ვინ რამდენი "განკითხვის დღის იარაღი" გაამზადა აპოკალიფსისთვის?!
მასობრივი განადგურების ყველაზე საშიში იარაღის - ატომური ბომბების პირველი საბრძოლო გამოყენებიდან რვა ათეულ წელზე მეტი გავიდა და ამ პერიოდში, საბედნიეროდ, ეს კატასტროფული ქმედება აღარავის გაუმეორებია, თუმცა დღეს მსოფლიო ისევ მიუახლოვდა "ბირთვული აპოკალიფსის" ზღვარს.
ამჟამად პლანეტა დედამიწაზე ორი ბირთვული სახელმწიფო, რუსეთი და აშშ, ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში; კიდევ ორი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, პაკისტანი და ინდოეთი, დროდადრო ერთმანეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით უპირისპირდებიან; ჩრდილოეთი კორეა ხდება "ბირთვული ტრიადის" კლუბის წევრი და ბირთვული ქობინების გამოყენება შეუძლია რაკეტების, თვითმფრინავებისა და წყალქვეშა ნავების საშუალებით; ირანსაც თითქოს სურდა ბირთვული იარაღის შექმნა....
ის, რაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში თითქოს შეუძლებელი ჩანდა, ანუ ბირთვული იარაღის შექმნა "მესამე მსოფლიოს" ქვეყნების მიერ, დღეისათვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. მთავარია, ბირთვული იარაღის მთავარი კომპონენტის - 90%-ზე მეტად გამდიდრებული "ურან-235"-ის საჭირო რაოდენობის დაგროვება (ერთი მოქმედი ბირთვული მუხტის შესაქმნელად დაახლოებით 27-28 კგ "ურან-235"-ც კმარა).
ამჟამად "ბირთვულ კლუბში" მსოფლიოს ცხრა ქვეყანაა "გაწევრებული", მათ შორის აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთი კორეა, ხოლო ისრაელი არც აღიარებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ქონას, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ისრაელს აქვს როგორც ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები, ისე ბალისტიკურ რაკეტებზე დასაყენებელი ბირთვული ქობინებიც.
SIPRI-ის შეფასებით, 2026 წლის მონაცემებით, რუსეთის ბირთვული არსენალი მოიცავდა 5 420 ქობინს, რომელთაგან 2,604 საწყობში იყო, 1 020 - კლასიფიცირებული როგორც "საბრძოლო მზადყოფნიდან ამოღებული", ხოლო 1 796 განლაგებული იყო რაკეტებსა და ბომბდამშენებზე. განლაგებული ქობინების რაოდენობა წლის განმავლობაში 78 ერთეულით გაიზარდა. ამასობაში ამერიკა, რომელსაც რუსეთის მსგავსი ბირთვული არსენალი აქვს, უცვლელი დარჩა 1 770-ზე. საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ დამატებითი ქობინები არ განათავსეს მათ გადამტან ბალისტიკურ რაკეტებზე და ისევ 280 და 170 ერთეული ბირთვული ქობინი დარჩათ. SIPRI-ის შეფასებით, ინდოეთს 190 ქობინი აქვს, ჩინეთს კი - 620.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ განლაგებული ქობინების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება: 2022 წელს 1 588, 2023 წელს 1 674, 2024 წელს 1 710 და 2025 წელს 1 718. 2020 წელთან შედარებით, კრემლმა 226 ერთეულით გაზარდა ბირთვული ქობინების რაოდენობა რაკეტებზე, რაც მას 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანს, როდესაც SIPRI-ის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 950 იყო.
რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა იმ ტექნიკურ ნიუანსს, როდესაც ბირთვული ქობინი უკვე დამონტაჟებულია სასტარტოდ გამზადებულ რაკეტაზე? ბირთვული ქობინის დაცული საწყობიდან გამოტანას, ტრანსპორტირებას, რაკეტის ცხვირის ნაკვეთურში დამონტაჟებასა და შემოწმებას შეიძლება რამდენიმე საათიც კი დასჭირდეს, რაც კრიტიკულად დიდი დროა იმასთან შედარებით, როდესაც რუსეთიდან ამერიკამდე და პირიქით ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ფრენის ხანგრძლივობა ნახევარ საათზე ნაკლებია.
აქამდე ბირთვული დაპირისპირების "დუღილის ტემპერატურას" არეგულირებდა აშშ-სა და ჯერ საბჭოთა კავშირს, შემდეგ კი რუსეთს შორის მოქმედი სტრატეგიული შეთანხმებები ბირთვული იარაღისა და მისი გადამტანი საშუალებების რაოდენობის კონტროლის შესახებ, რაც დღეისათვის აღარ მოქმედებს.
ასევე დაგაინტერესებთ: გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა-არგაყვანის მნიშვნელობა მოსკოვისთვის, ერევნისთვის და თბილისისთვისაც
თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს პუტინის კი არა... ტრამპის დამსახურება იქნება
ის, რომ პუტინის რუსეთს 1 796 გამოსაყენებლად გამზადებული ბირთვული ქობინი აქვს, ხოლო აშშ-ს მხოლოდ 1 770 ანუ 26-ით ნაკლები, საერთო ჯამში ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ამ ბირთვული არსენალის ნახევარიც კი "თავზე საყრელად" ეყოფათ რუსეთსაც და ამერიკასაც ერთმანეთის გასანადგურებლად. აქ მნიშვნელოვანია, ვინ გაბედავს ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებას. პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინის დემონსტრაციული აფეთქება უკრაინის რომელიმე ნაწილში კრემლის ცინიკური გამართლებით - უკრაინა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ ისედაც "რადიოაქტიურია" და ერთი "პატარა ბირთვული ბომბის" აფეთქება ბევრს აღარაფერს შეცვლისო.
ფაქტია, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები დაშინებული არიან კრემლის "ბირთვული შანტაჟით", რითაც პუტინმა უკვე არაერთხელ ისარგებლა და ეტყობა, მომავალშიც გააგრძელებს "ბირთვულ შანტაჟს".