"მძევლების დიპლომატია": პუტინის ნადირობა ამერიკელებზე და ბარაკ ობამას საბედისწერო შეცდომა
დიდი პოლიტიკა ცინიკური რომ არის, კარგადაა ცნობილი. ამ პროცესში რიგითი ადამიანები ჭადრაკის ფიგურებივით (უმეტესად პაიკის როლში) ვართ: "სახელმწიფოს ინტერესებს" თუ დასჭირდა, ადამიანის ბედი გადაწყვეტილია. ამჟამად პატიმართა გაცვლა გახდა ეროვნული უსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო სამართლისა და უმაღლესი დონის სახელმწიფო დიპლომატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
მაღალი პოლიტიკური ღირებულების მქონე პატიმარი პუტინისთვის უკვე წარმოადგენს გაცვლის რესურსსა და სტრატეგიულ აქტივს. „კრემლის“ დღევანდელი მმართველი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება „პოლიტიკური მძევლების“ ტყვედ აყვანისა და გაცვლის პროცესს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი უშუალო კონტროლით მიმდინარეობს: რუსეთში დროებით მყოფი აშშ-ის მოქალაქეებიდან მძევლების შერჩევა, მათთვის პროვოკაციის კონკრეტული ფორმის მოძიება, შემდეგ - სისხლის სამართლის საქმის „შეკერვა“, პატიმრობის ვადისა და პირობების განსაზღვრა, ბოლოს კი - გაცვლა/ვაჭრობისთვის კონკრეტული სუბიექტების ამორჩევა.
თუ ადრე პუტინის სტრატეგია ამგვარი იყო: პროვოკაცია - დაკავება → ჯაშუშობის ბრალდება → სასამართლო → 20-წლიანი სასჯელი → გაცვლა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ჯაშუშობის ბრალდება უფრო მარტივად „შესაკერმა“ სისხლის სამართლის საქმეებმა (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ოჯახის წევრზე ძალადობა, ნარკოტიკების გასაღება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ა.შ.) ჩაანაცვლა. ამიტომ ყველა გაცვლა მრავალმხრივი სადაზვერვო ოპერაციაა, რომელშიც რუსეთის ყველა სპეცსამსახურს თავისი ფუნქცია აკისრია.
ამერიკელების რუსეთში დაკავება 2010-იანი წლებიდან „თეთრი სახლის“ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. „მძევალთა დიპლომატია“ თანამედროვე აშშ-რუსეთის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დაფარული სფეროა, სადაც პუტინი აშკარად იმარჯვებს. პირველად მან პრეზიდენტი ბარაკ ობამა „დასცა ბეჭებზე“, როდესაც აშშ-ში წლების მანძილზე ფარულად მოქმედი და ბევრი საიდუმლოს მცოდნე ათი რუსი მზვერავი რუსეთის საპატიმროებში მყოფ ოთხ პირზე გაიცვალა. ეს იმდენად საინტერესო ისტორიაა, რომ მინდა, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ.
2010 წლის ზაფხულში ბარაკ ობამამ, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო უკვე პრეზიდენტი, რუსეთთან „გადატვირთვის პროცესის“ დაწყება და ურთიერთობების დალაგება რომ გადაწყვიტა. ამისთვის მან თვალი დახუჭა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ძალზე ცივი ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან. ობამა ყოველნაირად ცდილობდა წინა ადმინისტრაციის საპირისპირო გადაწყვეტილებები მიეღო. საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელმა ობამამ არ იცოდა, რომ „მეგობრობა რუსეთთან“, ეს ფაქტობრივად „ჩრდილოელი დათვის“ იმპერიული მიზნების წახალისების ტოლფასია. ამ „გადატვირთვის პროცესის“ მიუხედავად, რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ ფარულ სადაზვერვო ოპერაციებს, რა თქმა უნდა, აგრძელებდა.
2010 წლის 28 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ახალი საერთაშორისო დონის “ჯაშუშური სკანდალის” დასაწყისად იქცა: მაშინ იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. ბარაკ ობამა იმდენად იყო მონუსხული „გადატვირთვის პროცესის“ პერსპექტივებით, რომ „თვალები დახუჭა“ ჯაშუშურ სკანდალზე, რუსეთს არანაირი სანქცია არ დაუწესა და არც რაიმე პოლიტიკური დათმობა მოსთხოვა. მოსკოვის სასიხარულოდ ამ სიტუაციიდან სწრაფი გამოსავალი მოინახა.
2010 წლის ივლისის დასაწყისში რუსეთის დაზვერვის „არალეგალებმა“ აღიარეს რუსეთის მოქალაქეობა და ფარული სადაზვერვო საქმიანობა. ეს იყო მთავარი წინაპირობა „დიდი გაცვლისთვის“. პუტინის გადაწყვეტილებით, აშშ-ში წლების წინ “ჩანერგილი” და მოქმედი ათი რუსი ჯაშუში, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ და რუსეთის საპატიმროებში მყოფ ოთხ პიროვნებაში გაცვალეს. 2010 წლის 9 ივლისს, ვენაში, ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა ცხრა რუსეთის და ერთი პერუს მოქალაქე (ვიკი პელაესი), რომლებიც ჯაშუშობაში იყვნენ მხილებული. დაკავებული არალეგალური მზვერავები აღმოჩნდნენ (ნამდვილი გვარის შემდეგ მოცემულია ლეგენდის მიხედვით შერჩეული გვარ-სახელი) : მიხაილ ვასენკოვი (ჰუან ლასარო) და ვიკი პელაესი; ანდრეი ბეზრუკოვი (დონალდ ჰოვარდ ჰატფილი) და ელენა ვავილოვა (ტრეისი ფოლეი); ვლადიმერ და ლიდია გურიევები (რიჩარდ მერფი და სინტია მერფი); მიხაილ კუციკი (მაიკლო ზოტოლი) და ნატალია პერევერზევა (პატრიცია მილსი). ანა ჩაპმანი და მიხაილ სემენკო საკუთარი გვარებით მოქმედებდნენ. პირველი ოთხეული საბჭოთა/რუსეთის დაზვერვაში დამუშავებული ლეგენდის მიხედვით, ცოლ-ქმარი იყვნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ კი რუსეთის საპატიმროებში მყოფი ოთხი პირი გადასცა: მეცნიერი იგორ სუტიაგინი, ასევე, სამი ყოფილი დაზვერვის ოფიცერი - ალექსანდრე ზაპოროჟსკი, გენადი ვასილენკო და სერგეი სკრიპალი (რომელის ლიკვიდაციასაც პუტინი რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში ცდილობდა). ყველა მათგანი სახელმწიფო ღალატისა და საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. რუსეთის ხელისუფლებამ მათ ულტიმატუმი წაუყენა: ითხოვეთ შეწყალება, რადგან ბევრი სხვა ადამიანის გათავისუფლებაა ამაზე დამოკიდებულიო.
გაცვლა “შპიონაჟის დედაქალაქად” წოდებულ ვენაში შედგა, სადაც 2010 წლის 9 ივლისს ორი თვითმფრინავი დაეშვა - ერთი მოსკოვიდან, რომელშიც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში გასამართლებული რუსეთის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა. მეორე თვითმფრინავით კი ამერიკის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული ათი რუსეთის ჯაშუში ჩაიყვანეს.

ფოტო: ანა ჩაპმანი (კუშჩენკო)
რუსეთის ხელისუფლება თავიდან უარზე იყო, ამერიკაში დაკავებულები საკუთარ მოქალაქეებად ეცნო, თუმცა მალევე უმაღლეს დონეზე მოხდა ლუსტრაცია - ჯერ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოისურვა აშშ-დან გამოძევებულ ჯაშუშებთან შეხვედრა და “ჩაით გამასპინძლება”, შემდეგ კი „პრეზიდენტმა“ მედვედევმა ჩამოჰკიდა „ჩინ-მედლები“ ჩაფლავებულ რუს აგენტებს. ხოლო ყველაზე “სექს-აგენტი”, მართლაც მომხიბლავი რუსი “ნატაშა”, ანა ჩაპმანი ლამის რუსეთის ეროვნულ გმირადაც გამოაცხადეს.
ოთხი, „თამაშიდან გამოყვანილი“ და გასამართლებული პირის ნაცვლად, ათი არალეგალურად მოქმედი, უკვე გამოვლენილი, თუმცა ჯერ კიდევ ამერიკელების მიერ „დაუმუშავებელი“, მზვერავის გაცვლა, ერთის მხრივ მოსკოვისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო, თუმცა უარესიც შეიძლება მომხდარიყო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რუსეთის მზვერავებთან ეფ-ბე-აის კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება რომ მოესწრო, კიდევ რამდენი არალეგალის გამოაშკარავება მოხდებოდა? ასე რომ, მზვერავების ჩავარდნა მარცხი იყო, უსწრაფესი გაცვლა კი - პუტინის გამარჯვება!
აშშ-ის მოქალაქეების "მძევლად აყვანა" არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ: ეს რუსეთის ხელისუფლების ერთიანი გეგმის ნაწილია. 2020 წლის ბოლოსთვის ვლადიმერ პუტინს ორი რუსეთის მოქალაქე პატიმარი ჰყავდა დასახსნელი: "იარაღის ბარონად" წოდებული ვიქტორ ბუტი, რომელიც აშშ-ში იხდიდა 25-წლიან სასჯელს და ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც 2020 წლის დეკემბერში ბერლინის

ფოტო: ბრიტნი გრაინერი მოსკოვში
სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დაკვეთით იყო განხორციელებული. „კრემლის“ კილერი კრასიკოვი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იხდიდა სასჯელს. მათი გაცვლისთვის საჭირო იყო რუსეთში მყოფი აშშ-ის რომელიმე მოქალაქის პოლიტიკურ მძევლად აყვანა.
2022 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სასამართლომ ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ქალ -კალათბურთელთა გუნდის წევრი იყო, დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამგვარი ძალზე მკაცრი სასჯელი შეიძლება, აშშ-ისთან დაპირისპირების გამო, მათ წინააღმდეგ პუტინის მორიგ "ჩვეულებრივ ცელქობად" ჩაგვეთვალა, რომ არა ერთი გარემოება: რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ის მოქალაქეებზე უკვე დიდი ხანია, "ნადირობენ".
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელი საზღვაო ქვეითის შურისძიება რუსებზე - რუსული ციხიდან უკრაინის ფრონტზე
დგას თუ არა საქართველოს სამჯერ ჩაბნელების უკან რუსული სპეცსამსახური?!
2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, შემდეგ კი ბიზნესმენი პოლ უილანი, რომელიც მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იყო ჩასული. 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასე რომ, პუტინს ერთი „პოლიტიკური მძევალი“ უკვე ჰყავდა, როდესაც ბრიტნი გრაინერს „საქმე შეუკერეს“ და ცხრა წლით ციხეში გაუშვეს. მაშინ ბრიტნი გრაინერმა აშშ-ის პრეზიდენტს - ჯო ბაიდენს წერილი მისწერა და მისი გათავისუფლებისთვის "ყველაფრის გაკეთება" სთხოვა.

ფოტო: პოლ უილანი
აშშ რუსეთს სთავაზობდა ბრიტნი გრაინერისა და პოლ უილანის ვიქტორ ბუტში გაცვლას. რუსეთი, ბუტის გათავისუფლებასთან ერთად, დამატებით მოითხოვდა ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებასაც, რაზეც აშშ-მა უარი განაცხადა. ორი საერთაშორისო დამნაშავე, რომელთა ჩადენილი დანაშაული მრავალი მტკიცებულებით იყო დადასტურებული, უნდა გაეცვალათ ორ ამერიკელში, რომელთაც მოსკოვში „საქმე შეუკერეს“ - აი, ამგვარია პუტინის ბუღალტერია.

ფოტო: ვიქტორ ბუტი
ვიქტორ ბუტი, რომელსაც "სიკვდილით მოვაჭრესაც” ეძახიან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 2008 წლის მარტის დასაწყისში დააკავეს, ხოლო შემდეგ ტაილანდის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით, სპეციალური თვითმფრინავით მისი აშშ-ში ექსტრადიცია განახორციელა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიქტორ ბუტი 1990-იანი წლებიდან საერთაშორისო იარაღით ვაჭრობის ქსელში მოქმედებდა და იყენებდა სატვირთო ავიაციას, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სხვადასხვა „ცხელ წერტილებში“ არალეგალურად გადასატანად. ბუტი ყიდულობდა იარაღს -უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის და ბულგარეთის ქარხნებში და გაეროს სანქციების გვერდის ავლით ყიდდა მას ანგოლაში, სიერა-ლეონესა და აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში. 2022 წლის 8 დეკემბერს აშშ-მა და რუსეთმა განახორციელეს ბრიტნი გრაინერისა და ვიქტორ ბუტის ერთი-ერთზე გაცვლა, რომელიც აბუ-დაბიში განხორციელდა, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის შუამავლობით. თუმცა, არც აშშ-ის და არც რუსეთის ხელისუფლება არ იყო ბოლომდე კმაყოფილი, რადგანაც გადაწყვეტილი არ იყო პოლ უილანისა და ვადიმ კრასიკოვის გაცვლის საკითხი. ამ პროცესის მთელი ცინიზმი ის არის, რომ პუტინი, გამოცდილი ბუღალტერივით ჩაჰკირკიტებს გასაცვლელი მძევლების წონა/მნიშვნელობას, რაიმე შეცდომა არ მომივიდეს, ჩვენი ნაკლებად მნიშვნელოვანი პატიმარი ამერიკელებისთვის ღირებულ და მნიშვნელოვან პატიმარში არ გავცვალოო.
(მეორე ნაწილის დასასრული)