ჯარისკაცი, რომელიც 29 წელი იბრძოდა, რადგან ომის დამთავრების არ სჯეროდა...
იაპონიის საიმპერატორო არმიის დაზვერვის ოფიცერს, ლეიტენანტ ჰიროო ონოდას (1922 წლის 19 მარტი - 2014 წლის 16 იანვარი), მეორე მსოფლიო ომის დასრულების დიდხანს არ სჯეროდა და ჯუნგლებში 29 წელზე მეტ ხანს იმალებოდა. საბოლოოდ ის 1974 წლის 9 მარტს დანებდა და ხელისუფლებას ჩაბარდა.
ადრეული ცხოვრება და სამხედრო წვრთნა
ჰიროო ონოდა ვაკაიამაში, ცენტრალურ იაპონიაში დაიბადა. 18 წლის ასაკში იაპონიის საიმპერატორო არმიაში ჩაირიცხა და სწრაფადვე შეირჩა სპეციალური სადაზვერვო წვრთნისთვის. ონოდა არ ყოფილა ჩვეულებრივი ქვეითი ჯარისკაცი. მან გაიარა სპეციალური მომზადება „ფუტაბას“ სკოლაში, სადაც პარტიზანულ ომს, დივერსიებს, დაზვერვასა და გადარჩენის ტექნიკას სწავლობდნენ. ის ტოკიოს სამხედრო სკოლის იმ ფილიალში გაანაწილეს, რომელიც ელიტური კომანდოს დანაყოფების განვითარებაზე სპეციალიზებული სასწავლო ცენტრი იყო. პარტიზანული ომისთვის მომზადებასთან ერთად, ონოდა სწავლობდა ისტორიას, ფილოსოფიას, საბრძოლო ხელოვნებას, პროპაგანდას და საიდუმლო ოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ მისი მომზადების პროგრამა ეწინააღმდეგებოდა იაპონიის საიმპერატორო ჯარში ფართოდ გავრცელებულ სენჯინკუნის კოდექსს, რომელიც კრძალავდა მებრძოლების ტყვედ ჩავარდნას და მათგან ბრძოლაში სიკვდილს ან თვითშეწირვას მოითხოვდა.
დისლოკაცია ლუბანგში
1944 წლის დეკემბერში ლეიტენანტი ონოდა ფილიპინების პატარა კუნძულ ლუბანგზე გაგზავნეს. მისი მისია იყო ლუბანგის აეროდრომსა და ნავსადგურში მტრის თვითმფრინავის ან საზღვაო ეკიპაჟის განადგურება, რათა ნებისმიერი ფორმით ხელი შეეშალა მოკავშირეთა დესანტისთვის.
1945 წელს, როდესაც მოკავშირეებმა კუნძული მაინც დაიკავეს, იაპონელი ჯარისკაცების უმეტესობა დაიღუპა, ტყვედ ჩავარდა ან გაიქცა. ონოდა და მისი სამი თანამებრძოლი (შოიჩი შიმადა, კინშიჩი კოზუკა და იუიჩი აკაცუ) ჯუნგლებში გაიხიზნენ.
მისიის დაწყებამდე, მე-14 არმიის სპეციალური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაურმა, მაიორმა ტანიგუჩიმ ონოდას მკაცრი ბრძანება მისცა: "შენ გეკრძალება თვითმკვლელობა! შესაძლოა ეს გაგრძელდეს 3, 5 ან 10 წელი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით შენთვის. მანამდე უნდა გაუძლო და უხელმძღვანელო პარტიზანულ ბრძოლას, თუნდაც მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დაგრჩეს!"
23 წლის ონოდას მეთაურის ბრძანებისთვის 29 წელი არ უღალატია...
მეორე მსოფლიო ომის დასასრული
იმპერატორმა ჰიროჰიტომ მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაცია 1945 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა, ოფიციალური ხელმოწერა კი 1945 წლის 2 სექტემბერს შედგა. ლუბანგის ჯუნგლებში იაპონიის კაპიტულაციის შესახებ ბროშურები ჩამოყარეს და გადარჩენილ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდეს, მაგრამ როდესაც მთებში დამალული მეამბოხე ჯარისკაცების კიდევ ერთმა ჯგუფმა ონოდას და მის თანამებრძოლებს ბროშურები აჩვენა, ონოდამ ისინი ყალბად მიიჩნია.
კაპიტულაციის ბრძანების შემცველი კიდევ ერთი ბროშურა მე-14 არმიის გენერალმა ტომოიუკი იამაშიტამ ასევე საჰაერო გზით ჩამოაგდო. პროპაგანდაში გაწვრთნილმა ონოდამ კვლავ არ დაიჯერა საკუთარი ქვეყნის დამარცხება, ამტკიცებდა, რომ ბროშურა სავსე იყო შეცდომებით და ამერიკელების მიერ მოწყობილ მახეს წარმოადგენდა, რომელიც იაპონელი ჯარისკაცების შესაპყრობად იყო გამიზნული. ის ხომ მეთაურის ბრძანებას ასრულებდა, მტკიცედ დარწმუნებული, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
ბრძოლა ჯუნგლებში
წლების განმავლობაში ონოდა და მისი სამი თანამებრძოლი ჯუნგლებში იმალებოდნენ და პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ ლუბანგის მშვიდობიანი მოსახლეობის იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც მტერთან შეკრული ეგონათ. პარტიზანები ადგილობრივი ფერმერებისგან მოპარული ბანანის, ქოქოსის, ბრინჯისა და შინაური პირუტყვის მწირი ულუფებით ირჩენდნენ თავს, თვლიდნენ, რომ მტერი მათ შიმშილით დახოცვას ცდილობდა.
1949 წელს ონოდას ერთ-ერთი თანამებრძოლი, იუიჩი აკაცუ, ჯგუფს გამოეყო და ჯუნგლებში ექვსი თვით მარტო ყოფნის შემდეგ ფილიპინების ჯარებს ჩაბარდა. აკაცუმ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლებას, რის შემდეგაც ჯუნგლებში წერილები და ოჯახური ფოტოები ჩაყარეს, რათა პარტიზანები დანებებაზე დაეყოლიებინათ. თუმცა, ონოდამ ახლაც ჩათვალა, რომ ესეც სატყუარა იყო.
როდესაც კიდევ ერთი თანამებრძოლი, შოიჩი შიმადა, კუნძულის პოლიციის სამძებრო ჯგუფმა შეტაკების დროს მოკლა, ონოდა და მისი ბოლო თანამებრძოლი, კინშიჩი კოზუკა, ერთმანეთის იმედად დარჩნენ. დროის უმეტეს ნაწილს მიწისქვეშა გამოქვაბულებში ატარებდნენ, აგროვებდნენ ინფორმაციას სამხედრო ობიექტებისა და მტრის გადაადგილების შესახებ და დროდადრო ადგილობრივებთან შეტაკებებში მონაწილეობდნენ. ჯამში მათ დახოცეს დაახლოებით 30 ადგილობრივი, რომლებსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მტრის მოკავშირეებად მიიჩნევდნენ. ლუბანგის მოსახლეობაში გავრცელდა ჭორი მითური ჯარისკაცის შესახებ, რომელიც სოფლების შემოგარენში იმალებოდა და ხალხს ხოცავდა. ონოდა კუნძულის მცხოვრებლებს შორის შიშისა და სიძულვილის ობიექტი გახდა.
მოგვიანებით, თავის მემუარებში "არანაირი დანებება: ჩემი ოცდაათწლიანი ომი", ონოდა ამტკიცებდა, რომ ის არ ყოფილა "გიჟი" ან "ფანატი". უბრალოდ, ის იყო ოფიცერი, რომელიც ბრძანებას ასრულებდა - მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ფიცი, რომელსაც ვერ გატეხდა.
საბოლოოდ, ონოდა დანებდა
1972 წლის ოქტომბერში, ონოდას ბოლო თანამებრძოლი კოზუკაც ადგილობრივი პოლიციის სამძებრო ჯგუფმა მოკლა, რამაც ონოდას კიდევ უფრო გაუმყარა რწმენა, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ის კუნძულზე ახლა უკვე სრულიად მარტო, კიდევ 18 თვის განმავლობაში დარჩა.
იაპონიის მთავრობას დაკარგული ჯარისკაცები 1959 წელს დაღუპულებად ჰყავდა გამოცხადებული და როდესაც კოზუკას სიკვდილის ამბავი შეიტყო, ცხადი გახდა, რომ შესაძლოა, ონოდა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო. ონოდას ისტორია სენსაციად იქცა. ამ ამბით მოხიბლული ერთი ექსცენტრიკული, თავგადასავლების მოყვარული იაპონელი სტუდენტი, სახელად ნორიო სუზუკი, კუნძულ ლუბანგზე გაემგზავრა და, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მარტოხელა პარტიზანი სულ რაღაც ოთხ დღეში იპოვა...
მოგვიანებით, მათი შეხვედრა ონოდამ ასე აღწერა: "ეს ჰიპი სუზუკი კუნძულზე იაპონელი ჯარისკაცის გრძნობების მოსასმენად ჩამოვიდა". ის და სუზუკი დამეგობრდნენ, მაგრამ სანამ ონოდა თავისი მეთაურის, მაიორ იოშიმი ტანიგუჩისგან ოფიციალურ ბრძანებას არ მიიღებდა, მანამ არ დანებდებოდა. სუზუკი იაპონიაში ონოდას ფოტოებით დაბრუნდა, რაც მათი შეხვედრის უტყუარი მტკიცებულება იყო, რის შემდეგაც მთავრობამ ყოფილი მაიორი ტანიგუჩი მოძებნა, რომელიც ომის შემდეგ წიგნებით ვაჭრობდა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ტანიგუჩი სუზუკისთან ერთად ლუბანგში გაფრინდა და ჯუნგლებში ონოდას შეხვდა. ამგვარად, 1974 წლის 9 მარტს, მაიორმა ტანიგუჩიმ ოფიციალურად გააუქმა ონოდასთვის მიცემული თავდაპირველი ბრძანებები და იმპერატორ შოუას ბრძანებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შოკირებული ონოდა ატირდა და დანებდა!..
კაპიტულაციის ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა, 11 მარტს მანილაში გამართა და რამაც საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, ონოდამ ჩააბარა - მოქმედი შაშხანა 500 ვაზნით, რამდენიმე ხელყუმბარა და სამურაის საგვარეულო ხმალი (კატანა), რომელიც დედამ ომში გაცილებისას გადასცა და უთხრა: თუ ტყვედ ჩავარდნა დაგემუქრება, ამ ხმლით "სულიერი ღირსება" დაიცავიო.
პრეზიდენტმა ონოდა შეიწყალა ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან პარტიზანული ომის დროს ჩაიდინა, რადგან, მარკოსის მოსაზრებით, ონოდა მოქმედებდა ღრმა რწმენით, რომ ომი კვლავ მიმდინარეობდა.
იაპონიაში დაბრუნება
1974 წელს, სამშობლოში დაბრუნებულ 52 წლის ონოდას მრავალათასიანი ხალხის ტალღა როგორც გმირს, ისე დახვდა. მისი ჩამოსვლა იაპონიის ეროვნულმა მაუწყებელმაც გააშუქა. ოჯახმა, რომელიც მას გარდაცვლილად თვლიდა, პირველად ნახა მას შემდეგ, რაც 22 წლის ასაკში ფრონტზე წავიდა.
ონოდას დაბრუნებამ იაპონელ მოქალაქეებს ტრადიციული იაპონური ღირებულებები შეახსენა: გამბედაობა, ერთგულება, სიამაყე და თავდადება.
საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 1974 წელს ონოდამ დაწერა მემუარები ლუბანგში გატარებული ცხოვრებისა და ბრძოლის შესახებ, რომელიც ბესტსელერი გახდა, თუმცა წიგნის პრეზენტაციაზე ომის რამდენიმე ვეტერანმა ეჭვქვეშ დააყენა მისი მონათხრობის სიზუსტე (გარდა ამისა, ონოდას მოწინააღმდეგე მწერალმა, იკედა შინმა, გამოაქვეყნა ამ ისტორიის საკუთარი ვერსია, რომელშიც უარყო მისი გმირული როლი).
ასევე დაგაინტერესებთ: კაცი, რომელიც ორ ატომურ დაბომბვას გადაურჩა
"ომში მორალი არ არსებობს! მე მქონდა დავალება და შევასრულე!“
მეფე, რომელმაც უცხო ქვეყანა მიიტაცა და კერძო საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო
პრემიერი, რომელმაც ქვეყანა 15 წლის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფა
შემდგომი ცხოვრება
ონოდას გაუჭირდა თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტაცია ქვეყანაში, რომელიც ასე განსხვავდებოდა იმისგან, რომელიც მან მრავალი წლის წინ დატოვა. გაუჭირდა თანამედროვე, დასავლური ღირებულებების მქონე საზოგადოებასთან შეგუება. დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ უფროს ძმას გაჰყვა ბრაზილიაში და სან-პაულოში იაპონიის კოლონიაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ონოდა მესაქონლეობის ფერმას მართავდა. 1976 წელს იქვე იქორწინა იაპონელ ქალზე და დროს ბრაზილიასა და იაპონიას შორის მოგზაურობაში ატარებდა.
1980 წელს, იაპონელი მოზარდის მიერ მშობლების გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, ონოდამ იაპონიაში საგანმანათლებლო ბანაკები დააარსა, რათა ახალგაზრდა იაპონელებისთვის ტრადიციული ღირებულებები ესწავლებინა და თვითგადარჩენისა და გამძლეობის უნარები ჩამოეყალიბებინა.
ომის გმირი თუ სასტიკი მოძალადე?
ჰიროო ონოდას ისტორია მოთხრობილია წიგნებსა და ფილმებში. ის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონელი ჯარისკაცების ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ რჩება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლუბანგში მცხოვრები ფილიპინელებისთვის ონოდა გმირი კი არა, სასტიკი მოძალადეა.
1996 წელს ონოდა ლუბანგის ქალაქ ლუკ-ონ-ლუბანგს ეწვია, მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, მაჩიმ, ადგილობრივი სკოლისთვის 10.000 აშშ დოლარის შემოწირულობა გაიღო. თუმცა, ქალაქის საბჭომ ონოდას წარუდგინა რეზოლუცია, რომლითაც მის მიერ დახოცილთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვდა...
ჰიროო ონოდა 2014 წლის 16 იანვარს, 92 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: "ყველა იაპონელი ჯარისკაცი მზად იყო სიკვდილისთვის. მაგრამ მე, როგორც დაზვერვის ოფიცერმა, მივიღე პარტიზანული ომის წარმოების ბრძანება და არა სიკვდილის. მე ოფიცერი ვიყავი და თუ ბრძანებას ვერ შევასრულებდი, შევრცხვებოდი. მე ძალიან ამბიციური ვარ!"
შორენა ბიწაძე