41-ე მოედანი - საბჭოთა კოსმოსური პროგრამის კრახი - კვირის პალიტრა

41-ე მოედანი - საბჭოთა კოსმოსური პროგრამის კრახი

1960 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მძიმე ტექნოლოგიური კატასტროფა მოხდა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით,120-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიას, რომელიც ბაიკონურის კოსმოსურ პოლიგონზე დატრიალდა, სახელი არტილერიის მთავარი მარშლის, სტრატეგიული სარაკეტო ძალების მთავარსარდლის, მიტროფან ნედელინის პატივსაცემად ეწოდა. თავად მარშალიც იმავე დღეს, იმავე ცეცხლოვან ჯოჯოხეთში დაიღუპა.

კატასტროფის წინაპირობა და პოლიტიკური ზეწოლა

1960-იანი წლების დასაწყისში სსრკ-სა და აშშ-ს შორის მწვავე "ცივი ომისა" და კოსმოსური რბოლის პერიოდი იდგა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ, ნიკიტა ხრუშჩოვის მეთაურობით, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება განიზრახა. სწორედ ამ მიზნით, კოსმოსურ პოლიგონზე აქტიურად მიმდინარეობდა ახალი, სტრატეგიული დანიშნულების ორსაფეხურიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის R-16-ის შემოწმება. რაკეტა ტექნიკურად რთული იყო: მუშაობდა ტოქსიკურ და ძალზე აალებად საწვავ კომპონენტებზე: არასიმეტრიულ დიმეთილჰიდრაზინზე (ე.წ. "გიპტილზე") და მჟანგავად გამოყენებულ აზოტის ტეტრაოქსიდზე.

გამოცდის თარიღად სიმბოლური დღე - ოქტომბრის რევოლუციის მოახლოებული დღესასწაული შეირჩა. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მკაცრი მოთხოვნა წამოაყენა: რაკეტა კოსმოსში სასწრაფოდ უნდა გაშვებულიყო. ამ უკიდურესმა აჩქარებამ კი ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა გამოიწვია.

ფატალური შეცდომები

გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, რაკეტის მომზადების პროცესში, მრავალი სერიოზული ტექნიკური ხარვეზი დაფიქ­სირდა - გაუმართაობა ელექტრული სქემებისა და ავტომატიკის სისტემებში. იმის ნაცვლად, რომ რაკეტა სრული დიაგნოსტიკისთვის გასაშვები მოედნიდან უსაფრთხო ანგარში გადაეტანათ, ინჟინრებს რისკიანი ნაბიჯის გადადგმა აიძულეს - მათ სამუშაოების ჩატარება პირდაპირ საწვავით სრულად დატვირთულ რაკეტაზე მოუწიათ.

გაშვების 41-ე მოედანზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი. პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიშით, დაირღვა ტექნიკური რეგლამენტი: სტარტის ზონაში იმყოფებოდა არა მხოლოდ ტექნიკური პერსონალი, არამედ მრავალი მაღალი რანგის ოფიცერი, მთავარი კონსტრუქტორები, ინჟინრები, ტექნიკოსები და სამხედროები - ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი. თავად მარშალი ნედელინი სტარტის ადგილიდან სულ რაღაც 15-20 მეტრში, სპეციალურად მოწყობილ ღია მაგიდასთან იჯდა, რათა პროცესისთვის თვალი პირადად ედევნებინა.

ადგილობრივი დროით საღამოს 19:45 საათზე ავტომატიკის ბლოკზე ფატალური შეცდომა დაფიქსირდა - მეორე საფეხურის ძრავის მართვის ელექტრული სქემები სპონტანურად ჩაირთო. რადგან რაკეტის პირველი საფეხური უკვე მზადყოფნაში იყო, მეორე საფეხურის ძრავის ცეცხლმა პირდაპირ ქვედა საფეხურის საწვავის ავზები გახვრიტა. ძლიერმა ტოქსიკურმა საწვავმა და მჟანგავმა წამებში ფეთქებადი ნარევი შექმნა და კოლოსალური ძალის აფეთქება მოხდა...

ჯოჯოხეთი მოედანზე

აფეთქებამ მყისიერად შთანთქა მთელი სასტარტო კომპლექსი. წარმოიქმნა რამდენიმე ცეცხლოვანი სვეტი, რომელმაც წამებში გაანადგურა ირგვლივ მყოფი ადამიანები. ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგიერთი ლითონის კონსტრუქცია და ადამიანის სხეული დადნა, დაიწვა და ფერფლად იქცა.

ათეული წლების შემდეგ გასაჯაროებული საარქივო მასალების მიხედვით, ცნობილი გახდა, როგორ აღწერდნენ შემზარავ სცენას თვითმხილველები: ცეცხლში გახვეული ადამიანები რაკეტიდან ხტებოდნენ. ისინი კი, ვინც მიწაზე იმყოფებოდა, ცდილობდნენ გადაელახათ მოედნის გარშემო შემოვლებული ღობე და ახალდაგებული გუდრონი, რომელიც მათ ფეხქვეშ დნებოდა. ზოგიერთს სხვა გზა არ ჰქონდა და სასტარტო კომპლექსის გარშემო ამოთხრილ ჭებში ხტებოდა, სადაც აფეთქების შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური საწვავის ორთქლით იგუდებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ძლიერი აფეთქებები დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანძარი ორი საათი მძვინვარებდა. სინათლის ციმციმი მოედნიდან 50 კილომეტრის მოშორებითაც კი შეინიშნებოდა, მათ შორის პოლიგონის მთავარ საცხოვრებელ უბანში. მარშალი ნედელინი და რაკეტის მთავარი კონსტრუქტორის მოადგილე კონსტანტინ ბარმინი ადგილზე დაიღუპნენ. თავად მთავარი კონსტრუქტორი მიხაილ იანგელი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსაწევად ბუნკერში გავიდა...

როდესაც გადარჩენილები ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, ოფიციალური პირები უარს ამბობდნენ, ექიმებისთვის ეთქ­ვათ, რა სახის ქიმიკატით მოიწამლნენ ეს ადამიანები. მხოლოდ მედპერსონალის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გასცეს სამხედროებმა პაციენტთა სამკურნალოდ საჭირო ინფორმაცია... გადარჩენილთა შორის იყო პოლიგონის უფროსი გენერალი გერჩიკიც, რომელიც საავადმყოფოში მე-3 ხარისხის დამწვრობებით მიიყვანეს. როგორც მოგონებებში იხსენებს, აფეთქების მომენტში ის ზუსტად რაკეტასთან იდგა და გაჟონვასთან დაკავშირებულ ვითარებას ამოწმებდა. გერჩიკი ამტკიცებს, რომ ქარის ძლიერმა ტალღამ ცეცხლი მისგან შორს გადაისროლა და ასე გადარჩა.

49 გადარჩენილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, მათგან 16 რამდენიმე თვის განმავლობაში გარდაიცვალა...

მკაცრი კონსპირაცია

ამ ამბის შეტყობისთანავე საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მომავალ ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევს დაავალა, მომხდარის გამოსაძიებლად ექსპერტთა ჯგუფთან ერთად დაუყოვნებლივ ადგილზე გამგზავრებულიყო. კომისიის თვითმფრინავი ბაიკონურის პოლიგონთან 25 ოქტომბრის დილით დაეშვა. მსხვერპლთა სხეულები, რომელთა უმეტესობა ისე იყო დამწვარი, ამოცნობას შეუძლებელს ხდიდა, იდენტიფიცირებისთვის სპეციალურ თავშესაფარში გადაასვენეს.

რუსულ წყაროებში ღ-16-ის ავარიის დროს დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე აზრი იყოფა. სახელმწიფო კომისიის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სასტარტო მოედანზე დაიღუპა 74 ადამიანი (57 სამხედრო და 17 სამოქალაქო პირი), ხოლო 49 დაშავდა. კიდევ 16 ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 90-მდე გაიზარდა. თუმცა, მსხვერპლთა სიის წარდგენის შემდეგ, 41-ე მოედნის პერიმეტრს გარეთ კიდევ ორი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს...

საბჭოთა ხელმძღვანელობამ სამხედრო პერსონალს დაღუპულთა გულისამაჩუყებელი დაკრძალვა უჩვენა. 84 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკრძალეს საერთო საფლავში, იმ ადგილას, რომელიც დღეს "ჯარისკაცების პარკის" სახელითაა ცნობილი. ზოგიერთის ცხედარი კი ინდივიდუალური დაკრძალვისთვის მშობლიურ ქალაქებში გაიგზავნა.

საბჭოთა ხელისუფლებისთვის ამ მასშტაბის ტრაგედიის საჯაროდ აღიარება წარმოუდგენელი იყო. ქვეყანაში მყისიერად ამოქმედდა მკაცრი ცენზურისა და გასაიდუ­მლოების რეჟიმი. ოჯახებს, რომელთა წევრებიც ავბედით 41-ე მოედანზე განადგურდნენ, უბრძანეს, მათი დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად დაესახელებინათ "ავიაკატასტროფა" ან "უბედური შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს". ამ საშინელი კატასტროფის შესახებ სიმართლე ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა. ის მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1989-1990 წლებში გახდა საჯარო, როდესაც მედიამ და მკვლევარებმა საარქივო მასალებზე წვდომის უფლება პირველად მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ: დასაღუპად განწირული - როგორ გადაარჩინა კომაროვმა გაგარინი გარდაუვალ სიკვდილს

ჯარისკაცი, რომელიც 29 წელი იბრძოდა, რადგან ომის დამთავრების არ სჯეროდა...

კაცი, რომელიც ორ ატომურ დაბომბვას გადაურჩა

"ომში მორალი არ არსებობს! მე მქონდა დავალება და შევასრულე!“

დასკვნა

ოფიციალური სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა და საბჭოთა კავშირის მომავალმა ლიდერმა ბრეჟნევმა სამხედრო პერსონალთან საუბრისას განაცხადა, რომ კომისიას არავის დასჯის განზრახვა არ ჰქონდა. "ყველა დამნაშავე უკვე დასჯილია",- თქვა მან. კომისიამ დაასკვნა, რომ საცდელი ჯგუფის ხელმძღვანელობა რაკეტის მუშაობის საიმედოობაში ზედმეტად იყო დარწმუნებული, რამაც ღრმა ანალიზის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობა.

სხვა რეკომენდაციებთან ერთად, კომისიამ გასცა მითითება, რომ ჩატარებულიყო R-16 რაკეტის ფრენის მართვის სისტემის დამატებითი ტესტირება, ხელახლა შეფასებულიყო გაშვებამდელი სამუშაოების თანმიმდევრობა და გაუმჯობესებულიყო უსაფრთხოების ზომები. კომისიამ ასევე გასცა რეკომენდაცია, 10-15 დღის განმავლობაში აღდგენილიყო დაზიანებული სასტარტო მოედანი და დასრულებულიყო რაკეტა R-16-ის მეორე სასტარტო კომპლექსის მშენებლობა, რათა სატესტო პროგრამა 1960 წლის ნოემბერშივე განახლებულიყო!

შორენა ბიწაძე