დღეში 15-ჯერ კოსმოსიდან დაზვერვა და 15 წუთში  ფოტოების მიწოდება - უკრაინელების საბრძოლო უპირატესობა რუსებზე... - კვირის პალიტრა

დღეში 15-ჯერ კოსმოსიდან დაზვერვა და 15 წუთში  ფოტოების მიწოდება - უკრაინელების საბრძოლო უპირატესობა რუსებზე...

ომებში და მით უმეტეს - თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების დროს, დაზვერვასა და დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას ფრონტის ხაზზე უშუალოდ საბრძოლო დანაყოფებისთვის რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება, ამას ახსნა არც სჭირდება...

და ამის ფონზე, The New York Times-ი აქვეყნებს ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზიდან, სადაც ამერიკელი ჟურნალისტები უკრაინული დრონების მართვის პუნქტს სტუმრობდნენ და თავად ნახეს, თუ რამდენად ოპერატიულად იყენებდნენ უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები სადაზვერვო თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებს რუსი ოკუპანტების პოზიციებზე ზუსტად შესატევად...

1-sad-1787045633.png

ფოტო: დასავლეთის სამხედრო და კომერციული თანამგზავრებიდან მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უკრაინის დამცველებისთვის...

15/15-ზე - ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება მათი სტატიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული თანამგზავრები დღეში 15-ჯერ „გადადიან“ კონკრეტული რუსული მიზნების ანუ ერთი და იმავე ადგილის თავზე და გადაღებული მაღალხარისხიანი ციფრული ფოტოები, დაახლოებით, 15 წთ-ში ხვდება უკრაინელი ოპერატორების ელექტრონულ პლანშეტებზე, რაც ძალზე აადვილებს კამიკაძე-დრონების სწრაფ და დროულ მიმართვას ამ რუსულ სამიზნეებზე...

The New York Times-ი წერს - „... უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოიპოვეს წვდომა მაღალტექნოლოგიურ თანამგზავრულ სურათებზე, რომლებიც თითქმის რეალურ დროში აჩვენებს რუსი ჯარისკაცების გადაადგილებას და მდებარეობას. ეს საშუალებას იძლევა, მოძრავი სამიზნეების უფრო სწრაფად აღმოჩენასა და მათთან გასსმკლავებლად.

...სულ რაღაც ერთი წლის წინ თანამგზავრიდან გადაღებული სურათები ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებამდე რამდენიმე დღეში მიდიოდა. ახლა ახალი სურათების მიღება, დაახლოებით, 15 წუთშია შესაძლებელი, მაშინ, როცა ამას ჩვეულებრივ რამდენიმე საათი სჭირდება.

2-sad-1787045698.png

ფოტო: უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები თანამგზავრებიდან გადაღებულ მოწინააღმდეგის პოზიციების ციფრულ ფოტოებს 15 წუთში იღებენ მონიტორებზე...

თანამგზავრული მონაცემები გამოიყენება საბრძოლო მასალის საწყობების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სამხედრო განლაგების დასადგენად. ოპერატორებს შეუძლიათ სურათების ანალიზი, სამიზნეების იდენტიფიცირება, დრონების მარშრუტების დაგეგმვა და დარტყმების შედეგების გადამოწმება.

ერთ-ერთი ახალი ინსტრუმენტი ჰოლანდიური კომპანია Bravo1Alpha-ის მიერ შემუშავებული სისტემაა. ის გამოსახულებებს გადასცემს პორტატული სათამაშო კონსოლის მსგავს მოწყობილობაზე. მისი საშუალებით ოპერატორებს შეუძლიათ სამიზნეების ძებნა, ფრენების დაგეგმვა და დრონებიდან იარაღის გამოყენების კონტროლი.

ბოლო წლის განმავლობაში, უკრაინის სამხედროებისთვის თანამგზავრულ სურათებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მას აშშ-ის მთავრობა და კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. კერძოდ, Vantor-ის თანამგზავრებს დღეში 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის დაფარვა და იმავე ტერიტორიის დღეში 15-ჯერ გადაღება შეუძლიათ.

3-sad-1787045728.jpeg

ფოტო: უკრაინელ ჯარისკაცს პორტატულ ელექტრონულ მოწყობილობაზეც შეუძლია ნახოს, თუ რისთვის ემზადება მტერი...

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ასევე იყენებენ თანამგზავრული ფოტოების არქივებს, რელიეფის ცვლილებების აღსანიშნავად. მინდვრებში, მოჭრილ ხეებზე ან ახლად გაწმენდილ ტერიტორიებზე არსებული კვალი შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის დამალულ პოზიციებზე ან აღჭურვილობაზე.

„საერთო ჯამში, ეს სამხედრო ტექნოლოგიების რევოლუციას ჰგავს“, - თქვა რობერტ ტოლუსტმა, სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტმა.“

ასევე დაგაინტერესებთ: დაუნდობელი დაბომბვების ღამე-კიევზე რუსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინა კამიკაძეების რეკორდული რაოდენობის შეტევით პასუხობს...

გაგარინის რაკეტის ამწყობ ქარხანასაც დაარტყეს, როგორღა გაუშვებს რუსეთი კოსმოსში თანამგზავრებს?

აღარ ჩავუძიროთ სამოქალაქო გემები ერთმანეთს შავ ზღვაში - რას სთავაზობს ზელენსკი პუტინს?

რუსულ ხომალდებს სევასტოპოლის შემდეგ, ნოვოროსიისკიდანაც გასაქცევად აქვთ საქმე... ოჩამჩირისკენ?!

მაღალხარისხიანი, დეტალური სადაზვერვო ფოტოების მოპოვება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათი ოპერატიულად დაყვანა იმ კონკრეტულ დანაყოფამდე, რომელმაც ასევე ოპერატიულად უნდა მოახდინოს ამ სადაზვერვო ინფორმაციის საბრძოლო რეალიზება, მართლაც წარმოადგენს სამხედრო ტექნოლოგიების რევოლუციას, რაც არც თუ დიდი ხნის წინ ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა, მაგრამ დღეს რეალობა გახდა და განაპირობებს იმასაც, რომ უკრაინის დამცველები ბევრად უფრო ძლიერ რუს აგრესორებს აქამდე უმკლავდებიან და აჩერებენ მათ შეტევებს...

4-sad-1787045807.png

ფოტო: თანაგზავრული სადაზვერვო ინფორმაციის საბრძოლო რეალიზაცია ოპერატიულად ხორციელდება...

მილიარდერმა ილონ მასკმა რომ საკუთარ თავს გადააბიჯოს და რუსეთის თავზეც გაააქტიუროს „სტარლინკის“ თანამგზავრული ინტერნეტკავშირის სისტემა, მაშინ უკრაინულ შორსმფრენ კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს წერტილოვანი დამიზნების საშუალება მიეცემათ, რაც სერიოზულ საბრძოლო მოგებას მისცემდა უკრაინას, ომის წამომწყებ რუსეთში ამ ომის უფრო „მძიმედ“ დასაბრუნებლად, რასაც თავის მხრივ, შესაძლოა, დაეჩქარებინა კრემლის ბინადრის იძულება ამ საშინელი ომის შესაჩერებლად...

რუსეთის კოსმოსური დაზვერვის შესაძლებლობები ბევრად უფრო მოკრძალებულია, რადგან მას ორბიტაზე არ გააჩნია იმ რაოდენობის ჯაშუში თანამგზავრები, რომლებიც დიდი ინტენსივობით „გადაივლიდნენ“ უკრაინის თავზე.