რუსეთი ევროპას წლის ბოლოს დაარტყამს?! - რეალური საფრთხე თუ სიტუაციის სპეციალურად დაძაბვა?
რუსეთსა და ნატოს წევრ ევროპული ქვეყნების ძირითად წევრებთან ურთიერთობა რომ უკიდურესად დაძაბულია და ეს საშიში პროცესი ყოველდღიურად ღრმავდება, ფაქტია.
და ეს არ ხდება მარტო უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რადგან ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით კი - აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, რეალურად ემზადება რუსული შესაძლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, რისთვისაც ნატოსა და ევროკავშირის წევრმა ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა აქტიურად დაიწყეს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების დანაღმვა და ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეების აგება...
მაგრამ... მაინც - რამდენად რეალურია ისეთი სცენარი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ღიად დაწყებული რუსული სამხედრო აგრესია, ერთი ერთზე განმეორდეს თუნდაც ესტონეთის ან ლატვიის წინააღმდეგ?
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი და გლობალური საინფორმაციო მედიაორგანიზაცია The Guardian-ი წერს - ევროპული სადაზვერვო სააგენტოები აღიარებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, ნატოს მდგრადობის გამოცდა სცადოს. ერთ-ერთმა სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ ასეთი სცენარი შესაძლებელია „თვეებში და არა - წლებში“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს დრონები ან რაკეტები ნატოს ტერიტორიის წინააღმდეგ, რათა შეამოწმოს ალიანსის მზადყოფნა მე-5 მუხლის ამოქმედების მიმართ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ გაფრთხილებებს გამართლებული უწოდა.
ჩეხეთის BIS-ის (უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახური) ხელმძღვანელმა, მიხაელ კოუდელკამ, ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდული შეჭრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია „ცრუ დროშის“ პროვოკაციის ან მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის გამოყენება.
ბალტიისპირეთის სადაზვერვო სააგენტოები საფრთხეს უფრო ფრთხილად აფასებენ. ლატვიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ნორმუნდს მეჟვიეტსმა განაცხადა, რომ ის გარდაუვალი თავდასხმის ნიშნებს ვერ ხედავს. ესტონეთის ხელისუფლებამ ასევე მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.
თუმცა ტალინის, რიგისა და ვილნიუსის მაცხოვრებლების სასწრაფო ევაკუაციისთვის პოლონეთში (თუკი რუსული სატანკო არმადები მართლაც შეიჭრნენ ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ამ ქვეყნებში), მოსამზადებელი სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.
ასეთ რთულ სიტუციაში ჩნდება რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება:
პირველი - რუსეთი ისეა ჩაფლული უკრაინასთან ფართომასშტაბიანი „ომის ჭაობში“, რომ კრემლს კიდევ ერთი ახალი სამხედრო ავანტურის წამოწყების და თანაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან მით უმეტეს - ქვეყნების წინააღმდეგ, უბრალოდ თავი არ ექნება;
მეორე - დასავლეთის, კერძოდ კი, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სპეციალურად ამუქებს „რუსული დათვისგან“ მომდინარე სამხედრო საფრთხის საშიშროებას, რათა საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა შეამზადოს იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების მოსაგვარებელი საბიუჯეტო მილიარდები გადაეცემა საიარაღო კომპანიებს, ახალი შეიარაღების შესაძენად და ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
ეს ისედაც გარდაუვლად მოჩანდა, რადგან პირველი „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ „ბებერმა ევროპამ“ მოსახლეობის სოციალური პრობლემებზე ზრუნვა და ამომრჩევლების გულის მოგება ანაცვალა საკუთარი არმიების გაძლიერებას და აშშ-ის სამხედრო ძალის იმედზე დარჩა.
ევროპულმა არმიებმა დეგრადაცია განიცადეს, ტრამპის ამერიკაც განზე გადგა და ახლა ევროკავშირის ქვეყნებს უწევთ ავრალურ რეჟიმში გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა, რასაც დიდი ფინანსები და წლები სჭირდება;
მესამე - მიუხედავად ყოველივე ამისა, პუტინის რუსეთისაგან არანაირად არ არის გამორიცხული სერიოზული „საძაგლობის“ განხორციელება საზღვრისპირა ბალტიისპირეთის ქვეყნების ან თავად პოლონეთის მიმართაც კი.
ასევე დაგაინტერესებთ: ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ...
უკრაინელებს მორიგი საფრთხე გამოუჩნდათ ბალისტიკურად გადაკეთებული რუსული საზენიტო რაკეტების სახით...
რუსულ „ალიგატორს“ აფრენა არ აცადეს - როსტოვის სამხედრო აეროდრომზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგები
ეს შეიძლება არ იყოს რუსული ტანკების ღიად შეჭრა ესტონეთსა თუ ლატვიაში, მაგრამ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, კრემლი ამას ადრე თუ გვიან მაინც ეცდება, რადგან პუტინი კარგად იმახსოვრებს ყველა წყენას, მათ შორის იმას, რომ მის ოკუპანტ ჯარისკაცებს უკრაინის მიწაზე იმავე ევროპული ქვეყნების ფულით შეძენილი იარაღი, ყოველდღიურად ათასობით ადამიანს რომ კლავს და არ აძლევს საშუალებას აგრესორ რუსეთს, რამენაირად ბოლომდე დაიპყროს მეზობელი უკრაინა...
დასავლეთის რიგი სადაზვერვო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერებული გაფრთხილება, რომ ევროპას რუსული სამხედრო საფრთხე „თვეებში და არა წლებში“ დაემუქრება, ძალაუნებურად ქმნის იმის შეგრძნებას, რომ უკვე ა.წ.-ის ბოლოსთვის შესაძლოა, რაღაც მოხდეს...