მძიმე "წინასწარმეტყველება" უკრაინისთვის: "რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის" - The Washington Post
„რუსეთი ტექნოლოგიურ შეჯიბრში უკრაინას ბევრად წინ უსწრებს. მოსკოვი, იარაღის წარმოების დაჩქარების მიზნით, სამრეწველო სიმძლავრეებს აფართოებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „უკრაინას ბრძოლის მეთოდები უკან უბრუნდება. რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის“ (ავტორი - ერიკ შმიტი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ამერიკელი სამხედრო ჟურნალისტის თვალსაზრისი რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, ბრძოლის ფორმებისა და მეთოდების გათვალისწინებით.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ზაფხულის მიწურული იყო, როცა კოლეგებთან ერთად უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტისპირა რაიონიდან მატარებლით წამოსული, კიევში შევედით. უეცრად საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ათობით რუსული ბალისტიკური რაკეტა უკრაინის დედაქალაქისკენ მოფრინავსო. მატარებლიდან სასწრაფოდ გადმოვედით და ხალხის ნაკადს შევუერთდით, რომლებიც თავშესაფარისაკენ მირბოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენს ახლოს აფეთქებების ხმა გაისმა - რუსული ბალისტიკური რაკეტები კიევს ზედიზედ ეცემოდა ციდან, რკინიგზის სადგურის ქვეშ მდებარე დარბაზში, სადაც ჩვენ ვიყავით, მატარებლის ასობით მგზავრი იყო თავმოყრილი, მათ შორის - ბავშვებიც და დაბომბვის დასრულებას ველოდით.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ხშირად დავდივარ, ვეხმარები უკრაინელ სამხედროებს, მოწინავე ტექნოლოგიების შექმნაში ფრონტისათვის, მაგრამ ამ ბოლო ყოფნის დროს უფრო მეტი შთაბეჭდილება დამრჩა, ვიდრე ომის პირველ ეტაპზე მივიღე.
რუსეთის არმიის სამხედრო მომზადება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, სახმელეთო ბრძოლის ველზეც და საჰაერო ფრონტზეც. ვაშინგტონს მოუწევს იმის აღიარება, რომ მოსკოვი ტოტალური ომის სტრატეგიაზეა გადასული, ახდენს მრეწველობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებას, რათა დაბომბვებით აიძულოს უკრაინა, კაპიტულაცია გამოაცხადოს. დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთზე გასამარჯვებლად უკრაინისათვის მხოლოდ იარაღის გადაცემა საკმარისი არ არის. უკრაინას სჭირდება, რომ დასავლეთმა უფრო მეტი რესურსის მობილიზება მოახდინოს, რუსეთს წარმოების ტემპებით გაუსწროს და იმდენი იარაღი აწარმოოს უკრაინისთვის მისაცემად, რომ კიევმა მოსკოვის შეტევა წარმატებით მოიგერიოს.
ომის დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის უპირატესობა ადაპტირების უნარში და ინოვაციების სწრაფ დანერგვაში გამოიხატებოდა. მართალია, რუსეთს ომის წინაწლებშიც მეტი ჯარისკაცი ჰყავდა, მეტი ფული და ძლიერი მრეწველობა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელმა ინჟინრებმა და სტარტაპებმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოახერხეს მოწინავე იარაღისა და თავდაცვითი სისტემების შექმნა, რომლებიც წარმატებით გამოსცადეს კიდეც ფრონტის წინახაზზე და სრულყოფილებამდე მიიყვანეს. ომისაგან დაზარალებული უკრაინის თავდაცვის მრეწველობა უფრო სწრაფად და უნარიანად მოქმედებდა, ვიდრე - მოუხერხებელი და ტლანქი რუსული სამხედრო ბიუროკრატია.
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უპირატესობა ნელ-ნელა ქრება. როცა უკრაინამ რუსული დრონების ხროვის გასანადგურებლად უფრო შედარებით სწრაფი ანტიდრონი-დამჭერი შექმნა, რუსეთმა მოახერხა და უფრო უკეთესი - რეაქტიული დრონი ააწყო, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობს და მისი „დაჭერა“ ძნელია. გარდა ამისა, დღეს მოსკოვს კოსმოსში სწრაფად გაჰყავს საკომუნიკაციო (კავშირგაბმულობის) თანამგზავრების დიდი რაოდენობა, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ Starlink-ის ამერიკულ სისტემას - ილონ მასკის კუთვნილი კომპანიის მიერ შექმნილი ორბიტული კავშირის სისტემებს, რომლებიც რუსეთს ბოლო დრომდე არ ჰქონდა.
ბოლო დროს უკრაინული მხარის საბრძოლო პოზიციებზე მე რაღაც დაუჯერებელი ვნახე: ჯარისკაცები და მეთაურები ბეტონის მიწისქვეშა დოტებში სხედან და კამერებს ათვალიერებენ, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ დაფრინავს ცაში ასობით რუსული დრონი, ისინი ყველაფერს აკვირდებიან და ზვერავენ, თითოეულ უკრაინელ ჯარისკაცზე და სამხედრო ტექნიკაზე ნადირობენ. მიწის ზემოთ სიარული სასიკვდილოდ სახიფათოა: უკრაინელთა დანაკარგების 90% სწორედ პოზიციებს შორის გადაადგილებების დროს ხდება. ბევრ უკრაინელ ჯარისკაცს - როგორც კი წინა ხაზს მიაღწევენ - უკან დაბრუნება უჭირთ, დრონების მსხვერპლნი ხდებიან, ამიტომ თვეობით სხედან დოტებში.
ეს კონფლიქტი სამხედრო ტექნიკის შეჯიბრის არენას წარმოადგენს. ჩვენ ვაკვირდებით ყველაზე სწრაფად მიმდინარე ტექნოლოგიურ ცვლილებებს ომების ისტორიაში. დრონი, რომელიც გუშინ ძალიან ეფექტიანი იყო ბრძოლის დროს, დღეს უკვე შეიძლება მოძველებულად ჩაითვალოს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი სრულიად უსარგებლო გახდეს. მოწინააღმდეგე ხშირად ცვლის რადიოსიხშირეებს, ქმნის რადიოკავშირის ჩამხშობ მოწყობილობებს და უფრო სწრაფ უპილოტოებს, ახდენს ტაქტიკის კორექტირებას და, შესაბამისად, ადაპტაციის ციკლი თავიდან იწყება.
უკრაინა ბრწყინვალედ უმკლავდება ბევრ საომარ პრობლემას, მაგრამ ომის ბედს მხოლოდ ინოვაციები არ წყვეტს. საჭიროა მრეწველობის განვითარებისა და გაფართოების მსხვილი მასშტაბები, რომლებიც ესოდენ მაღალი ინტენსიური კონფლიქტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მე ვესაუბრებოდი მეთაურებს, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე, ასევე, კარგად იციან, თუ რა არის საჭირო რუსების შესაჩერებლად, მაგრამ შესაბამისი იარაღი არ აქვთ. ერთ-ერთმა აღიარა, რომ მისმა ქვედანაყოფმა ჰაერში სამიზნის ძებნა შეწყვიტა - უკრაინული დრონები დეფიციტია და მტრის დრონი რომც აღმოაჩინო, მას ვერაფერს დაუპირისპირებ. ეს მიმდინარე ომის საკვანძო განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს. უკრაინას აქვს ბრწყინვალე ასობით დრონი, რომლებიც ათასობით კილომეტრზე მდებარე რუსეთის ენერგოობიექტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს ომის ბედს ვერ გადაწყვეტს. საჭიროა ასეულობით ათასი კარგი დრონი, რომ ომში გარდატეხა იქნას შეტანილი.
რუსეთი დაუჯერებელი და არნახული მასშტაბებით აფართოებს იარაღის წარმოებას. უკრაინას რუსეთთან მეტოქეობა არ ძალუძს, სხვისი დახმარების გარეშე. რუსეთი უკვე კარგად სარგებლობს იმით, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები აღარ აქვს და დაუბრკოლებლად ბომბავს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს. კრემლის მიზანია, უკრაინას სიბნელე, სიცივე და ტანჯვა მოუვლინოს.
კიევს ჰყავს მცოდნე ინჟინრები, უკრაინელები მამაცი და შეუპოვარი ხალხია, მათ აქვთ ნოვატორობის სული და განწყობა. ის, რაც მათ არ ჰყოფნით, არის მრეწველობის მასშტაბები, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება „პეტრიოტის“ რაკეტა-„დამჭერები“ (ანტირაკეტები), შორსმსროლელი ჰაუბიცები, აგრეთვე - ინვესტიციები საკუთარი მრეწველობის გასაფართოებლად. დასავლეთი ისე უნდა მიუდგეს უკრაინის სამხედრო მრეწველობას, როგორც საკუთარს - ერთად უნდა აწარმოონ იარაღი, ერთად მოაგვარონ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და საქმე ისე მოაგვარონ, რომ ფრონტზე უკრაინელ მეთაურებს იარაღის დეფიციტი არ ჰქონდეთ.
ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია ფრონტის წინახაზზე ყოველდღიურად ჭედავს მომავალ გამარჯვებას. უკრაინასთან დასავლეთის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ხელს შეუწყობს კიევის გამარჯვებას, რათა დასავლეთი (მათ შორის - ევროპა), თავის მხრივ, მომზადებული შეხვდეს სამომავლო გამოწვევებს.
ასევე დაგაინტერესებთ: სახიფათო სცენარი ანუ როგორ გამოიყენებს პუტინი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებს?! - Der Spiegel
რატომ აკრძალა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?!
როცა კიევში იმ დღეს დაბომბვის საფრთხის დონე შემცირდა, ჩვენ თავშესაფრიდან გარეთ გამოვედით. ცნობილი გახდა, რომ რუსეთს ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტები გამოუშვია კიევისაკენ. უკრაინა ოთხ წელზე მეტია ისეთ საჰაერო დარტყმებს იტანს, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას წელში გატეხავდა, მაგრამ უკრაინა არ ნებდება.
მაგრამ დასავლეთის მიერ უკრაინის სიმტკიცისა და ამტანობის ქება სტრატეგია არ უნდა იყოს, მხოლოდ ქება-დიდებით საქმე ვერ გაკეთდება. უკრაინამ თავისი ჯარისკაცების სისხლისღვრით და ინჟინრების ტალანტით ომს ოთხი წელი გაუძლო... ახლა კი ჩვენ უკრაინა ისევ მარტო არ უნდა დავტოვოთ, როცა მკაცრი ზამთარი ახლოვდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ