ბავშვი Airbus A310-ის შტურვალთან: შოკისმომგვრელი კატასტროფა - "მამა, რატომ ბრუნავს თვითმფრინავი?"
საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო რუსული "აეროფლოტის" 593-ე რეისზე მოხდარი ავიაკატასტროფა. დასავლური წარმოების თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავმა Airbus A310-მა, რომელიც რუსი კომპოზიტორის, მიხაილ გლინკას სახელს ატარებდა და მოსკოვიდან ჰონ-კონგის მიმართულებით მიფრინავდა, ციმბირის თავზე კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 75-ვე ადამიანი (63 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი) ადგილზე დაიღუპა. შავი ყუთის გახსნის შემდეგ გამოძიების ოფიციალურმა დასკვნამ მსოფლიო შოკში ჩააგდო: კატასტროფის მთავარი მიზეზი კაბინაში პილოტის მცირეწლოვანი შვილების შტურვალთან დაშვება გახდა...
საბედისწერო "საჩუქარი"
1994 წლის 22 მარტის გვიან საღამოს შერემეტიევოს აეროპორტიდან Airbus A 310 აფრინდა. დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმში, 10100 მეტრის სიმაღლეზე სტაბილურად მიფრინავდა. რეისს გამოცდილი ეკიპაჟი ემსახურებოდა: საჰაერო ხომალდის მორიგე კაპიტანი იაროსლავ კუდრინსკი კაბინის მარცხენა სავარძელში იჯდა, მისი პირველი თანაშემწე იგორ პისკარიოვი - მარჯვენა მხარეს. კუდრინსკის თან ახლდნენ მცირეწლოვანი შვილები - 12 წლის იანა და 15 წლის ელდარი, რომლებიც დასავლური წარმოების თანამედროვე თვითმფრინავით პირველად მგზავრობდნენ. კუდრინსკიმ გადაწყვიტა მათთვის "საჩუქარი" გაეკეთებინა და პილოტების კაბინაში შეეყვანა, რათა ეჩვენებინა, როგორ იმართებოდა თვითმფრინავი. რა თქმა უნდა, ეს ავიაციის უსაფრთხოების წესების უხეში და დაუშვებელი დარღვევა იყო, რომელიც იმავდროულად საბედისწეროც აღმოჩნდა! კაპიტანმა ბავშვები თავის სავარძელში ჩასვა, რათა მათ მთელი არსებით შეეგრძნოთ თვითმფრინავის მართვის პროცესი.
პირველად შტურვალთან იანა დაჯდა. იმისთვის, რომ პილოტირების ილუზია უკეთ შეექმნა, კუდრინსკიმ ავტოპილოტის კომპიუტერში შეიტანა მარტივი მოსახვევი კურსი (ე.წ. სათადარიგო მიმართულება), რამაც თვითმფრინავის მსუბუქი შემობრუნება გამოიწვია. რადგან იანას საჭეზე კონტროლი არ ჰქონია და მხოლოდ სავარძელში იჯდა, თვითმფრინავს საფრთხე არ შეჰქმნია...
ცოტა ხნის შემდეგ მამამ სავარძელში 15 წლის ელდარი ჩასვა. დისგან განსხვავებით, მან გადაწყვიტა, თვითმფრინავი რეალურად ემართა და შტურვალს (საჭეს) ძლიერად დააჭირა. თუმცა დასავლური წარმოების თანამედროვე Airbus A310-ის ავტოპილოტის სისტემა ისე იყო დაპროექტებული, თუ პილოტი შტურვალს გარკვეული ძალით 30 წამის განმავლობაში დააწვებოდა, კომპიუტერი ავტომატურად თიშავდა ავტოპილოტის კონტროლს მხოლოდ გვერდითი მართვის, ანუ ფრთების მიმართულებით, ხოლო დანარჩენი სისტემები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.
ძველი საბჭოთა თვითმფრინავებისგან, მაგალითად, Ту-154-ის ან Ил-62-ისგან განსხვავებით, სადაც ავტოპილოტის გათიშვას ძლიერი ხმოვანი სიგნალი მოჰყვებოდა, ფრანგული Airbus A310-ის სამართავ პულტზე ამ დროს მხოლოდ პატარა ნათურა ინთებოდა და ისიც უხმაუროდ. ეკიპაჟმა, რომელიც ხმაურიან საბჭოთა აპარატურას იყო მიჩვეული, ეს ვიზუალური ნიშანი ვერ შენიშნა. კაპიტნის ვაჟმა კი თვითმფრინავის ფრთების ავტომატური მართვა უნებლიეთ გათიშა და საჰაერო ხომალდი ნაწილობრივ ხელით მართვაზე გადავიდა...

კრიტიკული მომენტი
რამდენიმე წამში ბიჭმა შეამჩნია, რომ ლაინერი უცნაურად გადაიხარა და მამას ჰკითხა: "რატომ ბრუნავს თვითმფრინავი?" კაპიტანმა კუდრინსკიმ მიზეზი სწრაფად ვერ გაიაზრა. თვითმფრინავმა მარჯვენა მხარეს დაიწყო გადახრა და კრიტიკული ზღვარი გადალახა. რადგან ავტოპილოტს ფრთების კონტროლი გათიშული ჰქონდა, თუმცა სისტემა წონასწორობის შენარჩუნებას კვლავ ცდილობდა, ვითარების გამოსწორება ცხვირის აწევითა და ძრავის სიმძლავრის მკვეთრი ცვლილებით სცადა. შედეგად, ლაინერი ე.წ. სტალში - აეროდინამიკურ ვარდნაში შევიდა. ასეთი ძლიერი გადატვირთვისა და პანიკის გამო კაპიტანმა კუდრინსკიმ სავარძელში დროულად დაბრუნება ვერ შეძლო...
ასევე დაგაინტერესებთ: 41-ე მოედანი - საბჭოთა კოსმოსური პროგრამის კრახი
დასაღუპად განწირული - როგორ გადაარჩინა კომაროვმა გაგარინი გარდაუვალ სიკვდილს
ჯარისკაცი, რომელიც 29 წელი იბრძოდა, რადგან ომის დამთავრების არ სჯეროდა...
კაცი, რომელიც ორ ატომურ დაბომბვას გადაურჩა
სასოწარკვეთილი ბრძოლა
მარჯვენა სავარძელში მჯდომმა მეორე პილოტმა, იგორ პისკარიოვმა, სიტუაციაზე კონტროლის აღება და მძიმე ვარდნიდან თვითმფრინავის გამოყვანა სცადა, თუმცა პანიკაში მყოფმა შტურვალი თავისკენ ზედმეტად ძლიერად მოქაჩა, რამაც თვითმფრინავის უფრო სწრაფ და ვერტიკალურ-სპირალურ ვარდნაში გადასვლა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ძალისხმევის შემდეგ ეკიპაჟმა თითქმის შეძლო ფრთების გასწორება და ლაინერის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბრუნება, მათ აღარ ჰქონდათ ყველაზე მთავარი რამ - სიმაღლე და დრო...
1994 წლის 23 მარტის ღამეს, ადგილობრივი დროით 00:58 საათზე, თვითმფრინავი კემეროვოს ოლქში, მთის ერთ-ერთ ფერდობს შეასკდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ლაინერი წამებში აფეთქდა...

ტრაგედიის გავლენა მსოფლიო ავიაციაზე
ეს ამბავი მსოფლიო ავაიაციის ისტორიასა და უსაფრთხოების სახელმძღვანელოებში შევიდა როგორც დაუდევრობისა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან არასწორი კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითი. ამ ტრაგედიამ ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა ავიაციის უსაფრთხოების სტანდარტებში: ავიაკომპანიებმა კატეგორიულად აკრძალეს პილოტების ოჯახის წევრებისა თუ ნებისმიერი უცხო პირის ყოფნა პილოტების კაბინაში. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ კი კაბინის კარი სპეციალური ბრონირებული საკეტებით აღიჭურვა. პილოტების მოსამზადებელ პროგრამებში სავალდებულო გახდა არასტანდარტული და კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსვლის სიმულაციური სავარჯიშოები, რათა ეკიპაჟს მსგავსი სივრცული ორიენტაციის დაკარგვისას სწორი ქმედებები გამოუმუშავდეს. რუსული "აეროფლოტის" 593-ე რეისის ისტორია სამუდამოდ დარჩა საავიაციო ეთიკისა და დისციპლინის ყველაზე მძიმე მაგალითად.
შორენა ბიწაძე