ნადირობა რონალდ რეიგანზე: როგორ გადაარჩინა ამერიკის პრეზიდენტი თავდამსხმელის სიძუნწემ
ალბათ, გახსოვთ ქართული ხალხური ანდაზა: „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო“. ეს ანდაზა აშშ-ის სპეცსამსახურების, უპირველესად კი - „საიდუმლო სამსახურის“ სერიოზულ შეცდომებსა და დაუჯერებელ გამართლებებს ზუსტად ასახავს.
დღემდე განხილვის საგანია 2024 წლის 13 ივლისს დონალდ ტრამპზე თავდასხმა და მისი სასწაულებრივი გადარჩენა. „საიდუმლო სამსახურის“ დიდი ჩავარდნა იყო ასევე 2026 წლის 25 აპრილის ინციდენტი, რომელიც ვაშინგტონში, ოტელ „ვაშინგტონ ჰილტონში“, თეთრი სახლის კორესპონდენტების ყოველწლიურ სადილზე მოხდა. მაშინ დარბაზში შესასვლელთან მდებარე უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტის მახლობლად რამდენიმე გასროლა განხორციელდა. დარბაზში, სადაც 2500-მდე სტუმარი იმყოფებოდა, პანიკა დაიწყო. „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლებმა პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ასევე ვიცეპრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და მთავრობის სხვა წევრების ევაკუაცია განახორციელეს. სროლის შედეგად არავინ დაღუპულა, „საიდუმლო სამსახურის“ ერთი თანამშრომლის სიცოცხლე ჟავშანჟილეტმა იხსნა. თავდამსხმელი, 31 წლის აშშ-ის მოქალაქე, კოულ თომას ალენი, ინციდენტის ადგილზე დააკავეს.

ფოტო: კოულ თომას ალენი
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად დასრულდა და „საიდუმლო სამსახურმა“ თავისი ფუნქციები, როგორც თავად პრეზიდენტ ტრამპს სურს წარმოაჩინოს, ბრწყინვალედ შეასრულა. თუმცა ეს სასურველის, რეალობად წარმოჩენის მცდელობა უფროა, ვიდრე - ობიექტური შეფასება. მაღალი დონის პოლიტიკურ მოღვაწეებზე თავდასხმები უძველესი დანაშაულია, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნასთან ერთად დაიწყო და დიდად სამწუხაროა, რომ დასასრული არ უჩანს. ამ ტიპის ტერაქტების პრევენციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თავდამსხმელის ბიოგრაფიისა და მისი მოტივების დეტალური ანალიზი. კოულ თომას ალენის, ისევე, როგორც თომას კრუქსის, მთავარი მოტივი დონალდ ტრამპის, როგორც პოლიტიკოსის, მიუღებლობა იყო. არსებული ინფორმაციით, ალენმა 2017 წელს დაამთავრა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 2025 წელს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მიიღო. ბოლო პერიოდში ის მასწავლებლად მუშაობდა და პარალელურად ვიდეოთამაშებს ქმნიდა.

ფოტო: თანამედროვე რეალობა: დამნაშავე მაგისტრის ხარისხით
ამავე დროს ალენი მემარცხენე შეხედულებების მქონე და პოლიტიკურად აქტიური პიროვნება იყო. მას ფსიქიკური გადახრები არ აღენიშნება და დღეს არსებული ინფორმაციით მარტო მოქმედებდა: ანუ ამ დანაშაულის უკან, არც რომელიმე სახელმწიფოს და არც რომელიმე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის კვალი არ იკვეთება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სხვა შემთხვევაში შედეგები ძალზე მძიმე იქნებოდა.
აშშ-ის „საიდუმლო სამსახურის“ ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი უფრო განგებამ გადაარჩინა, ვიდრე პირადმა დაცვამ. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევა დონალდ ტრამპის მისაბაძ პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს უკავშირდება.
ზუსტად 45 წლის წინ, 1981 წლის 30 მარტს Washington Hilton Hotel-ში შედგა აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის შეხვედრა პროფკავშირული მოძრაობის ლიდერებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შეხვედრის შესახებ ადრევე იყო ცნობილი, ათეულობით ტელევიზიისა და ჟურნალისტის სატელევიზიო კამერა და ფოტოაპარატი იღებდა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის გადაადგილებას. ამიტომ, ამ პოლიტიკური მკვლელობის მცდელობის ამსახველი კადრები საკმარისადაა შემონახული, რაც საშუალებას იძლევა, ზედმიწევნით ზუსტად აღვადგინოთ და შევაფასოთ, როგორც თავდამსხმელის, ასევე, „საიდუმლო სამსახურისა“ და პოლიციის მოქმედებები. მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდებოდა.
შეხვედრის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ რეიგანი გამოვიდა ოტელის შენობიდან და დაჯავშნილი ავტომობილისკენ გაემართა, გასავლელი დაახლოებით 10 მეტრი იყო. ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ მიემართება რეიგანი ლიმუზინისაკენ.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ აღბეჭდილნი არიან: ჟურნალისტი რიკ აჰირნი, „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომელი ჯერ პარი, „თეთრი სახლის“ პრესმდივანი ჯეიმს ბრედი, რეიგანის თანაშემწე სამხედრო საკითხებში ხოსე მურატი, თავად რონალდ რეიგანი, მისი თანაშემწე მაიკლ დივერი, პოლიციელი, პოლიციის ოფიცერი თომას დელაჰანტი და „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომელი ტიმოთი მაკარტი, რომელმაც ავტომობილის კარი უკვე შეაღო. რეიგანს სულ რაღაც ოთხი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი ლიმუზინამდე,

როდესაც სროლის ხმა გაისმა. თავდამსხმელმა, რომელიც ჟურნალისტებსა და ცნობისმოყვარე მოქალაქეებს შორის იდგა, დაახლოებით 1.7 წამში ექვსი გასროლა მოასწრო, სანამ პოლიციელები და რეიგანის დაცვის წევრები მას დააკავებდნენ. სროლის შედეგად თავის არეში მძიმედ დაიჭრა ჯეიმს ბრედი, სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ თომას დელაჰანტი და ტიმოთი მაკარტი. სროლის ხმის გაგონებისთანავე ჯერ პარმა მხრებში ხელი მოჰკიდა რეიგანს და ლიმუზინის ღია უკანა კარისკენ მიიყვანა. ერთი ნასროლი პრეზიდენტს აცდა და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის ფანჯარას მოხვდა, კიდევ ერთი კი ლიმუზინის ფანჯარას მოხვდა. საბედისწერო მეექვსე ტყვიის გულა ლიმუზინის დაჯავშნილი კორპუსიდან რიკოშეტით პრეზიდენტ რეიგანს მარცხენა იღლიაში მოხვდა, ნეკნი დააზიანა და ფილტვში გაიჭედა. თავიდან ვერავინ მიხვდა, რომ ის დაჭრილი იყო და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გადაწყვიტა პირადმა დაცვამ პრეზიდენტის ჰოსპიტალში გადაყვანა. ეს დაგვიანება კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა. როდესაც რეიგანს ოპერაციისთვის ამზადებდნენ მან ხუმრობით უთხრა ქირურგს: „იმედი მაქვს, თქვენ რესპუბლიკელი ხართ“, ექიმი არ დაიბნა და უპასუხა: „დღეს, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველანი რესპუბლიკელები ვართო“. 1981 წლის 11 აპრილს გამოჯანმრთელებულმა რონალდ რეიგანმა ჰოსპიტალი დატოვა.
ვინ იყო თავდამსხმელი და რა მოტივები ამოძრავებდა მას? პირი, რომელმაც, პოლიციელებით გარშემორტყმულმა, არასრულ ორ წამში ექვსი გასროლა მოასწრო და ოთხი პირი მძიმედ დაჭრა, არც ტერორისტი და არც სერიული მკვლელი არ აღმოჩნდა. ის აშშ-ის მოქალაქე 25 წლის ჯონ ჰინკლი უმცროსი გახლდათ,

ფოტო: ჯონ ჰინკლი
რომელიც ნავთობბიზნესმენის შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. თუმცა მიუხედავად ფინანსური კეთილდღეობისა, ჰინკლი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სოციალური იზოლაციითა და დაბალი თვითშეფასებით. ეს ყველაფერი კი შემდგომ სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებში გადაიზარდა. ფსიქიატრების მიერ დადასტურებულია, რომ ჰინკლის განუვითარდა ე.წ. ეროტომანია — მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ცნობილი პიროვნება მასზეა შეყვარებული და მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები აქვს. ჰინკლის „რჩეული“ ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯოდი ფოსტერი გახდა და მომავალი თავდამსხმელი ყოველნაირად ცდილობდა მსახიობი ქალის ყურადღების და კეთილგანწყობის მოპოვებას. ჰინკლი დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტ რეიგანის მკვლელობა მას ფოსტერის თვალში მნიშვნელოვან ფიგურად აქცევდა. შემდგომ მან თავადაც აღიარა, რომ ეს მისი მთავარი მოტივი იყო. თავდასხმა გახდა გზა, რომლითაც ის „ისტორიაში შესვლას“ ცდილობდა და დანაშაული იმ იმედით ჩაიდინა, რომ ჯოდი ფოსტერზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. 1982 წლის 21 ივნისს ჰინკლი სასამართლომ „შეურაცხადად“ ცნო, ფსიქიკური მდგომარეობის გამო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც 2016 წელს გაწერეს.
პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმას ბევრი პოლიტიკოსი გამოეხმაურა. ვფიქრობ, საინტერესო იქნება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის (1913-2006) მოსაზრებების გაცნობა. კერძოდ ის აცხადებდა, რომ შეუძლებელია პრეზიდენტის 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგანაც შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, როდის შექმნის პრობლემას ერთი ადამიანი. აშშ-ის „საიდუმლო სამსახურს“ არ შეუძლია პრეზიდენტის დაცვა გიჟებისგან, რადგან არ არსებობს გზა იმის გასაგებად, თუ როდის აპირებს „მარტოხელა მგელი“ პრობლემების შექმნასო. ჯერალდ ფორდს ეკუთვნის შემდეგი ფრაზაც: „შეერთებულ შტატებში ტერორისტები არ არიან. ჩვენ უბრალოდ ბევრი გიჟი და ფსიქიკურად დაავადებულები გვყავსო“.
აშშ-ის 38-ე პრეზიდენტის ამ მოსაზრებებს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იყო გამოთქმული, ძნელია, ბოლომდე დაეთანხმო. იმ პერიოდში არ არსებობდა თავდასხმის დაგეგმვისა და განხორციელების ისეთი მრავალფეროვანი არსენალი, რაც დღეს არსებობს და რონალდ რეიგანზე 1981 წლის 30 მარტს განხორციელებული თავდასხმის დროს „საიდუმლო სამსახურის“ სერიოზული შეცდომების გამართლება ფსიქიკურად დაავადებული პირების ირაციონალური და არაპროგნოზირებადი მოქმედებებით, ვფიქრობ მაშინ და დღეს არსებული პრობლემების გამარტივებული ხედვა იქნება. დასაცავი პირის 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაშინაც და ახლაც, მართლაც შეუძლებელია, თუმცა „საიდუმლო სამსახურის“ და ვაშინგტონის პოლიციის უამრავი შეცდომა რომ არა, მაშინ რეიგანზე თავდასხმის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
რა შეცდომები იქნა დაშვებული?
რონალდ რეიგანის იმ დღის მარშრუტი და გადაადგილება წინასწარ იყო ცნობილი, ამიტომ თავდასხმაც ადვილი დასაგეგმი იყო. არ იყო დაცული დისტანცია პრეზიდენტსა და მოქალაქეებს შორის და თავდამსხმელი, პრაქტიკულად, პირველ რიგში იდგა. თანაც ჯონ ჰინკლი იარაღით იმყოფებოდა ანუ არ იყო წინასწარი შემოწმება. პრეზიდენტსა და მოქალაქეებს შორის პერიმეტრი არასაკმარისად კონტროლდებოდა, რის შედეგადაც ჰინკლიმ მოასწრო იარაღის ამოღება და ექვსი გასროლის განხორციელება. „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლებმა და პოლიციელებმა ვერ შეძლეს პირველი გასროლის შემდეგ თავდამსხმელის განეიტრალება.
ასევე დაგაინტერესებთ: საიდუმლო სამსახურის დილემა ანუ ვინ და როგორ იცავს დონალდ ტრამპს?!
ტრამპზე თავდასხმა: დადგმული სპექტაკლი თუ სიკვდილთან თამაში?!
სამიზნე ნომერი 1: ემუქრება თუ არა ტრამპს რეალური საფრთხე ირანისგან?!
ეს შედომები შესაძლოა საბედისწერო გამომდგარიყო, რომ არა ჯონ ჰინკლის... სიძუნწე. თავდასხმისთვის მან მცირეკალიბრიიანი რევოლვერი Röhm RG-14, 22 LR გამოიყენა, რომელიც უფრო იაფი და ფართოდ

ხელმისაწვდომი მოდელია. თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაკლი მცირე კალიბრია.
ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს ძირს დავარდნილი რევოლვერი, რომლითაც თავდამსხმელი ისროდა და რომლის აღებასაც „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლები ცდილობენ.

უფრო დიდი კალიბრის რევოლვერი ან პისტოლეტი, რომ ყოფილიყო, რეიგანი სავარაუდოდ, ვერ გადარჩებოდა. „კოკა წყალზე ტყდებაო“ – ესეც ქართული ხალხური ანდაზაა.
(მეხუთე ნაწილის დასასრული)