რუსეთი ომში ყოველთვიურად ქართული არმიის რაოდენობის მებრძოლებს კარგავს - გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?! - კვირის პალიტრა

რუსეთი ომში ყოველთვიურად ქართული არმიის რაოდენობის მებრძოლებს კარგავს - გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

რუსეთ-უკრაინის ომმა ტოტალური ხასიათი მიიღო, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები უკვე დიდად აღარ განარჩევენ ერთმანეთისგან წმინდა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების ან სულაც სამოქალაქო ობიექტებს და მათ დაუნდობლად ანადგურებენ, მეტწილად კი აგრესორი რუსეთი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის მეხუთე წელს ფრონტის ხაზზე და მის ახლო სიღრმეში ძალზე აქტიურად გამოიყენება დისტანციურად მართვადი ან ნაწილობრივ რობოტიზებული საჰაერო და სახმელეთო დრონები, მოწინააღმდეგეებს პირად შემადგენლობაში მაინც დიდი დანაკარგი აქვთ.

ომის 1 657-ე დღისთვის შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალის საბრძოლო დანაკარგმა 30 ათასს გადააჭარბა... ყოველთვიურად! ანუ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინასთან ომში ყოველთვიურად აკლდება... საქართველოს თავდაცვის ძალების რეალურ რიცხოვნობაზე მეტი! მართალია, საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობა ოფიციალურად განსაზღვრულია 37 ათასი კაცით, მაგრამ რეალურად, სამწუხაროდ, უფრო ნაკლები მსახურობს, ოღონდ რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების ეს ციფრი მარტო მოკლულებისგან არ შედგება.

საერთოდ, საბრძოლო მოქმედებების დროს პირად შემადგენლობაში დანაკარგი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი - ე.წ. დაბრუნებადი დანაკარგი ანუ დაჭრილები, კონტუზირებულები და ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ კვლავ უბრუნდებიან მწყობრს; მეორე - დაუბრუნებელი დანაკარგი: ბრძოლის ველზე დაღუპულები (ლიკვიდირებულები), მიღებული ჭრილობებისგან ჰოსპიტალში გარდაცვლილები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და ტყვედ ჩავარდნილები.

დასავლელი ოფიციალური პირების მონაცემებით, 2026 წელს რუსეთის ყოველთვიური დანაკარგი 30 000-დან 42 000-მდე მებრძოლს შეადგენს. მაგალითად, 2026 წლის ივლისსა და აგვისტოში ყოველთვიურმა დანაკარგმა 42 000-ს გადააჭარბა.

დასავლელი ექსპერტების შეფასებით, საერთო დანაკარგების დაახლოებით 20-30% მოდის უშუალოდ სიკვდილიანობაზე. შესაბამისად, რუსეთს ყოველთვიურად, სავარაუდოდ, 7 000-დან 10 000-მდე მებრძოლი ეღუპება.

საერთო ჯამში ომის დაწყებიდან დღემდე, 2026 წლის შემოდგომის მონაცემებით, რუსეთის არმიის ცოცხალ ძალაში დანაკარგი (დაღუპული, მძიმედ დაჭრილი და დაკარგული) 1.2 მილიონზე მეტია, საიდანაც დაღუპულთა რაოდენობა, სხვადასხვა დასავლური შეფასებით, 325 000-დან 450 000-მდე მერყეობს.

როგორც მედალს აქვს მეორე მხარე, ისე ომში მეორე მოწინააღმდეგესაც აქვს ცოცხალი ძალის დანაკარგი და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ძალზე ასაიდუმლოებს ამ მონაცემებს (ომში მონაწილე მხარეები ყოველთვის ცდილობენ „შეამცირონ“ საკუთარი დანაკარგი და პირიქით, გაზარდონ მოწინააღმდეგის მსხვერპლის რაოდენობა, რაც სამხედრო პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და არის ყველა ომში), დასავლური დაზვერვისა და დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით, მისი დანაკარგი რუსეთისაზე ნაკლებია, თუმცა მაინც ძალიან მძიმე. დასავლური ანალიტიკური წყაროების მიხედვით, უკრაინის სამხედრო დანაკარგი (დაღუპულები და დაჭრილები) თვეში საშუალოდ 10 000-დან 15 000-მდე მებრძოლს შეადგენს.

უშუალოდ დაღუპულები: ყოველთვიურად დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა, სავარაუდოდ, 2 000-დან 4 000-მდეა (2026 წლის დამდეგს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა ომის განმავლობაში 55 000 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვა, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები საგრძნობლად მაღალ ციფრს - 100 000-დან 150 000-მდე დაღუპულს ვარაუდობენ).

გარდა ამისა, უკრაინის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოფიციალურ რეესტრში 90 000-ზე მეტი კაცია რეგისტრირებული, რომელთა უდიდესი ნაწილი სწორედ ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები არიან. სავარაუდოდ, დაკარგულთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად დაღუპულია (რომელთა ცხედრების გამოტანაც ფრონტის ხაზიდან ვერ მოხერხდა დრონებისა და ინტენსიური დაბომბვების გამო) ან იმყოფება რუსეთის ტყვეობაში.

2026 წლის ზაფხულისთვის, დასავლური წყაროების შეფასებებით, უკრაინის ჯამური სამხედრო დანაკარგი (დაღუპული და დაჭრილი) 500 000-დან 600 000-მდე კაცს შეადგენს.

ჩვენ ვერ დავუჯერებთ ვერც უკრაინის და, მით უმეტეს, ვერც რუსეთის ყოველდღიურ ოფიციალური წყაროების მონაცემებს მოწინააღმდეგის დანაკარგის შესახებ, რადგან მათგან აშკარაა პროპაგანდისტული სულისკვეთება - სიტყვიერად შეამცირონ საკუთარი დანაკარგი და რაც შეიძლება გააზვიადონ მოწინააღმდეგის მსხვერპლის რაოდენობა. შესაბამისად, მოგვიწევს მესამე მხარის, დასავლელი დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსების შედარებით ნეიტრალური გამოთვლების გათვალისწინება.

ის, რომ აგრესორი რუსეთის საბრძოლო დანაკარგი პირად შემადგენლობაში ორჯერ აღემატება უკრაინისას, გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები მუდმივ შეტევით ოპერაციებს ატარებენ, უკრაინელები თავდაცვაში არიან და, შესაბამისად, ფრონტის ხაზზე შემტევ მხარეს მეტი მებრძოლი ეღუპება და ეჭრება.

გარდა ამისა, პუტინის რუსეთი აგრძელებს სტალინის საბჭოთა კავშირის „ტრადიციას“ და ომებში არ უფრთხილდება თავის ჯარისკაცებს, გზავნის მათ ისეთ იერიშებზე, სადაც გადარჩენის მინიმალური შანსიც არ არის. 1,2 მლნ მებრძოლის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ სხვა ქვეყანა, ალბათ, შეაჩერებდა საბრძოლო მოქმედებებს და ზავის დადებაზე იფიქრებდა, თუნდაც მისი წამოწყებული ყოფილიყო ომი, მაგრამ არა რუსეთი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი სასაკლაო გამართა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვისაც.

1950-53-იანი წლების კორეის ომში ამერიკელებს 54,4 ათასი სამხედრო დაეღუპათ, ვიეტნამის ომში - 47,3 ათასი, ხოლო ავღანეთში 2001-2021 წლებში - მხოლოდ 2,4 ათასი.

1979-89 წლებში საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში დაკარგა 15 031 მებრძოლი, ხოლო სანიტარიული დანაკარგი დაჭრილებისა და დაშავებულების სახით 53 753 სამხედროს შეადგენდა.

გამოდის, ბრეჟნევის საბჭოთა არმიამ ავღანეთის ცხრაწლიანი ომის განმავლობაში 21,6-ჯერ ნაკლები მებრძოლი დაკარგა, ვიდრე პუტინის არმიამ უკრაინასთან ოთხწლიან ომში, თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს. ავღანეთში საბჭოთა არმიის შეზღუდული კონტინგენტის“ (მაშინ მოსკოვი ასე შეფარვით მოიხსენიებდა ავღანეთში შეყვანილ, ფაქტობრივად, საოკუპაციო საბჭოთა ჯარებს) მაქსიმალურმა რაოდენობამ 1986 წელს 108 789 კაცს მიაღწია, მაშინ, როცა 2026 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების რაოდენობა უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე 800 ათას კაცს გადასცდა.

გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებების მასშტაბისა და ინტენსივობის შედარებაც ცხადყოფს, რომ თუკი ავღანეთში საბჭოთა ჯარებს მოჯაჰედები, ძირითადად, პარტიზანულად ებრძოდნენ გზებზე ჩასაფრებებისა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე უეცარი სწრაფი თავდასხმა-უკუქცევის ტაქტიკით, რუსეთ-უკრაინის ომში 1 500 კმ მეტრზე გადაჭიმული ფრონტის ხაზი გაიხსნა ორივე მხრიდან არტილერიის, რაკეტების, ავიაციისა და, რა თქმა უნდა, კამიკაძე-დრონების ფართო გამოყენებით. სწორედ ამიტომაც უპრიანია რუსეთ-უკრაინის ომის შედარება მეორე მსოფლიო ომთან, მით უმეტეს, ამ ომმა ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო გერმანია-საბჭოთა კავშირის 1941-45 წლების ომს.

როგორც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, აგრესორი რუსეთის შეჩერებას მაშინ შეძლებენ, თუკი ყოველთვე არანაკლებ 50 ათასამდე რუსი ოკუპანტი იქნება ლიკვიდირებული.

ეს ციფრები იქიდან მოდის, რომ რუსეთი ყოველთვიურად 30 ათასამდე ახალ რეკრუტს გზავნის ომში, რითაც ანაზღაურებს დაუბრუნებელ საბრძოლო დანაკარგს რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში და თუკი რუსი სამხედროების საბრძოლო დანაკარგი ყოველთვიურად 50 ათასს მიაღწევს, წესით, კრემლს უნდა გაუჭირდეს არმიის საბრძოლო დანაყოფების შევსება და, შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალები დაკარგავენ საბრძოლო ინიციატივას და მუდმივ იერიშებზე გადასვლის თავიც აღარ ექნებათ.

საბრძოლო დანაკარგების შევსებისა და ფრონტის ხაზზე მოიერიშე დანაყოფების რიცხოვნობის გაზრდისა და ახალი ფართომასშტაბიანი შეტევების ორგანიზებისთვის რუსეთს აუცილებლად სჭირდება ახალი მობილიზაცია არანაკლებ 500 ათასი მებრძოლის დასამატებლად.

ასევე დაგაინტერესებთ: ფაშინიანი სომეხ „ორჯონიკიძეებს“ აფრთხილებს, რომ რუს „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში არ გააჭაჭანებს...

ერთი ჩრდილოეთი კორეა რუსეთს უფრო ძლიერად აიარაღებს, ვიდრე მთელი ნატო უკრაინას?!

ნატო-ს დილემა: აქეთ პუტინი, იქით კიმ ჩენ ინი, შუაში კი აიათოლა - არის თუ არა ალიანსი მზად დიდი ომისთვის?!

ვაზიანიდან თეირანამდე - საბჭოთა МиГ-ების ხიფათიანი გადაფრენა ქუთაისური კონიაკის თანხლებით...

ზუსტად ოთხი წლის წინ, 2022 წლის 21 სექტემბერს, პუტინმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია 300 ათასი კაცის გასაწვევად, რასაც მოჰყვა კიდეც მილიონზე მეტი მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის მოქალაქე მამაკაცის გაქცევა საზღვარგარეთ. ამჟამად კრემლი კატეგორიულად უარყოფს ახალი დიდი მობილიზაციის გამოცხადებაზე გავრცელებულ ხმას, თუმცა უკვე გათვალისწინებული აქვს საზღვრების გადაკეტვის მექანიზმი, რათა ასიათასობით მამაკაცი რუსეთის არმიაში გაწვევის შიშით საზღვარგარეთ არ გაექცეს. რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მესაზღვრეებს უკვე აქვთ ელექტრონული სიები 18-დან 70 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცისა, რომლებიც შეიძლება გაწვეულნი იყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში (18-დან 30 წლამდე) და მობილიზებულნი იყვნენ რუსეთის არმიაში (თადარიგში მყოფი 55 წლამდე რიგითები, 60 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 65 წლამდე უფროსი ოფიცრები და 70 წლამდე გენერლები).

მობილიზაციის საკითხი არანაკლებ მწვავეა უკრაინისთვისაც. უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარე „ფარულ“ მობილიზაციას, როდესაც ქუჩებში აჩერებენ მამაკაცებს და გამწვევი პუნქტების თანამშრომლები, სამხედროებისა და პოლიციის დახმარებით ძალით სვამენ მიკროავტობუსებში შემდგომში ფრონტის ხაზზე გასაგზავნად, უკვე მოჰყვა დაპირისპირება მოსახლეობასთან, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება მასობრივი მობილიზაცია. საქმე იქამდეც მიდის, რომ უკრაინის მოქალაქე ის მამაკაცები, რომლებიც ასაკით (უკრაინის კანონის თანახმად, მობილიზაციას ექვემდებარებიან 25-დან 60 წლამდე მამაკაცები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სამსახურის გადავადების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოდნავ/სრულად მოხსნის საფუძველი) შეესაბამებიან მობილიზაციის მოთხოვნებს, მაგრამ იმყოფებიან საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში, შეიძლება დააბრუნონ სამშობლოში, ოღონდ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ან ტექნიკურად როგორ შესრულდება ეს, ჯერ არ არის ცნობილი.