მანდალადა და საბჭოთა სისტემის ძალადობა „კულტურული რევოლუციის“ სახელით - კვირის პალიტრა

მანდალადა და საბჭოთა სისტემის ძალადობა „კულტურული რევოლუციის“ სახელით

საბჭოთა იმპერიული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, დოკუმენტურად დადასტურებული ტრაგიკული გვერდი უკავშირდება 1930-1940-იან წლებში ციმბირისა და ჩრდილოეთის მცირერიცხოვანი ხალხების (ნენების, ხანტების, მანსების, ევენკების, ჩუქჩებისა და სხვა არქტიკული ეთნოსების) იძულებით„სოციალიზაციასა და კოლექტივიზაციას. ამ პროცესს მოჰყვა მასობრივი რეპრესიები, ჰუმანიტარული კატასტროფა, შეიარაღებული აჯანყებები და ტრადიციული ცხოვრების წესის სრული ნგრევა.

როდესაც სსრკ-ში ქონების ძალადობ­რი­ვი ჩამორთმევის, გადასახადებისა და კოლმეურნეობების სისტემა ამუშავდა, ჩრდილოეთის მრავალი ხალხი ამ ახალი წეს-წყობილების წინააღმდეგ ამხედრდა. განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, ეს ხალხები ისედაც არქტიკის უკიდურესად მძიმე პირობებში, მიუდგომელ სივრცეებში ცხოვრობდნენ.

"კულტურული რევოლუცია“

1930-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა არქტიკისა და ციმბირის მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ხალხები უმოკლეს დროში "გაეთანამედროვებინა". ირმებით მომთაბარეობა, გვაროვნული წყობა და შამანიზმი "ველურობად" გამოცხადდა. ხელისუფლებამ მიზნად დაისახა შამანების განადგურება, რადგან ისინი თემში მთავარ სულიერ და პოლიტიკურ ავტორიტეტს წარმოადგენდნენ.

ტუნდრისა და ტაიგის სიღრმეში აშენდა "კულტურული პუნქტები" (კულტბაზები), სადაც ადგილობრივები იძულებით მიჰყავდათ. მშობლიური ენისა და ტრადიციების დასავიწყებლად, ბავშვებს მშობლებს ართმევდნენ და სკოლა-ინტერნატებში ათავსებდნენ. ჩრდილოელი ხალხების ტრადიციულ საცხოვრებლებში (ნენების "ჩუმებში", ჩუქჩების "იარანგებში") შესული აგიტატორები ადგილობრივების დამორჩილების მიზნით, საგანგებო პროგრამებით მოქმედებდნენ. მათ მომთაბარეებს მოსთხოვეს "კოლექტივიზაცია". შედარებით შეძლებულ მეოჯახეებს "კულაკები" უწოდეს, ქონება წაართვეს, ირმის ჯოგები ჩამოართვეს და რეპრესიები დაატეხეს თავს.

შეიარაღებული წინააღმდეგობა

ძალადობამ "კულტურული რევოლუციის" სახელით ჩრდილოეთის სხვადასხვა ხალხში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ტერმინი "მანდალადა" ნენების (იგივე ნენცების) და იქაური ხალხების ენაზე ნიშნავს "სამხედრო შეკრებას" ("წრეში შეკრებილ შეიარაღებულ ადამიანებს"). საბჭოთა საარქივო დოკუმენტებში ეს ტერმინი გამოიყენებოდა არქტიკული აჯანყებებისა და შეიარაღებული გამოსვლების აღსანიშნავად.

დასავლეთ ციმბირში, ხანტებისა და მანსების მიერ საბჭოთა სტრუქტურების წინა­აღმდეგ კაზიმის აჯანყება (1931-1934 წლები) სისხლში ჩაახშვეს. აჯანყებულები ითხოვდნენ ძალადობის შეწყვეტას, დაკავებულთა გათავისუფლებას და ბავშვების სკოლა-ინტე­რნატებიდან დაბრუნებას.

1934-1943 წლებში მანდალადას ტიპის გამოსვლები იამალსა და პრიურალიეში მკვეთრად ანტირუსული და ანტისაბჭოთა ხასიათის იყო. მოწმეთა ჩვენებებით, ახალი წესების წინააღმდეგ გამოსულ კოლმეურნე­ებს სასტიკად სჯიდნენ - ფეხებით კიდებდნენ, ნავთს ასხამდნენ და წვავდნენ. ამას მოჰყვა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოპერატიული ჯგუფების შესვლა და შეტაკე­ბები, სადაც აჯანყებულები დამარცხდნენ და დაიღუპნენ... მსგავსი გამოსვლები იყო აღმოსავლეთ ციმბირშიც (ევენკებთან და ჩუქჩებთან), სადაც მოსახლეობა თავის საძოვრებს იარაღით იცავდა.

ჰუმანიტარული კატასტროფა, შიმშილი და კანიბალიზმი

როგორც უკრაინაში, ყაზახეთსა და ვოლგისპირეთში, სსრკ-ის მასშტაბური კოლექტივიზაციის პოლიტიკამ ჩრდილოეთის მკვიდრ ხალხებშიც სურსათის მძიმე კრიზისი გამოიწვია. ირმის ხორცი და ტყავი არქტიკის მკვიდრი მოსახლეობის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო, ძალადობრივი რეკვიზიციების ფონზე კი ირმების უზარმაზარი ჯოგები განადგურდა, რამაც მთელი თემები შიმშილისა და სიცივის წინაშე უმწეოდ დატოვა. მსგავსად ქვეყნის სხვა რეგიონებისა, საბჭოთა ხელისუფლება მკაცრად მალავდა ჩრდილოეთში შექმნილ კატასტროფულ ვითარებას. ტუნდრასა და ტაიგაში არსებულ ჩაკეტილ და იზოლირებულ ზონებში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა სრული შიმშილის პირას აღმოჩნდა.

საარქივო მასალებსა და ისტორიულ კვლევებში დაფიქსირებულია, რომ აბსოლუ­ტური კრიზისის ფონზე, ზოგიერთ შორეულ, იზოლირებულ დასახლებაში (სტოიბიშეში) ფიზიკური გადარჩენის მიზნით კანიბალიზმის ფაქტებიც კი დაფიქსირდა. საბჭოთა სადამსჯელო ორგანოები ამას მხოლოდ "ადგილობრივი ელემენტების ზნეობრივ დაცემას" აბრალებდნენ, რეალურად კი ეს იმპერიის დანაშაულებრივი პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო.

ნენების აჯანყება

ოქტომბრის რევოლუციას პირველ პერიოდში ტუნდრის წეს-ჩვეულებებში დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია. ნენები კვლავ მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ცხოვრობდნენ ჩუმებში და მისდევდნენ ირმების მოშენებას, თევზჭერასა და ნადირობას. თუმცა, 1929-1932 წლებში კოლექტივიზაციის დაწყებასთან ერთად ვითარება მკვე­თრად შეიცვალა - დაიწყო ე.წ. ამხანაგობებისა და კოლმეურნეობების ორგანიზება. პარალელურად მიმდინარეობდა ტერიტორიების ხელოვნური დაყოფა (შეიქმნა ნენთა, იამალ-ნენთა და დოლგან-ნენთა ეროვნული ოკრუგები), რამაც ტრადიციული საგვარეულო კავშირები დაარღვია.

საბჭოთა პოლიტიკა "კულტურული რევოლუციის" სახელით მოიცავდა გაუნათლებლობის აღმოფხვრასაც, თუმცა ადგილობრივებისთვის ეს ძირითადად მშობლებისგან ბავშვების ძალადობრივად წართმევასა და სკოლა-ინტერნატებში გამოკეტვას ნიშნავდა. გაიზარდა გადასახადები, დაიწყო შამანებისა და კულაკების, ანუ მდიდრების დევნა.

უკმაყოფილებამ პიკს 1934 წლისთვის მიაღწია. იამალში, კაზიმსა და ტოლკაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა - მანდალადა განვითარდა... მოძრაობის მონაწილეებმა საბჭოთა ხელისუფლებას ულტიმა­ტუმი წაუყენეს, რომლის შესრულებაც საბჭოთა პოლიტიკის სრულ უგულებელყოფას ნიშნავდა:

პროდუქტებითა და სამრეწველო საქონლით მომარაგების ნორმების გაუქმება;

პროდუქციის შეძენა მოთხოვნილებისა და ფულის მიხედვით;“

კულაკებად და ღარიბებად დაყოფის გაუქმება ("ყველანი ერთნაირები ვართ");“

კულაკებისა და შამანებისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა;

საბჭოებისა და არჩეული ორგანოების სრული უარყოფა და არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულების გაუქმება;

ფაქტორიებიდან და საბჭოებიდან ყველა ნენის გამოთხოვა;

ფაქტორიების გაუქმება და ტუნდრიდან რუსების გაყვანა;

საბჭოთა კანონების სრული უარყოფა და მათი შეუსრულებლობა;

ბავშვების სკოლებში არ გაშვება.

მიუხედავად ამისა, 1934 წლის დეკემბრის ბოლოს უშიშროების სამსახურის 100-კაციანმა რაზმმა აჯანყებულთა დაშლა მოახერხა, ორგანიზატორები კი დააპატიმრეს.

1943 წლის პაი-ხოის მანდალადა

დიდმა სამამულო ომმა ჩრდილოეთის მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთი დააკისრა. შედეგად, ნენთა ეროვნული ოკრუგის აღმოსავლეთში, პაი-ხოის ტუნდრაში, აუტანელი გადასახადებისა და ომის პირობებში დაწესებული მკაცრი ნორმებისგან თავის დასაღწევად ახალი აჯანყება აგორდა.

სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 1943 წლის გაზაფხულზე ფაქტორიებმა პურის გაცემა შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები გადასახადებს პირნათლად იხდიდნენ. პროტესტის ნიშნად კოლმეურნეობებიდან მასობრივი გაქცევა დაიწყო. სერგეი ნოგოსა და ვასილი ლაპტანდერის მეთაურობით ტუნდრაში შეიქმნა შეიარაღებული სტოიბიშე (ბანაკი), რომლის წევრებიც რემინგტონის შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული. ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ გადასახადების გადახდასა და არმიაში სამსახურს.

ასევე დაგაინტერესებთ: ბავშვი Airbus A310-ის შტურვალთან: შოკისმომგვრელი კატასტროფა - "მამა, რატომ ბრუნავს თვითმფრინავი?"

41-ე მოედანი - საბჭოთა კოსმოსური პროგრამის კრახი

დასაღუპად განწირული - როგორ გადაარჩინა კომაროვმა გაგარინი გარდაუვალ სიკვდილს

ჯარისკაცი, რომელიც 29 წელი იბრძოდა, რადგან ომის დამთავრების არ სჯეროდა...

ძალადობრივი დასასრული

1943 წლის ივნისში აჯანყების ჩასახშობად არხანგელსკიდან შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოპერატიული რაზმი გაემგზავრა. 23 ივნისს ჩეკისტებმა აჯანყებულთა ბანაკს ალყა შემოარტყეს. მთებში გამაგრებულმა აჯანყებულებმა ცეცხლი გახსნეს. რვასაათიანი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ორივე მხარეს იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები. საბოლოოდ, ძალების უპირატესობისა და საპოლიციო რაზმის მიერ წაყენებული ულტიმატუმის შედეგად, აჯანყებულებმა იარაღი დაყარეს. 36 მონაწილე დააპატიმრეს და არხანგელსკში გადაიყვანეს. ისინი საბჭოთა სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ. საბჭოთა სისტემისთვის ეს იყო მძიმე, უპატიებელი ანტისაბჭოთა შეიარაღებული გამოსვლა, თანაც მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელსაც საბჭოთა ხალხებისთვის "სამამულო ომი" ეწოდებოდა. ბრალდებულები დამნაშავეებად ცნეს და მკაცრი სასჯელები მიუსაჯეს: გრძელვადიანი პატიმრობა საბჭოთა ე.წ. შრომა-გასწორებით ბანაკებში (გულაგში), ხოლო ზოგიერთ ლიდერს - დახვრეტა!

ჩრდილოეთის მკვიდრი მოსახლეობისთვის, რომლებიც მიჩვეული იყვნენ თავისუფალ მომთაბარე ცხოვრებას ტუნდრაში, საპატიმრო პირობები და იზოლაცია დამღუპველი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში პატიმრობასა და დაავადებებს ვერ გადაურჩა და ბანაკებშივე დაიღუპა...

შორენა ბიწაძე