გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა-არგაყვანის მნიშვნელობა მოსკოვისთვის, ერევნისთვის და თბილისისთვისაც - კვირის პალიტრა

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა-არგაყვანის მნიშვნელობა მოსკოვისთვის, ერევნისთვის და თბილისისთვისაც

მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა გუნდმა საჯაროდ განაცხადა ქვეყნის დასავლეთისკენ შებრუნების შესახებ, ევროკავშირის წევრობის სურვილი და ამის პარალელურად, ფაქტობრივად, ზურგი შეაქცია დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, გაჩნდა კითხვა - მაშინ რაღა ფუნქციას შეასრულებს სომხეთის გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა?

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თუკი ერევნის სურვილი იქნება, მას ხვალვე შეუძლია გიუმრიდან რუსული სამხედროების გაყვანის დაწყება, თუმცა ფაშინიანი ასე კატეგორიულ მოთხოვნას არ აყენებს, მაგრამ აკონკრეტებს - თუკი მოსკოვს სურს ბაზის გაყვანა, ერევანი წინააღმდეგი არ იქნებაო.

გასაგებია ფაშინიანის ერთგვარი პოლიტიკური ეშმაკობა, რომ კრემლს არ დააფიქსირებინოს რუსული სამხედრო ბაზის "გაგდება" სწორედ ერევნის ინიციატივით, როგორც ეს მოხდა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაძევებისას ოცი წლის წინ, რაც კიდეც გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ერთ წელში, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსული სამხედრო ბაზები ისევ დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ ამჯერად საოკუპაციო სამხედრო ბაზების სახით და იმედია, დროებით.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი თითქოს თანახმაა გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის სასწრაფოდ გაყვანაზე, თუკი ამის სურვილს ოფიციალური ერევანი გამოთქვამს, საქმე არც ისე მარტივადაა და ამისთვის ის საინტერესო ისტორია უნდა გავიხსენოთ, თუ როდის და რატომ აღმოჩნდნენ სომხურ მიწაზე გიუმრიში რუსი სამხედროები.

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და მისი ფესვები პირდაპირ უკავშირდება რუსეთის იმპერიის ექსპანსიას სამხრეთ კავკასიაში XIX საუკუნის დამდეგს. რუსეთის იმპერიის პირველი სამხედრო შენაერთები გიუმრის ტერიტორიაზე 1804 წელს, რუსეთ-სპარსეთის ომის დაწყებისთანავე განლაგდნენ. მას შემდეგ, რაც 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, რუსეთის ჯარმა წინსვლა სამხრეთით განაგრძო.

გიუმრის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა 1830-იან წლებში, ოსმალეთის იმპერიასთან დაპირისპირების დროს. 1837 წელს იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებით ქალაქს მისი მეუღლის, ალექსანდრა ფიოდოროვნას პატივსაცემად ალექსანდროპოლი ეწოდა და საფუძველი ჩაეყარა მძლავრ სამხედრო სიმაგრეს - "შავ ციხესიმაგრეს". მეფის რუსეთის პერიოდში ეს ბაზა უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი იყო ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში. სწორედ აქედან იგეგმებოდა სამხედრო ოპერაციები ყარსისა და არზრუმის მიმართულებით.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქალაქს ლენინაკანი ეწოდა, თუმცა მისი სამხედრო დანიშნულება არ შეცვლილა. პირველი "ცივი ომის" პერიოდში ბაზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის მდებარეობდა საბჭოთა კავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის (თურქეთის) უშუალო საზღვართან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბაზაში დისლოცირებული იყო საბჭოთა მე-7 გვარდიული არმიის 127-ე მოტომსროლელი დივიზია, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. აქვე ინახებოდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული სარაკეტო ქობინები და საარტილერიო ჭურვები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ რეგიონული საფრთხეების (ყარაბაღის კონფლიქტი, თურქეთთან ჩაკეტილი საზღვარი) გამო რუსული ჯარის დატოვება ამჯობინა. 1994 წელს საბჭოთა 127-ე დივიზიის ბაზაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა. 1995 წელს მოსკოვსა და ერევანს შორის გაფორმდა ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება. 2010 წელს ხელმოწერილი პროტოკოლით ბაზის განთავსების ვადა 2044 წლამდე გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთი რუსეთს ამ ბაზისთვის იჯარას არ ახდევინებს. ბაზაში მსახურობს ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. მისი ძირითადი ნაწილი გიუმრიშია, თუმცა მას ეკუთვნის საავიაციო კომპონენტიც ერევანში, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე.

2023 წლის ყარაბაღის მოვლენებისა და უკრაინის ომის ფონზე, ბაზის როლმა ტრანსფორმაცია განიცადა. სომეხ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები ბაზის ეფექტურობისა და მისი გაყვანის თაობაზე. სომეხი საზოგადოების დიდ ნაწილში შექმნილია შემდეგი განწყობა - ყარაბაღის მეორე ომის დროს რუსების გიუმრის სამხედრო ბაზა არ დაგვეხმარა აზერბაიჯანელებთან ომში, ახლა ვაპირებთ საზღვრის გახსნას თურქეთთან და რაღაში გვჭირდება თურქეთის საზღვართან მდგარი რუსული ტანკებიო.

რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პოლიტიკურ ჯგუფს, იქ არცთუ უსაფუძვლოდ უფრთხიან, რომ სომხეთის ევროკავშირთან სწრაფად დაახლოების პროცესში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ბარიერი - ევროკავშირის ხელმძღვანელობის პირველი არააფიშირებული მოთხოვნა ფაშინიანის მიმართ სწორედ რუსული სამხედროებისა და მესაზღვრეების სომხეთის ტერიტორიიდან სასწრაფოდ გაყვანის დაწყებაა. შესაბამისად, ერევანს, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს მიმართოს კრემლს 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ლიკვიდაციის თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: ქობულეთელი საბჭოთა სპეციარაღის კონსტრუქტორი, რომელსაც საქართველოში ავტომატების წარმოების დაწყება სურდა

რამდენი ქართველი იბრძვის რუსეთის მხარეს და წარმოადგენთ თუ არა სინამდვილეში საფრთხეს ოთარ ფარცხალაძის ბატალიონი "გეორგიევსკი"?! - მამუკა მამულაშვილის ანალიზი

თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს პუტინის კი არა... ტრამპის დამსახურება იქნება

რას შეცვლის ქართული აეროპორტებისთვის რუსული ცის უკრაინული დრონებით „ბლოკირება“?!

რაც შეეხება თავად მოსკოვის პოზიციას, რუსეთისთვის სომხეთში ასეთი სამხედრო დასაყრდენის დაკარგვა სერიოზულ უკან დახევად შეფასდება მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც რუსული დამპყრობლური მენტალიტეტის "აფეთქებას" გამოიწვევს - ეს სამხედრო ფორპოსტი სომხეთში მეფის რუსეთმა დააარსა, საბჭოთა კავშირმა გააძლიერა და ახლა, პუტინის მმართველობის დროს, მასზე უარი უნდა ვთქვათო?

შესაბამისად, კრემლი ყველანაირად შეეწინააღმდეგება გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი სიტყვებით ამისთვის თითქოს მზადაა. გიუმრიში, საქართველოს საზღვრიდან 30-იოდე კმ-ში მყოფი ოთხი ათასამდე რუსი სამხედრო თავისი რამდენიმე ასეული ტანკით, ქვეითთა საბრძოლო მანქანით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით, 18 გამანადგურებელი Миг-ით არც ჩვენთვის უნდა იყოს დამშვიდების საფუძველი, მით უმეტეს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სწორედ გიუმრის სამხედრო ბაზიდან დაძრული რუსული ტანკები მოადგნენ საქართველოს სამხრეთ საზღვარს.

იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა საოცრება და რუსეთმა ნებითა თუ ზეწოლით მაინც გაიყვანა გიუმრის სამხედრო ბაზა, სამხრეთ კავკასიაში სომხეთი, აზერბაიჯანის შემდეგ, აღმოჩნდება რუსული არმიისგან სრულიად "თავისუფალი" და დარჩება "ეულად" ჩვენი საქართველო, მისი ორი ოკუპირებული ნაწილით, საიდანაც საოკუპაციო სამხედრო ბაზების გაყვანას კრემლი თავისი ნებით არ დაიწყებს.