კიევი ისევ სასტიკად დაიბომბა - ამდენი ბალისტიკური რაკეტა მსოფლიოს არცერთი ქალაქისკენ არ გაუშვიათ:პუტინის ახალი ანტირეკორდი - კვირის პალიტრა

კიევი ისევ სასტიკად დაიბომბა - ამდენი ბალისტიკური რაკეტა მსოფლიოს არც ერთი ქალაქისკენ არ გაუშვიათ: პუტინის ახალი ანტირეკორდი

4-5 აგვისტოს ღამეს რუსეთმა მორიგი კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ და განსაკუთრებით კი - მისი დედაქალაქის, კიევის მიმართულებით...

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 115 კამიკაძე-დრონითა და 28 ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რომელთაგან უკრაინელმა მეზენიტეებმა 98 დრონის მოგერიება შეძლეს, მაგრამ - ვერც ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტისა...

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს მისმა სამხედროებმა მოახერხეს რუსეთის საჰაერო სივრცეში შეფრენილი 475(!) უკრაინული დრონის ჩამოგდება, რაც თავის მხრივ, რეკორდს წარმოადგენს...

ბოლო დღეებში იმის ტენდეცია გამოიკვეთა, რომ რუსეთში შეტევაზე გადასული უკრაინული კამიკაძე-დრონების რაოდენობა ორ-სამჯერ აღემატება იმავდროულად რუსეთიდან უკრაინისკენ გაშვებული ანალოგიური დანიშნულების რუსული დრონების რიცხვს, რაც შეიძლება, უკრაინის არმიის მზარდ უპირატესობაზე მეტყველებდეს, აგრესორ ქვეყანაში ომის დაბრუნების პროცესში, თუმცა...

1-bal-1785917187.jpg
რუსული „ისკანდერების“ კვაზიბალისტიკური რაკეტებიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალება უკრაინას დღეს არ ძალუძს...

თუმცა სახეზეა რუსული ბალისტიკური რაკეტებით უკრაინაზე და კერძოდ კი - მის დედაქალაქ კიევზე შეტევების მკვეთრად გაზრდილი რიცხვი, რისი მიზეზით, ყველასთვის ნათელია - უკრაინელ მეზენიტეებს თითქმის აღარ დარჩათ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - „პეტრიოტებისთვის“ განკუთვნილი ანტირაკეტები, მხოლოდ რომლებსაც ძალუძთ რუსული ბალისტიკური სამიზნეების მეტ-ნაკლები წარმატებით მოგერიება.

თუკი გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 28 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა,1 აგვისტოს 27 ამ კლასის რაკეტით შეუტია, ხოლო 2026 წლის ივლისში საერთოდ რეკორდული რაოდენობის - 126 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით...

ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი რუსული ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინისა და კერძოდ მისი დედაქალაქის -კიევის მიმართულებით, რამდენი იქნა ჩამოგდებული და რამდენმა მიაღწია სამიზნეს, რა თქმა უნდა, არსებობს რუსეთისა და უკრაინის გენშტაბების საიდუმლო ანალიტიკურ მონაცემებში, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ეს ზუსტი ციფრები არ ვრცელდება.

მაგრამ სამაგიეროდ, სრული დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ პუტინმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა და ისევ აჯობა... ჰიტლერს!

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის გერმანიამ 1944 წლის 8 სექტემბრიდან 1945 წლის 27 მარტამდე ინგლისისკენ 1 359 ერთეული „ფაუ-2“-ის ტიპის (Vergeltungswaffe-2) ბალისტიკური რაკეტა გაუშვა (რომელიც ახალ იარაღს წარმოადგენდა და ის შეიარაღებაში მხოლოდ გერმანიას ჰქონდა), რომელთაგან მიზანს 1 054-მა რაკეტამ მიაღწია, ხოლო აქედან უშუალოდ ლონდონში - 517 „ფაუ-2“ აფეთქდა.

ჰიტლერის „ფაუ-2“-ის საბრძოლო გამოყენების სტატისტიკა ინგლისის წინააღმდეგ, უკვე „გააუმჯობესა“ მისმა 21-ე საუკუნის „მიმდევარმა“, როდესაც ომის მეხუთე წლისთვის უკრაინის მიმართულებით გააშვებინა არანაკლებ 2 ათასი სხვადასხვა ტიპის რუსული და ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა...

2-bal-1785917187.png
4-5 აგვისტოს ღამეს კიევის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ფრენების ტრაექტორიები...

რუსეთი დღე-ღამეში 60-დან 90-მდე „ისკანდერს“, „კინჟალს“, „ცირკონსა“ და „ს-300/ს-400“-სს (გადაკეთებულს „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტად) ამზადებს და 30-მდე რაკეტას უშვებს უკრაინის მიმართულებით, რომელთა გარანტირებულად მოსაგერიებლად უკრაინელ მეზენიტეებს 50-60 ცალი „პეტრიოტის“ ანტირაკეტა მაინც უნდა ჰქონდეთ გამზადებული, ყოველდღე გამშვებ დანადგარებზე...

მაგრამ ეს დღეს არარეალურად გამოიყურება და ამ დროისთვის თეორიულად კი არსებობს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ უკრაინას ანტირაკეტების ამხელა მარაგი გამოუჩნდეს, თუნდაც ნატოს წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა თავიანთი ანტირაკეტები სულ რომ გაუგზავნონ კიევს...

ასევე დაგაინტერესებთ: ირანულ რაკეტებს საქართველოზე გადაფრენით მართლაც უნდა დაერტყათ უკრაინაზე?!

რუსული „ავაქსები“ - პუტინის ბოლო იმედი უკრაინული დრონების დროულად აღმოსაჩენად

ტრამპმა ზელენსკი "გადააგდო"?! - რა მოხდა პრეზიდენტების დახურულ შეხვედრაზე და სურს უკრაინის ლიდერს ილონ მასკისგან

ტრამპის „ისტორიული შეთანხმება“ განწირულია? - არც „ჰამასი“ განაიარაღდება ბოლომდე და არც ისრაელი დატოვებს ღაზას

რუსული ბალისტიკური საფრთხის ნაწილობრივ გასანეიტრალებლად საჭიროა ამ რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხნებზე მუდმივი საჰაერო შეტევების განხორციელება რუსეთის მთელს ტერიტორიაზე (თუმცა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების წარმოებას ეს ხელს ვერ შეუშლის), წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება ამ ბალისტიკური რაკეტების შესანახ საწყობებზე და „საჰაერო ნადირობა“ „ისკანდერებისა“ და სხვა რაკეტების გამშვებ მობილურ დანადგარებზე, საცეცხლე პოზიციების რაიონებში (მაგალითად, გასულ ღამეს რუსული „ისკანდერები“ კიევისკენ რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვეს).

თუმცა, არის კიდევ ერთი, არაპირდაპირი გამოსავალიც -ომის დასაწყისში აგრესორი რუსეთი ყოველღამ პირდაპირ ატერორებდა კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს ირანული წარმოების „შაჰიდების“ კამიკაძე-დრონებით შეტევებით, მაგრამ თავად ხედავთ, ომის მეხუთე წელს ისეთი მომენტი დადგა, რომ უკვე უკრაინა ყოველღამ აგზავნის ორჯერ-სამჯერ მეტ კამიკაძე-დრონს რუსეთისკენ და ამით უკან უბრუნებს ომს რუსებს...

ძალიან მალე, შეიძლება უკვე შემოდგომიდანაც, უკრაინა, სავარაუდოდ, შეძლებს სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტების სერიული გამოშვების აწყობას, ისე, რომ ყოველღამ რუსეთის დედაქალაქისკენ -მოსკოვისკენ 5-დან 10-მდე ბალისტიკური რაკეტა მაინც გაუშვას და მაშინ გამოჩნდება, რამდენად გაიზიარებს რუსული „ისკანდერებით“ დატერორებული კიევის ბედს პუტინის მოსკოვიც...