"ჩემი მეგობარი კიმ ჩენ ინი" ანუ ტრამპის ორმაგი სტანდარტი?! - კვირის პალიტრა

"ჩემი მეგობარი კიმ ჩენ ინი" ანუ ტრამპის ორმაგი სტანდარტი?!

ორმაგი სტანდარტი ტრამპისგან - კიმს ათობით ბირთვული ქობინი, აიათოლებს - არავითარ შემთხვევაში...

აშშ-ისა და ირანის პერმანენტული შეიარაღებული დაპირისპირება მეექვსე თვეა, გრძელდება და თუკი ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებთ, რომ ამერიკა-ისრაელის გაერთიანებული ძალებით ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული საჰაერო დარტყმების მთავარ გამამართლებელ მიზეზად მოყვანილი იყო შემდეგი დასაბუთება - ირანმა დააგროვა 400 კგ-ზე მეტი 60 %-მდე გამდიდრებული ურან-235 და თუკი სასწრაფოდ არ დავუბომბავთ ბირთვულ ობიექტებს, თეირანი რამდენიმე კვირაში შეძლებს ამ ურანის საიარაღო, 90 %-ზე მეტად გამდიდრებას, რაც ეყოფა 10-11 ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, რითაც მეზობელ ქვეყნებს და პირველ რიგში, ისრაელსა და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაემუქრებაო...

სინამდვილეში კი, ნეთანიაჰუმ დააჯერა ტრამპი, რომ დადგა საუკეთესო მომენტი, რადგან ისრაელის დაზვერვამ ზუსტად განსაზღვრა 28 თებერვალს თეირანში აიათოლების რეჟიმის მთავარი წარმომადგენლების ერთად შეკრების ადგილი და დრო და მოულოდნელი სარაკეტო დარტყმებით შეიძლებოდა ირანის მთელი ხელისუფლების ერთბაშად განადგურება და ამ ქვეყანაში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის დამხობა...

მიუხედავად იმისა, რომ თეირანის სასახლეს 30 რაკეტა ერთდროულად მოხვდა და მართლაც დაიღუპა ირანის უზენაესი (სულიერი) ლიდერი ალი ხამენეი, მთელ რიგ მაღალჩინოსნებთან ერთად, ვაშინგტონმა და თელ-ავივმა მაინც ვერ შეძლეს თეირანში ხელისუფლების შეცვლა...

ამჟამად, ამერიკა-ირანის დაპირისპირების უმთავრეს მიზეზს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის პრობლემა წარმოადგენს - თეირანს სურს, იქ გამავალ ტანკერებზე დიდი გადასახადის დაწესება, რაც ტრამპის ხელისუფლებისთვის უდიდეს პოლიტიკურ ფიასკოდ იქცევა...

შესაბამისად, ირანის „ბირთვული იარაღის“ თემამ მეორე პლანზე გადაინაცვლა და ის ტრამპს იშვიათად ახსენდება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს მიზეზი იქცა ირანზე ნახევარი წლის წინ ამერიკა-ისრაელის საჰაერო შეტევების დასაწყებად.

და ამის ფონზე ნამდვილ ორმაგ სტანდარტად შეიძლება შეფასდეს იმავე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება „ბოროტების ღერძის“ (როგორც დასავლეთში მონათლეს რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა) კიდევ ერთ წარმომადგენელ ქვეყანასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და პირადად მის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მიმართებაში.

1-korea-1787299063.png
ტრამპი კიმ ჩენ ინს მეგობრობას სთავაზობს იმისთვის, რისთვისაც ირანს ბომბავს...

ორიდე დღის წინ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოიმდურა ამერიკის მთავარი მოკავშირეები აზიაში -სამხრეთ კორეა და იაპონია, როდესაც განაცხადა, რომ მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან საუკეთესო მეგობრული დამოკიდებულება აქვს და სურს, ამ წელსვე შეხვდეს.

ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა შეაკვეცინა ამერიკულ-სამხრეთკორეული ტრადიციული ერთობლივი სამხედრო სწავლების მასშტაბები და განაცხადა, რომ სეული ვალდებულია, წელიწადში 10 მლრდ დოლარი გადაუხადოს აშშ-ს, იმიტომ, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები ამ ქვეყნის უსაფრთხოებას განაპირობებენო.

თუ რამდენად შეძლეს სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა იქ დისლოცირებულმა ამერიკულმა სამხედრო ბაზებმა, ირანიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებისას, კარგად გამოჩნდა ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა თუ საუდის არაბეთში აგიზგიზებული ნავთობტერმინალების სახით...

რაც შეეხება სამხრეთ კორეის დაცვას და მით უმეტეს - მისი დედაქალაქის - სეულის (რომელიც სულ რაღაც 30-იოდე კმ-ით თუა დაშორებული სადემარკაციო ხაზიდან) უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, პენტაგონი კიდევ უფრო უძლური აღმოჩნდება, ვიდრე - სპარსეთის ყურის შემთხვევაში, რადგან სეულს ჩრდილოეთ კორეიდან უბრალო საარტილერიო ჭურვებიც კი მისწვდებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ კიმ ჩენ ინის არმიის უდიდეს სარაკეტო არსენალზე.

და ყველაფერ ამის ფონზე, ტრამპი აქებს და მეგობრობას ეფიცება კიმ ჩინ ინს, რომელსაც თავადვე, ტრამპის განცხადებით, უკვე დაგროვილი აქვს „57 ძალიან ძლიერი ბირთვული ქობინი“...

2-korea-1787299064.png
ჩრდილოეთკორეული მობილური სარაკეტო დანადგარიდან კიმ ჩენ ინის ყველაზე დიდი სტრატეგიული რაკეტის - Hwasong-17-ის სტარტის მომენტი, რომელსაც 15 ათას კმ-ის სიშორეზე მეგატონიანი სიმძლავრის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია -მისი მოქმედების რადიუსში მთელი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ხვდება...

რა გამოდის?

ერთი მხრივ, ტრამპი მიდის დიდ პოლიტიკურ რისკზე და იწყებს ომს ირანთან, რომ ამ უკანასკნელმა არაფრის დიდებით არ შექმნას ბირთვული იარაღი, ხოლო მეორე მხრივ, ტაშს უკრავს იმ ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც უკვე დააგროვა 57 ან ორჯერ მეტიც კი, ბირთვული ქობინი?

ასევე დაგაინტერესებთ: ისრაელი და თურქეთი სირიას ვერ „იყოფენ“ - სადამდე მივა ნეთანიაჰუსა და ერდოღანის პირადი დაპირისპირება?!

"სასიკვდილო რეკორდი": კიევში 20 წუთში 20 რაკეტა აფეთქდა, მოსკოვისკენ 250 კამიკაძე-დრონი მიფრინავს...

დღეში 15-ჯერ კოსმოსიდან დაზვერვა და 15 წუთში ფოტოების მიწოდება - უკრაინელების საბრძოლო უპირატესობა რუსებზე...

დაუნდობელი დაბომბვების ღამე-კიევზე რუსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინა კამიკაძეების რეკორდული რაოდენობის შეტევით პასუხობს...

კიდევ უფრო გასაკვირი კი იცით რა არის?

ირანს ძალიან რომ სდომებოდა, 60 %-მდე გამდიდრებულ ურან-235-ის მარაგის (რაც მას ორი-სამი წლის წინ უკვე ჰქონდა) საიარაღო ურანის დონემდე გამდიდრებას რამენაირად მოასწრებდა, მაგრამ მთავარი აიათოლა-ალი ხამენეი არ იყო დაინტერესებული ამ პროცესის დაჩქარებით.

ამასთან - ირანის შეიარაღებაშია მხოლოდ 4 ათას კმ-მდე მფრენი საშუალო სიშორის მქონე ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ირანის ტერიტორიიდან მართალია, ფარავენ ევროპის დიდ ნაწილს, მაგრამ ვერანირად ვერ სწვდებიან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს...

სამაგიეროდ, ჩრდილოეთ კორეას არსენალში უკვე გააჩნია სახმელეთო ბაზირების, ასევე, წყალქვეშა ნავების ის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე...

ლოგიკურად, მილიონობით ამერიკელისთვის კიმ ჩენ ინის ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები ბევრად უფრო რეალურ კატასტროფულ საფრთხეს წარმოადგენენ, ,ვიდრე სადღაც, მთების ქვეშ ჩამარხული ირანული 60 %-მდე გამდიდრებული ურანი...

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტრამპი მაინც კიმ ჩენ ინს „ეხუტება“, ხოლო ირანელებს - აქამდე არნახული ეკონომიკური ბლოკადით ემუქრება...