ისრაელი და თურქეთი სირიას ვერ „იყოფენ“ - სადამდე მივა ნეთანიაჰუსა და ერდოღანის პირადი დაპირისპირება?! - კვირის პალიტრა

ისრაელი და თურქეთი სირიას ვერ „იყოფენ“ - სადამდე მივა ნეთანიაჰუსა და ერდოღანის პირადი დაპირისპირება?!

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა 18 აგვისტოს რვა საჰაერო დარტყმა მიაყენეს სირიის აბუ-ზუჰურის საავიაციო ბაზის ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და საწყობებს...

ისრაელი ადრეც ხშირად ბომბავდა სირიის სამხედრო, და არა მარტო სამხედრო, ობიექტებს, მაგრამ ეს ბაშარ ასადის პერიოდში ხდებოდა, რომელიც აიათოლების რეჟიმის მოკავშირე გახლდათ და სირიის ტერიტორიაზე ატარებდა ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ გაგზავნილ ირანულ რაკეტებს, რომლებითაც „ჰეზბოლა“ შემდეგ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქებს ბომბავდა. შესაბამისად, გასაგები გახლდათ, თუ რატომ სურდა ისრაელს სირიაში გამავალი ამ ირანული „სარაკეტო დერეფნის“ გადაკეტვა...

მაგრამ უკვე მეორე წელი მიმდინარეობს, რაც ასადის რეჟიმი დამხობილია და სირიის ხელისუფლებაშია აჰმედ ალ-შარაა, რომელიც თავადაც დაუპირისპირდა აიათოლების რეჟიმსაც, ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლასაც“ და გადაკეტა ირანული შეიარაღების სირიის გავლით ბეირუთში გადაგზავნის კონტრაბანდული გზები, რაც ლოგიკურად უნდა ახარებდეს ოფიციალურ თელ-ავივს, მაგრამ ისრაელი ისევ აგრძელებს სირიის ახალი ხელისუფლების სამხედრო ობიექტების დაბომბვას. მაშინ რაშია საქმე?

საქმე კი ის არის, რომ ახლა ისრაელს აღარ მოსწონს თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის სწრაფი ზრდა სირიაში, რაც ისედაც მოსალოდნელი გახლდათ, რადგან აჰმედ ალ-შარაას შეიარაღებული დაჯგუფების გამარჯვებული სვლა იდლიბის პროვინციიდან სირიის დედაქალაქისკენ -დამასკოსკენ 2024 წლის დეკემმბრის დასაწყისში, მნიშვნელოვანწილად განპირობებული გახლდათ სწორედ თურქეთის სპეცსამსახურებისა და საარმიო დანაყოფების ფარული მხარდაჭერითაც...

და ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელმა საჰაერო დარტყმები სწორედ სირიის აბუ-ზუჰურის საავიაციო ბაზას მიაყენა, არ არის შემთხვევითი - ეს აეროდრომიც სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში მდებარეობს და მხოლოდ 70 კმ-ითაა დაშორებული თურქეთის სამხრეთ საზღვრიდან...

"- დამასკომ დაარღვია შეთანხმება და ნება მისცა თურქეთის ჯარებს, განთავსებულიყვნენ ამ საჰაერო ბაზაზე", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რითაც ცდილობს, გაამართლოს, თუ რატომ დაბომბეს ისრაელის თვითმფრინავებმა სირიის სწორედ ეს აეროდრომი.

თურქული მხარე კატეგორიულად უარყოფს სირიის ამ აეროდრომზე მისი სამხედროების განთავსებას, მაგრამ ასეც რომ იყოს, განა სირიას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, არ აქვს უფლება, მოიწვიოს იმ ქვეყნის სამხედროები, რომელთანაც სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს ამყარებს?

ანდა ოფიციალურ თელ-ავივს აქამდე რატომ არ გასჩენია პროტესტის სურვილი, ჯერ კიდევ 2015 წლიდან რუსული სამხედრო ბაზები რომ ფუნქციონირებენ იმავე სირიის ჰმეიმისის აეროდრომზე და ტარტუსის საზღვაო პორტში? სწორედ იმ რუსეთის, რომელიც მოსკოვში ოფიციალურად ღებულობს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ იმ ხელმძღვანელებს, რომლებსაც ისრაელში უპირველეს მტრებად მიიჩნევენ?

მაგრამ აქ საქმე მარტო ისრაელ-თურქეთის მზარდ პოლიტიკურ, რეგიონული მასშტაბის დაპირისპირებაში როდია?! მასი თავისი წვლილი შეაქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის არსებულ პიროვნულ წინააღმდეგობასაც...

თვით ისრაელის ოპოზიციის რიგი პოლიტიკური ლიდერებიც არ მალავენ, რომ ისრაელ-თურქეთის ურთიერთპრეტენზიები არ არის იმ სიმწვავის, რომ მოლაპარაკებების დონეზე არ დარეგულირდეს, მაგრამ სწორედ ნეთანიაჰუ-ერდოღანის პიროვნული შუღლი ბევრ რამეს აფუჭებსო და ამასთან - ისრაელში მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და ნეთანიაუს რეიტინგის აწევა სასწრაფოდ სჭირდებაო...

საგულისხმოა, რომ ისრაელიც და თურქეთიც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორებად ითვლებიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და წესით, პრეზიდენტ ტრამპს შეეძლო ნეთანიაჰუ-ერდოღანის შერიგება, მაგრამ ეს არ მოხდა და საქმე უფრო ცუდისკენ მიდის...

ისრაელის მორიგი საჰაერო დარტყმის (რაც უცილობლად განმეორდება) შედეგად, სირიის რომელიმე სამხედრო ობიექტზე შეიძლება მართლაც დაზარალდნენ ან სულაც დაიღუპონ თურქი სამხედროები, რასაც ერდოღანი ნეთანიაჰუს ნამდვილად აღარ აპატიებს და...

ასევე დაგაინტერესებთ: "სასიკვდილო რეკორდი": კიევში 20 წუთში 20 რაკეტა აფეთქდა, მოსკოვისკენ 250 კამიკაძე-დრონი მიფრინავს...

დღეში 15-ჯერ კოსმოსიდან დაზვერვა და 15 წუთში ფოტოების მიწოდება - უკრაინელების საბრძოლო უპირატესობა რუსებზე...

დაუნდობელი დაბომბვების ღამე-კიევზე რუსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინა კამიკაძეების რეკორდული რაოდენობის შეტევით პასუხობს...

გაგარინის რაკეტის ამწყობ ქარხანასაც დაარტყეს, როგორღა გაუშვებს რუსეთი კოსმოსში თანამგზავრებს?

P.S. სირიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმიტომაც არის საინტერესო საქართველოსთვის, რომ რჩებოდა იმედი, აჰმედ ალ-შარაას ახალ ხელისუფლებას უკან წაეღო რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ნაწილების - ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „აღიარება“, რაც მისმა წინამორბედმა და უკვე დამარცხებულმა მტერმა, ბაშარ ასადმა პუტინის საამებლად გააკეთა.

მაგრამ მეორე წელია, აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია, პირიქით, მოსკოვთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად რუსულ სამხედრო ბაზებს ახალი სტატუსით გაუგრძელა სირიაში ფუნქციონირება, რის სანაცვლოდაც კრემლი სირიის არმიას შეაიარაღებს...

შესაბამისად, უფრო ნაკლები იმედი რჩება იმისა, რომ ნაურუს მსგავსად, სირიასაც გაეუქმებინა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის „აღიარება“... არადა, ერთი წელია, სირია აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს ღებულობს სწორედ საქართველოსა და თურქეთზე გამავალი მილსადენით, რომლითაც უკვე გადაიქაჩა 575 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ანუ საქართველო ეხმარება იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მიერ მისი ნაწილის ოკუპირებას მხარს უჭერს...