ფარცხალაძის "ღალატის გზა": რა საიდუმლოს ინახავს "ეფ-ეს-ბეს" მეხუთე სამსახურის კართოტეკა?! - ყოფილი გენპროკურორის ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ბიოგრაფია
გაინტერესებთ, რით გამოირჩევა ოთარ ფარცხალაძის ღალატის ფაქტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არსებული საკმაოდ მრავალი მსგავსი შემთხვევებისგან?
თუ აქამდე მოსკოვს თავშეფარებული და „კრემლის“ სამსახურში ოფიციალურად ჩამდგარი ყოფილი ქართველი ჩინოვნიკები ფარულად მტრობდნენ საქართველოს, ფარცხალაძემ სამშობლოს ღალატის ფაქტი თავად გამოააშკარავა. აბა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს მის მიერ რუსეთის სპეცსამსახურებში დაწერილი სცენარის მიხედვით, თავისი შინაარსითა და მიზნებით ანტიქართული სამხედრო დაჯგუფების შექმნას? თავისი მოქმედებებითა და საჯარო განცხადებებით ფარცხალაძემ თავად დაადასტურა, რომ ის ჩვენი ქვეყნის მტრების სამსახურშია. დღეს შევეცდები არსებული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის საფუძველზე ამ „ღალატის გზის“ ერთგვარი რეკონსტრუირება მოვახდინო.
ყველამ ვიცოდით, რომ ოთარ ფარცხალაძე ძალზე შეძლებული ადამიანი იყო, თუმცა გაირკვა, რომ მატერიალური სიმდიდრის გარდა, ის ბიოგრაფიების სიმრავლითაც გამორჩეულია და სულ მცირე ხუთი, ერთმანეთისგან განსხვავებული ბიოგრაფია აქვს: ორი საქართველოს პროკურატურის მიერ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოქვეყნებული, ერთი - რუსული მასმედიის მიერ შელამაზებული, ერთი ამერიკული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებული და ერთიც - რეალური, თუმცა სრულიად საიდუმლო, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე) “მეხუთე სამსახურის” (ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური) კარტოთეკებში არსებულ „პირადი საქმე“.
ფარცხალაძის ბიოგრაფიაში პირადი მონაცემები იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რა ინფორმაციის დამალვა იყო კონკრეტული სიტუაციისთვის აუცილებელი და რა ინფორმაციის წინ წამოწევა გახლდათ საჭირო. მივყვეთ თანმიმდევრობით ოთხ საჯაროდ გამოქვეყნებულ და ერთ საიდუმლო ბიოგრაფიას.
მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, რომელმაც, თავის მხრივ 2013 წლის 8 ნოემბერს მთავარი პროკურორის ( და არა გენერალური პროკურორის, როგორც ხშირად შეცდომით აცხადებენ) კანდიდატურად საჯაროდ დაასახელა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 37 წლის უფროსი ოთარ ფარცხალაძე.
ოთარ ფარცხალაძე დაიბადა 1976 წლის 18 ივნისს. საინტერესოა, რომ 2013 წლის ბოლოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფარცხალაძის დაბადების თარიღად, გარკვეული დროის მანძილზე, 1971 წელი იყო მითითებული, მოგვიანებით კი ის 1976 წლით შეცვალეს. ეს მექანიკური შეცდომა იყო თუ პერსონალური ინფორმაციის შეგნებული დამახინჯება, ამ დრომდე საკამათოა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით ფარცხალაძე ხუთი წლით იმიტომ “დააბერეს”, რომ ამ გზით მისი ბიოგრაფიის კიდევ ერთი “შავი ლაქა” - უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის მიღების ასაკი გაეზარდათ. „პროკურორების უფროსად“ ისეთი პირის დანიშვნა, რომელსაც თავად ერთი დღეც კი არ აქვს ამ ძალზე რთულ და სპეციფიკურ სტრუქტურაში ნამუშევარი ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემა იქნებოდა, თუმცა ამგვარი „წვრილმანი“ როდის ყოფილა საქართველოში დამაბრკოლებელი? თანაც ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა აღმოჩნდა ფარცხალაძის ბიოგრაფიაში.
იმ ეტაპზე ფარცხალაძის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ მწირი და ტრაფარეტული ინფორმაცია გავრცელდა: მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, შემდეგ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში; იყო: ფინანსთა სამინისტროს შიდა ქართლის საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე და ბოლოს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი. ხომ ძალზე საინტერესო CV-ია, კონკრეტული თარიღების გარეშე?
2013 წლის 21 ნოემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორად დანიშვნის განკარგულებას მოაწერა ხელი. მთავარი პროკურატურის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ამგვარი იყო: ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე დაიბადა 1976 წლის 18 ივნისს თბილისში. 1995 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2008-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. იყო ინსპექტორ-გამომძიებელი, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, 2013 წლის იანვარში დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ, ხოლო მაისში - ამ სამსახურის უფროსად.
ჟურნალისტები ხომ „საშინლად“ კირკიტა ხალხია და, თურმე, არითმეტიკაც კარგად სცოდნიათ: უცბად გაიანგარიშეს, რომ ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით ფარცხალაძეს საშუალო სკოლა 15 წლის ასაკში უნდა დაემთავრებინა, იმავე წელს უნდა ჩაებარებინა, მაშინ საქართველოში ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულ, ერთ-ერთ „უნივერსიტეტში“ და 19 წლისა (!!!) უკვე „იურისტის“ დიპლომით დაესრულებინა ეს „ცოდნის ტაძარი“.
თუმცა ამის გარდა უფრო სკანდალური ფაქტიც გახდა ცნობილი: მისი ნასამართლეობა. მაშინ მედიაში გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია: აუგსბურგის პროკურატურის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 24 წლის ოთარ ფარცხალაძე 2001 წლის 16 იანვარს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე (ქურდობა) და 252-ე (ქურდობა ყაჩაღობით) მუხლებით იქნა გასამართლებული და სასჯელის სახით, განესაზღვრა პატიმრობა 1 წლის და 3 თვის ვადით. ოთარ ფარცხალაძემ სასჯელის ნაწილი აუგსბურგის ციხეში მოიხადა. დღესაც არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ გახდა ეს ფაქტი ცნობილი ჟურნალისტებისთვის და მის შესახებ არ იცოდნენ (?) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ (უსუფაშვილი), პრემიერ-მინიტრმა (ღარიბაშვილი) და იუსტიციის მინისტრმა (წულუკიანი). იცოდნენ თუ არა ამ ფაქტის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებმა?

ფოტო: ოთარ ფარცხალაძე
ყველა ნორმალურ ქვეყანაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის წინ აუცილებლად ტარდება კანდიდატის სპეციალური შემოწმება, რასაც, როგორც წესი, კონტრდაზვერვის ორგანო ახორციელებს. ფარცხალაძის შემთხვევაში, ხელისუფლებას რატომღაც გამორჩა სამი “კომპრა” (კომპრომატი): შესაძლო ყალბი დიპლომი, დადასტურებული ნასამართლეობა და... მესამე, მთავარი კომპრომატი, რომლის შესახებ შემდეგ ვისაუბრებ. აღნიშნულ გარემოებათა გამო ფარცხალაძის საჯარო სამსახურში მიღება საერთოდ არ შეიძლებოდა! ამ დროს კი ოთარ ფარცხალაძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნის დროს გენერალ-მაიორის სპეციალურ წოდება უნდა ჰქონოდა მინიჭებული. იმავე წოდებას შეესაბამებოდა საქართველოს მთავარი პროკურორის სტატუსი - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
2008-2013 წლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობისას, განსაკუთრებით ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად ყოფნისას, ფარცხალაძეს ჰქონდა დაშვება „საიდუმლო“ და „სრულიად საიდუმლო“ გრიფის დოკუმენტებზე. მთავარი პროკურორის უფლებამოსილება კი საიდუმლო დოკუმენტებზე მის წვდომას, ფაქტობრივად, შეუზღუდავს ხდიდა. მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანი გახდებოდა, რადგანაც ფარცხალაძეს, ფორმალური და არაფორმალური გავლენებით, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მართვაში უკვე აქტიური ჩარევაც შეეძლებოდა!
თუმცა მაშინ ხელისუფლება მიხვდა, თუ რა დიდ პოლიტიკურ ზიანს მოუტანდა „ფარცხალაძის სკანდალი“ და 2013 წლის ბოლოს მთავარ პროკურორს პოსტის დატოვება მოუწია. 30 დეკემბერს გავრცელდა მისი განცხადებაც: "ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა... მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა, ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა, ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება... მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს“, - ასე სრულდებოდა მომავალი „რომანოვის“ მიმართვა.
ამ მოვლენებიდან გავიდა ათი წელი და ამ პერიოდში ფარცხალაძე არა ერთი სკანდალის მოთავე და მონაწილე გახლდათ, რომლებიც ბიზნეს-კრიმინალურ გარჩევებთან იყო დაკავშირებული. იმ წლებში ფარცხალაძის არაფორმალური გავლენა ძალზე დიდი იყო და ეს პროცესი, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ზუსტად სამი წლის წინ, 2023 წლის 18 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული შემდეგი შინაარსის განცხადება:
„რუსეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ მოქმედება საქართველოში“
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს ქართველ-რუს ოლიგარქსა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერს, რათა შემდგომი ნაბიჯები გადადგას რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთ მავნე გავლენის წინააღმდეგ. ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე (PARTSKHALADZE) სანქცირებულ იქნა [Executive Order 14024-ის] შესაბამისი დებულების საფუძველზე, როგორც პირი, რომელიც მოქმედებს ან მოქმედებდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტ-კონსალტინგის სექტორში. ფარცხალაძე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი.
ალექსანდრე ვლადიმერის ძე ონიშჩენკო (ONISHCHENKO) სანქცირებულ იქნა, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალური პირი, ის არის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერი. FSB-ის ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პირს, ფარცხალაძეს, რუსეთის პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად. ფარცხალაძემ, გავრცელებული ინფორმაციით, პირადად მიიღო სარგებელი FSB-სთან კავშირიდან“.
როგორც ვხედავთ, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი ძალზე სერიოზული იყო: რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ეფ-ეს-ბე) თანამშრომლობა და საქართველოში რუსეთის გავლენის ოპერაციების ჩატარება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირე ქვეყანამ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში საქართველოს მოქალაქე ღიად (!) ამხილა და ესოდენ სპეციფიკური ინფორმაცია საჯარო გახადა.
აუცილებელია ორ მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი: რამდენად დასაბუთებული იყო ეს ბრალდება და მოხდა, თუ არა, ამ ინფორმაციის (შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად) საქართველოს ხელისუფლებისთვის „დახურული არხებით“ მიწოდება. ვინც აშშ-ის ადმინისტრაციის მუშაობის ბიუროკრატიულ სტილს ასე თუ ისე იცნობს, ეცოდინება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მხოლოდ სპეცსამსახურების აგენტურულ-ოპერატიული გზებით სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის მრავალმხრივი ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა. დასკვნა: ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა.
რაც შეეხება მეორე კითხვას: რატომ არ იმოქმედა აშშ-ის ადმინისტრაციამ „დახურული არხებით“ და რატომ გაასაჯაროვა ფარცხალაძის ეფ-ეს-ბესთან კავშირი? ვფიქრობ აქ მარტივი ანალიზია ჩასატარებელი და პასუხიც გვექნება. ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო და როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ალექსანდრე ონიშჩენკოს დავალებების შესრულების პროცესში მოხდა, ე.ი. პუტინის მიერ ფარცხალაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება იყო ერთგვარი საჩუქარი/წახალისება მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ვფიქრობ, აშშ-ის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში ფარცხალაძე გაცილებით ადრე მოხვდა, თუმცა 2021 წელს მათ უკვე მეტი მტკიცებულება გაუჩნდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ისინი „დახურული არხებით“ არ გააცნობდნენ საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციას? ვფიქრობ, რომ მაშინვე აუცილებლად გაუზიარებდნენ და 2023 წლის სექტემბერს არ დაელოდებოდნენ, რათა მთელი მსოფლიოს გასაგონად ემხილებინათ ფარცხალაძე, როგორც რუსეთის აგენტი. ორი წლის ლოდინის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი საერთაშორისო ყურადღების საგნად ექცია, რათა თბილისს საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და კონკრეტული მოქმედებები განეხორციელებინა.
საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალევე განაცხადა, რომ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო და 19 სექტემბერს ის თავადაც გამოიკითხაო. რამდენიმე დღის შემდეგ კი სუს-ის მაშინდელმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვაო. ერთი თვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ფარცხალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია მოიმიზეზა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან უკვე ორმაგი მოქალაქე ფარცხალაძის დანაშაულის დასადასტურებლად დამატებითი მტკიცებულებები მოითხოვა.
2023 წლის 19 ოქტომბერს, პარლამენტში სუსის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ლილუაშვილმა განაცხადა: „მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით... საქართველოს პროკურატურის მეშვეობით, ასევე, ჩვენი ინიციატივითა და თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, ამჟამად არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს". ლილუაშვილმა მაშინ ისიც დაამატა, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების თითქმის უმრავლესობასაც მივმართეთ, ჰქონდათ თუ არა მათ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებზე ოპერატიული ინფორმაცია, მაგრამ მსგავსი ინფორმაცია ვერ მივიღეთო. ეს ცოტა მიამიტურად ჟღერს: ამ ქვეყნებს აგენტობის დამადასტურებელი ინფორმაცია რომც გამოეგზავნათ, თბილისიდან ახლა ინფორმაციის წყაროს მოსთხოვდნენ (“დამატებით მტკიცებულებებს”), რასაც არც ერთი ქვეყანა არ გაამხელს. ეს გარემოება ხომ წინასაწარ ყველამ კარგად იცოდა.
2023 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი ამგვარი იყო: ამერიკელი ოფიციალური პირები რეგულარულად თანამშრომლობენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და უზიარებენ ინფორმაციას, მათ შორის - სანქციების რეჟიმის აღსრულების მიზნითო. ანუ აშშ-ის პოზიცია, დაახლოებით, ამგვარი გახლდათ: ჩვენ გვაქვს ჩვენი საფუძველი სანქციისთვის; შესაბამის პარტნიორებთან, მათ შორის - საქართველოსთანაც, ინფორმაციის გაზიარება ხდება, მაგრამ კონკრეტულ სადაზვერვო მასალას საჯაროდ არ ვაქვეყნებთო. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას არაფრის დიდებით არ უნდოდა ფარცხალაძის რუსეთის აგენტობის ფაქტის დაჯერება.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ წავიდა სუსის უფროსობიდან გეკა გელაძე და რა მისია შეიძლება დაეკისროს ქართული სპეცსამსახურის ახალ შეფს - თამაზ ბორაშვილს?!
ინიციალი "C" ანუ რატომ დანიშნეს ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის MI-6-ის გენერალურ დირექტორად?!
ამ მოვლენებიდან გავიდა ზუსტად ორი წელი და ღარიბაშვილი, ფარცხალაძე და ლილუაშვილი კვლავ აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში. 2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ შემდეგი სკანდალურ/სენსაციური ინფორმაცია გვაუწყა: „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის ათი საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ადგილას მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა”.
რა მიზნით და მიზეზებით მოხდა ერთ დროს საქართველოში დიდი ფორმალური და არაფორმალური გავლენების მქონე სამი ყოფილი სახელმწიფო მოხელის მიმართ ერთ დღეს საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება? ვის მიმართ იყო ეს სიგნალი/შეტყობინება გაგზავნილი? რა “წყალქვეშა დინებები” იმალება სასამართლოების მიერ ამ სამი პირის მიმართ ძალზე მკაცრი განაჩენების გამოტანის უკან? როდის დაიწყო ფარცხალაძემ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა და როგორ გადაიბირეს ის? 2008 წლიდან ვინ მფარველობდა მას? როგორია რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის ძირითადი მეთოდები და პრინციპები? რა ფაქტორები განსაზღვრავენ „გავლენის აგენტის“ ფორმირებას?
(მეორე ნაწილის დასასრული)