"მეცნიერი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის "ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას ახალი მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს" - Daily Mail
ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი ბესტი). რამდენად საშიშნი არიან ზეინტელექტუალური რობოტები? რას გამოიწვევს მათი განვითარების აკრძალვა - რეგრესს თუ პროგრესს?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ადამიანი, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას ახალი მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს - „მოერიდეთ ხელოვნურ ინტელექტს!“.
დოქტორი ჯეფრი ჰინტონი - ბრიტანელ-კანადელი სწავლული კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, ხელოვნური ნეირონული ქსელების ცნობილი მკვლევარი, კაცობრიობას დაუფარავად ეუბნება, ხელოვნურ ინტელექტს, თუ ის „ზეინტელექტუალი გონიერი არსება“ გახდება, შეუძლია პლანეტაზე ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს.
„ზეინტელექტი“ - ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხელოვნური სისტემა ბევრად უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ადამიანი, კომპანია და, გნებავთ - მთელი ერი.
„უკიდურესი უგუნურება იქნებოდა დღეს ზეინტელექტის შექმნა-შემუშავება, როცა ჯერ არ არსებობს მეცნიერული კონსენსუსი - რამდენად შეიძლება მისი გაკონტროლება და რა გზებით, ან საერთოდ, შეიძლება თუ არა მისი უსაფრთხო განვითარება. თუ ჩვენ კონტროლს დავკარგავთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც თავისი ნეირონულ-ელექტრონული ტვინით ადამიანის გონების შესაძლებლობას აჭარბებს, ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“, - ამბობს დოქტორი ჯეფრი ჰინტონი.
მეცნიერის განცხადებამ იმ კანონპროექტის მხარდასაჭერად გაიჟღერა, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის - ControlAI-ის მიერ არის შემუშავებული და რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტმა დეპუტატმა ალექს სობელმა შეიმუშავა.
კანონპროექტი ხელოვნური ზეინტელექტის უსაფრთხოების შესახებ კრძალავს დიდ ბრიტანეთში ზეინტელექტუალური ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას.
ControlAI-ის მონაცემებით, ამ კამპანიას მხარი დაუჭირა უკვე 135-ზე მეტმა ბრიტანელმა პარლამენტარმა, სხვადასხვა პარტიიდან.
„ნობელის პრემიების ლაურეატები, ხელოვნური ინტელექტის დარგის წამყვანი სპეციალისტები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები პოლიტიკოსებს აფრთხილებენ, რომ კაცობრიობის გადაშენების რისკების შემცირება გლობალური პრიორიტეტი უნდა გახდეს“, - ნათქვამია ControlAI-ის განცხადებაში.
„ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებული სისტემები - ისეთები, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა დარგის, ვთქვათ, მედიცინის განვითარებას - სტიმულს აძლევენ ეკონომიკის ზრდას, ინოვაციებს და სახელმწიფო სამსახურების მაღალხარისხოვან ტრანსდორმაციას. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ზეინტელექტური სისტემები, პირიქით, ეროვნულ და გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრებიან. დიდ ბრიტანეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რისკებისა და მუქარების განეიტრალებაში“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საკვანძო ფიგურები ხელოვნური ინტელექტის სფეროში - ისეთები, როგორებიც არიან OpenAI -ის დირექტორი სემ ალტმანი, ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის პრინციპებს და აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისადმი კონტროლი ამ დარგის განვითარებას ხელს შეუშლის. „თუ ჩვენ ეკონომიკის სწრაფი წინსვლა და ზრდა გვჭირდება, ამის გაკეთება მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით მოხდება“, - ამბობს სემ ალტმანი. მისი მტკიცებით, შეუძლებელია თავდაცვის ზომების მიღება მანამ, სანამ „პრობლემა არ წარმოიქმნება“.
ასევე დაგაინტერესებთ: მძიმე "წინასწარმეტყველება" უკრაინისთვის: "რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის" - The Washington Post
სახიფათო სცენარი ანუ როგორ გამოიყენებს პუტინი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებს?! - Der Spiegel
რატომ აკრძალა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?!
მაგრამ როგორც დოქტორი ჯეფრი ჰინტონი ამბობს, ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს კაციობრიობის გაქრობას.
„თუ ჩვენ ვერ ვიპოვით თავის გადარჩენის „წამალს“ ისეთ დროს, როცა ანდროიდული რობოტები ჩვენზე ჭკვიანები და ძლიერები გახდებიან, ჩვენი არსებობა შეწყდება. აუცილებელია დავუპირისპირდეთ ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომელთა მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არ უნდა რეგულირდებოდეს“, - დამარწმუნებლად აცხადებს ჯეფრი ჰინტონი.
მოამზადა სიმონ კილაძემ