ქობულეთელი საბჭოთა სპეციარაღის კონსტრუქტორი, რომელსაც საქართველოში ავტომატების წარმოების დაწყება სურდა - კვირის პალიტრა

ქობულეთელი საბჭოთა სპეციარაღის კონსტრუქტორი, რომელსაც საქართველოში ავტომატების წარმოების დაწყება სურდა

1992 წლის აგვისტო იდგა. ქართული სამშვიდობო ბატალიონის ოფიცრებთან ერთად ცხინვალში, სამმხრივი სამშვიდობო ძალების შტაბში ვიმყოფებოდი, როდესაც რუსმა "ღამურებმა" - ლაგოდეხში დისლოცირებული ჯერ საბჭოთა, მერე კი რუსული გე-ერ-უს მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადიდან - ჩაგვიარეს მხარზე გადაკიდებული ხაკისფერ შალითაში ჩადებული რაღაც ახალი საიდუმლო ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც არავის უჩვენებდნენ, თუმცა არყის ბოთლმა მაინც "გაჭრა", რუსმა სამხედრომ შალითა გახსნა და გვაჩვენა უცნაური კონსტრუქციის მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანა, თანაც ხმადაბლა ჩაგვილაპარაკა, ეს ახლახან ჩამოგვიტანეს, გასაიდუმლოებული იარაღია, "ვინტორეზი" ჰქვია, ზედგამოჭრილია უხმაუროდ ვინმეს გასაგორებლადო.

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მომეცა საშუალება უკვე ქართული ერთ-ერთი სპეცსამსახურის საიარაღო ოთახიდან გამოტანილი "ვინტორეზი" გამომეცადა, მაგრამ უკვე ბევრი რამ ვიცოდი მის შესახებ და პირველ რიგში კი ის, რომ ამ "ვინტორეზის", ისევე როგორც სხვა არაერთი, ჯერ საბჭოთა და მერე რუსული სპეცდანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღის შექმნა/წარმოების სათავეში ჩვენი თანამემამულე, ქობულეთელი ალექსანდრე ხინიკაძეც იდგა.

3-vin-copy-1789332835.jpg
"პეჩენეგის" გაუმჯობესებული ერთიანი ტყვიამფრქვევის შექმნა-წარმოებაში ალექსანდრე ხინიკაძეს დიდი წვლილი მიუძღვის...

საბჭოთა, შემდგომში კი რუსული "ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი" (ЦНИИточмаш) მსოფლიოს ყველა წამყვანი საიარაღო კომპანიებისთვის კარგადაა ცნობილი, რადგან ქალაქ პოდოლსკში მდებარე ამ ინსტიტუტში 1960 წლიდან მოყოლებული კონსტრუირებულია ყველა ძირითადი საბჭოთა/რუსული სპეცდანიშნულების იარაღი, მათ შორის უხმაურო სნაიპერული შაშხანა "ვინტორეზი", ავტომატი "ვალი", პისტოლეტები: "ვული", "გიურზა", "უდავი", "გროზა", წყალქვეშა სროლის ავტომატი და პისტოლეტი, ტყვიამფრქვევი "პეჩენეგი", ლულისქვეშა უხმაურო ყუმბარსატყორცნი "კანარეიკა", სპეციალური ვაზნები მაყუჩიანი იარაღის უხმაურო სროლისთვის და კიდევ ბევრი რამ.

და ამ რუსულ წამყვან საიარაღო ინსტიტუტს 1992 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქობულეთში დაბადებული 51 წლის ალექსანდრე ვალერიანის ძე ხინიკაძე, სწორედ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამ ინსტიტუტის ბედი გაურკვეველი ჩანდა და დახურვაც კი ელოდა.

აი, როგორ ახასიათებდნენ თავად რუსი მეიარაღეები მათ ქართველ დირექტორს, ალექსანდრე ხინიკაძეს:

2-vin-1789332835.jpg
სპეციალური სნაიპერული შაშხანა "ვინტორეზი", რომელიც ხინიკაძის მონაწილეობით დივერსიებისთვის შეიქმნა და დიდხანს გასაიდუმლოებული იყო...

"1992 წელს "ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის" თანამშრომლებმა ალექსანდრე ხინიკაძე დირექტორად აირჩიეს. რატომ? იმიტომ, რომ ის, ტულის პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ამ ინსტიტუტში 1968 წლიდან მუშაობდა და ნიჭიერ ინჟინრად, მეცნიერად და გამოცდილ ორგანიზატორად ჩამოყალიბდა. ეს ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის რთული პერიოდი იყო, მაგრამ ამ პირობებშიც კი ხინიკაძემ მოახერხა უახლესი იარაღის შემუშავების გაგრძელება და ახალი ტიპის სამხედრო და სამოქალაქო პროდუქციის წარმოების დამკვიდრება.

ალექსანდრე ხინიკაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა მაღალეფექტური მცირე ზომის იარაღის სისტემები, როგორიცაა "გიურზას" საარმიო პისტოლეტი, "პეჩენეგის" ტყვიამფრქვევი, "ვიხრის" კომპაქტური სადესანტო ავტომატური შაშხანა და სხვა რამდენიმე, ასევე საფრენი აპარატების მართვის სისტემები.

ის უშუალოდ მონაწილეობდა სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო ჯარებისა და სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობის ძირითადი ნაკრების შექმნის აქტუალური საკითხის გადაწყვეტაში. ამ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული იარაღის დიდ ნაწილს საბრძოლო და ოპერატიული მახასიათებლებით მსოფლიოში ანალოგი არა აქვს და ამიტომ უცხოელი სამხედრო სპეციალისტების ინტენსიური შესწავლის საგანი გახდა.

4-vin-1789332835.png
ეს პისტოლეტი "გიურზად" სწორედ ინსტიტუტის გენდირექტორმა ალექსანდრე ხინიკაძემ "მონათლა" იარაღის საერთაშორისო ბაზარზე უკეთესად გასაყიდად...

"ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხინიკაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინსტიტუტის პროდუქციის გლობალურ ბაზარზე გატანას და წარადგენდა მის პროდუქციას საერთაშორისო შეიარაღების გამოფენებზე საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, საბერძნეთში, აშშ-ში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, ჩილესა და სამხრეთ კორეაში. ხინიკაძეს ყველგან პატივს სცემდნენ, როგორც მცირე ზომის იარაღის დარგის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს".

ეს რუსი სპეციალისტების შეფასებაა, სადაც არ თქმულა ის, რაც ამ სტატიის ავტორმა ჯერ კიდევ 25 წლის წინ თავად ალექსანდრე ხინიკაძის ქობულეთელი ნათესავებისგან გაიგო.

1990-იანი წლების დამდეგს ალექსანდრე ხინიკაძე სამშობლოში ჩამოსულა და დამოუკიდებლობა ახალგამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისთვის შეუთავაზებია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების აწყობა ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ქართული არმიის შესაიარაღებლად, რაშიც მას უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა.

თუმცა ქობულეთელი და მსოფლიოში უკვე ცნობილი ქართველი მეიარაღის ამ ინიციატივამ ოფიციალურ თბილისში მხარდაჭერა ვერ პოვა, რაც შეიძლება აფხაზეთის ომითა და სამოქალაქო დაპირისპირებით გამოწვეული სირთულეებით აიხსნას, თუმცა არც იმ ვერსიის უგულებელყოფა შეიძლება, რომ მაშინდელ ხელისუფლებას უფრო აწყობდა საზღვარგარეთ "კალაშნიკოვების" პარტიების ძვირად შეძენა, რაშიც დიდი ფული "ტყდებოდა", ვიდრე თავად საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოების აწყობა.

ალექსანდრე ხინიკაძემ გააგრძელა საქმიანობა "ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორის პოსტზე და ამ ინსტიტუტში შექმნილი სპეცდანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღები (რომლებიც მანამდე ძალზე გასაიდუმლოებული იყო თავად საბჭოთა ჯარისთვისაც კი და მათზე წვდომა მხოლოდ სპეცდანიშნულების მებრძოლებს, მათ შორის დივერსანტებს ჰქონდათ) გაიტანა საზღვარგარეთ გამართულ იარაღის საერთაშორისო გამოფენებზე და შეკვეთებიც მიიღო მათ გასაყიდად, რამაც ეს ინსტიტუტი გაკოტრებასა და დახურვას გადაარჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენი ქართველი იბრძვის რუსეთის მხარეს და წარმოადგენთ თუ არა სინამდვილეში საფრთხეს ოთარ ფარცხალაძის ბატალიონი "გეორგიევსკი"?! - მამუკა მამულაშვილის ანალიზი

თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს პუტინის კი არა... ტრამპის დამსახურება იქნება

რას შეცვლის ქართული აეროპორტებისთვის რუსული ცის უკრაინული დრონებით „ბლოკირება“?!

რუსეთი ომში ყოველთვიურად ქართული არმიის რაოდენობის მებრძოლებს კარგავს - გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

2000 წელს 59 წლის ალექსანდრე ხინიკაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და როგორც მისი რუსი კოლეგები დამწუხრებით აღიარებენ, მოსკოვში რატომღაც ვერ მოიძებნა ნორმალური საავადმყოფო, რომელშიც ამხელა მნიშვნელობის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს კვალიფიციურ ოპერაციას ჩაუტარებდნენ და გადაარჩენდნენ.

ცნობილი ქართველი კონსტრუქტორებიდან ალექსანდრე ქართველიშვილმა (ქართველმა) სახელი გაითქვა ამერიკული ავიაციისთვის საბრძოლო თვითმფრინავების შექმნით, ალექსანდრე ნადირაძემ - საბჭოთა საშუალო სიშორისა და საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით, ხოლო ალექსანდრე ხინიკაძის სახელი ისტორიაში ჩაიწერა როგორც სპეცდანიშნულების უნიკალური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი.