"სასიკვდილო რეკორდი": კიევში 20 წუთში 20 რაკეტა აფეთქდა, მოსკოვისკენ 250 კამიკაძე-დრონი მიფრინავს...
კიევში 20 წუთში 20 რაკეტა აფეთქდა, მოსკოვისკენ 250 კამიკაძე-დრონი მიფრინავს...
რუსეთ-უკრაინის ომი ყოველღამ ახალ „სასიკვდილო რეკორდს“ ამყარებს და არც 19-20 აგვისტოს ღამე აღმოჩნდა გამონაკლისი...
რუსეთმა მორიგი კომბინირებული მასობრივი საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე და, ძირითადად, მის დედაქალაქ კიევზე, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ბალისტიკური, ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონები.
კიევში 20 აგვისტოს გამთენიისას, 20 წთ-ის განმავლობაში არანაკლებ 20 რუსული რაკეტის აფეთქება მოხდა, რომელთა გადასაჭერად უკრაინელ მეზენიტეებს „პეტრიოტის“ ანტირაკეტები აღარ დარჩათ.
უკრაინის დედაქალაქში რუსული საჰაერო დარტყმებისგან დაღუპულთა რიცხვმა 12 ადამიანი შეადგინა, დაჭრილია 33 მშვიდობიანი მოსახლე, თუმცა ეს ციფრები შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მაშველები რუსული რაკეტების აფეთქებისას ჩამოშლილი სახლების ნანგრევებს გაწმენდენ.
საგულისხმოა, რომ ამჯერად რუსეთმა ისევ გამოიყენა „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომელთა გაშვება უშუალოდ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის შიდა ნავმისადგომებთან ღუზაჩაშვებული სამხედრო ხომალდებიდან განხორციელდა, რაც თავად ნოვოროსიისკის მაცხოვრებლებისთვისაც შეიცავდა დიდ საფრთხეს, თუკი რომელიმე სტარტაღებული „კალიბრი“ ტექნიკური გაუმართაობის გამო ფრენის მიმართულებას შეიცვლიდა და ამ რუსული საპორტო ქალაქისკენ აიღებდა გეზს.
ასე გარისკვა რუს ადმირალებს იმიტომ უხდებათ, რომ ნოვოროსიისკის პორტის გარეთ ხომალდების გაყვანას უფრთხიან, იქ ჩასაფრებული უკრაინული საზღვაო კატარღა-კამიკაძეების შესაძლო მოულოდნელი შეტევების შიშით, მით უმეტეს, რომ უკრაინულმა საჰაერო კამიკაძე-დრონებმა რამდენიმე დღის წინ ძალზე წარმატებული წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს სწორედ ნოვოროსიისკის დაცული ბუხტის შიგნით, ნავმისადგომთან ღუზაჩაშვებულ ორ რუსულ ფრეგატზე, რის შემდეგაც, მათ, სავარაუდოდ, აღარ შეუძლიათ „კალიბრების“ ფრთოსანი რაკეტების გაშვება.
და სანამ კიევში რუსული რაკეტები ფეთქდებოდნენ, მოსკოვშიც საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვის მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქისკენ არანაკლებ 250 უკრაინული კამიკაძე-დრონი მიფრინავდა...
თუმცა მთავარია, ამ 250 უკრაინული დრონიდან რამდენი შეძლებდა მოსკოვის გარშემო შექმნილ, მსოფლიოში უძლიერესი საჰაერო თავდაცვის რკალების გადალახვას, რადგან შიდაწვისძრავიანი და 180 კმ/სთ-მდე სიჩქარით მფრენი დრონების წარმატებით ჩამოგდება უკრაინელი მეზენიტეების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა წარმატებით აითვისეს.
სიტუაცია მაშინ შეიცვლება, თუკი უკრაინა მათ ნაცვლად 500-600 კმ/სთ-ის სიჩქარით მფრენი რეაქტიულძრავიანი კამიკაძე-დრონებით მასობრივად შეუტევს მოსკოვს და კრემლისთვის კარდინალურად სახიფათო გახდება, როდესაც „საქმეში“ 500 კმ-ზე შორსმფრენი უკრაინული ბალისტიკური რაკეტები ჩაერთვებიან...
ასევე დაგაინტერესებთ: დღეში 15-ჯერ კოსმოსიდან დაზვერვა და 15 წუთში ფოტოების მიწოდება - უკრაინელების საბრძოლო უპირატესობა რუსებზე...
გაგარინის რაკეტის ამწყობ ქარხანასაც დაარტყეს, როგორღა გაუშვებს რუსეთი კოსმოსში თანამგზავრებს?
აღარ ჩავუძიროთ სამოქალაქო გემები ერთმანეთს შავ ზღვაში - რას სთავაზობს ზელენსკი პუტინს?
მანამდე კი კიეველებს ყოველღამ მოუწევთ რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევის შიშის ქვეშ დაძინება და ეს სარაკეტო საფრთხე კიდევ უფრო გაძლიერდება ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად -ახალი წლისთვის უკრაინის დედაქალაქის უშუქოდ, გათბობის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის გარეშე დატოვება კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება...