რას შეცვლის ქართული აეროპორტებისთვის რუსული ცის უკრაინული დრონებით „ბლოკირება“?!
"საქაერონავიგაციის" სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოველთვიურად საშუალოდ 25-27 ათასი ავიარეისია, საიდანაც 20 ათასამდე სატრანზიტოა, ხოლო დანარჩენი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯდება ან მიფრინავს. ამ სატრანზიტო და ქართულ აეროპორტებში ავიარეისების ერთი ნაწილი იმ რუსული ავიაკომპანიების ლაინერებზე მოდის, რომლებსაც მგზავრები ქართული ცის გავლით რუსეთიდან თურქეთის თუ დუბაის კურორტებზე მიჰყავთ, ან რუსი ტურისტები თბილისის დასათვალიერებლად და აჭარის პლაჟებზე გასარუჯად ჩამოჰყავთ.
მაგრამ რა მოხდება და რამდენად შეეხება ეს საქართველოს საჰაერო სივრცესა და აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიების ოპერირებას, თუკი უკრაინის პრეზიდენტის მუქარა ასრულდა და დრონების კიდევ უფრო გააქტიურებას რუსეთის ცაში რუსული აეროპორტების დიდხანს ჩაკეტვა და ასობით რეისის გადატანა ან სულაც გაუქმება მოჰყვება?
"გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომლებიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებენ, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება და ამის გათვალისწინებაა საჭირო. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას აწვდიან საფრთხეებზე რუსულ საჰაერო სივრცეში. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, რუსეთმა შეაჩერა იმ 11 აეროპორტის მუშაობა, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს იყო უკრაინის საზღვართან და, ამასთან, საჰაერო ტრასების მარშრუტები ისე შეცვალა, რომ მოსკოვიდან თურქეთში გადამფრენი სამგზავრო თვითმფრინავები... ყაზახეთის საჰაერო სივრციდან უვლიდნენ.
ის, რითაც უკრაინის პრეზიდენტი დაიმუქრა, ისედაც ხშირია, უკრაინული კამიკაძე-დრონები მასობრივად უტევენ მოსკოვს, ან რუსეთის რომელიმე მსხვილ ქალაქში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მქონე ობიექტებს, რადგან ამ ქალაქების შემოგარენში მდებარეობს აეროპორტები და ცხადდება განგაში კოდური სახელწოდებით "კოვიორი", რომელიც ყველა სამგზავრო თვითმფრინავის სასწრაფო დაშვებას ან სხვა აეროპორტისკენ გაფრენას ითვალისწინებს, ხოლო აეროპორტებიდან თვითმფრინავების აფრენა საათების განმავლობაში გადაიდება.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინამ შეძლო შორსმფრენი კამიკაძე-დრონების მასობრივი წარმოება და დღე-ღამეში არანაკლებ 1 000 კამიკაძე-დრონით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეტევა, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში აეროპორტების მუშაობა ისედაც ხშირად შეფერხებულია. სხვათა შორის, განგაშის, "კოვიორის" დროს რუსეთის აეროპორტები არ მოუწოდებენ გადავსებულ მოსაცდელ დარბაზებში თავმოყრილ მგზავრებს თავშესაფრებში წასვლას, რადგან აეროპორტებს არც ამხელა ტევადობის თავშესაფრები აქვს და პანიკის შემთხვევაში აეროპორტების მოსაცდელი დარბაზები, თავიანთი უზარმაზარი მინის ვიტრინებით, ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსებოდა.
უკრაინას აქვს იმის ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები, რომ თითქმის მუდმივ რეჟიმში შეუტიოს კამიკაძე ან თუნდაც "ცრუდრონებით" (რომლებიც არ არიან აღჭურვილი საბრძოლო ქობინით, შესაბამისად, უფრო მცირე ღირებულება აქვთ, მაგრამ რუსული რადიოლოკატორების ეკრანებზე ვიზუალურად აღიქმებიან სრულფასოვან და, შესაბამისად, საშიშ კამიკაძე-დრონებად), თუნდაც მოსკოვის ოთხივე ძირითად საერთაშორისო აეროპორტს, რაც "კოვიორის" განგაშსაც მუდმივს გახდის და ამით რუსეთის დედაქალაქიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად პარალიზებული იქნება რამდენიმე დღის ან სულაც კვირების განმავლობაში.
უკრაინის გეგმა, რომ რუსეთში საჰაერო ნავიგაცია პარალიზებული იყოს, ძალაუნებურად აისახება მეზობელი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს საჰაერო ნავიგაციაზეც, თუნდაც იმიტომ, რომ სამ ქართულ (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის) საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად ათობით სამგზავრო რეისი სრულდება რუსეთის აეროპორტებიდან და გარდა ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ასობით საჰაერო გადაფრენაა ტრანზიტის სახით რუსეთიდან თურქეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ და საპირისპირო მიმართულებით. როდესაც "კოვიორის" გამოცხადების გამო რიგი რუსული აეროპორტები საათობით ჩაიკეტება, რუსეთში მიმავალ მგზავრებს, ბუნებრივია, ქართულ აეროპორტებში მოუწევთ დიდხანს ყურყუტი.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შეძლებს თუ არა ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვას?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი
ფაშინიანი სომეხ „ორჯონიკიძეებს“ აფრთხილებს, რომ რუს „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში არ გააჭაჭანებს...
ერთი ჩრდილოეთი კორეა რუსეთს უფრო ძლიერად აიარაღებს, ვიდრე მთელი ნატო უკრაინას?!
ამასთან, სოჭის სიახლოვეს განთავსებულ სტრატეგიულ ობიექტებზე გახშირებული უკრაინული საჰაერო შეტევების გამო გაიზარდა ადლერის აეროპორტის ჩაკეტვების პერიოდულობა, ათასობით რუსი ტურისტი ჩარჩა იქ და ავტობუსებითა და მატარებლებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოჰყავთ და სოხუმის (ბაბუშერის/დრანდის) აეროპორტიდან რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებით ამგზავრებენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქისკენ.
გასაგებია, რომ რუსეთი ოფიციალურ თბილისს ამას არ უთანხმებს, მაგრამ რა მოხდება, თუკი რუსული აეროპორტების მსგავსად, უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებული აფხაზეთის ბაბუშერის აეროპორტის ბლოკირებაც "მოინდომეს", მით უმეტეს, როცა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ეს აეროპორტი ისედაც დახურულად აქვს გამოცხადებული.