დგას თუ არა საქართველოს სამჯერ ჩაბნელების უკან რუსული სპეცსამსახური?! - კვირის პალიტრა

დგას თუ არა საქართველოს სამჯერ ჩაბნელების უკან რუსული სპეცსამსახური?!

დადასტურებული ფაქტია: რაც უფრო რთული და მრავალშრიანია სისტემა, რაც უფრო მრავალდონიანი სტრუქტურა აქვს, მით უფრო იოლია მისი მწყობრიდან გამოყვანა და შეცდომა/დანაშაულის დამალვა. ალბათ, მიხვდით: მხედველობაში „საქართველოს ჩაბნელების“ , ლამის აგატა კრისტის დეტექტივად ქცეული ისტორია მაქვს. რაც დრო გადის, „ჟანრის კლასიკიდან“ გამომდინარე, მდგომარეობა სულ უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება, ხოლო კითხვები უფრო მეტი ჩნდება.

საქართველოში ელექტროენერგიის პირველი გათიშვა 24 ივლისს 00.10 საათზე მოხდა, ხოლო მეორე – 25 ივლისის დილას. იმავე დღეს ანუ 25 ივლისს, უკვე 15:14 საათზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არა ერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობსო.

სუს-ი არ დაელოდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების („სემეკი“ და სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) მიერ მოკვლევის ჩატარებას, საკითხის შესწავლას და ძალიან, ძალიან სწრაფად საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. პრაქტიკაში ეს მაშინ ხდება, როდესაც საგამოძიებო ორგანოებს ხელთ დანაშაულის ჩადენის შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ. ამიტომაც 318-ე მუხლით გამოძიების დაწყების შემდეგ ლოგიკურად ვვარაუდობდით, რომ 24 და 25 ივლისის „დაბნელებები“ არა რაიმე ტექნიკური პრობლემის ან ელექტროსისტემების მრავალრიცხოვანი პერსონალის უნებლიე შეცდომის, არამედ - შინაური და გარე არაკეთილისმოსურნის შეგნებული ქმედებების შედეგი იყო. თუმცა 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ საბოტაჟის ვერსია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

სამი დღის წინ პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „ ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავებაო“.

რაც შეეხება 5 აგვისტოს საღამოს მომხდარ მესამე „ჩაბნელებას“, პრემიერის განცხადებით, ამის მიზეზი გახლდათ ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემდეგ კი ითქვა: „საბოლოო შესწავლა როგორც კი იქნება, მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას. უნდა დაველოდოთ ბოლომდე საკითხის შესწავლას, ოფიციალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ საზოგადოებას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე, როცა ბოლომდე გაირკვევა ყველაფერი, მაშინ გავუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციასო”. ანუ შეიძლება 24-25 ივლისის „ჩაბნელებები“ ქსელის ტექნიკური გაუმართაობის, ბუნებრივი პირობების ან პერსონალის უნებლიე შეცდომის გამო მოხდა? მაშინ რატომ იჩქარა სუს-მა საბოტაჟის თემის წინ წამოწევა?

ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი ოპერატორის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 5 აგვისტოს, საღამოს, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, რბილად რომ ვთქვა, უპასუხისმგებლობის ნიმუში იყო: „24-25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით, აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვიაო“. თავად განსაჯეთ, თუ კი ამ „გარკვეული სამუშაოების“ დროს არსებობდა მთელი სისტემის გამორთვის ერთი პროცენტის შანსი მაინც, ხომ უნდა გაეფრთხილებინათ მოსახლეობა, სატრანსპორტო და კომუნალური სამსახურები?

დღეს საქართველოს ენერგოსისტემა ძალზე რთული (შეიძლება იფიქრო, რომ ხელოვნურად გართულებულიც, რის გამოც ხშირად ძალზე ძნელი ხდება პრობლემის სათავის პოვნა) სტრატეგიული დარგია, სადაც ორი მთავარი „მოთამაშეა“: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგო“ . მათ შესახებ მხოლოდ ძირითად ინფორმაციას გაგაცნობთ.

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (შემდგომ სსე) აქციათა 100%-ის მფლობელი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა“, ხოლო მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სსე-ს საქმიანობას არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია („სემეკი“).

picture3-1786437314.jpg

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა.

ამჟამად სსე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3419,68 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 43 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 3 რეგიონული ფილიალი (აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის რეგიონული ქსელები). სსე ასევე მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო, ქარის და მზის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.

სსე-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების დაგეგმვა და კოორდინაცია; ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება (საერთაშორისო და შიდაელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა); ელექტროგადამცემი ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა.

კომპანია ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებას - ელექტროენერგიის გადაცემას ჰიდრო, თბო, ქარის და მზის ელექტროსადგურებიდან, განაწილების ლიცენზიატებამდე, ელექტროენერგიის მიმწოდებლებამდე (,,თელმიკო“, „ენერგო პრო ჯორჯია მიწოდება“) და პირდაპირ მომხმარებლებამდე (მსხვილი საწარმოები). გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიები ელექტროენერგიას აწვდიან საბოლოო მომხმარებელს, ხოლო პირდაპირი მომხმარებლები მოიხმარენ საკუთარი მიზნებისთვის. კომპანია ასევე ახორციელებს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში და ასევე, წარმოადგენს მეზობელი ქვეყნიდან მეზობელ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტრანზიტად გადამცემ ერთადერთ ტექნიკურ შემსრულებელს.

“საქრუსენერგო“ 1996 წლის 27 მაისს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ (РАО ЕЭС Россия-ს) შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე. „საქრუსენერგოს“ აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რომლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის მხრიდან - საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»), რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%.

2021 წლის 4 იანვარს სსე-სა და „საქრუსენერგოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემის თაობაზე“ , რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სსე-ზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან (ანუ 2021 წლის 1 ივლისიდან). “საქრუსენერგო” ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს (ეგხ), მათ შორის სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „კავკასიონს”, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „მუხრანის ველს” და 330 კვ ეგხ „გარდაბანს” , საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ეგხ „აჭარას” . ასევე, შიდასასისტემო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს”, „ქართლი-1”-ს , „ქართლი-2”-ს , „მუხრანს” , და „ასურეთს“ .

“საქრუსენერგოს” საქმიანობის ძირითად ამოცანად და მიზნად ოფიციალურად გაცხადებული აქვს: საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და უსაფრთხო ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემა, მათ შორის - ტრანზიტული გადაცემის უზრუნველყოფა; მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეწყობა. ქვემოთ ნაჩვენებია, თუ როგორ „მოძრაობს“ ელექტროენერგია გენერაციიდან - ჩვენს სახლამდე.

picture2-1786437314.jpg

კრიტიკული წერტილები, სადაც შეიძლება, გათიშვა შემდეგია:

1. გენერაცია (ჰესი/თბოსადგური)

2. 500 kV ხაზები

3. საკვანძო ქვესადგურები (ქსანი, გარდაბანი)

4. უბნის ტრანსფორმატორი

ერთი წერტილის დაზიანებამ შეიძლება მთელი ქალაქი ან რეგიონი გამორთოს. ეს ნათელია, მაგრამ რამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი ქვეყნის რამდენიმე საათით ჩაბნელება? ამ დროს ელექტროენერგიის მასშტაბური და მრავალჯერადი გათიშვის მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ჩვენ ვენდოთ ქვეყნის მთავარ სპეცსამსახურს და სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით (საბოტაჟი) გამოძიების კლასიკური მოდელი ავაგოთ.

I. საწყისი ეტაპი - ფაქტის დაფიქსირება

ინციდენტის დრო, მასშტაბი და გეოგრაფია

რომელი ქვესადგურები/ხაზები გამოირთო

რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები

აქ მთავარი მიზანია მოვლენების ქრონოლოგიის ზუსტი აღდგენა

II. პირველადი ვერსია/ჰიპოთეზები

გამოძიება პარალელურად ამოწმებს რამდენიმე ვერსიას:

ტექნიკური ავარია

ოპერატორის შეცდომა

ბუნებრივი ფაქტორი (ამინდი, ზვავი და სხვ.)

კიბერშეტევა

განზრახ ფიზიკური ზემოქმედება (საბოტაჟი)

318-ე მუხლი აქტუალური მაშინ ხდება, როცა იკვეთება განზრახ ქმედების ნიშნები. ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს: განზრახ ფიზიკური ზემოქმედება (საბოტაჟი) და კიბერშეტევა ენერგეტიკულ სისტემაზე.

III. ენერგოსისტემის ტექნიკური ანალიზი

რა ბრძანებები გაიცა და როდის?!

იყო თუ არა არასტანდარტული ოპერაციები?!

მოხდა თუ არა ერთდროული გათიშვები კოორდინირებულად?!

ქსელის პარამეტრები;

დატვირთვის ცვლილებები;

ძაბვის/სიხშირის რყევები;

დაცვის სისტემების ამოქმედება;

ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ზუსტდება, ელექტროენერგიის გათიშვა ბუნებრივად განვითარდა თუ ხელოვნურად იყო გამოწვეული!

IV. კიბერუსაფრთხოების შემოწმება

არაავტორიზებული წვდომის მცდელობები

უცხო IP-ები ან VPN აქტივობა

მავნე ვირუსის კვალი, ოპერატორთა ანგარიშების გამოყენება ატიპურ დროს, მიზანი: დადგინდეს, გაიცა თუ არა ბრძანებები გარექსელებიდან

V. ადამიანური ფაქტორის ანალიზი

დისპეტჩერებისა და ინჟინრების დაკითხვავ, ვინ იყო მორიგეობაზე?!

განხორციელებული ქმედებების შესაბამისობა;

ინსტრუქციებთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პერსონალის ქცევას:

უჩვეულო ქმედებებს;

წვდომის ბოროტად გამოყენებას;

სხვდასხვა ენერგოსისტემის თანამშროლთა თანამონაწილეობას.

VI. ინფრასტრუქტურის ფიზიკური დათვალიერება

ქვესადგურების და ხაზების ინსპექტირება;

დაზიანების ტიპის შეფასება;

გარეჩარევის კვალის დადგენა. ამ ეტაპზე უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ფიზიკური საბოტაჟი.

VII. კოორდინირებული ქმედების ნიშნები

გამოძიება ეძებს:

ერთდროულ ინციდენტებს სხვადასხვა რეგიონში;

სინქრონიზებულ ოპერაციებს;

წინასწარ დაგეგმილ სქემას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ჯგუფური საბოტაჟის არსებობის დასადგენად.

VIII. მოტივისა და კავშირის დადგენა

თუ საბოტაჟის ნიშნები დადასტურდა:

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული?!

არსებობს თუ არა კავშირი სხვა მოვლენებთან?!

ფინანსური, პოლიტიკური ან სხვა მოტივი.

IX. სამართლებრივი შეფასება

საქმე კვალიფიცირდება 318-ე მუხლით, როცა დადგინდება, რომ:

ქმედება იყო წინასწარგანზრახული და მიზანმიმართული;

მიზანი - სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაზიანება;

შედეგი - ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოშლა/დაზიანება.

ასევე დაგაინტერესებთ: ედუარდ შევარდნაძის სკანდალური საჩუქარი პუტინს და რუსეთის პრეზიდენტის მუქარა, რომელიც 6 წლის შემდეგ აასრულა

საიდუმლო სამსახურის აგენტმა ერთი მეტრიდან თავდამსხმელს ხუთჯერ ესროლა და ხუთჯერვე ააცილა ანუ რას გადაურჩა ტრამპი 2026 წლის 25 აპრილს, სასტუმრო Washington Hilton-ში

ნადირობა რონალდ რეიგანზე: როგორ გადაარჩინა ამერიკის პრეზიდენტი თავდამსხმელის სიძუნწემ

საიდუმლო სამსახურის დილემა ანუ ვინ და როგორ იცავს დონალდ ტრამპს?!

ალბათ გახსოვთ: РАО «ЕЭС Россия“ („გაზპრომთან“ ერთად) რუსეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი და „დემოკრატი“ ანატოლი ჩუბაისის მიერ შემუშავებული „ლიბერალური ეკონომიკური ექსპანსიის“ მთავარი იარაღი იყო. თავად ანატოლი ჩუბაისი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ამ სახელმწიფო კორპორაციას. ის იყო რუსეთის ხელისუფლების იმ იდეურ-სტრატეგიული ხედვის არქიტექტორი,

picture1-1786437313.png

ანატოლი ჩუბაისი 2022 წლის 23 მარტს რუსეთიდან გაიქცა

რომელიც ეკონომიკას იყენებდა, როგორც გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტს. მისი კონცეფცია გულისხმობდა არა სამხედრო ან პირდაპირ პოლიტიკურ ექსპანსიას, არამედ - ეკონომიკური ბერკეტების - კაპიტალის, ენერგეტიკის, პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის, ინვესტიციების, კორპორატიული ქსელების - გამოყენებას პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნება/გაფართოებისათვის. ამიტომაც იყო, რომ 1990-იანი წლების ბოლოდან, რუსეთის შენიღბული გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროცესში კერძო ბიზნესი (რეალურად კი „კრემლის“ ფარული გეოპოლიტიკური აგენტები) და სახელმწიფო ერთად მოქმედებდნენ. ეკონომიკური დამოკიდებულება შემდეგ გრძელვადიან პოლიტიკურ გავლენა/ დამოკიდებულებაში გადაიზრდება.

РАО «ЕЭС Россия“-ის სახელწოდების ПАО «ФСК ЕЭС» -ად შეცვლას, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიალისტური მიზან/გეგმები არ შეუცვლია. მგელი მგლობას არ დაიშლის, რაც უნდა ცხვრის ქურქით შეინიღბოს.

ენერგეტიკა ურთულესი საკითხია და მაქსიმალური ობიექტურობისთვის ამ დარგის რამდენიმე გამოცდილ სპეციალისტს შევხვდი. მათი აზრით, დღეს რუსეთს გააჩნია პოტენციური შანტაჟის ბერკეტები: გადამცემი ხაზების დატვირთვის გადანაწილება; ხაზების რემონტის დროის შერჩევა; ავარიის დროს სარეზერვო სიმძლავრის მართვა და ა.შ. ასევე, ძალზე პრობლემურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგანაც სხვა ქვეყნების არა ერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები კიბეროპერაციებს (მათ შორის: დისტანციური ზემოქმედება ქსელზე; მონაცემთა მანიპულაცია და ა.შ.) ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებისთვის.

დასასრულს კი: რატომ არის ენერგოსისტემა სპეცსამსახურების სამიზნე? -იმიტომ, რომ ენერგეტიკა არის ის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ეკონომიკის საფუძველი და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია. ელექტროენერგიის გათიშვა იწვევს: ეკონომიკურ ზარალს; სოციალურ დაძაბულობასა და ნდობის დაკარგვას ხელისუფლების მიმართ. ელექტროენერგიის ყველა გათიშვა არ არის საბოტაჟი, თუმცა ყველა საეჭვო გარემოება ბოლომდე უნდა გაირკვეს.

პ.ს. 2022 წლის 23 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ანატოლი ჩუბაისმა მეუღლესთან ერთად რუსეთი მოულოდნელად დატოვა. მანამდე ის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. პუტინმა ჩუბაისი 2022 წლის 25 მარტს გაათავისუფლა. ჩუბაისი თავდაპირველად თურქეთში გაემგზავრა. შემდგომში ის იტალიაში, ლატვიასა და ისრაელში ნახეს. 2023 წლის 12 სექტემბერს პუტინმა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩუბაისი რატომღაც გაიქცა რუსეთიდან და საზღვარგარეთ იმალება: „ მაჩვენეს ფოტო, სადაც ის აღარ არის ანატოლი ბორისის ძე ჩუბაისი, არამედ მოიშა იზრაილევიჩია, რომელიც სადღაც იქ ცხოვრობს. რატომ აკეთებს ამას, არ მესმისო“, - ირონიულად დასძინა მაშინ პუტინმა. ანატოლი ჩუბაისს დიდი დამსახურება აქვს პუტინის რეჟიმის შექმნა/განმტკიცებაში. ახლა კი რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ქონება დაყადაღებულია. არ არის გამორიცხული, ის უკვე კილერის სამიზნეც იყვეს. ასეა, ტოლიკ: არ უნდა ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!