატრში ფილმის დაწყებამდე ცარიელი კადრები ციმციმებდა". აფეთქებამ იმდენი მტვერი და შენობების ნამსხვრევი აურია ჰაერში, რომ მზე თითქმის დაიფარა. იამაგუჩის სახე, მხრები და ზედა კიდურები დაეწვა, მხედველობა დროებით, ცალ ყურში კი სმენა სამუდამოდ დაკარგა... მომდევნო დღეს იამაგუჩიმ ძლივს მოახერხა ქალაქიდან გასვლა და რკინიგზის სადგურისკენ გაემართა. გზად კოშმარული სურათი იხილა: დანგრეული ქალაქი ჯერ კიდევ ბოლავდა, ქუჩები კი დამწვარი გვამებით იყო მოფენილი. ქალაქის ხიდები ნანგრევებად იყო ქცეული, ამიტომ იამაგუჩის გვამებით სავსე მდინარის გადაცურვა მოუხდა. ის დაშავებული მგზავრებით სავსე მატარებელში ავიდა და ნაგასაკიში გაემგზავრა...
გაფრთხილება
აფეთქებიდან თექვსმეტი საათის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ატომური ბომბის გამოყენება დაადასტურა. "ეს სამყაროს ფუნდამენტური ძალის გამოყენებაა, ძალა, საიდანაც მზე ენერგიას იღებს, გაუშვეს მათ წინააღმდეგ, ვინც შორეულ აღმოსავლეთში ომი მოიტანა" - განაცხადა მან.
B-29 ბომბდამშენი სახელწოდებით "ენოლა გეი" წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანიდან გაუშვეს, რომელმაც ჰიროსიმას თავზე "პატარა ბიჭის" სახელით ცნობილი ბომბი ჩამოაგდო. ტრუმენმა იაპონია გააფრთხილა, თუ არ დანებდებოდა, "ჰაერიდან გამანადგურებელი წვიმა დაატყდებოდა, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არასდროს უნახავთ".
ნაგასაკი: ბედის ირონია
იამაგუჩი ნაგასაკიში 8 აგვისტოს დილით ადრე ჩავიდა. მძიმედ დამწვარი და დაშავებული საკუთარმა დედამაც ვერ იცნო. იამაგუჩი ვერ იცნო საავადმყოფოს ექიმმაც, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარი იყო.
მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, 9 აგვისტოს დილით იამაგუჩიმ გადაწყვიტა სამსახურში გამოცხადებულიყო. დილის 11 საათზე ის უკვე უფროსს ჰიროსიმას მოვლენებზე - უცნაურ ნათებასა და აფეთქების გამანადგურებელ ძალაზე უყვებოდა. უფროსმა კი მას "გიჟი" უწოდა: "როგორ შეიძლება ერთმა ბომბმა მთელი ქალაქი გაანადგუროს?!" სწორედ ამ კამათისას, გარეთ ისევ აციმციმდა კაშკაშა თეთრი შუქი. გამოცდილმა იამაგუჩიმ იატაკზე დაწოლა მოასწრო, სანამ აფეთქების ტალღა ოფისის ფანჯრებს ჩაამსხვრევდა და ნამსხვრევებს გაფანტავდა. დაბომბვაში მეორედ მოყოლილი იამაგუჩი მოგვიანებით იხსენებდა: "მეგონა, სოკოსებრი ღრუბელი ჰიროსიმადან გამომეკიდა"...
ნაგასაკის ბომბი უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ქალაქის რელიეფმა და ოფისის მყარმა კონსტრუქციამ იამაგუჩი სიკვდილისგან იხსნა. მან კვლავ მიიღო მძიმე რადიაციული დასხივება, თუმცა, მეორედაც გადარჩა... შემდეგ შინისკენ გაიქცა, სადაც ცოლ-შვილი ეგულებოდა და ლამის გული გაუსკდა, როდესაც ნანგრევებად ქცეული სახლი დახვდა, თუმცა, საბედნიეროდ, მისი მეუღლე იამაგუჩისთვის დამწვრობის მალამოს საყიდლად ყოფილა გასული და აფეთქებისას ბავშვთან ერთად თავშესაფარში მოხვდა...
რადიაციის ორმაგი დოზა, ცხადია, იამაგუჩის ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახა: ჭრილობები დაუჩირქდა, დაეწყო განუწყვეტელი ღებინება, დაეწყო თმის ცვენა. 15 აგვისტოს ის ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ თავშესაფარში იმყოფებოდა, როდესაც იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ კაპიტულაცია გამოაცხადა... "ვერაფერს ვგრძნობდი - იხსენებდა მოგვიანებით იამაგუჩი - მაღალი სიცხე მქონდა, ვერაფერს ვჭამდი, ვერაფერს ვსვამდი... სიკვდილის პირას ვიყავი".
რადიაციის სხვა მრავალი მსხვერპლისგან განსხვავებით, იამაგუჩი თანდათან გამოკეთდა და ცხოვრება განაგრძო. სანამ საინჟინრო კარიერას დაუბრუნდებოდა, ჯერ ამერიკელ სამხედროებთან თარჯიმნად მუშაობდა, შემდეგ კი სკოლაში ასწავლიდა. მას და მის მეუღლეს კიდევ ორი გოგონა შეეძინათ.
ბრძოლა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ!
იამაგუჩი ჰიროსიმასა და ნაგასაკის საზარელი მოვლენების საჯაროდ განხილვას 2000-იან წლებამდე ერიდებოდა, თავს გადახდენილ ამბებს ათწლეულები მალავდა და დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობდა. ოჯახი შიშობდა, რომ ის სხვებთან შედარებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა, რაც შეარყევდა გადარჩენილთა გზავნილს: ატომური იარაღის აკრძალვისკენ მოწოდებას. მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო იამაგუჩიმ ღიად საუბარი იმ იმედით, რომ ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლას დაეხმარებოდა: "მე მკვდარი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ბედისწერა იყო სიცოცხლის გაგრძელება". იამაგუჩიმ მემუარები გამოაქვეყნა და ბირთვული განიარაღების მოძრაობაში ჩაერთო. მონაწილეობა მიიღო გაერო-ს დოკუმენტურ ფილმში, სადაც ის მსოფლიოს ბირთვული იარაღის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებდა. იამაგუჩის სურდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ ის დამამცირებელი ეფექტიც, რაც ბირთვულ იარაღს ადამიანურ ღირსებაზე აქვს: "ატომური ბომბი მძულს არა მხოლოდ მისი დამანგრეველი ძალის გამო, არამედ იმის გამოც, თუ რას უკეთებს ის ადამიანურ ღირსებას"...
ოჯახური ტრაგედიები
ცუტომუ იამაგუჩისა და მისი მეუღლის (რომელიც ასევე დაბომბვაში მოყვა) შვილები მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს ებრძოდნენ. ეს იყო იმ ფარული, ნელი პროცესების შედეგი, რასაც რადიაციული მოწამვლა იწვევს. სამივე შვილი - ვაჟი და ორი ქალიშვილი ბავშვობიდანვე ძალიან სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ. ხშირად იყვნენ ავად, ჰქონდათ სუსტი იმუნიტეტი და სხვადასხვა ქრონიკული გართულება. იამაგუჩის ოჯახის ტრაგედია ის იყო, რომ ისინი საკუთარ შვილებში ხედავდნენ იმ "უხილავი მტრის" ანაბეჭდს, რომელიც ჰიროსიმამ და ნაგასაკიმ დაუტოვა. მათთვის ყოველი დაავადება 1945 წლის იმ ორი საშინელი დღის შეხსენება იყო...
იამაგუჩის ვაჟი, რომელიც ჰიროსიმას დაბომბვამდე დაიბადა, 2005 წელს 59 წლის ასაკში კიბომ იმსხვერპლა. რაც შეეხება მეუღლეს, 2008 წელს ის თირკმლისა და ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. ეს იყო შედეგი რადიაციული "შავი წვიმისა", რომელიც მათ ნაგასაკის აფეთქებისას იწვნიეს.
იამაგუჩის ოჯახის ტრაგედია გვახსენებს, რომ ბირთვული ომი წლების განმავლობაში გრძელდება თაობების ტკივილის, ტანჯვისა და ადრეული სიკვდილის სახით.
როდესაც იამაგუჩი ამბობდა, რომ ატომური ბომბი "ადამიანური ღირსების შემლახველია", სწორედ ამ ყოველდღიურ ტანჯვას გულისხმობდა, რომელსაც მისი ოჯახი ათწლეულები განიცდიდა.
ცუტომუ იამაგუჩის ისტორია თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას...
BBC-ის სკანდალი
2010 წლის დეკემბერში BBC-ის გადაცემა QI-ში იამაგუჩი მოიხსენიეს, როგორც "მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ადამიანი", გადაცემაში გამოყენებული იყო შავი იუმორის ელემენტებიც, რამაც იაპონიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით BBC-იმ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ მსგავსი შინაარსი შეუსაბამო იყო. იამაგუჩის ქალიშვილმა აღნიშნა, რომ ბირთვული კატასტროფისა და მსგავსი ტრაგედიების ასე გაშარჟება მიუღებელია. თავად იამაგუჩი მკაცრი განცხადებებით არ გამოსულა, მან უბრალოდ თქვა: "სევდიანი ვარ, რომ მსოფლიოს არ ესმის, რა არის ეს ტკივილი..."
ცუტომუ იამაგუჩის ისტორია უნიკალურია ადამიანური გამძლეობის, უცნაური ბედისწერისა და ისტორიული მოწმის თვალსაზრისით. "ჯოჯოხეთის ფსკერზე ვცოცავდი", - თქვა მან 2009 წელს.
ირლანდიელი ჟურნალისტი დევიდ მაკნილი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც გარდაცვალებამდე მასთან ინტერვიუ ჩაწერა. "რამაც გამაოგნა, ეს იყო მისი მოკრძალება, - აღნიშნა მან, -„არ სურდა თავისი ცხოვრების განხილვა. {ასალაპარაკებლად} მასზე ზეწოლა უწევდათ, რადგან ფიქრობდა, რომ უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე მის გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც კიბოთი ავადდებოდნენ და კვდებოდნენ".
ასევე დაგაინტერესებთ: "ომში მორალი არ არსებობს! მე მქონდა დავალება და შევასრულე!“
მეფე, რომელმაც უცხო ქვეყანა მიიტაცა და კერძო საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო
პრემიერი, რომელმაც ქვეყანა 15 წლის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფა
"დედიკოს ბიჭიდან“ განმათავისუფლებლამდე და განმათავისუფლებლიდან ტირანამდე
„ნიჯუ ჰიბაკუშა“
ცუტომუ იამაგუჩი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც ორ ატომურ აფეთქებას გადაურჩა. 165-მა ადამიანმა გაუძლო ორივე თავდასხმას, მაგრამ იამაგუჩი ერთადერთი ადამიანია, რომელიც იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა, როგორც "ნიჯუ ჰიბაკუშა" ანუ "ორმაგ დაბომბვას გადარჩენილი". მან ეს ტიტული საბოლოოდ 2009 წელს მიიღო, 93 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე. ცუტომუ იამაგუჩი 2010 წელს, თითქმის 94 წლის ასაკში კუჭის კიბოთი გარდაიცვალა.
ისტორიამ ის დაიმახსოვრა, როგორც ადამიანი, რომელიც არა უბრალოდ ორ ატომურ აფეთქებას გადაურჩა, არამედ ორჯერ გამოიარა ბირთვული ჯოჯოხეთი და სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორებულიყო: "როგორც ორჯერ გადარჩენილი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მესამე აღარ იქნება!"
შორენა ბიწაძე