შეტევა ირანული ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით კიევზე...საქართველოს ცის გავლით?! - ორი ომის „გაერთიანების“ საშიში პერსპექტივა - კვირის პალიტრა

შეტევა ირანული ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით კიევზე... საქართველოს ცის გავლით?! - ორი ომის „გაერთიანების“ საშიში პერსპექტივა

გავაუქმოთ 2 ათას კმ შორს ფრენის ჩვენივე შეზღუდვა ირანული ბალისტიკური რაკეტებისთვის და ჭკუა ვასწავლოთ კიევს კასპიის ზღვაში ირანულ გემზე თავდასხმის საპასუხოდ - აი, ასეთი მოწოდებები გაისმის დღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და თანაც პარლამენტარებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების დონეზეც კი...

ნიშნავს ეს, რომ შეიძლება მოხდეს ამ ორი - რუსეთ-უკრაინისა და ამერიკა-ირანის ომების „გაერთიანება“ ისე, რომ რუსულთან ერთად ირანული ბალისტიკური რაკეტებიც გაფრინდებიან უკრაინული ქალაქებისკენ, ხოლო ამერიკული ავიაციის მიერ ირანული ობიექტების დაბომბვის პარალელურად, უკრაინული კამიკაძე-დრონები კასპიის ზღვაში კვლავ შეუტევენ იმ ირანულ სატვირთო გემებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი რუსეთის პორტებში გადააქვთ ან იქიდან ირანში მიაქვთ?

ამ „შეშლილ“ მსოფლიოში ბოლომდე გამორიცხული არაფერია, თუმცა შესწევს კი იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ირანმა უკრაინას დარტყმა მიაყენოს ანუ მიწვდებიან თუ არა კიევამდე ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები?

1-ir-1785222434.jpg
ამ საშუალო სიშორის მოქმედების ირანულ ბალისტიკურ რაკეტას Khorramshahr-ეს 3 ათასი კმ-ის დაფარვა და კიევამდეც მიღწევა შეუძლია, თანაც მას „პეტრიოტის“ ანტირაკეტაც ვერ აგდებს, ამისთვის უფრო ძლიერი THAAD-ია საჭირო...

ამავე ბლოგ - „არსენალში“ 2026 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში „დიდი საფრთხე საქართველოსთვის: რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ცის გავლით ირანულმა „შაჰიდებმა“ დაარტყან რუმინეთში ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს?!“, ვწერდით:

„...ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან (რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანს ესაზღვრება) 2 ათასი კმ-ის რადიუსში ხვდება ნატოს წევრი ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიები, ხოლო 3 ათასი კმ-ის რადიუსში კი უკვე - იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიების ნაწილები, მთლიანად ბალტიისპირეთის სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა და უკრაინაც…

ირანის არსენალში არის 3 ათას კმ-მდე მფრენი (ოღონდ შემცირებული მასის საბრძოლო ქობინით) ბალისტიკური რაკეტები Khorramshahr-ები, ისევე, როგორც 2 ათასი კმ ფრენის რადიუსის მქონე Emad, Ghadr და Sejjil-ები, რომელთა პოლონეთისკენ, ფინეთისკენ, შვეციისკენ თუ უკრაინისკენ გაშვების შემთხვევაში, ისინი გადაიფრენენ საქართველოს თავზე...

2-ir-1785222434.png
ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების ფრენის მაქსიმალური რადიუსები, რომლებიც ნახევარ ევროპას ფარავს...

ოღონდ ქართული საჰაერო სივრცის ეს „დარღვევა“ მოხდება რამდენიმე ათეული ან სულაც ასი კმ-ის სიმაღლეზე ანუ ღია კოსმოსში, ბალისტიკური ტრაექტორიით და ჩვენთვის ნაკლებად სადარდებელი იქნება.

მაგრამ, თუკი ირანმა გადაწყვიტა, წერტილოვნად დაარტყას მთავარ ამერიკულ რადიოლოკატორს რუმინეთში და ისიც - „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების გამოყენებით, მაშინ საჰაერო შეტევის რომელ მარშრუტს აირჩევს?

რუმინეთამდე უმოკლესი საჰაერო გზა ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცეში გადის და ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თურქეთის გამანადგურებლებმა ეს ირანული „შაჰიდები“ ჩამოაგდონ…

რჩება მეორე საჰაერო გზა, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ცის გავლით და შავ ზღვაზე გადაფრენით, რუმინეთამდე მიდის...

სომხეთის ცაში 180-მდე კმ-ის დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა ირანული „შაჰიდებისთვის“ დიდ სირთულეს არ წარმოადგენს (გიუმრიში დისლოცირებული რუსული 102-ე სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კიდეც რომ აღმოაჩინონ ეს ირანული „შაჰიდები“, მოსკოვის მითითებით, რეაგირებას არც გააკეთებენ).

სომხეთიდან შემოფრენილ ირანულ „შაჰიდებს“ ქართულ ცაში გასაფრენი 200-მდე კმ-ი ექნებათ, რომ შავი ზღვის თავზე გავიდნენ, რისთვისაც „შაჰიდს“ ერთ საათზე ცოტა მეტი ხანი დასჭირდება და ძალზე საეჭვოა, ამ მცირე ხანში ქართულმა მხარემ რამე რეალური რეაგირება მოახდინოს მათ ჩამოსაგდებად...

3-ir-1785222434.png
ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენი ირანული Shahed-136-ის ტიპის კამიკაძე-დრონების დროული აღმოჩენა და ჩამოგდება ადვილი საქმე არ არის...

შავი ზღვის თავზე ფრენისას ირანულ „შაჰიდებს“ არავინ დაემუქრება, ხოლო რუმინეთის შავი ზღვის სანაპიროდან კიდევ 340 კმ-ის დაფარვას დევესელუშის ამერიკულ ანტისარაკეტო რადიოლოკატორამდე ორიოდე საათიც არ დასჭირდება...“

ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკა უკრაინას „ემსგავსება“ - ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ანტირაკეტები შემოელია

30 ათასი ჩრდილოკორეელის მიმატებით პუტინის არმია ფრონტის ხაზის გარღვევას შეეცდება?

ასპიის ზღვაში ირანულ ტვირთებზე თავდასხმით ზელენსკი ტრამპის გულის მოგებას ეცდება...

დრონების გამოფენაზე ბალისტიკური რაკეტებით-უკრაინელი სამხედრო კონსტრუქტორები იმეორებენ საბედისწერო შეცდომას...

თუმცა, ხომ თავისუფლად შეიძლება, რომ ირანულმა „შაჰიდებმა“ შავი ზღვის თავზე მკვეთრად ჩრდილოეთით იცვალონ გეზი და უკრაინის სამხრეთისკენ, ოდესისკენ გაფრინდნენ?

მოკლედ, თუკი უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ძალუძთ ფრონტის ხაზიდან ათასიოდე კმ-ით დაშორებულ კასპიის ზღვაში ზუსტი საჰაერო დარტყმები განახორციელონ საბრძოლო მასალით დატვირთულ რუსულ და ირანულ გემებზე, ასეთივე კამიკაძე-დრონების „შაჰიდების“ „სამშობლოს“ -ირანსაც წესით არ უნდა გაუჭირდეს მათი საშუალებით უკვე შავ ზღვაში შეუტიოს უკრაინის პორტებისკენ მიმავალ სავაჭრო გემებს (რასაც რუსეთი ისედაც აკეთებს, ისევე, როგორც უკრაინელებმა ასზე მეტი ტანკერი და მშრალტვირთმზიდი გემი დააზიანეს აზოვისა და შავ ზღვებში)...

გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუკი ირანული კამიკაძე-დრონები მართლაც შეეცდებიან სამხრეთ კავკასიის და, პირველ რიგში, ჩვენი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას შავი ზღვის თავზე გასაფრენად, ამაში კარგი არაფერი იქნება...