თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს პუტინის კი არა... ტრამპის დამსახურება იქნება - კვირის პალიტრა

თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს პუტინის კი არა... ტრამპის დამსახურება იქნება

აგრესორ რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას პრობლემები არ ელევა: ხან საარტილერიო ჭურვები აკლდება ფრონტის ხაზზე, ხანაც "პეტრიოტის" ანტირაკეტები უთავდება კიევის დასაცავად, უჭირს მობილიზაცია და ა.შ. თუმცა უკრაინის უმთავრეს პრობლემად უკვე კარგად იკვეთება... ტრამპი!

სწორედ ის დონალდ ტრამპი, რომლის პრეზიდენტად ინაუგურაციის დღიდანვე უკრაინასთან დაკავშირებული მისი ქმედებები სწორედ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. პრეზიდენტ ტრამპის ბოლო ე.წ. სამშვიდობო ინიციატივა - "მეცხრე ომის" დამთავრების დაანონსება და მოსკოვში პუტინთან თავისი სიძისა და მეგობრის მომლაპარაკებლებად გაგზავნაც ამაზე მეტყველებს. არც უიტკოფსა და არც კუშნერს არა აქვთ დიპლომატიური მოლაპარაკების იმხელა გამოცდილება და არც გაბედულება, რომ მეოთხედი საუკუნე დიდ პოლიტიკაში მყოფ პუტინთან შეძლონ მეტ-ნაკლებად თანაბარი მოლაპარაკების გამართვა.

ერთი მხრივ, თითქოს მისასალმებელია, რომ ტრამპი თავის თავზე იღებს მთავარი შუამავლის როლს რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად, მაგრამ რის ხარჯზე აპირებს ამას? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რადგან ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებს.

პუტინს ამ ეტაპზე უკრაინის დონბასის არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად მიღება სურს, უკრაინა არ აპირებს კრამატორსკისა და სლოვიანსკის ბრძოლის გარეშე დათმობას, ხოლო ტრამპს კი "მეცხრე ომის შემაჩერებლის" დაფნის გვირგვინი სურს და პრეტენზია აქვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2027 წლის ლაურეატობაზე, თუმცა მისი "შეჩერებული" რვა ომის ისტორიაც სინამდვილისგან ძალიან შორს არის.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს ჰქონდა საუკეთესო საშუალება მართლაც გაეძლიერებინა თავისი ქვეყნის ეკონომიკა და პოლიტიკურადაც უფრო ძლიერად წარმოჩენილიყო მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების მთავარი მომრიგებლის როლში, მაგრამ ტრამპმა დაუშვა უდიდესი შეცდომა (რაც მომავალში ისტორიამ შეიძლება ვიეტნამის ომის დონის ამერიკული პოლიტიკის კრახადაც შეაფასოს) და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს აყოლილმა, ომი წამოიწყო ირანის წინააღმდეგ და ახლა აღარ იცის, როგორ "გამოძვრეს" ამ შეიარაღებული კონფლიქტიდან ისე, რომ თავისი ისედაც ძალზე შერყეული პოლიტიკური იმიჯი ბოლომდე არ დასცეს.

როგორ უნდა შეძლოს პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი რუსი კოლეგის დაყოლიება უკრაინასთან ომის შეჩერებაზე, როდესაც თავად ვერ მოუგვარებია იგივე პრობლემა ირანთან? როდესაც ტრამპი ირანისგან ითხოვს ბირთვული პროგრამის ოფიციალურად შეჩერებას და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას (ყოველგვარი გადასახადების გარეშე) ნაოსნობისთვის, ბუნებრივია, ის ვეღარ ეწინააღმდეგება პუტინის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ უკრაინამ დონბასის დარჩენილი ნაწილი უბრძოლველად დათმოს. შესაბამისად, ამერიკული მხარის შუამავლობა რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად იმით შემოიფარგლება, რომ პუტინის ამ კატეგორიულ მოთხოვნაზე დაჟინებული პოლიტიკური ზეწოლით დაიყოლიოს უკრაინის ხელისუფლება.

კიევი ამაზე არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ოციოდე კმ-ში მიუახლოვდნენ კრამატორსკსა და სლოვიანსკს და თუკი ასე გაგრძელდა, დონბასის ეს ბოლო ორი მსხვილი ქალაქიც, ადრე თუ გვიან, დაეცემა. მაგრამ ამისთვის პუტინის არმიას თვეები და დიდი მსხვერპლი დასჭირდება, რისი თავიდან ასარიდებლადაც პუტინს ურჩევნია გამოიყენოს ამერიკელი კოლეგის პოლიტიკური ამბიციები და ის ზელენსკის "მიუქსიოს".

ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ, სადაც პუტინმა ტრამპი საამისოდ კარგად "დაამუშავა", კრემლში დიდი იმედი ჰქონდათ, რომ თეთრი სახლის დაბეჯითებულ ზეწოლას კიევში ვერ გაუძლებდნენ და რუსეთს უბრძოლველად დაუთმობდნენ დონბასის დარჩენილ ნაწილს ფრონტის არსებულ ხაზზე ბუფერული სამშვიდობო ზონის გამოცხადების სანაცვლოდ და თუკი ეს "პოლიტიკური ოინი" კრემლს გაუვიდოდა, შემდგომ მის გამეორებას შეეცდებოდა უკრაინის სხვა ქალაქების: ზაპოროჟიეს, დნიპროსა თუ ხარკოვის მიმართულებითაც.

ანკორიჯის "ჩანაფიქრი" პუტინს ჩაეფუშა, თუმცა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მაინც არ "ისვენებს" და ისევ სურს რუსეთ-უკრაინის ომში "სამშვიდობო მტრედის" როლის შესრულება. შესაბამისად, პუტინი უიტკოფისა და კუშნერის პირით ჯერ ტრამპს და შემდეგ ზელენსკის იმავეს უმეორებს - ჯერ უკრაინამ უბრძოლველად დათმოს დონბასი და მერე შეიძლება ფრონტის ხაზზე ომის "გაყინვის" თაობაზე საუბარიო.

რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან პირად შეხვედრას აპირებს და დიდი იმედი აქვს, რომ ეს უკანასკნელი უკრაინის არმიას ანტირაკეტებით დაეხმარება რუსული "ისკანდერებისგან" თავის დასაცავად, მაგრამ ზელენსკის ამ იმედს, დიდი ალბათობით, ასრულება არ უწერია. უპირველესად იმიტომ, რომ ირანთან პერიოდულად განახლებად "სარაკეტო ომს" პენტაგონმა "პეტრიოტის" იმდენი ანტირაკეტა მიახარჯა, რომ სპარსეთის ყურეში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზების ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევების მოსაგერიებლადაც მალე აღარ ეყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ: რას შეცვლის ქართული აეროპორტებისთვის რუსული ცის უკრაინული დრონებით „ბლოკირება“?!

რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შეძლებს თუ არა ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვას?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი

რუსეთი ომში ყოველთვიურად ქართული არმიის რაოდენობის მებრძოლებს კარგავს - გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

ფაშინიანი სომეხ „ორჯონიკიძეებს“ აფრთხილებს, რომ რუს „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში არ გააჭაჭანებს...

და მეორეც - ზელენსკის თხოვნას ამერიკული ანტირაკეტების გამოყოფის თაობაზე ტრამპმა შეიძლება საპასუხო მოთხოვნა დაუპირისპიროს - სამაგიეროდ დაუთმე პუტინს უბრძოლველად დონბასი, რომ მე "მეცხრე ომის შემაჩერებლად" მაღიარონ, რაც საერთაშორისო და შიდაპოლიტიკურ რეიტინგს მომიმატებსო.

ყველაფერი მაინც პოლიტიკურ და პირად ვაჭრობაზე დადის (მათ შორის ომების დაწყებაც და დამთავრებაც), მაგრამ უკრაინის დღევანდელი ურთულესი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეწყვიტოს "სამშვიდობო მომრიგებლის" როლის განსახიერება, რითაც ხშირად ის უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს უფრო ურტყამს და თავისდა უნებურად (იმედია, არა მიზანმიმართულად) ხელს უწყობს აგრესორი რუსეთის ზრახვებს, მოახდინოს უკრაინის სრული ოკუპაცია.