ამერიკელი საზღვაო ქვეითის შურისძიება რუსებზე - რუსული ციხიდან უკრაინის ფრონტზე
უცნაური ხალხია ეს ამერიკელები: რიგითი მოქალაქეებიც და პრეზიდენტებიც. მართლაც, რომ არ ასვენებთ გამჩენი. აბა, სხვა რა შეიძლება ითქვას სხვადასხვა პროფესიის ამერიკელების ძალზე გახშირებულ ვიზიტებზე „დემოკრატიულ რუსეთში“, სადაც ისინი შემდეგ ადგილობრივი სპეცსამსახურების პროვოკაციის მსხვერპლნი ხდებიან, წლობით „ხეხენ“ რუსეთის ციხე-კოლონიებს და შემდეგ მათი „კრემლის კლანჭებიდან“ გამოხსნა აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტის წინასაარჩვენო დაპირებებშიც შეიძლება მოხვდეს.
ამჟამად ჯერ კიდევ არაა გასაჯაროებული ოფიციალური ინფორმაცია, თუ 2000 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის რამდენი მოქალაქე იყო რუსეთში სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულ-გასამართლებული და შემდეგ გათავისუფლებული ან გაცვლილი.
ერთი კი ნათელია: რუსეთში ტურისტული, ოჯახური თუ ბიზნესმიზნებით მყოფი აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქე რუსეთის საზღვრის გადაკვეთამდე, ჯერ კიდევ ვიზის მისაღებად, საკონსულოებში შესაბამისი დოკუმენტების გაგზავნის დღიდან ხდებიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე) საგულდაგულო შესწავლა/ანალიზის ობიექტები და მათ მიმართ პერსონალური „მინისპეცოპერაციები“ ადრევე იგეგმება. ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის ეს მეთოდი რუსეთის სპეცსამსახურებმა კა-გე-ბესგან მემკვიდრეობით მიიღეს.
საბჭოთა კონტრდაზვერვას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდა: ბევრი, გადაბირებისთვის „გემრიელი ლუკმა“ - უცხოელი (პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეცნიერები, ჟურნალისტები და სხვ.) საბჭოთა კავშირში შედარებით მცირე ხნით ჩამოდიოდა და მათი შესწავლისა და მათთან კონტაქტის დამყარებისთვის საკმარისი დრო არ რჩებოდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოელების შესწავლა-დაშანტაჟება-გადაბირებისთვის კა-გე-ბე ხშირად მიმართავდა რთულ და მრავალსვლიან „ოპერატიულ კომბინაციებს“, რომელთა განხორციელება საკმაო დროს მოითხოვდა. ამიტომ საზღვარგარეთ არსებული კა-გე-ბეს რეზიდენტურები წინასწარ აგზავნიდნენ მაქსიმალურად დაწვრილებით ინფორმაციასა და „ფსიქოლოგიურ პორტრეტებს“ იმ „საინტერესო“ უცხოელების შესახებ, რომლებიც საბჭოთა კავშირში ჩასვლას გეგმავდნენ.
შესწავლა იწყებოდა საბჭოთა საელჩოს საკონსულო განყოფილებაში ვიზის მისაღებად, განაცხადის შეტანის მომენტიდან. სწორედ ამ მიზნით იყო საბჭოთა საკონსულოები დაზვერვის ოფიცრებით დაკომპლექტებული. ასე რომ, გადაბირება/დაშანტაჟების კანდიდატი უცხოელის შესწავლა ჯერ კიდევ ადგილზე, მის სამშობლოში იწყებოდა. კა-გე-ბე ამ უცხოელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობის, ასევე, პირადი ინტერეს-გატაცებების შესწავლის მიზნით, მის გარემოცვაში აგენტურას „ნერგავდა“. ხშირად ამ დავალებას საბჭოთა კავშირიდან წასული ემიგრანტები და რეჟიმს „გაქცეული დისიდენტები“ ასრულებდნენ. საბჭოთა დაზვერვის განსაკუთრებულ ინტერესს ის უცხოელები იწვევდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ საბჭოთა კავშირში ეკონომიკური პროექტების განხორციელებით და რომელთაც თავის ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები ჰქონდათ ან პერსპექტივაში ექნებოდათ. კა-გე-ბეს ოპერატიული დაინტერესებისა და შესწავლის ობიექტები რიგითი ამერიკელი - ინჟინრები და პატარა ფირმების მფლობელები, ასევე, სტუდენტები და ტურისტებიც კი იყვნენ (ამის შესახებ საკმაოდ ბევრი კა-გე-ბეს საარქივო მასალა არსებობს), რომლებიც საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდნენ. ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა სსრკ-ის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტატუსით ოფიციალურად შემოსული უცხოელების ფსიქოლოგიურ შესწავლას.
ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთში ჩასული „საინტერესო უცხოელები“ უკვე თავიდანვე განიხილებდნენ ერთგვარი მძევლების როლში და მათ სხვადასხვა პროვოკაციებს უწყობდნენ, აპატიმრებდნენ და შემდეგ რუსეთის ციხე-კოლონიებში გამოამწყვევდნენ. ამის შემდეგ ისინი უკვე პოლიტიკური მძევლები და პატიმრების გაცვლის ობიექტები ხდებოდნენ. დღესაც ასეა და „ამერიკელთა საოცარი თავგადასავალი რუსეთში“ კვლავ გრძელდება.
2026 წლის 11 აგვისტოს დასრულდა აშშ-ის მოქალაქის, 32 წლის რობერტ გილმანის პატიმრობისა და გათავისუფლების ოთხწლიანი ეპოპეა. მას, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალზე საინტერესო ბიოგრაფია აქვს, თუმცა რობერტ გილმანის „საოცარი თავგადასავლის“ შესახებ შემდეგ ვისაუბრებ, მანამდე კი პუტინის კიდევ ერთი „პოლიტიკური მძევლის“, ასევე ამერიკელი ტრევორ რიდის ისტორია მინდა, გავიხსენო. ჩემი აზრით, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული კლასიკური სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც აშშ-ის მოქალაქის რუსეთში შემოტყუება/კომპრომეტირება/დაპატიმრება, განსაკუთრებით მკაცრი განაჩენის გამოტანა და მძევლად აყვანა გახლდათ. ტრევორ რიდი 1991 წელს დაიბადა ტეხასში (აშშ). მან თავიდანვე სამხედრო კარიერა აირჩია და რამდენიმე წელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ ის ავღანეთში კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

ტრევორ რიდი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გვერდით, კემპ-დევიდის რეზიდენციაში მცველად მსახურობის დროს.
ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ტრევორ რიდმა ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. ხომ იცით სტუდენტების ონავრობის ამბავი? - არც ტრევორი იყო გამონაკლისი და 2019 წლის დასაწყისში მან ონლაინგაცნობის პლატფორმა Tinder-ზე (უნდა ითქვას, რომ ამ პლატფორმას ძალზე ხშირად იყენებენ სპეცსამსახურები) ახალგაზრდა რუსი ქალი, მოსკოველი ალინა ციბულნიკი გაიცნო. რამდენიმეთვიანი ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ ალინამ ტრევორი მოსკოვში მიიწვია. ისიც 2019 წლის მაისში მოსკოვში ჩაფრინდა, რუსი ვირტუალური შეყვარებულის მოსანახულებლად. 2019 წლის 16 აგვისტოს ტრევორი, რომელიც მალე სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, და - ალინა, სტუმრად იყვნენ მოსკოვში ალინას მეგობრებთან. შემდეგ განვითარებული მოვლენები კა-გე-ბე/ეფ-ეს-ბეს კარგად აპრობირებული მეთოდიკით წარიმართა.

ტრევორი და ალინა: ამერიკელი ჯერ კარგ ხასიათზე, თუმცა. . .
შევეცდები მომხდარის კონსტრუირებას: ტრევორ რიდს სასმელში სპეცპრეპარატი ჩაუყარეს, რის შედეგაც ის თავს ვეღარ აკონტროლებდა. „მთვრალი“ ტრევორის „პატრონობა“ და სახლში წაყვანა ალინამ და მისმა მეგობარმა გოგონამ ითავეს. შემდეგ ალინა ციბულნიკმა გამოძიებას ამგვარი ჩვენება მისცა: ტრევორი უმართავი გახდა და იძულებულნი გავხდით, პოლიცია გამოგვეძახებინაო. ტრევორ რიდს ბრალი წაუყენეს „სახელმწიფო მოხელეების მიმართ ძალადობის გამოყენებაში“ – ვითომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რიდი ორ პოლიციელ დაესხა თავს. ამერიკელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ „რთული“ საქმის გამოძიება თითქმის ერთ წელს (!) გაგრძელდა და 2020 წლის 20 ივლისს მოსკოვის სასამართლომ რიდი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თანამდებობის პირის მიმართ ძალადობის გამოყენება) და მას 9 წლით (!!!) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მორდოვაში მდებარე საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ტრევორ რიდის „სასამართლო პროცესი“ მოსკოვში, 2020 წლის 30 ივლისი.
რუსეთის ხელისუფლების რეალური მიზანი ტრევორ რიდის მძევლად აყვანა და აშშ-ში პატიმრობაში მყოფ რუს პილოტში გაცვლა იყო. 2010 წლის 28 მაისს ლიბერიაში აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოსა და ადგილობრივი პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში, დიდი რაოდენობით კოკაინის ტრანსპორტირების მომზადების ბრალდებით დააკავეს რუსი პილოტი კონსტანტინ იაროშენკო. იგი შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს და 2011 წლის 7 სექტემბერს სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე დაგაინტერესებთ: დგას თუ არა საქართველოს სამჯერ ჩაბნელების უკან რუსული სპეცსამსახური?!
ნადირობა რონალდ რეიგანზე: როგორ გადაარჩინა ამერიკის პრეზიდენტი თავდამსხმელის სიძუნწემ
პატიმრების გაცვლა 2022 წლის 27 აპრილს თურქეთში, ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა: ამერიკული და რუსული თვითმფრინავები გვერდიგვერდ გაჩერდნენ და ორი პატიმარი, ტრევორ რიდი და კონსტანტინ იაროშენკო, ერთდროულად გაემართნენ თავისუფლებისკენ.

კონსტანტინ იაროშენკო
მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან სამი თვის წინ დაიწყო მოლაპარაკებები ტრევორ რიდის გაცვლის შესახებ. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მიაღწია მან ამერიკელის გათავისუფლებას, ბაიდენმა უპასუხა: „მე ეს გავაკეთე“. მას არც რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი ჩამორჩა, რომელმაც ჯერ მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს ამ გაცვლაში დახმარებისთვის, შემდეგ კი პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ყველა რუსის გასათავისუფლებლად, რომელიც ამერიკული სადამსჯელო მართლმსაჯულების სისტემას ჰყავს უსამართლოდ გამომწყვდეულიო. პუტინს რომ სცოდნოდა, თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომ მოვლენები, ვფიქრობ ტრევორ რიდს არასდროს გაუშვებდა.
სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის მაისის დასაწყისში, ტრევორ რიდი კიევში ჩავიდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. 2023 წლის ივლისში „თეთრმა სახლმა“ განაცხადა, რომ რიდი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით იმყოფება და არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ინტერესებსო. 2023 წლის ზაფხულის ბოლოს, რუსული პოზიციების წარმატებული შტურმის შემდეგ, ტრევორ რიდი ნაღმზე აფეთქდა, შემდეგ კი უკრაინასა და გერმანიაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი ფეხის გადარჩენა მოახერხეს.

ტრევორ რიდი უკრაინის დასახმარებლად იბრძოდა
2024 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის მასმედიამ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: ამერიკელ დაქირავებულ მებრძოლ ტრევორ რიდს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძვის, სასამართლომ დაუსწრებლად 14,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებულიო. ტრევორ რიდის პასუხმაც არ დააყოვნა.

2026 წლის 27 იანვარს გამოიცა ტრევორ რიდის წიგნი „შურისძიება: ამერიკელი საზღვაო ქვეითის ბრძოლა სამართლიანობისთვის, რუსული გულაგიდან უკრაინის ფრონტის ხაზამდე“, სადაც ის აღწერს რა უმიზეზოდ დაკავებას და რუსეთის ციხეში გატარებულ უმძიმეს წლებს, წერს: თავდაპირველად უკრაინაში ჩემი გამგზავრების მიზანი რუსეთზე შურისძიება იყო, თუმცა შემდეგ ჩემი წარმოდგენა შურისძიებაზე შეიცვალა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც რუსებმა გამიკეთეს, მე მივხვდი, რომ ყველაზე დიდი შურისძიება გადარჩენა და თავისუფლებაა.(პირველი ნაწილის დასასრული)