ამერიკა უკრაინას „ემსგავსება“ - ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ანტირაკეტები შემოელია - კვირის პალიტრა

ამერიკა უკრაინას „ემსგავსება“ - ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ანტირაკეტები შემოელია

აშშ-მა შეაჩერა 13-ღამიანი საჰაერო დარტყმების სერია ირანის ტერიტორიაზე, თავის მხრივ, თეირანმაც შეწყვიტა ბალისტიკური რაკეტების გაშვება სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ...

ნიშნავს კი ეს, რომ დაპირისპირებული მხარეები ისევ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას (თუნდაც შუამავლების დახმარებით), გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და სპარსეთის ყურეში მშვიდობა დაისადგურებს?

ამის იმედი არ გამქრალა, თუმცა თავად ამერიკულ მასმედიაში სულ სხვა ვერსია ჩნდება იმისა, თუ რატომ შეწყვიტა პენტაგონმა თითქმის ორკვირიანი საჰაერო დარტყმების სერია ირანზე...

და ეს ვერსია ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება მთლიანად აშშ-ისთვის და, პირველ რიგში, მისი დღევანდელი პრეზიდენტის გუნდის ისედაც სერიოზულად შელახული პოლიტიკური იმიჯისთვის...

ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ანალიტიკოსებმა თეთრ სახლს ურჩიეს ირანთან „საჰაერო ომის“ შეჩერება, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ... პენტაგონს ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი Patriot-ისა და THAAD-ის ანტირაკეტების დიდი დეფიციტი გაუჩნდა და ამ ინტენსივობით თეირანთან „სარაკეტო პინგ-პონგის“ გაგრძელება მალე ნულამდე დაიყვანდა ამერიკის ანტისარაკეტო შესაძლებლობებს მაშინ, როდესაც ჩინური და რუსული ბალისტიკური რაკეტების საფრთხე არსად გამქრალა...

გამოდის, რომ ტრამპის ამერიკა ზელენსკის უკრაინას ემსგავსება და როგორც კატასტროფულად ჭირს კიევის დაცვა რუსული „ისკანდერების“ ყოველღამისეული შეტევებისგან, ანტირაკეტების მარაგის თითქმის ბოლომდე ამოწურვის გამო, იგივე ბედი ელოდათ იორდანიაში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს...

და ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან ამ „საჰაერო ომის“ დასაწყისში ამერიკელი მეზენიტეები ერთ ირანულ ბალისტიკურ რაკეტას 8-12 ცალ „პეტრიოტის“ ანტირაკეტასაც კი ახარჯავდნენ - ჰქონდათ და არ ზოგავდნენ, მაგრამ... როდესაც ეს „საჰაერო ომი“ უკვე თვეების განმავლობაში გაიწელა და აიათოლების რეჟიმს არ შემოაკლდა ბალისტიკური რაკეტები (არადა, როგორ იკვეხნიდა პრეზიდენტი ტრამპი, ჯერ კიდევ აპრილში, რომ პენტაგონის „წერტილოვანმა“ საჰაერო დარტყმებმა, თურმე, როგორ გაანადგურეს ირანული ბალისტიკური რაკეტების თითქმის მთელი არსენალი), აღმოჩნდა, რომ მათ ჩამოსაგდებად გამოსადეგი ამერიკული ანტირაკეტების მარაგი სახიფათოდ ამოიწურა...

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკელი ჟურნალისტები ეჭვობენ - ანტირაკეტების მარაგის სახიფათოდ შემცირების გამო ამერიკელი მეზენიტეები შეგნებულად აღარ იგერიებენ იმ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელებმაც შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტები ააფეთქონო...

ანუ ამერიკელი მეზენიტეები უკრაინელი კოლეგების სიტუციამდე დავიდნენ, როდესაც თითოეული დეფიციტური ანტირაკეტის სტარტამდე ფიქრდებიან, -ღირს კი გაშვება, იქნებ მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული ეს ბალისტიკრი რაკეტა საერთოდ აცდეს მიზანსო...

ასევე დაგაინტერესებთ: 30 ათასი ჩრდილოკორეელის მიმატებით პუტინის არმია ფრონტის ხაზის გარღვევას შეეცდება?

კასპიის ზღვაში ირანულ ტვირთებზე თავდასხმით ზელენსკი ტრამპის გულის მოგებას ეცდება...

დრონების გამოფენაზე ბალისტიკური რაკეტებით-უკრაინელი სამხედრო კონსტრუქტორები იმეორებენ საბედისწერო შეცდომას...

100-მილიონიანი „პუტინის სიამაყის“ ჩამოვარდნა - ძრავების გათიშვა თუ მაინც „მეგობრული ცეცხლი“?!

პრეზიდენტი ტრამპი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, კატეგორიულად უარყოფს პენტაგონის არსენალში ანტირაკეტების მარაგის სახიფათო დონემდე შემცირებას, თუმცა არც იმის მტკიცება შეუძლია, რომ აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ძალუძს უახლოეს თვეებში შეძლოს ამ ანტირაკეტების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა და მათი მარაგის შევსება.

2-anti-1785139606.jpeg

ფოტო: ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი ბალისტიკური რაკეტის დროული გადაჭერა ატმოსფეროში ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, ნებისმიერი ტიპის ანტირაკეტისთვის...

ამის მიზეზი მარტო ის როდი გახლავთ, რომ ბალისტიკური რაკეტების მომგერიებელი Patriot-ის PAC-3 MSE ტიპის ყველაზე თანამედროვე ანტირაკეტა თავად პენტაგონისთვის 4-დან 5 მლნ დოლარამდე ღირს (სხვა ქვეყნებს თითოეული ასეთი რაკეტის შესაძენად 6-7 მლნ დოლარის გადახდაც კი უწევთ), ხოლო THAAD-ის უფრო ძლიერი ანტირაკეტა საერთოდ წარმოუდგენლად ძვირია -12-დან 13 მლნ დოლარამდე ჯდება, არამედ ისიც, რომ მათ ძალიან ნელი ტემპით აწარმოებენ (მაგალითად „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს წელიწადში მხოლოდ 650 ერთეულს აწარმოებენ, რაც მაქსიმუმ 300-იოდე ბალისტიკური რაკეტის მოსაგერიებლად თუ იქნება საკმარისი, იმ გათვლით, რომ თითოეულ საჰაერო სამიზნეზე მხოლოდ ორი ანტირაკეტა გაიხარჯოს. არადა იყო პერიოდი, როდესაც ირანი მხოლოდ ერთ ღამეში 50 და უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებდა. THAAD-ის ანტირაკეტების წარმოების ტემპი კი წელიწადში საერთოდ მინიმუმი გახლდათ... მხოლოდ 96). თავის მხრივ, ბალისტიკური რაკეტების წარმოება ბევრად იაფი ჯდება მის ჩამოსაგდებად განკუთვნილ ანტირაკეტებთან შედარებით, მით უმეტეს მაშინ, თუკი ამ ბალისტიკური რაკეტების სამიზნედ მოწინააღმდეგის მთელი ქალაქია ამოღებული და დიდი სიზუსტე არცაა საჭირო.

მეორე მსოფლიო ომის 1944 წლისგან განსხვავებით, როდესაც ჰიტლერმა პირველი გერმანული ბალისტიკური რაკეტებით „ფაუ-2“-ებით ლონდონის დაბომბვა დაიწყო და ჩერჩილს არ ჰქონდა მათი მოსაგერიებელი არავითარი ტექნიკური საშუალება, დღეს მსოფლიოში უკვე არსებობს ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი ანტირაკეტები, მაგრამ მათი რაოდენობა არასდროს იქნება იმისთვის საკმარისი, რომ ბალისტიკური თავდასხმის საშიშროება 100 %-ით განეიტრალდეს. ამისთვის საჭიროა პარალელურად მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების საწყობების (მათ შორის მიწისქვეშა) ინტენსიური დაბომბვები და რაც ასევე მთავარია, ამ ბალისტიკური რაკეტების გამშვები მობილური დანადგარების მასობრივად მწყობრიდან გამოყვანაც..

ეს ეხება ამერიკელებსა და ისრაელს, ირანული ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გასანეიტრალებლად და ეს კიდევ უფრო აქტუალურია უკრაინისთვის, რუსული ბალისტიკური რაკეტების სისტემატური შეტევების მოსაგერიებლად...