დასაღუპად განწირული - როგორ გადაარჩინა კომაროვმა გაგარინი გარდაუვალ სიკვდილს
1967 წლის 23 აპრილს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში ახალი თაობის ხომალდი "სოიუზ-1" გაუშვა, რომელსაც პოლკოვნიკი ვლადიმირ კომაროვი მართავდა. მისია ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც დიდი ტექნიკური ექსპერიმენტი,
არამედ როგორც ადამიანური თავგანწირვის სიმბოლო...
ავი წინათგრძნობა
ჯერ კიდევ გაფრენამდე კომაროვისთვის ცხადი გახდა, რომ ხომალდი მისიისთვის მზად არ იყო - მრავალრიცხოვანმა ტექნიკურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ "სოიუზ-1"-ს 200-ზე მეტი კონსტრუქციული ხარვეზი ჰქონდა. გამოცდილმა ინჟინერმა და მფრინავმა შესანიშნავად იცოდა, რას ნიშნავდა ორბიტაზე ასეთი მანქანით გასვლა... მან გაფრენამდე განაცხადა, რომ ცოცხლად დაბრუნების შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა, მიუხედავად ამისა, უარი არ უთქვამს მისიის შესრულებაზე. მეგობრები იხსენებენ, რომ ბოლო სუფრაზე, როდესაც ჭიქები ასწიეს, კომაროვმა მათ მშვიდად უთხრა: "მე ამ ფრენიდან ცოცხალი ვეღარ დავბრუნდები!".“მისი მეუღლე, ვალენტინა, შოკირებული დარჩა, როცა ვლადიმირმა სთხოვა, ქალიშვილებისთვის სიმართლე ეთქვა და მოემზადებინა იმისთვის, რის შეჩერებასაც ვერავინ შეძლებდა... პოლიტიკური მანქანა ამოქოქილი იყო - ზემდგომებს არ აინტერესებდათ ადამიანის სიცოცხლე, მათ ტრიუმფი სჭირდებოდათ. მაშინ გაჩნდა ის მტანჯველი მორალური დილემა, რის გამოც კომაროვმა საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო... მისმა დუბლიორმა (სათადარიგო პილოტი) იური გაგარინმა, მსოფლიოს პირველმა კოსმონავტმა და კომაროვის უახლოესმა მეგობარმაც იცოდა, რომ ხომალდი მკვლელი იყო. გაგარინმა სცადა კიდეც ზემდგომებისთვის კრიტიკული, მრავალგვერდიანი დასკვნის სახით ხმის მიწვდენა, მაგრამ საბჭოთა ხელმძღვანელობის ამბიციებმა, ფრენა რევოლუციის წლისთავისთვის მიეძღვნათ, პროტესტი ჩაახშო. კომაროვმა იცოდა, თუ უარს იტყოდა, მის ადგილს იური გაგარინი დაიკავებდა. იური - მისი უახლოესი მეგობარი, მსოფლიო კოსმონავტიკის სიმბოლო! და მან მიიღო გადაწყვეტილება მეგობრის გადასარჩენად. ""მე თუ არ გავფრინდები, ისინი გაგარინს გაუშვებენ და ის მოკვდება"," - უთხრა მან მეგობრებს.

უკანასკნელი საათები
1967 წლის 23 აპრილს რაკეტა აფრინდა. პრობლემები პირველივე წუთებიდან დაიწყო: ორიდან ერთ-ერთი ბატარეის მზის პანელი არ გაიშალა, რამაც ხომალდი ელექტროენერგიისა და ნავიგაციის გარეშე დატოვა. კომაროვი მარტო დარჩა უკონტროლო, ბრუნვად კაფსულაში. წარმოიდგინეთ განცდა: ხართ უსასრულო კოსმოსში, გარშემო მხოლოდ სიბნელეა, წინ კი მექანიკური მონსტრი, რომელიც ნელ-ნელა გკლავს. ამ დროს მიწიდან გამუდმებით გაძლევენ აბსურდულ მითითებებს, შენ კი იცი, რომ ეს ყველაფერი ამაო და ტყუილია. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება სრულიად უიმედო იყო, კომაროვი მთელი დღე ხომალდის ხელით მართვას ცდილობდა. ბოლომდე იბრძოდა, როგორც პროფესიონალი... 24 აპრილს ხომალდმა ატმოსფეროში შემოაღწია. სიჩქარე წარმოუდგენელი იყო, ჰაერის წნევა - გამანადგურებელი. და მაშინ დადგა კულმინაცია - მთავარი პარაშუტი არ გაიხსნა, კაფსულამ კი სარეზერვო პარაშუტი, ბრუნვის გამო, მთავართან გადახლართა. კაფსულა 140 კმ/სთ სიჩქარით მიექანებოდა დედამიწისკენ. კომაროვმა იცოდა, რომ ეს უკვე დასასრული იყო...
ზოგიერთი ჩანაწერით, გადამცემ მოწყობილობაში გაისმა მისი უკანასკნელი სიტყვები იმ სისტემის მისამართით, რომელმაც კომაროვი სასიკვდილოდ გაწირა - ეს სიტყვები ტკივილითა და იმედგაცრუებით იყო სავსე. ამასთან, ისტორიამ შეინახა მისი შეუპოვრობის მახასიათებელიც: ის ბოლო წამამდე ცდილობდა ფეხზე დამდგარიყო მანქანაში, რომელიც მისივე სამარე ხდებოდა.
ზედაპირთან შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ აფეთქებამ ცაში ცეცხლის ბურთი აისროლა...
„ინტელიგენტი“ კოსმონავტი
კომაროვი კოსმონავტთა წრეში განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობდა. თუ გაგარინი თავისი ღიმილითა და ბუნებრივი ქარიზმით საზოგადოების ფავორიტი იყო, კომაროვი გუნდში "უფროსი ძმისა" და ინტელექტუალის როლს ასრულებდა, ის კრიტიკულ სიტუაციებში პანიკაში არასდროს ვარდებოდა. კომაროვს ჰქონდა უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური განათლება, რაც გამონაკლისი იყო კოსმონავტებს შორის - პირველი თაობის კოსმონავტების უმეტესობა ძირითადად გამოცდილი სამხედრო მფრინავი იყო და მათ საშუალო საავიაციო განათლება ჰქონდათ. კომაროვი კი იყო დიპლომიანი ინჟინერი, რომელსაც საფუძვლიანად ესმოდა არა მხოლოდ თვითმფრინავებისა და რაკეტების მართვა, არამედ მათი აგებულება, ფიზიკა და კონსტრუქციული მექანიკა. ზუსტად ამიტომ იყო, რომ "სოიუზ-1"-ის ხარვეზები სხვებზე ადრე მან შენიშნა.
ის გახდა პირველი საბჭოთა კოსმონავტი, რომელმაც კოსმოსში ორჯერ იფრინა (1964 და 1967 წლებში), მათ შორის მრავალპილოტიანი ხომალდით. ის ასევე პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც კოსმოსში გაფრენის დროს დაიღუპა.
მეგობრობა იური გაგარინთან
კომაროვსა და გაგარინს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ - ერთად ვარჯიშობდნენ, ნადირობდნენ და თავისუფალ დროსაც ოჯახებით ერთად ატარებდნენ. როდესაც კომაროვი დაიღუპა, გაგარინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისთვის ეს არ იყო მხოლოდ კოლეგის დაკარგვა - კომაროვი იყო მეგობარი, რომელმაც საკუთარი თავი მის სანაცვლოდ გაიმეტა. გაგარინი წლების განმავლობაში განიცდიდა ამ ტრაგედიას და აკრიტიკებდა სისტემას. თუმცა, ვინაიდან გაგარინი საბჭოთა კავშირის მთავარი იდეოლოგიური სახე და გმირი იყო, ხელისუფლება ცდილობდა, მკაცრად გაეკონტროლებინა. მაგრამ გაგარინის სისტემისადმი პროტესტი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მისი ზედმეტად ემოციური და "დაუმორჩილებელი" განწყობები კგბ-ს ანგარიშებშიც კი მოხვდა. პარტიულმა ჩინოვნიკებმა გაგარინის დასკვნა "პანიკის დათესვად" და საბჭოთა ინჟინრების დისკრედიტაციად მიიჩნიეს, გაგარინს ამ თემაზე საუბარი აუკრძალეს და ზოგიერთ პროცესსაც ჩამოაშორეს...
ვინ გაწირა კომაროვი?
საბჭოთა იერარქიაში გადაწყვეტილებებს იღებდნენ ადამიანები, რომლებიც მთავარ პრიორიტეტად იდეოლოგიას მიიჩნევდნენ - კომუნისტური პარტიის გენმდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და პოლიტბიურო. მათთვის კოსმოსური პროგრამა აშშ-თან ცივ ომში საბჭოთა კავშირის უპირატესობის დამტკიცების მთავარი იარაღი იყო... მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ინჟინერმა იცოდა ხომალდის ხარვეზების შესახებ, ვერ ბედავდნენ ნომენკლატურისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან რეპრესიების ეშინოდათ.
1967 წელს საბჭოთა კავშირი განსაკუთრებულ თარიღს - დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 50 წლისთავს ზეიმობდა. პარტიულმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ამ საიუბილეო წელს კოსმოსში გრანდიოზული ტექნიკური ტრიუმფი ეჩვენებინა: ორი ახალი ხომალდის - "სოიუზ-1"-ისა და "სოიუზ-2"-ის მთავარი მიზანი კოსმოსში წარმატებული შეერთება (დოკინგი) და კოსმონავტების ერთი ხომალდიდან მეორეში გადასვლა იყო. ბრეჟნევმა დავალება გასცა: "ფრენა აუცილებლად უნდა შესრულდეს დაგეგმილი თარიღისთვის, მიუხედავად ყველაფრისა!.."
კომაროვის დაღუპვა იყო პოლიტიკური სისტემის უხეში ამბიციებისა და დაუნდობლობის შედეგი. მათ იცოდნენ, რომ "სოიუზ-1" მზად არ იყო გაფრენისთვის, მაგრამ თარიღები ხომ მათთვის ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი გახლდათ?!
მოკლე ბიოგრაფია
საბჭოთა კოსმონავტი, მფრინავ-გამომცდელი და ინჟინერი ვლადიმირ კომაროვი დაიბადა 1927 წლის 16 მარტს მოსკოვში. მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ორჯერ მიენიჭა (პირველად სიცოცხლეში, მეორედ - სიკვდილის შემდეგ). ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ავიაციით. სწავლობდა სპეციალურ საავიაციო სკოლაში, შემდეგ კი დაამთავრა ბატაისკის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი და ჟუკოვსკის სახელობის საავიაციო საინჟინრო აკადემია. მუშაობდა გამომცდელ მფრინავად და ტესტავდა ახალ საბრძოლო თვითმფრინავებს.
კომაროვმა კოსმოსში პირველად იმოგზაურა ხომალდით - "ვოსხოდ-1". ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც კოსმოსში მრავალკაციანი (სამკაციანი) ეკიპაჟი გაფრინდა. ფრენამ წარმატებით ჩაიარა.
მისი მეორე მისია, 1967 წელს ახალი თაობის ხომალდით "სოიუზ-1" საბედისწერო აღმოჩნდა... კომაროვმა იცოდა, რომ დაღუპვისთვის იყო განწირული.
ვლადიმირ კომაროვი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს და მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო კოსმოსური ისტორიის ფურცლებზე, როგორც უმაღლესი მამაცობის, პროფესიონალიზმისა და მეგობრული ერთგულების სიმბოლო. მისი ფერფლი დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.
ასევე დაგაინტერესებთ: ჯარისკაცი, რომელიც 29 წელი იბრძოდა, რადგან ომის დამთავრების არ სჯეროდა...
კაცი, რომელიც ორ ატომურ დაბომბვას გადაურჩა
"ომში მორალი არ არსებობს! მე მქონდა დავალება და შევასრულე!“
მეფე, რომელმაც უცხო ქვეყანა მიიტაცა და კერძო საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო
კომაროვი და თბილისი
1960-იანი წლები კოსმოსური ეპოქის ზენიტი იყო - პერიოდი, როდესაც კოსმონავტები მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდების მთავარ კერპად და შთაგონების წყაროდ იქცნენ... 1967 წლის გაზაფხულზე მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. კომაროვის გმირული დაღუპვიდან ძალიან მალე, იმავე წლის მაისში, თბილისში დაარსდა ახალი სასწავლებელი - 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, რომელსაც თითქმის მაშინვე მიენიჭა ვლადიმირ კომაროვის სახელი. ეს არ ყოფილა ფორმალური გადაწყვეტილება - თბილისში ფიზიკა-მათემატიკური მიმართულების სპეციალიზებული სკოლა იქმნებოდა, რომლის მიზანი იყო ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდა, ისინი ზუსტ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებს უნდა დაუფლებოდნენ. ვლადიმირ კომაროვის, როგორც ინჟინერ-კოსმონავტის სახელი იდეალურად პასუხობდა ამ სულისკვეთებას. მისი უდიდესი პასუხისმგებლობა, თავდადება, პროფესიონალიზმი მორალური ორიენტირი გახდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ სკოლაში უნდა აღზრდილიყვნენ. მისი სახელი იქცა მთავარ გაკვეთილად, თუ რას ნიშნავს ერთგულება მეცნიერებისა და ადამიანური პრინციპებისადმი. ახლად შექმნილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვის, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს აერთიანებდა, კომაროვის სახელის მინიჭება იყო ერთგვარი ხარკი მისი ხსოვნისადმი და ის ემოციური მუხტი, რომელიც სკოლას განსაკუთრებულ სტატუსს სძენდა.
მსოფლიო აღიარება
ამ ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა კავშირმა მკაცრად გადახედა კოსმოსური ხომალდების უსაფრთხოების სტანდარტებს. შემდეგი "სოიუზი" კოსმოსში უპილოტო რეჟიმში მრავალჯერ გამოცადეს, სანამ იქ ადამიანი ჩაჯდებოდა... მთვარეზე ცნობილ კრატერებს შორის ერთ-ერთს კომაროვის სახელი ეწოდა. ასევე, ასტეროიდთა სარტყელში აღმოჩენილ ერთ-ერთ მცირე პლანეტას მის პატივსაცემად ეწოდა - 1836 Komarov.
შორენა ბიწაძე