ყველაზე საშიში სექტა, რომელმაც ერთ დღეში 900-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ყველაზე საშიში სექტა, რომელმაც ერთ დღეში 900-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა

ჯიმ ჯოუნსისა და მისი სექტის, "ხალხთა ტაძრის" (Peoples Temple) ისტორია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისასტიკისა და მასობრივი მანიპულაციის უკიდურესად მძიმე მაგალითია. ამ ტრაგედიამ ერთ დღეში 900-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა.

"ხალხთა ტაძარი"

ჯიმ ჯოუნსმა "ხალხთა ტაძარი" 1955 წელს ინდიანაპოლისში დააარსა. თავდაპირველად ორგანიზაცია რასობრივი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეებს ქადაგებდა. ეპოქაში, სადაც რასობრივი სეგრეგაცია ჯერ კიდევ მწვავე პრობლემა იყო, ჯოუნსის მოწოდებებმა ათასობით მიმდევარი მიიზიდა, განსაკუთრებით აფროამერიკელები და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები.

1960-იან წლებში სექტა კალიფორნიაში გადავიდა. დროთა განმავლობაში ჯოუნსის მოძღვრება ქრისტიანობიდან მის პიროვნულ კულტში გადაიზარდა, ხოლო თვითონ ჯოუნსი სულ უფრო პარანოიდული ავტორიტარი გახდა. მიმდევრების მოსაზიდად შემუშავებულ სხვა მეთოდებს შორის "სასწაულებრივი განკურნებები" მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ილეთი და ადამიანების დამორჩილების მთავარი ინსტრუმენტი იყო. ეს იყო საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენა, რომელსაც ის და მისი ასისტენტები წლების განმავლობაში ხვეწდნენ. სანამ ჯოუნსი ვინმეს "განკურნავდა", მისი ასისტენტების ჯგუფი სამიზნე ადამიანების შესახებ ფარულად აგროვებდა ინფორმაციას: სექტის წევრები ჩხრეკდნენ მათ ნაგავს, იპარავდნენ სამედიცინო ბარათებს ან უსმენდნენ მათ პირად საუბრებს. ქადაგებაზე კი ჯოუნსი მოულოდნელად მიმართავდა დარბაზში მჯდომ უცნობს, ასახელებდა მის მისამართს, ოჯახის წევრების სახელებსა და ფარულ დაავადებებს. გაოგნებულ მსხვერპლს მიაჩნდა, რომ ჯოუნსს ნათელმხილველობის უნარი ჰქონდა...

"სიმსივნეების ამოღება"

ეს იყო ჯოუნსის ყველაზე შოკის მომგვრელი ილეთი - დაავადებულ ადგილს ის მალულად ადებდა სისხლით გაჟღენთილ ქათმის შიგნეულობას, რომელსაც ჯიბეში ან ხელისგულში მალავდა. შემდეგ ის დაავადებულის სხეულში ვითომ თითებით აღწევდა, ამოჰქონდა სისხლიანი ხორცის მსგავსი მასა და ყვიროდა, რომ „"სიმსივნე ამოიღო", რის შემდეგაც მასას ხელსახოცში ახვევდა და ასისტენტს გადასცემდა, რათა დეტალურად არავის შეემოწმებინა.

სექტის სანდო წევრები ქადაგებას შშმ პირის ეტლებში მსხდომნი ესწრებოდნენ, თითქოს პარალიზებული იყვნენ. ჯოუნსის ბრძანებაზე ისინი "სასწაულებრივად" დგებოდნენ და სიარულს იწყებდნენ.

ზოგჯერ რეალურად დაავადებული ადამიანები, ძლიერი ემოციური შოკისა და შთაგონების მოძალების გამო რამდენიმე წუთით მართლაც ახერხებდნენ წამოდგომას, რაც გარშემომყოფებს "ჯოუნსის „ძალაში" უფრო არწმუნებდა.

ჯოუნსი ბრმა ადამიანებს თვალებზე "ჯადოსნურ წყალს" უსვამდა ან ხელს აფარებდა, შემდეგ კი იღებდა თხელ აპკს (რომელიც ქათმის კანის ან სველი ხელსახოცის ნაგლეჯი იყო) და აცხადებდა, რომ კატარაქტა მოაცილა. როდესაც ადამიანს სჯეროდა, რომ ჯოუნსმა ის სიკვდილს გადაარჩინა, უყოყმანოდ ანდობდა მას საკუთარ სახლს, დანაზოგსა და სიცოცხლეს. დროთა განმავლობაში მიმდევრებმა ჯოუნსს გადასცეს თავიანთი უძრავი ქონება, ხელფასები და შვილებზე მეურვეობაც კი.

პოლიტიკური კავშირები

1970-იან წლებში, სან-ფრანცისკოში გადასვლის შემდეგ, ჯოუნსმა მოიპოვა გავლენიანი პოლიტიკოსების, მათ შორის სან-ფრანცისკოს მერის ჯორჯ მოსკონესა და სამოქალაქო უფლებების დამცველის ჰარვი მილკის მხარდაჭერა. "ხალხთა ტაძრის" წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიებში, რაც ჯოუნსს სამართლებრივ ხელშეუხებლობას ანიჭებდა.

გაქცევა

1977 წელს ჟურნალმა New West-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, რომელშიც სექტის ყოფილი წევრები ჯოუნსს ფინანსურ თაღლითობაში, ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებდნენ. სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯოუნსმა მიმდევართან ერთად აშშ დატოვა და გაიანის ჯუნგლებში გადავიდა.

ტოტალური კონტროლის მექანიზმები

გაიანაში დაარსებულ დასახლებას "ჯოუნსტაუნი" ეწოდა. ჯოუნსმა შექმნა პარანოიდული გარემო, სადაც არავის ენდობოდნენ: შვილები ასმენდნენ მშობლებს, ცოლები - ქმრებს, ყველას, ვინც ჯოუნსზე ეჭვს გამოთქვამდა. ურჩ წევრებს საჯაროდ სცემდნენ, ამცირებდნენ, აიძულებდნენ ელაპარაკათ თავიანთ „"სექსუალურ გადახრებსა" და "ცოდვებზე", რასაც მათი შანტაჟისთვის იყენებდნენ. ის აკონტროლებდა მიმდევრების პირად ცხოვრებასაც - წყვილებს შორის სექსუალურ კავშირს კრძალავდა ან ზღუდავდა. თუმცა თავად სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქალ, ისე მამაკაც მიმდევრებთან. ამას ამართლებდა მისივე გამოგონილი თეორიით, რომ ის იყო „ერთადერთი ჭეშმარიტი "ჰეტეროსექსუალი" დედამიწაზე, ხოლო ყველა სხვა მამაკაცი - ფარული ჰომოსექსუალი... ახალ დასახლებაში სექტანტებს არ ჰქონდათ რადიო და ტელევიზია. ადამიანები დღეში 12-16 საათი მუშაობდნენ, იკვებებოდნენ მინიმალურად, ხოლო ღამით უსმენდნენ ჯოუნსის ყალბ ამბებს, თითქოს აშშ-ში ფაშიზმი დამყარდა, შავკანიანებს საკონცენტრაციო ბანაკებში ყრიან და ბირთვული ომი დაიწყო.

ჯოუნსმა შექმნა გარეშე მტრის ხატი აშშ-ის მთავრობისა და რასისტების სახით, რომლებიც ვითომდა ჯოუნსტაუნის განადგურებასა და ბავშვების წამებას გეგმავდნენ.

"თეთრი ღამეები"

ჯოუნსმა „"თეთრი ღამეები" - მასობრივი თვითმკვლელობის ცრურეპეტიცია შემოიღო. ადამიანებს ღამით აღვიძებდნენ, აიძულებდნენ "საწამლავi" დაელიათ. როდესაც აღმოჩნდებოდა, რომ სასმელი მოწამლული არ არის, ჯოუნსი მათ უცხადებდა, რომ ეს მათი "ერთგულების გამოცდა" იყო.

ამ მრავალჯერადმა რიტუალმა სექტის წევრების ფსიქიკაში სრულად მოშალა სიკვდილის ბუნებრივი შიში. 1978 წლის 18 ნოემბერს, როდესაც ჭიქებში რეალური ციანიდი ჩაასხეს, ჯგუფისთვის ეს იყო მრავალჯერ გავლილი რიტუალის საბოლოო შესრულება და არა მოულოდნელი შოკი.

5ba6jg6pzcyj5yvjxzjnd5fkru-1789910139.jpg

კონგრესმენის ვიზიტი

მანამდე კი... ჯოუნსტაუნში გამომწყვდეული ადამიანების ოჯახის წევრებმა კალიფორნიაში ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია "შეშფოთებული ნათესავები". მათ ახლობლების დასახსნელად დახმარებისთვის კალიფორნიელ კონგრესმენ ლეო რაიანს მიმართეს. კონგრესმენი ჟურნალისტებთან ერთად ჯოუნსტაუნში ჩავიდა. პირველ საღამოს სექტა მათ მუსიკით, ცეკვითა და ბედნიერი სახეებით დახვდა და ჯოუნსმა განაცხადა, რომ დასახლებაში ყველა თავისი ნებით იმყოფებოდა.

სპექტაკლი ჩაიშალა, როდესაც კონგრესმენის თანმხლებ ჟურნალისტს სექტის ერთმა წევრმა ხელში საიდუმლოდ ქაღალდის ნაგლეჯი ჩაუდო: "დაგვეხმარეთ ჯოუნსტაუნიდან გაქცევაში". მალევე, რამდენიმე ოჯახმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნება სურდა. როდესაც კონგრესმენი 16 ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად წასასვლელად მოემზადა, "ხალხთა ტაძრის" წევრმა მასზე დანით თავდასხმა სცადა. რაიანი უვნებელი გადარჩა, თუმცა ნათელი გახდა, რომ სიტუაცია უკიდურესად საშიში იყო.

დელეგაციამ და სექტის გაქცეულმა წევრებმა სატვირთო მანქანით უახლოეს ასაფრენ ზოლთან მიაღწიეს, სადაც მათ ორი მცირე ზომის თვითმფრინავი ელოდა. მოულოდნელად აეროდრომზე ჯოუნსტაუნიდან წამოსული ტრაქტორი და მისაბმელი გამოჩნდა. მისაბმელიდან გადმოხტნენ ჯოუნსის შეიარაღებული მცველები ("წითელი ბრიგადა") და დელეგაციას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 5 კაცი, მათ შორის ლეო რაიანი, რომელიც გახდა ერთადერთი ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აშშ-ის ტერიტორიის გარეთ მოკლეს. ასევე დაიღუპნენ სამი ჟურნალისტი და სექტის ერთი წევრი, მძიმედ დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ლეო რაიანის ასისტენტიც.

"რევოლუციური თვითმკვლელობა"

აეროდრომზე თავდასხმის შემდეგ ჯიმ ჯოუნსი მიხვდა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებდა და დასახლების ყველა წევრი ცენტრალურ პავილიონში შეკრიბა. ეს პროცესი ჩაწერილია 45-წუთიან აუდიოკასეტაზე, რომელსაც "სიკვდილის ჩანაწერი" ეწოდა. ჩანაწერში ისმის, როგორ უმტკიცებს ჯოუნსი ხალხს, რომ აეროდრომზე მომხდარის გამო სამხედროები ბავშვებს წაართმევენ და ყველას აწამებენ. ის სექტის წევრებს მოუწოდებს "რევოლუციური თვითმკვლელობისკენ". სექტის წევრებს დაალევინეს კასრებში მომზადებული „"კოქტეილი", რომელიც შედგებოდა ხილის წვენის, კალიუმის ციანიდისა და ვალიუმის ნაზავისგან. საწამლავი შპრიცებით ჩაასხეს პირში ჩვილებსა და ბავშვებს, რათა მშობლებს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დაჰკარგოდათ!..

იმ დღეს ჯოუნსტაუნში 909 კაცი (მათ შორის 304 ბავშვი) დაიღუპა. თავად ჯიმ ჯოუნსი თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით მკვდარი იპოვეს (სავარაუდოდ, თავი მოიკლა ან ასისტენტს მოაკვლევინა). ჯამში, დაღუპულების რიცხვმა 918 კაცი შეადგინა!..

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გადააბარა ელცინმა პუტინს პრეზიდენტის სავარძელი

საბჭოთა „ტიტანიკის“ ტრაგედია

მანდალადა და საბჭოთა სისტემის ძალადობა „კულტურული რევოლუციის“ სახელით

ბავშვი Airbus A310-ის შტურვალთან: შოკისმომგვრელი კატასტროფა - "მამა, რატომ ბრუნავს თვითმფრინავი?"

ჯიმ ჯოუნსის პიროვნება

ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ანალიზის თანახმად, ჯიმ ჯოუნსის ფსიქოტიპი ავთვისებიანი ნარცისიზმის, პარანოიდული აშლილობისა და სოციოპათიის კლასიკურ ნარევს წარმოადგენდა. ჯოუნსი მის მიმდევრებს აღიქვამდა არა ადამიანებად, არამედ საკუთარი ეგოს საკვებ ინსტრუმენტებად.

ჯოუნსი ბავშვობიდანვე სოციალურად იზოლირებული იყო. ხშირად ატარებდა მკვდარი ცხოველების "დაკრძალვის რიტუალებს" და პატარა ასაკშივე ავლენდა თანატოლების მართვისა და მათი ფიზიკური დასჯისკენ მიდრეკილებას.

ახალგაზრდობაში დეტალურად სწავლობდა სტალინისა და ჰიტლერის მასობრივი მანიპულაციის მეთოდებს, რასაც მოგვიანებით ქრისტიანული რიტორიკით ნიღბავდა. მას საკუთარ თავზე გრანდიოზული წარმოდგენა ჰქონდა. თავდაპირველად აცხადებდა, რომ იესოსა და ბუდას რეინკარნაცია იყო, ხოლო კარიერის პიკზე ამტკიცებდა, რომ თავად იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწაზე! ნებისმიერი ეჭვი ან შეკითხვა მისი ავტორიტეტის შესახებ აღიქმებოდა, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე. ის წევრებისგან ითხოვდა არა მხოლოდ მორჩილებას, არამედ აბსოლუტურ თაყვანისცემას. სჯეროდა და სხვებსაც არწმუნებდა, რომ მას ებრძოდნენ CIA, FBI, რასისტული ძალები და აშშ-ის მთავრობა. პარანოია მისთვის მხოლოდ ტაქტიკა არ ყოფილა - ის მისი რეალური ფსიქიკური მდგომარეობა იყო, მუდმივად შიშობდა, რომ მოწამლავდნენ ან სხვა მეთოდით მოკლავდნენ.

გაიანაში ჯოუნსი დიდი დოზით მოიხმარდა ამფეტამინებს (ენერგიისთვის) და ბარბიტურატებს (დასამშვიდებლად). ამ ფარმაკოლოგიურმა ნარევმა მისი პარანოია გაამწვავა, განაპირობა მეტყველების არევა, განწყობის მკვეთრი ცვლილებები და ჰალუცინაციები, რამაც მისი ფსიქიკა სრულ კოლაფსამდე და მასობრივ მკვლელობამდე მიიყვანა.

შორენა ბიწაძე