ცრუ გმირი რიჰარდ ზორგე: 52 საყვარელი, ლოთობა გონების დაკარგვამდე და აღიარებითი ჩვენება ტყვეობაში
2026 წლის 13 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურილის არქიპელაგის ერთ-ერთ ყველაზე სადავო კუნძულზე — იტურუპზე ჩავიდა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი კურილის კუნძულებზე. უკვე ათწლეულებია, რაც იაპონიასა და საბჭოთა კავშირ/რუსეთს შორის მიმდინარეობს დაუსრულებელი დავა ამ ტერიტორიების კუთვნილების შესახებ. ამ დავის ისტორიის განხილვა ძალზე შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ მთავარზე შევჩერდები: როდის და რატომ შედგა ეს ვიზიტი?
რუსეთის მასმედია აცხადებდა: - სახელმწიფოს მეთაურმა მოინახულა ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი საწარმო, საავადმყოფო და სკოლა, შეხვდა რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს და გაეცნო კუნძულის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასო. ეს ისე ჟღერს, თითქოს პუტინი რიაზანის ოლქის ერთ-ერთ ქალაქს ეწვია. ყველასთვის, პირველ რიგში, თავად პუტინისთვის, კარგადაა ცნობილი, რომ იაპონია სამხრეთ კურილის კუნძულების (იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი) თემას განიხილავს, როგორც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება/გაუმჯობესების გადამწყვეტ საკითხს.
თანაც პუტინმა კუნძულზე ჩასვლის დროც სპეციალურად შეარჩია: აგვისტო იაპონელებისთვის გლოვისა და მწუხრის თვეა. თავად კუნძული იტურუპი (რომელსაც იაპონია „ეტოროფუს“ უწოდებს), სამხრეთ კურილის იმ ოთხი კუნძულიდან ერთ-ერთია, რომელთა კუთვნილებასაც იაპონია დღემდე სადავოდ მიიჩნევს: მათ „ჩრდილოეთის ტერიტორიებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი იაპონიის ისტორიული და საერთაშორისო-სამართლებრივი ტერიტორიაა. მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ სამხრეთ კურილებზე რუსეთის სუვერენიტეტი საბოლოოდ დადგენილია მეორე მსოფლიო ომის შედეგებით. სწორედ ეს განსხვავებული სამართლებრივი და ისტორიული საკითხებია იმის მიზეზი, რომ საბჭოთა კავშირს/რუსეთსა და იაპონიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დღემდე არ აქვთ გაფორმებული საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულება.
როგორც მოსალოდნელი იყო პუტინის ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ვიზიტს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა, ხოლო რამდენიმე დღეში მოსკოვმა საპასუხოდ იაპონიის ელჩი დაიბარა და ტოკიოს წინააღმდეგ საპროტესტო დემარში გამოთქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა
მ. ზახაროვამ კი განაცხადა: - იაპონიის ხელმძღვანელობის ამჟამინდელი თავდასხმები რუსეთზე კიდევ ერთი დასტურია ოფიციალური ტოკიოს მოკლე ხედვისა, რომელმაც მტრობის ზღვარზე მყოფი ანტირუსული კურსი აირჩია... ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არალეგიტიმურ დასავლურ სანქციებში შეერთებით და კიევის ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერით, მათ შორის - სამხედრო-ტექნიკური, რომელიც მიზნად ისახავს ყველაფრის განადგურებას, იაპონია არსებითად ანგრევს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობების საფუძვლებს, რომლებიც რუსულმა მხარემ და პასუხისმგებელმა იაპონელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში გულმოდგინედ ააშენესო. ვითომ მართლაც ასე უღრუბლო იყო რუსეთ/საბჭოთა კავშირისა და იაპონიის ურთიერთოებები?
იაპონია საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო მიმართულება იყო. ამის მიზეზი მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და იაპონიის გეოგრაფიული სიახლოვე არ გახლდათ: ორივე სახელმწიფო წარმოადგენდა სტრატეგიულ მეტოქეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. 1930-1940-იან წლებში იაპონია მოსკოვისთვის აღმოსავლეთიდან მომდინარე მთავარი საფრთხე იყო. 1950-იანი წლებიდან კი, - როგორც აშშ-ის მთავარი მოკავშირე აზიაში.
მეორე მსოფლიო ომის წინ აზიასა და ევროპაში საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ იაპონიისა და გერმანიის წინააღმდეგ მოქმედი რამდენიმე აგენტურული ჯგუფი შექმნა. მათგან ყველაზე შედეგიანი ჯერ ჩინეთში, ხოლო შემდეგ - იაპონიაში მოქმედი "რამზაის" ანუ რიჰარდ ზორგეს აგენტურული ჯგუფი იყო. 1920-იანი წლების ბოლოს "კომინტერნის" (მოსკოვში მოქმედი სხვადასხვა ეროვნების კომუნისტების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, ე.წ. კომუნისტური ინტერნაციონალი) სადაზვერვო განყოფილების მიერ გადაბირებული ახალგაზრდა გერმანელი კომუნისტის, მეცნიერისა და ნიჭიერი ჟურნალისტის - რიჰარდ ზორგეს სახელი წლების შემდეგ მითური გახდა. მას მიაწერდნენ დაუჯერებელ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, მისგან სათაყვანებელი კერპი შექმნეს და მისი სახელი მთლიანად საბჭოთა დაზვერვის ძლიერების სიმბოლოდ აქციეს. რეალურად კი "რამზაის" სადაზვერვო საქმიანობა ძალზე შუქჩრდილიანი იყო.

ფოტო: ერთი დოკუმენტი რიჰარდ ზორგეს პირადი საქმიდან
რიჰარდ ზორგე 1895 წელს დაიბადა ბაქოში. მას მამა გერმანელი, დედა კი - რუსი ჰყავდა. ბავშვობაში "იკას" ეძახდნენ და ეს სახელი შემდეგ წლებშიც შემორჩა. XX საუკუნის დასაწყისში ოჯახი გერმანიაში დაბრუნდა. ზორგე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა ფეხში, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა. 1925 წელს გაემგზავრა საბჭოთა კავშირში და "კომინტერნის" სისტემაში დაიწყო მოღვაწეობა. 1929 წელს საბჭოთა სამხედრო დაზვერვის შეფმა იან ბერზინმა მასთან მუშაობა შესთავაზა.
1930 წლიდან ზორგე ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი - ჩინეთსა და მანჯურიაში მიავლინეს. 1933 წლის 6 სექტემბერს გერმანული გაზეთის - "ფრანკფურტენ ცაიტუნგის" საკუთარი კორესპონდენტი რიჰარდ ზორგე უკვე ტოკიოში გამოჩნდა. ორ წელში მან ინტერნაციონალური სადაზვერვო ჯგუფი შექმნა.

ფოტო: „რამზაი“ მორიგი „მძიმე“ ღამის შემდეგ
ზორგეს ჯგუფის უდავო წარმატებად იაპონიაში ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობა უნდა მივიჩნიოთ. თავად "რამზაი" ტოკიოში გერმანიის საელჩოს ხშირი და სასურველი სტუმარი იყო. ერთი პერიოდი საელჩოს პრესატაშეს პოსტიც ეკავა და იაპონიის შესახებ საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდა... გერმანიის დაზვერვას. მეგობრობდა იაპონიაში გერმანიის ელჩთან - ოიგენ ოტთან (1889-1977), განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა კი მის მეუღლესთან - ჰელგასთან ჰქონდა. ზორგე ერთდროულად აგროვებდა ინფორმაციას ორი მიმართულებიდან: გერმანული დიპლომატიური წრეებიდან და იაპონიის პოლიტიკური წყაროებიდან. მისი მთავარი იაპონელი ინფორმატორი იყო ოზაკი ჰოცუმი, ჟურნალისტი და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიმარო კონოეს პოლიტიკური გარემოცვის წევრი, რომელიც ზორგეს აწვდიდა ინფორმაციას მთავრობის შიდადისკუსიებზე.
ზორგე კარგად უთავსებდა ერთმანეთს ამურულ თავგადასავლებს, უგონოდ სმას, მოტოციკლით "ჯირითს" და აგენტურულ საქმიანობას. განუწყვეტელი ლოთობის გამო ზორგეს იმდენად მძიმე ავარიები მოუხდა, რომ ექიმებმა რამდენჯერმე ხელახლა "ააწყვეს". საინტერესოა, რომ იაპონიის კონტრდაზვერვამ სულ სათითაოდ გადათვალა "რამზაის" მიჯნურები და პედანტურად დააფიქსირა: თურმე იაპონიაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში ზორგეს 52 სხვადასხვა ეროვნების მანდილოსნისთვის "გაუკრავს კბილი".

ფოტო: ჰელგა და ოიგენი
საბოლოო ჯამში, სწორედ ავანტურიზმი, უდისციპლინობა და კონსპირაციის ელემენტარული წესების უგულვებელყოფა გახდა 1941 წლის შემოდგომაზე მისი სადაზვერვო ჯგუფის ჩავარდნის მიზეზი. ზორგეს ჯგუფმა საბჭოთა ხელისუფლებას ორი უმნიშვნელოვანესი ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა, რომელთაგან ერთმა დიდი გავლენა მოახდინა მოსკოვთან მიმდინარე ბრძოლების შედეგზე.

ფოტო: ზორგე საბჭოთა სამხედრო დაზვერვის აგენტი იყო, თუმცა კა-გე-ბეს მისი დათმობა არ სურდა
1941 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, "რამზაი" სისტემატურად აცნობებდა ცენტრს გერმანიის საომარი მზადების შესახებ და უთითებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის სავარაუდო თარიღებს. სხვადასხვა მიზეზების გამო, "დიდი ბელადი" - სტალინი ზორგეს და სხვა მზვერავების ამგვარ შეტყობინებებს... ინგლისის პროვოკაციად მიიჩნევდა და არ ითვალისწინებდა. ამას გარკვეული საფუძველი მართლაც ჰქონდა: ზორგეს ცნობები ომის დაწყების ძალზე მიახლოებითი და ხშირად - ურთიერთგამომრიცხავი იყო. აი, თუნდაც 1941 წლის 17 ივნისის (ანუ გერმანიის თავდასხმამდე ხუთი დღით ადრე) აგენტურული ცნობა: "წითელი არმიის გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსს! გერმანიის კურიერმა სამხედრო ატაშეს აცნობა, რომ მისი ღრმა რწმენით, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი დაყოვნდება, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე. სამხედრო ატაშემ არ იცის, იქნება თუ არა ომი. რამზაი". ზორგეს მეორე შეტყობინება ომში გერმანიის მოკავშირის - იაპონიის ჩართვას ეხებოდა. ზორგეს იაპონელმა აგენტებმა შეძლეს უტყუარი ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, რომ 1941 წელს იაპონია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმოდა. ამან საშუალება მისცა სტალინს, რომ შორეულ აღმოსავლეთში დისლოცირებული დივიზიები დასავლეთის ფრონტზე, მოსკოვის გასამაგრებლად გადაესროლა.
რიჰარდ ზორგე 1941 წლის 18 ოქტომბერს, დილას დააკავეს, როცა გერმანიის ელჩის მეუღლის ვილიდან დარდიმანდულად გამოდიოდა. სახლში უამრავი საიდუმლო დოკუმენტი აღმოუჩინეს, რომელიც მოსკოვისთვის უნდა გადაეცა. იაპონელი გამომძიებლები საკმაოდ კორექტულად ეპყრობოდნენ ზორგეს. არ ყოფილა ცემის ან წამების შემთხვევები. ამის მიუხედავად, ერთ "მშვენიერ" დღეს "რამზაიმ" საბეჭდი მანქანა მოითხოვა და... ყველაფერი ჩამოარაკრაკა.

იაპონელები გაოცებული კითხულობდნენ ზორგეს ჩვენებებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მისი ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის სრულიად საიდუმლო ფაქტებს. როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, "რამზაიმ" იაპონიის კონტრდაზვერვას პირადი ინიციატივით გადასცა: საბჭოთა კავშირში პოლიტიკური და სადაზვერვო გადაწყვეტილებების მიღების სქემა ანუ "შიდა სამზარეულო"; "კომინტერნის" სადაზვერვო საქმიანობის საიდუმლო დეტალები; იაპონიასა და ჩინეთში საბჭოთა აგენტურის ზუსტი მონაცემები; მოსკოვთან კავშირის შიფრ-კოდები და ა.შ. ასე რომ, საბჭოთა დაზვერვის კერპმა მოლაყბე "დიაცივით გუდა მოხსნა" და მტერს ყველაფერი ჩაუკაკლა. ზორგეს ეს "გმირობა" სტალინისთვის მალევე გახდა ცნობილი და ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ საბჭოთა დიქტატორს თითი არ გაუნძრევია "რამზაის" დასახსნელად. სამი წელი ელოდნენ იაპონელები საბჭოთა კავშირის წინადადებას, მერე კი, 1944 წლის 7 ნოემბერს, რიჰარდ ზორგე ჩამოახრჩეს.
ასევე დაგაინტერესებთ: "მძევლების დიპლომატია": პუტინის ნადირობა ამერიკელებზე და ბარაკ ობამას საბედისწერო შეცდომა
ამერიკელი საზღვაო ქვეითის შურისძიება რუსებზე - რუსული ციხიდან უკრაინის ფრონტზე
დგას თუ არა საქართველოს სამჯერ ჩაბნელების უკან რუსული სპეცსამსახური?!
საბჭოთა იმპერია მითებით, სიმბოლოებით, კერპებითა და ბელადებით ატყუებდა და იტყუებდა თავს. ეს ყველა ტოტალიტარული რეჟიმის აუცილებელი მოთხოვნა კი არის, მაგრამ საბჭოთა იმპერიაში ტყუილი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში იყო აყვანილი. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში კა-გე-ბეს ხელმძღვანელობამ განიზრახა რიჰარდ ზორგეს "კერპად" ქცევა და მათი ინიციატივით, 1964 წელს (მისი გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ!) საბჭოთა ხელისუფლებამ, ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით (რომელსაც "რამზაის" შესახებ გადაღებული ფილმი აჩვენეს), ზორგეს "საბჭოთა კავშირის გმირის" წოდება მიანიჭა. ეს არ ჩათვალეს საკმარისად და ზორგეს სახელი მიანიჭეს: სკოლებს, ქუჩებს, გემებს; დაუდგეს ძეგლები, გადაიღეს ფილმები, დაბეჭდეს წიგნები - მოკლედ გაუფრთხილებლობით ჩავარდნილი აგენტი რიჰარდ ზორგე, რომელმაც იაპონიის კონტრდაზვერვას ყველა საიდუმლო გაუმხილა, ხელშეუხებელ კერპად აქციეს. რუსეთის ხელისუფლება დღესაც "წარმატებით" განაგრძობს რეალური ფაქტების დამახინჯებას და "რამზაი"-ზორგეს მითოლოგიზებას.
(პირველი ნაწილის დასასრული)