საიდუმლო სამსახურის აგენტმა ერთი მეტრიდან თავდამსხმელს ხუთჯერ ესროლა და ხუთჯერვე ააცილა ანუ რას გადაურჩა ტრამპი 2026 წლის 25 აპრილს, სასტუმრო Washington Hilton-ში
პარადოქსების ეპოქაში ვცხოვრობთ: სახელმწიფოებს არასდროს ჰქონიათ ასეთი განვითარებული ტექნოლოგიური, სადაზვერვო და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობები; მეორე მხრივ კი, ტერორიზმის ინდივიდუალურ/დეცენტრალიზებული ფორმები, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება. სახელმწიფოს პირველი პირებიც კი, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ყოველწლიურად ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება, არ არიან დაცულნი „მარტოხელა მგლების“ მიერ დაგეგმილ/შესრულებული თავდასხმებისგან. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული უკანასკნელი ორი თავდასხმა, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციის საფუძველზე აღმოცენებული ინდივიდუალური ტერორიზმის კლასიკური ნიმუში იყო.
აშშ-ის ორმა მოქალაქემ, 20 წლის თომას კრუქსმა, 2024 წლის 13 ივლისს და 31 წლის კოულ ალენმა - 2026 წლის 25 აპრილს, დამოუკიდებლად დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმები, რომლის მთავარი სამიზნეც დონალდ ტრამპი გახლდათ. თუ პირველ შემთხვევაში დონალდ ტრამპის სიცოცხლე თავდამსხმელის არაპროფესიონალიზმა იხსნა, მეორე შემთხვევაში, ერთი შეხედვით, პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, თუ კარგად გავაანალიზებთ 2026 წლის 25 აპრილს სასტუმრო Washington Hilton-ში მომხდარ ინციდენტს, დავინახავთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და ვაშინგტონის პოლიციის სერიოზულ შეცდომებს.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: „თეთრი სახლის“ პრესმდივანი კაროლინ ლევიტი, მელანია ტრამპი, დონალდ ტრამპი და „თეთრ სახლთან“ აკრედიტებული ჟურნალისტების ასოციაციის პრეზიდენტი ვეიცია ციანგი, 2026 წლის 25 აპრილის საღამო. პანიკამდე.
კოულ ალენი თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ოფიციალურად დაბინავდა ამ სასტუმროში და აქედან გამომდინარე, სასტუმროს შიდასივრცეში თავისუფლად გადაადგილება შეეძლო. ვიდეოკადრებზე დაფიქსირებულია, რომ ალენი წინასწარ სწავლობდა, როგორც ვიდეოკამერების განლაგებას, ასევე, მთლიანად უსაფრთხოების სისტემას. მან ისიც მოახერხა, რომ სასტუმროში

ადრევე შეეტანა პისტოლეტი და პომპიანი თოფი. 2026 წლის 25 აპრილს, ადგილობრივი დროით 20:36 საათზე, როდესაც დაახლოებით, 2500 სტუმარი უკვე საბანკეტო დარბაზში იმყოფებოდა და საზეიმო ღონისძიება უკვე დაწყებული იყო, „საიდუმლო სამსახურის პოლიციის “ ორმა თანამშრომელმა მეტალოდეტექტორების დემონტაჟი დაიწყო. რამდენიმე წუთში კი სწორედ ის ინციდენტი მოხდა, რომელმაც მრავალი საფიქრალი გააჩინა.
ქვედა ფოტოზე 10 დაცვის თანამშრომელი ჩანს, რომლებიც საკონტროლო პუნქტთან იმყოფებიან. შორეულ ფონზე გრძელი, მუქპალტოიანი მამაკაცი ჩნდება, რომელიც დერეფანში მიდის და ერთ-ერთ ოთახში შედის. ჩემი ვარაუდით, ალენს იარაღი სწორედ პალტოში ჰქონდა დამალული. მის წინ დაცვის თანამშრომელია, სამსახურებრივი ძაღლით. ძაღლი კარში უკან მიჰყვება ამ მამაკაცს, თუმცა დაცვის თანამშრომელი საპირისპირო მიმართულებით ბრუნდება და და ძაღლიც მიჰყავს. ამ მომენტით სარგებლობს თავდამსხმელი, რომელიც უკვე პალტოს გარეშე, კარიდან გამოდის, ხელში პომპიანი თოფი უჭირავს და მეტალოდეტექტორში გარბის. მას სულ რაღაც სამი წამი დასჭირდა ამისთვის.

ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად ხდება, რომ „საიდუმლო სამსახურის პოლიციის “ თანამშრომლები, რომლებიც გულარხეინად საუბრობენ, ვერც ამჩნევენ შეიარაღებულ ალენს. მხოლოდ ერთი, კადრში ზურგით მდგომი პოლიციელი ასწრებს პისტოლეტის ამოღებას და დაახლოებით ერთ მეტრიდან ცეცხლს უხსნის მისი მიმართულებით გამოქცეულ თავდამსხმელს.

ფოტო: ქაოტური სროლა Washington Hilton-ის დერეფანში
ალენიც უმიზნებს თოფს. კადრში კარგად ფიქსირდება დაცვის თანამშრომლის პისტოლეტიდან განხორციელებული გასროლები, რომლის შემდეგ ის აღარ ჩანს და, სავარაუდოდ, ძირს ეცემა. თავად ალენის მიერ განხორციელებული გასროლა კი არ ფიქსირდება. ამის შემდეგ თავდამსხმელი წაიბორძიკებს და ეცემა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს ის მომენტი, როდესაც კოულ ალენი დააკავეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მას პოლიციელის მიერ გასროლილი არც ერთი (!!!) ტყვია არ მოხვდა, ჩემი აზრით, ალენმა მუხლი მეტალოდეტექტორის ყუთის კუთხეს დაარტყა და დაეცა. სწორედ ამის წყალობით შეძლეს „საიდუმლო სამსახურის “ თანამშრომლებმა მისი დაკავება.

ფოტო: კოულ ალენი უკვე დაკავებულია
ეს ყველაფერი ფოტოებზე უკეთ ცოცხლად უფრო საინტერესო სანახავია (იხ. ვიდო https://www.theguardian.com/us-news/2026/apr/30/video-white-house-dinner-shooting).
დღეს ბრალდებისა და ალენის ადვოკატების მთავარი „საჯილდაო ქვა“ ისაა, გაისროლა თუ არა იარაღიდან ეჭვმიტანილმა. ბრალდების თავდაპირველ ვერსიაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ერთ-ერთ ოფიცერს ეჭვმიტანილის მიერ გასროლილი ტყვიის გულა ჯავშანჟილეტში მოხვდა. შემდეგ პროკურატურის მასალებში დაფიქსირდა, რომ ალენმა თოფიდან საბანკეტო დარბაზისკენ მიმავალი კიბის მიმართულებით გაისროლაო. თუმცა ალენი და მისი ადვოკატები გასროლის ფაქტს საერთოდ უარყოფენ. ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობმა „საიდუმლო სამსახურის“ დირექტორმა შონ ქარენმა თავის თანამშრომელს ქება არ მოაკლო: „ეჭვმიტანილმა აგენტს თოფიდან ახლო მანძილიდან ესროლა. ჩვენმა აგენტმა გმირულად უპასუხა ცეცხლს, მიუხედავად იმისა, რომ ახლო მანძილიდან

ფოტო: სროლის შემდეგ პანიკაში მყოფი ამერიკის „ნაღები საზოგადოება“
მკერდში თოფიდან ესროლეს, მან ხუთი გასროლა მოახერხაო“. თუმცა ის არ დაამატა, რომ ყველა ააცილა. ამ უცნაურ თავდასხმას კითხვის ნიშნები ნამდვილად არ აკლია: გამომძიებლები ამჟამად ადგენენ, ტყვიის გულა, რომელიც „საიდუმლო სამსახურის“ ოფიცერს მოხვდა, ეჭვმიტანილის იარაღიდან იქნა გასროლილი, თუ ეს „მეგობრული ცეცხლი“ იყო და იმ აურზაურში ადგილზე მყოფმა სხვა ოფიცერმა „ივაჟკაცა“? წესით და რიგით, ამის დადგენა არ უნდა გაჭირდეს.
2026 წლის 25 აპრილის ინციდენტი გამოირჩევა მაღალი ინტენსივობითა და 5-6 წამში განვითარებული მოვლენების დრამატიზმით. სწორედ დროის ამ მოკლე მონაკვეთში გამოვლინდა „საიდუმლო სამსახურის“ მთავარი პრობლემები: სრულიად გამოუცდელმა 31 წლის მასწავლებელმა შეძლო, სახელმწიფოს პირველი პირის ღონისძიების ლოკაციასთან ახლოს იარაღით შეღწევა და უსაფრთხოების შუალედური დონის სწრაფი გადალახვა. ეს ნიშნავს, რომ მრავალი, როგორც სტრატეგიული, ასევე, ტაქტიკური ხასიათის შეცდომა იყო დაშვებული. ჯერ ტაქტიკური შეცდომები განვიხილოთ.
მეტალოდეტექტორზე შემოწმებას მხოლოდ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრები გადიოდნენ. სასტუმროში უკვე მყოფი პირების კონტროლი კი არ მოხდა. თავდამსხმელმა მოახერხა სასტუმროში იარაღის წინდაწინ შეტანა, შემდეგ კი სწრაფი და მოულოდნელი შეტევის განხორციელება. წარმოიდგინეთ ეს თავდასხმა პროფესიონალ ტერორისტებს და დონალდ ტრამპის „მოყვარულ“ რომელიმე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას რომ დაეგეგმა, მაშინ პომპიანი თოფით

ფოტო: პანიკაში მყოფი „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლები
კი არა, კილოგრამობით ასაფეთქებელი ნივთიერებით მიაკითხავდნენ.
რატომ არ მოხდა თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდაცია? ის რომ თვითმკვლელი ტერორისტი ყოფილიყო და აფეთქება განეხორციელებინა, მაშინ მართლაც რომ უდიდესი ტრაგედია მოხდებოდა. ერთი მეტრიდან, თავდამსხმელს ხუთჯერ რომ ესვრის და ააცილებს, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ოფიცერს? ამ კითხვაზე ქვემოთ გაგცემთ პასუხს.
ამ შემთხვევიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, 2026 წლის 24 ივლისს, ისევ ვაშინგტონში, ოღონდ ამჯერად ოტელ Waldorf Astoria-ში განმეორებით გაიმართა „თეთრი სახლთან“ აკრედიტებული ჟურნალისტების ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა-ბანკეტი. „მთავარი შოუმენი“, რა თქმა

ფოტო: ნაცნობი სახეები, ოღონდ მელანიას გარეშე. 2026 წლის 24 ივლისი, ვაშინგტონი.
უნდა, პრეზიდენტი ტრამპი გახლდათ. არ გადაგღლით და დაწვრილებით არ მოგიყვებით ტრამპის უცნაურ ოხუნჯობებზე, მხოლოდ ერთ გარემოებაზე შევჩერდები. ვახშმის დროს სპეციალური ჯილდო - „პრეზიდენტის ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ ,– გადაეცა „საიდუმლო სამსახურის“ ოფიცერ ვიქტორ გონსალესს. დონალდ ტრამპმა შეაქო გონსალესი: „მან ყოყმანის გარეშე შეუტია თავდამსხმელსო“ და ჯილდოც გადასცა. ალბათ, მიხვდით, ეს სწორედ ის ოფიცერია, რომელსაც ტყვიის გულა (ჯერ დადგენილია არაა ვის მიერ გასროლილი) ჯავშანჟილეტში მოხვდა და დაეცა. მანამდე კი ხუთი გასროლა განახორციელა თავდამსხმელის მიმართ... და ყველა ააცილა.

ფოტო: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „საიდუმლო სამსახურის“ ოფიცერი ვიქტორ გონსალესი. 2026 წლის 24 ივლისი.
თუმცა ვიქტორ გონსალესი სხვა ოფიცრებთან შედარებით მართლაც „გმირია“, მათ ხომ გასროლაც ვერ მოასწრეს! ჩემი აზრით, აშშ-ის სპეცსამსახურების, მათ შორის - „საიდუმლო სამსახურის“ სტრატეგიული შეცდომა მოძველებულ და დახავსებულ მიდგომა/შეფასებებში მდგომარეობს, რომელსაც არასწორი საკადრო პოლიტიკა - პარტიული და პირადი ერთგულების ნიშნით სპეცსამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნა იწვევს. რამდენჯერ უნდა მოხდეს დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რომ „საიდუმლო სამსახურში“ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს?
ორივე თავდასხმის ანალიზი აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სისტემამ მეტნაკლებად ეფექტიანად იმუშავა მხოლოდ თავდასხმის ფაზის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ პრევენციის ფაზა იყო სუსტი. ასევე, სისტემა ვერ ახერხებს ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებას და მცირე ხარვეზიც კი შეიძლება გადაიზარდოს კრიტიკულ საფრთხეში. თუ თავდამსხმელებს ექნებოდათ დამატებით 5-10 წამი, რაც შესაძლებელი იქნებოდა ორგანიზებული ტერორისტული ჯგუფის მოქმედების შემთხვევაში, მაშინ იქნებოდა უფრო ზუსტი დამიზნება; მეტი გასროლა და მეტი მსხვერპლიც.
ამჟამად სახელმწიფოს მეთაურთა უსაფრთხოების დაცვის სისტემები გათვლილია ტრადიციულ საფრთხეებზე, ხოლო ახალი ტექნოლოგიებით მართული ცვლადებისა და კომბინირებული თავდასხმების (სნაიპერებით, კიბერშეტევებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებით და დრონების გამოყენებით ერთობლივ თავდასხმას) ექსტრემალური სცენარები ნაკლებად განიხილება.
ასევე დაგაინტერესებთ: ნადირობა რონალდ რეიგანზე: როგორ გადაარჩინა ამერიკის პრეზიდენტი თავდამსხმელის სიძუნწემ
საიდუმლო სამსახურის დილემა ანუ ვინ და როგორ იცავს დონალდ ტრამპს?!
ტრამპზე თავდასხმა: დადგმული სპექტაკლი თუ სიკვდილთან თამაში?!
2024 წლის 13 ივლისისა და 2026 წლის 25 აპრილის თავდასხმები არა მხოლოდ აშშ-ის „საიდუმლო სამსახურის“ კრიზისს ასახავს, არამედ ისინი უფრო გლობალური პროცესების სიმპტომებია, რომლებიც განსაზღვრავს ამჟამინდელ უსაფრთხოების გარემოს. თანამედროვე ტერორიზმი აღარ არის მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე საფრთხე. რადიკალიზირებულ და პოლიტიზირებულ საზოგადოებაში დამნაშავეები შესაძლოა, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებიც გახდნენ. ინდივიდუალურად ინიციირებული ძალადობის ფორმები კლასიკური უსაფრთხოების მოდელებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. თანამედროვე საფრთხეები დეცენტრალიზებულია და უსაფრთხოების სტრუქტურებმა უნდა მოახდინოს ადაპტირება. XXI საუკუნეში უსაფრთხოების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიებზე ან ხისტ ძალაზე, არამედ ადაპტაციის უნარზე - იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს სისტემა ახალი რეალობის გააზრებას და შესაბამისი პასუხის მომზადებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ „მარტოხელა მგლებმა“: თომას კრუქსმა და კოულ ალენმა თავდასხმების დაგეგმვისა და განხორცილების პროცესში ჩვეულებრივ/ტრადიციული იარაღი გამოიყენეს, მაშინ რა შედეგი დადგება ადამიანის ლიკვიდაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რომ მოხდეს?

ფოტო: 2024 წლის 13 ივლისის თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპის ცალად დარჩენილი ფეხსაცმელი, როგორც მუდმივი გაფრთხილება .