ძალიან კმაყოფილი პრეზიდენტები: რა შეიცვლება ამერიკა-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომებში?! - კვირის პალიტრა

ძალიან კმაყოფილი პრეზიდენტები: რა შეიცვლება ამერიკა-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომებში?!

ტრამპის ოვალური კაბინეტიდან გახარებული ნეთანიაჰუსა და ზელენსკის გამოსვლას რა გაგრძელება ექნება...

პოლიტიკური ლიდერების პირისპირ შეხვედრებს ყოველთვის დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ყველა აკვირდებოდა, თუ როგორი სახით გამოდიან დახურულ კარებს მიღმა მოლაპარაკების დასრულებიდან ეს პოლიტიკოსები...

ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა გასული, 2025 წლის თებერვალში, როდესაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს სერიოზული სიტყვიერი პაექრობა გამოუვიდათ, ხოლო ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტმა კინაღამ ერთმანეთზე გაიწიეს კიდეც...

თუმცა, 2026 წლის 28 ივლისს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის კარებთან მომლოდინე ჟურნალისტები სულ სხვა სურათის მომსწრე გახდნენ და თანაც ორჯერ, ერთმანეთის მიყოლებით-ჯერ მათ ტრამპთან ერთად მომღიმარი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ იხილეს(რომელთა შორის ბოლოს შავმა კატამ გაირბინა),შემდეგ კი ტრამპს გვერდით ასევე მომღიმარი და გახარებული უკრაინის პრეზიდენტი ზელენკის ამოუდგა...

1-ovaluri-1785313899.png
მომღიმარი ისრაელის პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან ერთად...ეს ისრაელის ამერიკა-ირანის საჰაერო ომში დაბრუნებას უნდა ნიშნავდეს?

მაგრამ ასე რამ გაახარათ ისრაელისა და უკრაინის პოლიტიკური ლიდერები?

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი მქონია ჩვენს მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან. იდეების გაცვლის და ასევე ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

“კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის წინ წასაწევად. პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები და სხვა იდეები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი გამოცოცხლდეს. ჩვენი გუნდები მოაგვარებენ მათი შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მისი მყარი მხარდაჭერისთვის”, - თავის მხრივ დაწერა სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ტრამპი რისი ტრამპი იქნებოდა, რომ თავის Truth Social-ზე ამ შეხვედრების თავისი შეფასებაც არ გაეკეთებინა- „ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს ჩემს წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა! ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ“ და დაამატა „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“

გამოდის რომ სამივე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი,უკრაინის პრეზიდენტი და რაც მთავარია თავად ტრამპი, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ამ შეხვედრებით, მაგრამ რაზე მოილაპარაკეს მათ დახურული კარების მიღმა და რა ცვლილებები მოჰყვება ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში ამერიკა-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომებში?

2-ovaluri-1785313899.png
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ძალზე გახარებულია, რომ ამჯერად ტრამპთან საუბარმა ბევრად თბილად ჩაიარა და გასული წლის მძიმე შეხვედრიდან განსხვავებით,თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სწრაფად და გამოუმშვიდობებლად დატოვება აღარ მოუწია...

ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება...

პირველი- ირანთან აშშ-ის შეიარაღებული დაპირისპირება საჰაერო ოპერაციების სახით გაგრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ როდესაც პენტაგონს მესამე დღე შეჩერებული ჰქონდა ირანზე შეტევები და თეთრ სახლში პრეზიდენტი ტრამპი ამ შეხვედრებს მართავდა, თეირანმა მაინც გაუშვა ბალისტიკური რაკეტები იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, რასაც თავმოყვარე ტრამპი აითოლების რეჟიმს არ აპატიებს.

თეთრ სახლში წარმატებული მოლაპარაკება ამერიკა -ისრაელს შორის შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისრაელის საჰაერო ძალები კვლავ ჩაერთვებიან ირანის ობიექტების დაბომბვაში, რასაც თელ-ავივი ბოლო თვეებია დაჟინებით სთხოვდა ვაშინგტონს.

მეორე-უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ ამერიკული საჰაერო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ გადაიზარდოს შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციაში, ჰორმუზის სრუტესთან რომელიმე ირანული პატარა კუნძულის დაპყრობის სახით ან სულაც სპარსეთის ყურეში ირანის სანაპიროზე გადასხმის სახითაც კი, რათა ამერიკელმა სამხედროებმა უზრუნველყონ ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალი ნაოსნობა,ყოველგვარი ირანული გადასახადის გარეშე.

ასეთ შემთხვევაში ისრაელის სერიოზული სამხედრო დახმარება და არა მარტო ავიციის სახით,პენტაგონს ნამდვილად დასჭირდება.

მესამე-ისრაელი ნაკლებადაა დაინტერესებული გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე ნავთობტანკერებისთვის, თელ-ავივისთვის სასიცოცხლოდ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ 409 კგ 60%-მდე გამდიდრებული ურან-235-ის შემდგომი ბედი, რომელიც აითოლების რეჟიმმა მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებში გადამალა და რომელიც საკმარისი იქნება ათზე მეტი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ამ ურან-235-ის 90%-ზე მეტად გამდიდრების შემთხვევაში.

ამიტომაც ისრაელს უფრო ენდომება სახმელეთო სპეცოპერაციის ჩატარება ამერიკელებთან ერთად არა ირანის რომელიმე კუნძულის დასაპყრობად, არამედ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტებზე გადასასხდომად და იქიდან გამდიდრებული ურანის გამოსატანად, რაც თავის მხრივ ტექნიკურად ურთულესი ამოცანაა და უფრო რეალური იქნება, რომ ისრაელისა და ამერიკის სპეცდანაყოფებმა ადგილზე განახორციელონ იმ სახის აფეთქებები (შეიძლება პორტატული „ბირთვული ჩემოდნების“ გამოყენებითაც კი) ,რომლებიც საბოლოოდ გამორიცხავს ამ გამდიდრებული ურანის როდისმე ამოღებას ირანელების მიერ.

მეოთხე-რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გახარების მიზეზს-ზელენსკის გასახარებლად მარტო ისიც ეყოფოდა,რ ომ იმავე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გასული წლის ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ახლა მას ტრამპთან ბევრად უფრო თბილი საუბარი გამოუვიდა.

რაც შეეხება „პეტრიოტის“ ანტირაკეტებისა და სხვა ამერიკული შეიარაღების,მათ შორის „ჰაიმარსის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას უკრაინისთვის, მართლაც დიდი საჩუქარია ვაშინგტონის მხრიდან, რადგან ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უბრალოდ არ ჰყოფნის იმის რესურსი, რომ კიევის რუსული „ისკანდერებისგან“ ყოველღამე დასაცავად,ყოველდღე ათამდე „პეტრიოტის“ ანტირაკეტა მიაწოდოს უკრაინელ მეზენიტეებს.

ასევე დაგაინტერესებთ: შეტევა ირანული ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით კიევზე... საქართველოს ცის გავლით?! - ორი ომის „გაერთიანების“ საშიში პერსპექტივა

ამერიკა უკრაინას „ემსგავსება“ - ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ანტირაკეტები შემოელია

30 ათასი ჩრდილოკორეელის მიმატებით პუტინის არმია ფრონტის ხაზის გარღვევას შეეცდება?

დრონების გამოფენაზე ბალისტიკური რაკეტებით-უკრაინელი სამხედრო კონსტრუქტორები იმეორებენ საბედისწერო შეცდომას...

უკრაინელი კოლეგის მუდმივი ხვეწნა-მუდარით თავმობეზრებული ტრამპი თითქოს თავიდან იშორებს ზელენსკის და ეუბნება-აჰა, წაიღე ლიცენზია და თავად აწარმოე „პეტრიოტის“ ანტირაკეტები, რამდენიც გინდაო...

ეს უკრანისთვის უკეთესი ვარიანტია, ვიდრე არაფერი, თუმცა „პეტრიოტის“ PAC-3 MSE (Missile Segment Enhancement) ანტირაკეტები, რომლებსაც ყველაზე ეფექტიანად შეუძლიათ რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერების“ გადაჭერა, ტექნიკურად ურთულეს ნაწარმს წარმოადგენს და მათი დიდსერიულად წარმოების ათვისება მარტო უკრაინულ მხარეს(და თანაც უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც გამუდმებით იბომბება) ძალიან გაუჭირდება, თუმცა ევროპელების(პირველ რიგში კი პოლონეთის) აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში ეს სრულიად შესაძლებელია, მითუმეტეს, რომ ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს თავადაც ბევრი ასეთი ანტირაკეტა სჭირდებათ მარაგში, იმის შემხედვარე თუ რას აკეთებს პუტინის აგრესორი რუსეთი ყოველღამე უკრაინის ქალაქების მიმართ...