ჩაკეტილი „პოლიტიკური სამკუთხედი“ - კულუარული თამაშები, რომლებიც დიდი სისხლის ფასად ჯდება
ზელენსკის სკანდალური მინიშნება ტრამპზე - ამერიკა უკრაინას ანტირაკეტებს შეიძლება იმიტომაც არ აწვდის, რომ უკრაინა უფრო დამთმობი გახდეს პუტინის მოთხოვნების მიმართო...
უკრაინა და პირველ რიგში კი მისი დედაქალაქი - კიევი სრულიად დაუცველნი დარჩნენ რუსული ბალისტიკური რაკეტების მუდმივი მასობრივი შეტევებისგან, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას თითქმის აღარ შემორჩა „პეტრიოტის“ იმ ტიპის ანტირაკეტები, მხოლოდ რომლებსაც შეუძლიათ მეტ-ნაკლები წარმატებით ჩამოაგდონ პუტინის კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“...
ეს შემდგარი ფაქტია -უკრაინისთვის სასიცოცხლოდ უმტკივნეულესი, აგრესორი რუსეთისთვის კი საუკეთესო შანსი, უპრობლემოდ შეუტიოს კიევს ბალისტიკური რაკეტებით...
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბევრი მცდელობა, რომ ამ ზამთრისთვის ამერიკელი კოლეგისთვის რამენაირად „გამოეტყუებინა“ 300-მდე „პეტრიოტის“ ანტირაკეტა ანდა ტრამპს თუნდაც ამ ამერიკული ანტირაკეტების უკრაინაში ლიცენზიით წარმოების ნებართვა გადაეცა, უშედეგოდ დამთავრდა.
ამერიკული მხრიდან ეს უარი თითქოს იმით გამართლდა, რომ ანტირაკეტები თავად დასჭირდებათ სპარსეთის ყურეში, ირანული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების შესაძლო განახლების შემთხვევაში, ხოლო „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას პრეზიდენტი ტრამპი უფრთხის, თურმე იმ მიზეზით, რომ მომავალში ეს სხვა ქვეყანა შეიძლება აშშ-ს დაუპირისპირდეს...
არის თუ არა უარის გამამართლებელი ეს ორივე მიზეზი მხოლოდ თითიდან გამოწოვილი თუ პენტაგონსაც მართლაც დაუცარიელდა ანტირაკეტების არსენალი?! ამაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ასეთი განცხადება გააკეთა:
„...პარტნიორებმა უარი განაცხადეს უკრაინისთვის დამატებითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდებაზე…პარტნიორებმა მიწოდების შემცირების ოფიციალურ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დაასახელეს... ყოველ შემთხვევაში, ეს არის ოფიციალური მიზეზი, რომელიც მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან, ასევე, ევროპელი პარტნიორებისგან. არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები ახლო აღმოსავლეთის გარდა. შესაძლოა, ეს გარკვეულწილად პოლიტიკური ნაბიჯებიც იყოს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, უკრაინა უფრო დამთმობი გახდეს. ჩემი აზრით, ეს ფაქტორიც ნამდვილად არსებობს. გვესმის, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ: საზამთროს გამყიდველთან სამკვდრო-სასიცოცხლო „კუკუდამალობანა“ - რუსული დრონის „საბრძოლო-კომიკური“ ვიდეო
ირანულ რაკეტებს საქართველოზე გადაფრენით მართლაც უნდა დაერტყათ უკრაინაზე?!
რუსული „ავაქსები“ - პუტინის ბოლო იმედი უკრაინული დრონების დროულად აღმოსაჩენად
ანუ უკრაინის პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ღიად მიუთითა იმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი (და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ლიდერიც) შეიძლება სპეციალურად არ უგზავნიან „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს, რათა უკრაინამ ვერ მოიგერიოს რუსული ბალისტიკური რაკეტები, ამ ზამთარში შეექმნას უკიდურესად რთული სიტუაცია, უშუქოდ და გათბობის გარეშე დარჩენილი მილიონობით მაცხოვრებლის სახით, რის გამოც ოფიციალური კიევი იძულებული გახდება უფრო დამთმობი გახდეს და უსიტყვოდ დაჰყაბულდეს პუტინის დიდი ხნის „ოცნების“ ასრულებას - უკრაინული დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ნაწილის აგრესორი ქვეყნისთვის უბრძოლველად გადაცემას...
ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ მინიშნებაზე, რაც პრეზიდენტ ზელენსკის ამ განცხადებიდან გამოსჭვივის, რაც შეიძლება ახლოსაც იყოს რეალობასთან, რადგან არაპროგნოზირებადი და იმპულსური ტრამპისთვის, რომელიც მხოლოდ თავისი „ჩამოქცეული“ პოლიტიკური იმიჯის გადარჩენაზეღა ფიქრობს, მეათე ხარისხოვანია უკრაინის სახელმწიფოებრივი ინტერესები, სამაგიეროდ, მას სურს პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად ჩაიწეროს რუსეთ-უკრაინის ომის დროებით შეჩერებაში მაინც, მთავარი როლის შესრულება, თუნდაც ეს უკრაინის მხრიდან კრემლთან დიდ დათმობებზე წასვლის ხარჯად მოხდეს...
ასეთია „დიდი პოლიტიკის“ კულუარების დაუნდობელი დეტალები...